ტექნოლოგიები

SpaceX-მა პირველი სომხური თანამგზავრი და სამხრეთ კორეული სადაზვერვო სატელიტი ორბიტაზე გაუშვა

News.am-ის ცნობით, სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთში შემუშავებული პირველი თანამგზავრი Hayasat-1 კოსმოსში SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-მ გაიყვანა. წინასწარი მონაცემებით, ხვალ დილით უკვე შესაძლებელი იქნება თანამგზავრთან კომუნიკაცია. ფრენა თავდაპირველად 29 ნოემბერს იყო დაგეგმილი, მაგრამ ის ორი დღით გადაიდო. Hayasat-1 არის მეორე სომხური თანამგზავრი, რომელიც გაშვებულია კოსმოსში, მაგრამ ის პირველია, რომელიც სომეხი სპეციალისტების მიერ სომხეთშივე შეიქმნა. Falcon 9-ს მიერ ასევე გაშვებულია სამხრეთ კორეის პირველი ჯაშუშური თანამგზავრი. სატელიტები კალიფორნიის ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან გაიგზავნა.  

ხელოვნურმა ინტელექტმა და ტექნოლოგიებმა შეიძლება, სამუშაო კვირა სამ დღემდე შეამცირონ

მილიარდერი ბილ გეითსი მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიამ შეიძლება, ვერ შეცვალოს ადამიანი, მაგრამ მას შეუძლია, 3-დღიანი სამუშაო კვირა გახადოს შესაძლებელი. ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის დამფუძნებელს ჰკითხეს სამუშაოსთვის ხელოვნური ინტელექტის საფრთხის შესახებ, რასაც გეითსმა უპასუხა, რომ შეიძლება, დადგეს დრო, როდესაც ადამიანებს „აღარ მოუწევთ ამდენი შრომა.“ „თუ საბოლოოდ მიიღებთ საზოგადოებას, სადაც კვირაში მხოლოდ სამი დღე უნდა იმუშაოთ, ეს ალბათ კარგია,” - აღნიშნა გეითსმა. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურმა ინტელექტს გარკვეული პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლია, გეითსმა ხელოვნური ინტელექტის რისკებიც აღიარა, თუ ის არასწორად იქნება გამოყენებული. ივლისში მან ხელოვნური ინტელექტის პოტენციური გავლენის შესახებ 3000-სიტყვიანი ბლოგიც გამოაქვეყნა. „მე არ ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის გავლენა ისეთივე დრამატული იქნება, როგორც ინდუსტრიული რევოლუცია, მაგრამ ის ნამდვილად იქნება ისეთივე დიდი, როგორც კომპიუტერის დანერგვა. ტექსტის დამუშავების აპლიკაციებმა ვერ გაანადგურეს საოფისე სამუშაო, მაგრამ ცვლილებები დანერგეს. დამსაქმებლებსა და თანამშრომლებს ადაპტაცია მოუწიათ და ეს გააკეთეს კიდეც,“ - აღნიშნავს გეითსი.  

WhatsApp-მა ახალი ფუნქცია დანერგა

WhatsApp-მა ელ.ფოსტის საშუალებით ავტორიზაციის ახალი ფუნქცია დანერგა.  განახლება ავტორიზაციის ალტერნატიული მეთოდია, რომელიც პროგრამაში ტრადიციულ, SMS-ით შესვლის ვარიანტს ავსებს. ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად, მომხმარებელმა აპლიკაციის პარამეტრებში უნდა მიუთითოს ელ.ფოსტის მისამართი.  მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ფოსტის გამოყენება მესენჯერში შესასვლელად ახლა უკვე შესაძლებელია, მესენჯერის საშუალებით სხვა მომხმარებლებთან კომუნიკაციისთვის მაინც მობილური ტელეფონის მოქმედი ნომერია საჭირო.  

YouTube ახალ ფუნქციას ტესტავს

YouTube მუსიკის მოყვარულთათვის ახალ მახასიეთებელს ტესტავს. პლატფორმამ გამოაცხადა, რომ გამოსცდის ახალი აპლიკაციის ფუნქციას Android ტელეფონებზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სიმღერა სამ წამზე მეტი ხნის განმავლობაში წამღერებით ან ჩანაწერის სხვა მოწყობილობიდან ჩართვით მოძებნონ. ფუნქცია მხოლოდ მომხმარებელთა შერჩეული ჯგუფისთვის არის ხელმისაწვდომი. Google Assistant-ში ფუნქცია - Hum to Search 3 წლის წინ ამოქმედდა იმ განსხვავებით, რომ სიმღერის ამოცნობას 10-15 წამი სჭირდება.  

Twitter-ს სახელი გადაერქმევა და ახალი ლოგო ექნება

ილონ მასკი Twitter-ის რებრენდიგს იწყებს. სახელს და ცნობილ ლოგოს ფრინველის გამოსახულებით, X-ით ცვლის. Twitter-ის მფლობელმა და კომპანიის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა კვირას განაცხადეს, რომ სოციალური მედიის ქსელს სახელი გადაერქმევა (X) და ლოგოც განახლდება. მასკი იმედოვნებს, რომ X-ით შექმნის „სუპერ აპს,“ რომელსაც შეუძლია, ბევრად მეტი გააკეთოს, ვიდრე უბრალოდ იყოს სოციალური მედიის პლატფორმა ინტერაქციისთვის. Twitter-ის მფლობელმა, ელონ მასკმა ბოლო დროს არაერთი საკამათო ცვლილება გაატარა, რამაც საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა

2007 წლის iPhone აუქციონზე 190 000 დოლარად გაიყიდა

პირველი მოდელი, გაუხსნელი iPhone 4GB, აშშ-ში აუქციონზე (LCG Auctions) 190,372.80 დოლარად გაიყიდა, იტყობინება BBC. ლოტმა სულ 28 შეთავაზება მოიზიდა და თავდაპირველზე თითქმის 400-ჯერ მეტ ფასად გაიყიდა. 4GB პირველად 2007 წელს Apple-ის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორის სტივ ჯობსის დროს გამოუშვეს.ორი თვის შემდეგ კი, ტექნოლოგიურმა გიგანტმა მისი გაყიდვები შეაჩერა. Apple-ის თანადამფუძნებელი, სტივ ჯობსი 2011 წელს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

სომხეთმა განაცხადა, რომ საკუთარი ბრენდის ქვეშ ავტომობილების წარმოება დაიწყო

სომხეთში მანქანების წარმოება საკუთარი - Sepuh-ის ბრენდის ქვეშ დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა Armenpress-ი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ, ვაჰან კერობიანზე დაყრდნობით იტყობინება. მისი თქმით, ავტომობილები ამჟამად სახელმწიფო რეგისტრაციას გადიან, წარმოება კი, უმსხვილესი ირანული ავტომწარმოებლის, Iran Khodro-ს მიერ შექმნილ ქარხანაში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაცით, სომხეთში აწყობილი მანქანები არის არა ირანული, არამედ, სამხრეთ კორეული კომპანია SsangYong-ის მოდელები. ბრენდის სახელი (Sepuh) შუა საუკუნეების სომხეთიდან მომდინარეობს. ასე მოიხსენიებდნენ საერო თავადაზნაურობის ერთ-ერთი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც ხშირად საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობდნენ და სამეფო სასახლეში თანამდებობებს იკავებდნენ.  

ხანძრის დროს სიცოცხლის გადასარჩენად, მეცნიერებმა ცეცხლგამძლე დრონი შექმნეს

ამჟამინდელი დრონები, რომლებიც მაღალ შენობებზე ხანძარსაწინააღმდეგო შლანგების ასაზიდად და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ასაწევად გამოიყენება, პლასტმასისგან არის დამზადებული და მათ ცეცხლის სიახლოვეს ფრენა არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ბრიტანელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა ცეცხლგამძლე დრონი შექმნეს. მათი შთაგონების წყაროდ კი, ლონდონში,  2017 წელს მომხდარი ტრაგედია გახდა, რომლის დროსაც, კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა 72 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.„ლონდონის თაუერთან ახლოს ვცხოვრობდი და მართლაც შოკისმომგვრელი იყო ამ მოვლენის ხილვა. ხალხი მეკითხებოდა, მყავდა თუ არა დრონი, რომელსაც შეეძლო კონკრეტული ტერიტორიის შიგნით ფრენა და მე ეს საშუალება არ მქონდა...“ - განაცხადა შვეიცარიელმა მეცნიერმა, მირკო კოვაჩმა. ე.წ. FireDrones-ს ხანძრის ადგილის „რუკის“ შედგენა და ცეცხლში ჩარჩენილი ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლია.  

Twitter-მა Meta-ს ახალი პლატფორმის შექმნის გამო, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს

Twitter-მა Meta-ს ახალი პლატფორმის შექმნის გამო, შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს. Twitter-ის ადვოკატმა Meta-ს აღმასრულებელ დირექტორს მარკ ცუკერბერგს წერილი გაუგზავნა და კომპანია კომერციული საიდუმლოების მითვისებაში დაადანაშაულა.  „კონკურენცია კარგია, მოტყუება არა,“ - დაწერა თავის მხრივ, Twitter-ის მფლობელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში. ასევე წაიკითხეთ: Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა  

მარკ ცუკერბერგმა Threads-ის ჩაშვების დღეს, 11 წლის განმავლობაში პირველი „ტვიტი“ გამოაქვეყნა

მარკ ცუკერბერგმა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი პირველი „ტვიტი“ გამოაქვეყნა. pic.twitter.com/MbMxUWiQgp — Mark Zuckerberg (@finkd) July 6, 2023 ცუკერბერგის „ტვიტი“ გამოჩნდა იმ დღეს, როდესაც Meta Platforms Inc.-ის დამფუძნებელმა, Twitter-ის კონკურენტი შექმნა და ქსელში უკვე ჩაუშვა.

Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads ქსელში ვადაზე ადრე ჩაუშვა

Meta-მ Twitter-ის კონკურენტი აპლიკაცია - Threads აამოქმედა.  Businessinsider-ის თანახმად, Threads-ს აქვს ერთი თვალსაჩინო უპირატესობა სხვა კონკურენტებთან შედარებით, რაც იმას გულისხმობს, რომ „ინსტაგრამის“ არსებული მომხმარებლის ბაზის ახალ Threads ანგარიშებად გადაქცევა შეიძლება. Statista-ს მონაცემებით, Instagram-ს 1,21 მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. კომპანია Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის თქმით, აპლიკაცია Threads-ი მისი ჩაშვებიდან რამდენიმე საათში უკვე 10 მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა. ამასთან, მისი შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Twitter-ის მფლობელმა, ელონ მასკმა არაერთი საკამათო ცვლილება გაატარა, რამაც საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება გამოიწვია. ასევე საინტერესო დეტალია, რომ Threads-ის მეშვეობით, Twitter-სგან განსხვავებით, შედარებით უფრო ვრცელი პოსტების დაწერა იქნება შესაძლებელი.  

Meta Twitter-ის მსგავს პლატფორმას უშვებს

Meta მიკრობლოგის აპის, Threads-ის გაშვებას გეგმავს. Threads-ი ქსელში სავარაუდოდ, ხუთშაბათს ჩაეშვება. Reuters-მა Meta-ს კომენტარისთვის მიმართა, თუმცა კომპანიისგან პასუხი არ მიუღია. სიახლეს Meta-სგან წინ უძღვის მისი კონკურენტის განცხადება, რომლის თანახმად, Twitter-ი გარკვეულ შეზღუდვებს ნერგავს. მასკის მიერ დაანონსებულმა შეზღუდვებმა მომხმარებლების უარყოფითი რეაქციები გამოიწვია.  

Facebook-ი და Instagram-ი კანადაში ახალ ამბებზე წვდომას შეზღუდავენ

Meta-მ განაცხადა, რომ კანადელი მომხმარებლებისთვის ახალი ამბების შეზღუდვას დაიწყებს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა სადავო კანონი მიიღო. BBC-ის თანახმად, კანონპროექტი აიძულებს დიდ პლატფორმებს, მათ საიტებზე შინაარსის განთავსება ახალი ამბების გამომცემლებს აუნაზღაუროს. Meta-მ და Google-მა ზოგიერთი კანადელისთვის სიახლეებზე წვდომის შეზღუდვა უკვე დატესტეს. კანონპორექტი სენატმა ხუთშაბათს დაამტკიცა. Meta-მ კანონმდებლობას გაუმართავი უწოდა.   

Spotify $5 მილიონით დაჯარიმდა

შვედეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მუსიკის სტრიმინგის გიგანტი Spotify 13 ივნისს 58 მილიონი კრონით (5,4 მილიონი აშშ დოლარი) დააჯარიმეს იმის გამო, რომ არ აცნობეს მომხმარებლებს, თუ როგორ იყენებდნენ მათ მონაცემებს. Spotify გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. თავის მხრივ, შვედეთის კონფიდენციალურობის დაცვის ორგანომ (IMY) განაცხადა, რომ განიხილეს „როგორ ამუშავებს Spotify კლიენტების პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლებას“და გამოვლენილი ხარვეზების შედეგად, IMY კომპანიას 58 მილიონი კრონის ჯარიმას აკისრებს. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ევროპული მონაცემთა დაცვის აქტის GDPR-ის მიხედვით, მომხმარებლების უფლებაა, იცოდნენ რა მონაცემებს ფლობს კომპანია მათ შესახებ და როგორ გამოიყენებოდა ეს მონაცემები. რეგულატორის განმარტებით, Spotify არ იყო საკმარისად კონკრეტული იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენებოდა ეს მონაცემები. „რადგან Spotify-ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გაურკვეველი დარჩა, პირებს გაუჭირდათ იმის გაგება, თუ როგორ მუშავდება მათი პერსონალური მონაცემები; ასევე - შეემოწმებინათ, არის თუ არა მათი პერსონალური მონაცემების დამუშავება კანონიერი.    

ისრაელის კომპანია Azerspace-ის თანამგზავრებს აფრიკაში გამოიყენებს

ისრაელის კომპანია Spacecom-ი ისარგებლებს Azerspace-ის თანამგზავრების შესაძლებლობებით, რათა თავისი სერვისის არეალი გააფართოოს, განსაკუთრებით აფრიკის რეგიონში, განახორციელოს პროექტები თანამგზავრული სერვისებისა და მობილური კომუნიკაციების შესახებ, იტყობინება Reportaz-ი. Azercosmos-მა და Spacecom-ის თანამგზავრის ოპერატორმა თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. როგორც ცნობილია, Spacecom, AMOS-ის სატელეკომუნიკაციო თანამგზავრების ოპერატორი, ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მუშაობს. მ აღალი გამტარუნარიანობის თანამგზავრებით, Spacecom-ი მოემსახურება თავის მომხმარებლებს ტელეპორტის სერვისების გამოყენებით, რომლებიც Azercosmos-ის მთავარ სახმელეთო სადგურზე მდებარეობს.  

Facebook-ზე ვერიფიკაცია ფასიანი იქნება

სოციალურ ქსელ Facebook-ის მფლობელი კომპანია Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა დააანონსა, რომ ვერიფიკაციის (მომხმარებლის ნამდვილობის დამადასტურებელი/დამოწმების ნიშანი) ნიშნის მოპოვება ფასიანი იქნება. მისი განმარტებით, ახალი ფუნქცია ავთენტურობისა და უსაფრთხოების გასაზრდელად გააქტიურდება.ფასი $11.99-დან დაიწყება ვებზე ან $14.99 ყოველთვიურად iOS-ზე. ფუნქცია თავდაპირველად ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში იქნება ხელმისაწვდომი, შემდეგ კი, სხვა ქვეყნებშიც გააქტიურდება. განმარტებისთვის: ამ ნიშნის მოპოვება სავალდებულო არ არის.   

TikTok-მა საქართველოდან წაშალა ანგარიშები, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე ომზე დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებდა

ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“.  საქმე ეხება 18 ანგარიშს, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ეს ანგარიშები 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს. „ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელორუსსა და უკრაინაში იყვნენ ბაზირებულნი. ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები შინაარსს რუსულ ენაზე აზიარებდნენ, არაავთენტიკური ანგარიშების გამოყენებით, პრორისული თვალსაზრისის გაძლიერების მიზნით, თავს საინფორმაციო სააგენტოებად წარმოადგენდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში. ამავე ანგარიშის თანახმად, ამ პრორუსული პოზიციების გავრცელებას უნდა მოჰყოლოდა დისკურსი უკრაინაში მიმდინარე ომზე. TikTok--ს ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია რუსული ბოტები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ისინი ევროპელი მომხმარებლების სახელით მოქმედებდნენ და უკარაინის ომის თემაზე მასალებს გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე ავრცელებდნენ. კომპანიამ ასეთი 1688 ანგარიში დაბლოკა, რომლებსაც 133 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.  

აშშ Google-ს სარეკლამო ბაზარზე კონკურენტების განდევნაში ადანაშაულებს

აშშ Google-ს სარეკლამო ბაზარზე კონკურენტების განდევნაში სდებს ბრალს. ამის შესახებ BBC წერს. „ანტიკონკურენტულმა ქმედებებმა „შეასუსტა, თუ არ გაანადგურა კონკურენცია სარეკლამო ტექნოლოგიების ინდუსტრიაში“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდიმ. მისი თქმით, Google-ის ანტიკონკურენტული ქცევა ვრცელდებოდა სამ ძირითად სფეროზე: ის აკონტროლებს ტექნოლოგიას, რომელსაც იყენებს ვებგვერდების თითქმის ყველა ძირითადი გამომცემელი, რათა შესთავაზონ სარეკლამო სივრცე გასაყიდად. ის აკონტროლებს წამყვან ინსტრუმენტს, რომელსაც რეკლამის განმთავსებლები იყენებენ სარეკლამო სივრცის შესაძენად. ის ყველაზე დიდ სარეკლამო ბირჟას აკონტროლებს BBC-სთვის მიცემულ კომენტარში Google-ის წარმომადგენელმა ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. ბაზრის კვლევის ფირმა Insider Intelligence-ის თანახმად, Google ბაზრის ლიდერია, მაგრამ მისი წილი აშშ-ის ციფრული რეკლამის მთლიანი შემოსავლიდან 2016 წელს 36.7%-დან 2022 წელს 28.8%-მდე დაეცა.  

სტამბულში, ევროპაში ყველაზე სწრაფი მეტროს ხაზი ამოქმედდა

ევროპაში ყველაზე სწრაფი მეტროს ხაზი სტამბულში ამოქმედდა, რომელმაც ქალაქის ევროპული ნაწილი საერთაშორისო აეროპორტთან დააკავშირა.  ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მატარებელი ამ ხაზზე 90-120 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ მგზავრობას კიაგითჰანის სადგურიდან, (34-კილომეტრიანი ხაზი) სტამბულის აეროპორტამდე დაახლოებით 24 წუთი დასჭირდება. მისივე თქმით, ახალი სადგურების მიერთებით ხაზის ჯამური სიგრძე 69 კმ იქნება. „ჩვენ ვქმნით უზარმაზარ მეტროს სისტემას, რომელიც წლის ბოლომდე სტამბულის მთელ ევროპულ ნაწილს დაფარავს“, - განაცხადა მან ტელეკომპანია TRT-ის ეთერში. ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, სამომავლოდ მეტროპოლიტენის ახალი ხაზი ჩქაროსნული სარკინიგზო ხაზით იქნება ინტეგრირებული. შეგახსენებთ, რომ სტამბულის ახალმა აეროპორტმა ფუნქციონირება ათათურქის აეროპორტის დახურვის შემდეგ 2019 წელს დაიწყო, რომელიც ერთ დროს ევროპის სამი ყველაზე დატვირთული საჰაერო ნავსადგურიდან ერთ-ერთი იყო. გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის მშენებლობის დასრულების შემდეგ სტამბულის საერთაშორისო აეროპორტს ექვსი ასაფრენი ბილიკი ექნება და ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონ მგზავრს მოემსახურება.  

NASA ააშენებს ახალ ტელესკოპს, რომელსაც სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოსაჩენად გამოიყენებენ

NASA-მ წარმოადგინა მრავალმილიარდ დოლარიანი ტელესკოპის საწყისი გეგმა, რათა უცხო სამყაროში სიცოცხლე აღმოაჩინოს.  NASA 2040 წლისთვის გეგმავს ახალი ტელესკოპის აშენებას, რომელიც ჯეიმს უებს ჩაანაცვლებს. მას სხვა პლანეტებზე სიცოცხლის აღმოსაჩენად გამოიყენებენ. ახალი ტელესკოპის გაშვება სულ მცირე 11 მილიარდი დოლარი დაჯდება. ტელესკოპის შესახებ ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი.  გარდა ზოგადი ასტროფიზიკური ამოცანებისა, სავარაუდოდ, ტელესკოპს ასევე უნდა შეეძლოს, სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინოს დედამიწის მსგავს 25 ახლომდებარე ეგზოპლანეტაზე.