თეგი: რუსთავი
2 აპრილს ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები გაიმართება
2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ განკარგულება ცესკომ პირველი თებერვლის სხდომაზე მიიღო. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. 2022 წლის 2 აპრილს რუსთავში ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს აირჩევენ. შუალედური არჩევნები საქართველოს პარლამენტის და ბათუმის საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად ტარდება. ცნობისთვის, პარლამენტი ნინო ლაცაბიძემ მას შემდეგ დატოვა, რაც რუსთავის მერად აირჩიეს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი ჯემალ ფუტკარაძე გარდაიცვალა.
რუსთავში სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე შსს დეტალებს ავრცელებს
2004 წელს დაბადებული ლ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს რუსთავში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი - 1992 წელს დაბადებული გ.ა.,1988 წელს დაბადებული ლ.შ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ხ. დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სამი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ლ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს. სამი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებს შსს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ვ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, რუსთავში, ვ.მ.-მ ორ პირთან ერთად, ზ.ვ.-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. „ვ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
რუსთავში, საწარმოო ზონაში ხანძარია
რუსთავში, საწარმოო ზონაში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი სს „აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა და ცეცხლი ძველ ტომრებს უკიდია. ამ ეტაპზე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანებაა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი მაღალია ამასთან, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსთავში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს
რუსთავში, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, დაშავებულს ჭრილობები, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში Europetime-ს განუცხადეს, დაჭრილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა ფიზიკური ანგარისწორების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა. „სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის დაჯარიმების შესახებ. ამავდროულად, დაევალა კომპანიას, რომ 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგება, უნდა შეამციროს ავარიები და სისტემა გახადოს ქმედითი. ამით არ სრულდება რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში პრობლემების მოწესრიგება. დაახლოებით 8,5 მლნ ლარია ინვესტიციის ის მოცულობა, რომელიც მინიმუმ უნდა დაიხარჯოს 2023 წლის ბოლომდე ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე ასევე გაიცა რეკომენდაცია, რომ მოხდეს თბილისისა და რუსთავის წყლების შერწყმა, რომლითაც კომპანიის ეფექტიანობა გაიზრდება. ამის კარგი მაგალითია, როდესაც მცხეთის და თბილისის წყლის შერწყმა მოხდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მრჩეველთა ახალი საბჭო მოიწვია. მერის სათათბირო ორგანო, ახალი შემადგენლობით პირველად შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მერის ახალი სათათბირო ორგანო, სხვადასხვა პროფესიის იმ რუსთაველებით არის წარმოდგენილი, რომლებსაც ქალაქის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აქტიური მონაწილეობა აქვთ მიღებული რუსთავის განვითარებაში. „ჩვენ დღეს ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ. რუსთავი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და რუსთაველების აზრის გაზიარება ამ პროექტების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. ჩამოყალიბდა საბჭო, რომელიც დღეს პირველად შეიკრიბა და ვფიქრობ, ამ ადამიანების გამოცდილება, სწორ მიმართულებას მოგვცემს იმ პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც ერთად დავგეგმავთ", - განაცხადა რუსთავის მერმა ლაცაბიძემ. ქალაქის ყოფილი მერები, მშენებლები, მეტალურგები, ექიმები, ქიმიკოსები, პედაგოგები, რომლებიც რუსთავის მერიის სათათბირო ორგანოში მუშაობას დღეიდან შეუდგებიან, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი. „ვფიქრობ, რომ ძალიან საჭირო ინსტიტუტია. ჩვენ ყველას გვაქვს გარკვეული სახის გამოცდილება სხვადასხვა სფეროში. შევეცდებით სწორი რჩევა მივცეთ, რომელსაც ვფიქრობ, რომ გაითვალისწინებენ", - განაცხადა რუსთავის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნოდარ ღვამბერიამ. შეხვედრას რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მერის მოადგილეები და მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მერის სათათბირო ორგანო, კანონის შესაბამისად, მინიმუმ 3 თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს.
რუსთავის მეტალურგიული საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ
რუსთავის მეტალურგიული საწარმო "რუსელოისის" თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულების მთავარი მოთხოვნაა ხელფასების 50 პროცენტიანი გაზრდა. როგორც ცნობილია, საწარმო ამჟამად გაჩერებულია. მუშების ნაწილი საწარმოს შესასვლელთანაა შეკრებილი და დირექციის პასუხს ელოდება. "მძიმე სამუშაო პირობების ფონზე, 600-700-ლარიანი ხელფასი, სრულიად არასაკმარისია ცხოვრების მინიმალური პირობების დაკმაყოფილებისთვის", - აცხადებენ მეტალურგიული საწარმო "რუსელოისის" თანამშრომლები.
რუსთავის საჯარო სკოლაში, 50 წლამდე ქალი ფანჯრებს წმენდდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და სიმაღლიდან გადმოვარდა
რუსთავში, მე-15 საჯარო სკოლაში 50 წლამდე ქალი ფანჯრებს წმენდდა, რა დროსაც წონასწორობა დაკარგა და სიმაღლიდან გადმოვარდა. როგორც ცნობილია, დაშავებული ქალი სამკურნალოდ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. "ქალს ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმები მის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან", - აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.
ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც ლიეტუველი და რუსი ტურისტები, თბილისის ნაცვლად გომბორზე დატოვა
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ტაქსის მძღოლი, ამირან ბოკუჩავა უდანაშაულოდ ერთხმად ცნეს. მას რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეების თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედებოდა ბრალად. ბრალდებულს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება არ საჩივრდება. შემთხვევა 2022 წლის 11 აპრილს მოხდა. ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტიდან წამოყვანილი რუსეთისა და ლიეტუვის მოქალაქეები ტაქსისტმა გომბორთან დატოვა. ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ მგზავრებსა და ტაქსის მძღოლს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ტურისტებმა მძღოლს რუსულად ლაპარაკი მოსთხოვეს, მან კი უკრაინული სიმღერები ჩართო. „ორი მამაკაციდან, ერთი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე ლიეტუვის. საქართველოში შეხვდნენ ერთმანეთს. ჩაუსხდნენ მანქანაში, ესაუბრებოდნენ რუსულად, ამირან ბოკუჩავა ესაუბრებოდა ინგლისურად. თავდაპირველად მათ მოსთხოვეს სრულიად საუბარი, რაზეც [მძღოლმა] უარი თქვა. ამის შემდეგ მან ჩართო უკრაინული სიმღერა, რაზეც მოსთხოვეს რომ გამოერთო. შემდეგ წავიდა სიტყვიერი კონფლიქტი რუსეთ-უკრაინის თემაზე. ვინაიდან ამირანი განაწყენდა, რომ ისინი პატივს არ სცემდნენ საქართველოს და უკრაინას, იმის ნაცვლად, რომ წაეყვანა სასტუმროში, წაიყვანა გომბორის მიმართულებით, გააჩერა ავტომობილი და უთხრა: წადით თბილისში ფეხით. ისინი არ გადადიოდნენ ავტომობილიდან, ამირანი გადავიდა, გადმოუღო ბარგი და უთხრა, გადმოდითო. ისინი გადმოვიდნენ, მძღოლმა დაქოქა მანქანა და წამოვიდა. ამის შემდეგ მათ დარეკეს პოლიციაში და განაცხადეს, რომ თავისუფლება აღუკვეთეს უკანონოდ. თანხის ისტორია მოგონილია". პროკურატურა ამ ვერსიას სიცრუეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ კონფლიქტი მგზავრობის შეუსაბამოდ მაღალი საფასურის გადახდაზე უარმა გამოიწვია, რის შემდეგაც მძღოლმა მგზავრებს თავისუფლება აღუკვეთა და დაუსახლებელ ტერიტორიაზე წაიყვანა.
რუსთავში სოკოს მწარმოებელი კომპანიის დირექტორს, პროკურატურამ ბრალი წაუყენა
საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა რუსთავში სოკოს მწარმოებელი კომპანიის დირექტორს, რომლის მიმართაც მოსახლეობას წლების განმავლობაში ჰქონდა პრეტენზიები. შპს "თეთრი ქუდის" დირექტორს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჯარიმის გადახდა მოუწევს, ან სამ წლამდე პატიმრობას მიუსჯიან. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ რუსთავში, შპს თეთრი ქუდი ნარჩენების დამუშავებას შესაბამისი ნებართვის გარეშე სათანადო პროცედურების დაუცველად ახორციელებდა, რაც ვრცელ ტერიტორიაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას იწვევდა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საწარმოს უკვე დადებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო", - აცხადებენ პროკურატურაში. ამასთან, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 306-ე პრიმა მუხლით (გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება). დაკავებულს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 7000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა
რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. მგზავრებმა და მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი "რენოს" მარკის მოძრავ ავტომობილს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.
"რუსთავში ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე კიდევ 20 მილიონი დაიხარჯება", - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. „კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, დამატებით 20 მილიონი ლარი დაიხარჯება რუსთავში ინფრასტრუქტურულრუი პროექტების განსახორციელებლად, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგებისთვის. მათ შორის ერთი ნაწილი არის მთავარი მაგისტრალური სისტემის რამდენიმე მტკივნეული მონაკვეთის გამოცვლა, სადაც ხშირი იყო ავარიები და ეს იწვევდა პრაქტიკულად მთელი ქალაქის პარალიზებას, წყალმომარაგების სისტემის გამორთვას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ასევე წაიკითხეთ: დავით ნარმანია: ელექტროენერგიასა და ბუნებრივი აირზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის
რუსთავში, ახალგაზრდა კაცმა დედა დაჭრა
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ორმოც წლამდე ასაკის ქალი შვილმა დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის შვილსა და დედას შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი უკვე დააკავეს.
რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფრომაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
პროკურატურა რუსთავში, მცირეწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში, სამარშრუტო-სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა, მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად სამი წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
რუსთავში, "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩოს ჩამოიშლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
რუსთავში, "აზოტის" ქარხნის ტერიტორიაზე ხარაჩო ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, დაშავდნენ სხვა მუშებიც. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.
რუსთავში, ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ერთმანეთს 5 ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინორმაციით, ავარიის დროს 2 სამგზავრო მიკროავტობუსი და 3 მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რუსთავში დაკარგული 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, რუსთავში დაკარგული 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი მდინარე მტკვარში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ბოლოს მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი გაუჩინარების ადგილიდან 23 კილომეტრში ნახეს. 14 წლის მოზარდს რუსთავში ექვსი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
რუსთავში უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
რეგიონული გამოცემა "ინფო რუსთავი" წერს, რომ უხვი ნალექის შედეგად ქალაქის ქუჩებში, საავტომობილო გზებზე მომატებული წყლის ნაკადებია. დატბორილია ლეონიძისა და შარტავას გამზირები, მესხიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩები, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია. სატრანსპორტო საშუალებები შეფერხებით გადაადგილდებიან.
რუსთავის მერი: ოპოზიციურმა კოალიციამ მოღვაწეობის 2 წლის თავზე მაინც დაიწყოს მოვალეობის შესრულება, იძულებულნი გავხდით, სასამართლოსთვის მიგვემართა
რუსთავის მერიამ, საკრებულოს ოპოზიური პარტიების ქმედებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, უწყებამ ქალაქის სასამართლოში სარჩელი 27 ოქტომბერს შეიტანა. ლაცაბიძის თქმით, არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო, ფუნქციონირებას შეუდგა, რუსთავის მერია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პარალელურად, სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოიყვანოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს. რუსთაველები კარგად ხედავენ, საქართველოს მთავრობის თანადგომით, რამდენი ახალი პროექტი ხორციელდება ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს ვგეგმავთ მომავალი წლისთვისაც და ამ ფონზე, ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს გადაყოლილი, ფუნქციადაკარგული საკრებულო, სერიოზულ ზიანს მოუტანს ქალაქს. რუსთავის მერიის ორწლიან მცდელობებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრებს, დეპუტატების ფუნქცია შეესრულებინათ და ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განეხილათ, შედეგი არ მოჰყვა. არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს,“ - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ საკრებულოს ოპოზიციური პარტიები, უხეშად არღვევენ რეგლამენტს, სხდომაზე განსახილველად არ გააქვთ და უკან დასაბუთების გარეშე აბრუნებენ მერიიდან გადაგზავნილ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. „რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიცია, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს, კომისიებიდან სხდომაზე არ გააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს მერიიდან გადაგზავნილ, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ამ ქმედებით, ერთის მხრივ ფერხდება ქალაქის განვითარება, ზარალდება რუსთავის მოსახლეობა და ხელი ეშლება მერიის საქმიანობას, მეორეს მხრივ, კი საკრებულო კარგავს კანონით მინიჭებულ ფუნქციას,“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე. ლაცაბიძის თქმით, რუსთავის მერიამ, ამის თაობაზე წერილობით არაერთხელ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს და შესაბამისი ზომების გატარება მოსთხოვა მას. „ჩვენ წერილობით არაერთხელ მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს და მოვთხოვეთ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, რათა საკრებულოს საქმიანობის ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა და წესად აქცია, დასრულებულიყო, თუმცა, უშედეგოდ. რუსთაველების ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურმა კოალიციამ მოღვაწეობის 2 წლის თავზე მაინც დაიწყოს საკუთარი მოვალეობის შესრულება, იძულებულნი გავხდით, სასამართლოსთვის მიგვემართა. როცა ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელოვნურად ფერხდება, როცა რუსთაველების ინტერესები ილახება და ქალაქის განვითარებას გამიზნულად ეშლება ხელი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტი ავამოქმედოთ და ეს უპრეცედენტო მავნებლობა დავასრულოთ,“ - განაცხადა რუსთავის მერმა. თავის მხრივ, საკრებულოს თავჯდომარის განცხადებით, საკრებულო ყოველჯერზე ცხდილობ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც მოქალაქეები ინტერესებზეა მორგებული. „მე ვთვლი რომ კანონი არ დამირღვევია. რაც შეეხება სასამართლოსა და პროკურატურა, თვე არ გავა, რომ არ მიჩივლონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა,” - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.
სამ ქალაქში ბიზნესისთვის წყლის ტარიფი იზრდება
პირბელი იანვრიდან თბილისში კომპანიებს წყალი 35%-ით გაუძვირდებათ. ახლა 1კუბ.მ წყალში კომპანიები 6,5 ლარს იხდიან, მომავალი წლიდან კი 8,81 ლარს გადაიხდიან. თბილისსა და მცხეთაში არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი 8.807 ლარი/კუბ.მ, ხოლო რუსთავში - 6.500 ლარი/ კუბ.მ-მდე გაიზრდება. გაზრდილი ტარიფი 2026 წლის დეკემბრის ჩათვლით იქნება მოქმედი. გადაწყვეტილება სემეკმა დღეს, 28 დეკემბერს მიიღო. სემეკის ინფორმაციით, ფასის ზრდა გამოწვეულია თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. ამის გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სემეკს 2024-2026 წლებში თითქმის 364 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია შეუთანხმა. გეგმების შესაბამისად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისსა და მცხეთაში 317,897,722 ლარის, ხოლო რუსთავში - 45,971,101 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
რუსთავში, "სტამბოლის ბაზარში" მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ძმაც დააკავეს
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებული გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის იარაღი, ბრალდებულის ძმას ეკუთვნოდა. ის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (მათ შორის, სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის)) დაუდევრად შენახვას გულისხმობს. 4 პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ გიორგი ორველაშვილის ადვოკატის, ელდარ გვალიას განცხადებით, დაკავებულს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. რუსთავის ბაზარში მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
რუსთავში, "სტამბოლის ბაზარში" მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებულს, გიორგი ორველაშვილს და მის ძმას, გოგიტა ორველაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. როგორც საქმის პროკურორი ქეთევან სონიძე აცხადებს, დანაშაულის მოტივი შურისძიება იყო. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ბრალდებული გიორგი ორველაშვილი ბაზარში ბიძამისთან მუშაობდა, მათ შორის კონფლიქტის გამო, ბიძამ ის სამსახურიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც დანაშაული მოხდა. ოთხი პირის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი კი, აცხადებს, რომ გიორგი ორველაშვილი მოტივებზე არ საუბრობს. ჩემთვის უცნობია თუ რა მიზნით ჩაიდინა მან ეს დანაშაული. ადვოკატის თქმით, დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გარდა, სხვა მოლოდინი სასამართლოსგან დაცვის მხარეს არც ჰქონია. „რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი - გიორგი ორველაშვილის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახე, პატიმრობა. სხვა მოლოდინი დაცვის მხარეს დანაშაულის მასშტაბებიდან გამომდინარე არ ჰქონდა. რაც შეეხება გირაოს შემადგენლობას, გუშინ მე გიორგი ორველაშვილთან შევათანხმე პოზიცია იმის თაობაზე, რომ თუ თანხის გადახდას შეძლებდა, მაშინ ამ შუამდგომლობას დავაყენებდით, მაგრამ გიორგი ორველაშვილმა კატეგორიულად განაცხადა, რომ მის ოჯახს ამის საშუალება არ აქვს, არც უძრავი ქონება საკუთრებაში აქვს. გიორგი ორველაშვილი მოტივებზე არ საუბრობს. ჩემთვის უცნობია თუ რა მიზნით ჩაიდინა მან ეს დანაშაული. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში არ იყო, ვინაიდან, დილის საათებში მოხდა [შემთხვევა]. რაც შეეხება ფსიქიკურ პრობლემას, გიორგის ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ შინაგანად ადამიანი შეიძლება, იქამდე მივიდეს, იმ ეჭვამდე, რომ რაღაც დოზით დაავადებულია. არსებობს შესაბამისი ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადასტუროს იყო, თუ არა გიორგი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი. როგორც გიორგი ამბობს, სახეზე დაზიანება მიყენებული აქვს დაკავებამდე, რა ვითარებაში, ეს ჩემთვის უცნობია,“ - განაცხადა ელდარ გვალიამ. ინფორმაციისთვის, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარზე სროლის შედეგად ოთხი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია და კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული. კაცი ადგილზე დააკავეს. სამართალდამცველებმა 10 თებერვალს, გიორგი ორველაშვილის ძმაც დააკავეს. იარაღი, საიდანაც გასროლა განხორციელდა, შსს-ს ცნობით, გიორგი ორველაშვილის ძმის იყო.