თეგი: შეხვედრა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა
11 აპრილს, ეროვნულმა ბანკმა საკასო ცენტრში უმასპინძლა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტებმა საქართველოში აკრედიტებული მისიების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული ნაბიჯები, რომელიც საქართველოს საფინანსო სექტორში საერთაშორისო ფინანსური სანქციების სრული დაცვით განხორციელდა. ფინანსური სანქციები აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა უკრაინაში განხორციელებული აგრესიული საომარი მოქმედებების გამო რუსეთის ფედერაციას დაუწესეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ინსტიტუტებთან, რის შედეგადაც ბანკებს მუდმივად მიეწოდებათ განახლებული მონაცემები სანქცირებული პირების და ორგანიზაციების შესახებ. მისივე განმარტებით, სანქციების თავიდან არიდებაში დახმარება არც ქართული ბანკების ინტერესში არაა, ხოლო მათ საქმიანობას მუდმივად აკონტროლებს ეროვნული ბანკი. "საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში. სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს ომის დაწყების მეორე დღესვე მისცა და ამასთან, როგორც საფინანსო სექტორის მარეგულირებელი, იცავს ყველა სტანდარტსა და საერთაშორისო რეზოლუციას, რაც გამორიცხავს ქართულ საბანკო სექტორში რაიმე ტიპის სანქცირებული ოპერაციის განხორციელებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2022 წლის 1 აპრილის პრესრელიზში გაკეთებული ჩანაწერიც ადასტურებს, იმას, რომ ჩვენი ფინანსური სისტემა სრულად ითვალისწინებს სანქციებს", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. "საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ცენტრალურმა ბანკმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულების უზრუნველსაყოფად გაატარა. სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მძლავრი სისტემა აქვს შემუშავებული იმისათვის, რომ რუსეთის საწინააღმდეგოდ მის მიერ უკრაინის ოკუპაციის გამო დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. ეს რუსეთის მიერ უკრაინის უკანონო დაპყრობაზე რეაგირების უმთავრესი ასპექტია. სანქციების დაწესების მიზანი პუტინის საომარი მანქანის მოშლა და რუსული ჯარის მიერ უკრაინის ხალხისთვის ზიანის და ტკივილის მიყენების უნარის შეზღუდვაა. ამიტომ ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველომ სათანადო ღონისძიებები გაატარა, რადგან ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც გვთავაზობს, რომ საქართველო სანქციების ასარიდებლად იქნებოდა გამოყენებული, დამღუპველი იქნებოდა არა მხოლოდ სანქციების დაწესების რეჟიმის, არამედ უკრაინის და თვითონ საქართველოსთვისაც“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა. კობა გვენეტაძემ მადლობა გადაუხადა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის, ხაზი გაუსვა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას და სთხოვა, თავიანთი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ ორგანიზაციებს აცნობონ საქართველოს ფინანსური სისტემის სანქციების სრული დაცვით ფუნქციონირების შესახებ.
რუსმა მაღალჩინოსანმა ანკარაში დახურული მოლაპარაკებები გამართა
თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი, რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებსა და პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნოვაკს შეხვდა. მხარეებს შორის დახურული შეხვედრა, ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში შედგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. მხარეებმა ასევე ინფორმაცია გაცვალეს, ბოლო დროს მსოფლიოში და რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.
დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე ამ წუთებში, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. ფოტომასალას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი დერეკ შოლე თბილისშია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ილია დარჩიაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, კარა მაკდონალდთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებული როგორც ორმხრივი საკითხები, ასევე, რეგიონში რუსეთის აგრესიის ფონზე უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა 30-წლიანი პარტნიორობის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ხაზი გაესვა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს მიმართ აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირებას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის არსებითი მნიშვნელობა, მათ შორის, საქართველოს მიერ დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ამ კონტექსტში, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა კარა მაკდონალდთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს სოლიდარობას უკრაინის მიმართ და დაადასტურა საქართველოს მზაობა განაგრძოს უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, ჰუმანიტარული მხარდაჭერა. მხარეებმა შეხვედრისას, ასევე, განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული ვითარება და ოკუპაციის მძიმე გავლენა ქვეყნის განვითარებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელების სრული მზაობა გამოთქვეს.
ბელორუსის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან არაფორმალური ვიზიტით ჩავიდა
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, მოსკოვის რეგიონში, არაფორმალური ვიზიტით ეწვია. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს. პუტინის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის ცნობით, პუტინი და ლუკაშენკო ზავიდოვოში მედიისთვის დახურულ არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ.ბელორუსის პრეზიდენტის არაფორმალური ვიზიტი რუსეთში დღეს დასრულდება. პესკოვის ცნობით, ლუკაშენკო და პუტინი სამუშაო შეხვედრას 25 ივნისს სანკტ-პეტერბურგში გამართავენ. შემდეგ კი 30 ივნისს ორი ქვეყნის პრეზიდენტი ბელორუსში მოკავშირე რესპუბლიკების ფორუმზე შეხვდებიან.
თურქეთი და სომხეთი მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, სახმელეთო საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ
1-ელ ივლისს ვენაში, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სპეციალური წარმომადგენლის, ელჩის სერდარ კილიჩისა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, რუბენ რუბინიანის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. მხარეები, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თურქეთსა და სომხეთს შორის სახმელეთო საზღვრის გახსნაზე შეთანხმდნენ და ამ კუთხით საჭირო პროცედურების დაჩქარებას გეგმავენ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაიწყება ტვირთების პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირება. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს სხვა შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ორმხრივი ურთიერთობების სრული ნორმალიზაციის საბოლოო მიზნის მისაღწევად და დაადასტურეს მათი განზრახვა გააგრძელონ ნორმალიზაციის პროცესი წინაპირობების გარეშე, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლავროვთან ერთად ვახშამზე უარი თქვეს
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვედრის პირველი დღის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვთან ერთად, „გალა-ვახშამზე“ დასწრებაზე უარი განაცხადეს. ინფორმაცია Kyodo-მ ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრ რენტო მარსუდიზე დაყრდნობით გაავრცელა. მისი თქმით, ოფიციალურ „გალა-ვახშამს“ აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, კანადის, იაპონიის და ევროკავშირის საქმეთა მინისტრები არ დაესწრნენ. მოგვიანებით, ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გაავრცელა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დაადასტურა. ინდონეზიაში, ბალიზე G20-ის შეხვადრა 8 ივლისს დასრულდება.
თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შაბათს, 16 ივლისს თბილისში შეხვდებიან. ამის შესახებ სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანმა, ვაჰან უნანიანმა Facebook-ზე დაწერა. რას სთავაზობს სომხეთი აზერბაიჯანს აზერბაიჯანმა სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისია შექმნა თბილისში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ხვალ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან. ეს მინისტრების პირველი შეხვედრაა და იმედი გვაქვს, რომ შედეგი იქნება", - განაცხადა ალიევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. „მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, სამწუხაროდ, რეალური შედეგები ჯერ არ არის", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ალიევმა აღნიშნა, რომ არის პოზიტიური ასპექტებიც და ამის მაგალითად საზღვრის დელიმიტაციაზე სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა დაასახელა. „ჩვენ ამას პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევთ. ეს შეხვედრა რა თქმა უნდა, გაცნობითი ხასიათის იყო. მეორე შეხვედრა მომავალ თვეშია დაგეგმილი. მჯერა, რომ უკვე პრაქტიკული საკითხები განიხილება. ამ ფორმატში თანამშრომლობისგან სწრაფ შედეგებს არ ველოდებით, რადგან დელიმიტაცია ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი დაწყებულია, შეგვიძლია მოვლენების წარმატებულ განვითარებად მივიჩნიოთ“, - აღნიშნა ალიევმა.
კრემლი: პუტინი და ერდოღანი სოჭში სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდორანი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭის შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამის შესახებ, თურქული დროენების Bayraktar TB2-ის შესაძლო ერთობლივ წარმოებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. რუსეთის ელჩმა ანკარაში, პუტინსა და ერდოღანს შორის სოჭში მოლაპარაკების შესაძლო თემები დაასახელა „სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხი მუდმივად არის ორი ქვეყნის დღის წესრიგში“, - განაცახდა პესკოვმა. მისი თქმით, მხარეებს შორის ბოლო კონტაქტისას, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხი აქტუალური იყო. „როგორც წესი, თურქეთის და რუსეთის ლიდერების ყველა შეხვედრაზე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხის ყველა ასპექტი განიხილება“, - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 5 აგვისტოს, სოჭშია დაგეგმილი.
გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ ივლისის ბოლოს მოსკოვში პუტინს შეხვდა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა, ტელეარხ RTL/ntv-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ივლისის ბოლოს, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს შრიოდერი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ კრემლს უკრაინასთან კონფლიქტის მოლაპარაკების გზით გადაჭრა სურს. მისი თქმით, უკრაინიდან ხორბლის გასატანად მიღწეულ შეთანხმება პირველი წარმატებაა, რომელიც, შესაძლოა, თანდათან გაფართოვდეს და მხარეები საზავო შეთანხმებამდე მივიდნენ. ევროპარლამენტმა გერჰარდ შრიოდერის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა შრიოდერმა ისევ გაიმეორა, რომ უკრაინაში ომის დაწყებას შეცდომად მიიჩნევს, ყირიმს კი - რუსეთის რეგიონად. პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან ახლო ურთიერთობას, შრიოდერმა მეგობრობის შეწყვეტა გამორიცხა და თქვა, რომ პუტინისგან მისი დისტანცირება არავის არაფერს მოუტანს.
რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ
რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების 4-საათიანი დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე ეტაპობრივ გადასვლაზე საუბრობენ. რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ერდოღანი შუამავლად სურს - Bloomberg ნოვაკის თქმით, თურქეთი რუსეთისგან ყოველ წელს 26 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს, ლიდერების გადაწყვეტილებით კი, თურქეთი გაზის საფასურის ნაწილს რუბლებში გადაიხდის. გავრცელებული ინფორმაციით, თავის მხრივ, ერდოღანმა ასევე პუტინთან საუბრისას „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილა. ეს ინფორმაცია რუსეთის ვიცე-პრემიერმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა „აქკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2023 წლამდე დაიწყოს“. ერდოღანის თქმით, თურქეთი-რუსეთის მოლაპარაკებები სირიის შესახებ, რეგიონისთვის შვების მომტანი იქნება ნოვაკმა ისიც აღნიშნა, რომ მხარეებმა საბანკო და საფინანსო სექტორში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. BBC წერს, რომ თურქეთის ლიდერი პუტინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ ითვლება. NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, თურქეთი ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყანას იარაღი არ მიაწოდა. ამავდროულად, ანკარამ დასავლეთის სანქციენზე მიერთებისგან თავი შეიკავა.
ვაშლის მწარმოებლებს პროდუქციის რეალიაზაცია უჭირთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ვაშლის გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე, ვაშლის მოსავლის აღების სეზონთან დაკავშირებით სექტორში არსებული ვითარება და არსებული გამოწვევები განიხილეს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, მეწარმეებთან და სექტორის ყველა რგოლთან აქტიური კომუნიკაცია, რათა ზუსტად განისაზღვროს საჭიროებები და მიმდინარე პროცესების სწორი ანალიზით მოხდეს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.„წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი უხვია და, დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს; თუმცა, უამინდობამ და ხშირმა წვიმებმა ვაშლის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მიმდინარე სეზონზე, გადამმუშავებელი საწარმოები, კონცენტრატის წარმოებისთვის, დაახლოებით 50 ათასი ტონა ვაშლის ჩაბარებას გეგმავენ. კომპანიები ვაშლის მიღებას, სავარაუდოდ, სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესის შეუფერხებლად უზრუნველსაყოფად, უახლოეს მომავალში, შეჯერებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრებმა თბილისში სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე სულ უფრო იზრდება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების საკითხი, ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი ხდება. „თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომლებიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ჩვენ განვიხილეთ არსებული მიმდინარე, კონკრეტული პრობლემები და გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა. სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოგლუმ. მისი თქმით, რაც მეტი იქნება ჩვენი ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნები, მით უფრო ძლიერი იქნება სამ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა. როგორც ის აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. შუა დერეფანი და აქედან გამომდინარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შუა დერეფნის, ისე უწყვეტი სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ჩინეთიდან ლონდონამდე. „ამის საშუალებას იძლევა უკვე არსებული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, მარმარაის გადასასვლელი სტამბოლში და ამ პროექტების მეშვეობით შესაძლებელი იქნება, რომ ჩინეთიდან გამოსული ტვირთი უწვეტ რეჟიმში მოხვდეს ლონდონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, 800 მილიარდის სავაჭრო მოცულობა უნდა იქნას ათვისებული, არ მოხდეს მისი დაკარგვა, სხვა სატრანსპორტო დერეფნებში გადანაწილება. აქედან გამომდინარე ეს დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სატვირთო გადაზიდვებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში სატვირთო გადაზიდვებთან ერთად დაიწყოს სამგზავრო გადაყვანებიც“, - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს არსებული მდგომარეობა, შემდგომი განვითარების პერსპექტივები და მიმართულებები და მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლებიც გულისხმობს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვების გაზრდას და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მშენებლობის დროულ დასრულებას. შუა დერეფნის მიმართ გაზრდილ საერთაშორისო ინტერესზე საუბრობს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი. რაშად ნაბიევის განცხადებით, მსოფლიოში არსებული მკაცრი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა და ინტერესი შუა დერეფნის მიმართ. „ჩვენი ქვეყნები - აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო, ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განსახილველად. ჩვენი მიზანია გავზარდოთ ამ დერეფნის ეფექტურობა ისეთი საკითხების გადახედვით, როგორიცაა ტარიფების რეგულირება, ბლოკ-მატარებლების გაერთიანება და საზღვრების გასწვრივ რეგულაციებისა და აქტივობების სინქრონიზაცია“, - აღნიშნა რაშად ნაბიევმა.
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პირველი პირისპირ შეხვედრა პრაღაში, ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს იგეგმება. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. „ხვალ, თურქეთის დროით 19:00 საათზე, პრეზიდენტი ერდოღანი პრაღაში ორმხრივ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრემიერ-მინისტრ პაშინიანთან“, - წერს გაზეთი Milliyet. Sabah-ის ცნობით, შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შესთავაზებს სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრების გამართვას ორმხრივი ურთიერთობების დასარეგულირებლად თურქეთსა და სომხეთში და არა მესამე ქვეყნებში. გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რეგიონში დაძაბულობის შესამცირებლად სომხეთმა „პროვოკაციებისგან თავი შეიკავოს, ასევე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი“, - წერს გაზეთი. სომხურ მხარეს ფაშინიან-ერდოღანის მოახლოებული შეხვედრის შესახებ ჯერ ოფიციალურად არ გაუცხადებია. მანამდე სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადეს, რომ ასეთი შეხვედრა სავარაუდოა.
პრაღაში, ნიკოლ ფაშინიანის, ილჰამ ალიევის, ემანუელ მაკრონისა და შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო
ჩეხეთში, პრაღაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრის მთავარი საკითხია მთიანი-ყარაბაღის გარშემო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღესვეა დაგეგმილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრაც.
ილჰამ ალიევი: თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შესაძლოა, წლის ბოლომდე გაფორმდეს
თუ სომხეთის მხრიდან იქნება კეთილი ნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 6 ოქტომბერს პრაღაში აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. სომხური მხარე საუბრობს, რა თემები განიხილეს ფაშინიანმა და ერდოღანმა პრაღაში გამართულ შეხვედრაზე „პრინციპში, რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, რომ თუ სომხეთის მხრიდან კეთილი ნება იქნება, სამშვიდობო ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წლის ბოლომდე. დრო გადის, ჩვენი ინიციატივები ადვილად არ მიდის წინ. საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ, თუმცა პირველ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არის პოზიტიური ნაბიჯი. ვფიქრობ, თუ გადაწყვეტილება მიიღება უახლოეს მომავალში, ორი ქვეყნის სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ მუშაობას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. ჩვენ შეგვიძლია შეთანხმებას მივაღწიოთ წლის ბოლომდე. პრინციპში, გვაქვს გამოცხადებული ხუთი პრინციპი. ამასზე არავის აქვს კითხვები -არც სომხურ მხარეს და არც ევროკავშირს. საფრანგეთის პრეზიდენტთან კონტაქტების დროს მეც დავინახე, რომ ეს ხუთი პრინციპი აღიქმება, ეს ბუნებრივია, რადგან ახალი არაფერი გამოგვიგონია, ეს არის პრინციპები, რომლებზეც დამყარებულია ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ურთიერთობების ნორმალიზება სურთ“, - განაცხადა ალიევმა. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ოთხმხრივი შეხვედრა ჰქონდათ.
მედია: თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ასტანაში შეხვდებიან
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ AFP-ს თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ორი პრეზიდენტის შეხვედრა ასტანაში დსთ-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ბოლოს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით 7 ოქტომბერს ისაუბრეს. სატელეფონო საუბრებისას უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ასევე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. 12-14 ოქტომბერს ყაზახეთი დსთ-ს სამიტს მასპინძლობს. მოსალოდნელია, რომ ყაზახეთის დედაქალაქს ცენტრალური აზიისა და დსთ-ს 11 სახელმწიფოს მეთაური ეწვევა. მთავარი დეკლარირებული თემებია რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
ცნობილია, რა საკითხები განიხილეს მელონმა და მაკრონმა პირველი შეხვედრისას
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პირველი შეხვედრისას, რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. ვინ არის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მელონმა და მაკრონმა ასევე ევროპის აქტუალური საკითხები, (კერძოდ, ენერგეტიკული ფასების ზრდაზე სწრაფი და ერთობლივი რეაგირების აუცილებლობა, უკრაინის მხარდაჭერა და მიგრანტების ნაკადების მართვა) განიხილეს. თავის მხრივ, მაკრონმა, რომელიც ახლა ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება, შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ორმა ქვეყანამ უნდა განაგრძოს თანამშრომლობა „დიალოგითა და ამბიციით“. საფრანგეთის პრეზიდენტმა კვირას, რომში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის პრეზიდენტი პაპ ფრანცისკეს ორშაბათს, 24 ოქტომბერს შეხვდება.
შალვა პაპუაშვილმა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ოტმარ კარასს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ევროპარლამენტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა და ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა გამოხატა. შალვა პაპუაშვილმა და ოტმარ კარასმა შეხვედრაზე ასევე გამოთქვეს პარლამენტებს შორის ორმხრივი კავშირების გაღრმავების სურვილი. შეხვედრა გაიმართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში. შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გაეცანით Europetime-ს სტატიას: ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
ილია დარჩიაშვილმა, ფრანგ კოლეგასთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
2022 წლის 7 ნოემბერს შარმ-ელ-შეიხში, გარემოს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო ურთიერთობასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული პოლიტიკური დიალოგის ფორმატითაა გამყარებული. ხაზი გაესვა აღნიშნული ფორმატის დიდ პოტენციალს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების კუთხით. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოს მონაწილეობა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებზე. ილია დარჩიაშვილმა კატრინ კოლონას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას იღებს გაეროს გაეროს კლიმატის ცვლილებების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში იმართება. მთავრობის მეთაური ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ევროკავშირსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების საკითხებზე, მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა - რა განიხილეს
2023 წლის 25 იანვარს თბილისში, უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. შეხვედრაზე დადასტურებული იყო ორივე მხარის, საქართველოს და ევროკავშირის ინტერესი და მტკიცე სურვილი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული. მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის შედეგები, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული კონფლიქტის დინამიკის ჩათვლით. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას. მათ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში და ყურადღება გაამახვილეს სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საქართველომ და ევროკავშირმა ასევე განიხილეს საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და, ფართო გაგებით, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების, მათ შორის უკრაინის წინააღდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის თემატიკა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დაკავშირებადობის გაზრდის, როგორც საერთო პრიორიტეტის, კრიტიკულ მნიშვნელობას, მათ შორის შავ ზღვაზე. ევროკავშირის მხარემ უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლი ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მისიებში. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის ევროკავშირის სტრატეგიული კომპასით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, ასევე ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლისა და საქართველოს მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით. დიალოგის შეხვედრას თანა-თავმჯდომარეობას უწევდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე/პოლიტიკური დირექტორი ენრიკე მორა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ აღნიშნა: „დღევანდელი შეხვედრა ევროპისთვის ძალზე რთულ დროს იმართება, როდესაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების გარემო ევროპაში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ ევროკავშირის მხარეს გავუზიარეთ ის გამოწვევები და რისკები, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციიდან. ჩვენ ასევე სასარგებლო საუბარი გვქონდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის გზებზე და ამავდროულად, განვიხილეთ საერთო ინტერესთა სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობები, როგორიცაა შავ ზღვაში დაკავშირებადობის გაზრდა. დღევანდელმა შეხვედრამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მოგვცა, რათა განგვესაზღვრა ასევე შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, სტრატეგიული კომპასით განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად.“ გენერალური მდივნის მოადგილემ ენრიკე მორამ აღნიშნა: „დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ერთგულება იმ საკვანძო პრინციპებისადმი, რომლებსაც ევროპის უსაფრთხოება და მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესახებ ჩვენი საერთო ხედვა ეფუძნება“. მან დასძინა, რომ „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად რეგიონში. დღეს, როდესაც უსაფრთხოების გარემო რადიკალურად შეიცვალა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო, ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საქმეში და თავისი წვლილი შეიტანოს მთლიანი რეგიონის სტაბილიზაციის პროცესში. ამ მიზნით, ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მედეგობის გაძლიერებისადმი მზარდ მხარდაჭერას.“ უსაფრთხოების საკითხებში საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება და განიხილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები.