Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი NATO-ს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ თავდაცვის კონტექსტში პირველად გამოიყენოს სწრაფი რეაგირების ძალები, ძლიერ გზავნილად აფასებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეებმა ალიანსის მასშტაბით შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერება გადაწყვიტეს. შესაბამისად, ამ მიზნით, NATO დამატებით ნაბიჯებს დგამს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ NATO-ს ძალების განლაგება ყოველთვის თავდაცვითი და პროპორციულია.
„მოგეხსენებათ, როგორც 25 თებერვალს, NATO-ს მოკავშირეებმა განაცხადეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ალიანსის მასშტაბით შეკავება და თავდაცვა გავაძლიეროთ. ამ მიზნით, დამატებითი ნაბიჯები გადავდგით. გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ NATO-ს ძალების განლაგება ყოველთვის თავდაცვითი და პროპორციულია.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი განკუთვნილია არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, გზავნის ძლიერ მესიჯს, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე, ჩაითვლება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე და რომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ამჟამად, NATO-ს მზადყოფნაში ჰყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომელიც ოპერირებს 30-ზე მეტ სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე, მობილიზებული ჰყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე, მათ შორის, საზღვაო ავიამზიდის სამი დამრტყმელი ჯგუფი.
შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სწრაფი რეაგირების ძალებს განალაგებს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა პარასკევს განაცხადა, რომ ალიანს განათავსებს თავისი საბრძოლო მზადყოფნის ძალების ნაწილებს, რომლებიც სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებისგან შედგება. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ყველა მოკავშირე დაეთანხმა, თუმცა განსაკუთრებით აქტიურობდნენ და ამ ძალების ელემენტების გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებდნენ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის წარმომადგენლები.
სწრაფი რეაგირების ძალების ამოქმედების ისტორია
NATO-ს სწრაფი რეაგირების ელემენტები დაეხმარა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაცვას ათენში, საბერძნეთში. იმავე წლის სექტემბერში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდასაჭერად განლაგდნენ. NRF ასევე გამოიყენებოდა კატასტროფების აღმოსაფხვრელად. 2005 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, NRF-ის თვითმფრინავები შეერთებულ შტატებს დაეხმარნენ ქარიშხალ კატრინას შედეგებთან გამკლავებაში.
2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის თებერვლამდე, NRF-ის ელემენტები გამოიყენებოდა პაკისტანში, კატასტროფების დროს დახმარების მიზნით, 8 ოქტომბრის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. NRF-ის თვითმფრინავები გამოიყენებოდა ე.წ. საჰაერო ხიდში, რომელმაც თითქმის 3,500 ტონა სასწრაფო საჭირო მარაგი მიაწოდა პაკისტანს, ხოლო NRF-ის ინჟინრები და სამედიცინო პერსონალი ქვეყანაში დახმარების მიზნით განლაგდა.
NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები გააქტიურდა 2021 წლის აგვისტოში, რათა ხელი შეეწყო იმ ავღანელების ევაკუაციისა და გადაადგილებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ NATO-სთან ერთად, მათ ოჯახებთან ერთად.
რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია
21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.
საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან
24 თებერვალს, გვიან ღამით:
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.