მედიის ცნობით, ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სია ფართოვდება

27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. გარდა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვის, რუსული ცენტრალური ბანკის სანქცირებისა, ახალი სანქციები - გადაადგილების შეზღუდვა და საზღვარგარეთის აქტივების გაყინვა პუტინის ახლო გარემოცვის ათობით წევრს შეეხება.

ოფიციალურ გაცხადებამდე, სია საერთასორისო მედიისთვის გახდა ცნობილი. რადიო თავისუფლების ცნობით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები.

„ჩვენ პუტინის ელიტის სიმდიდრის, მისი ახლო წრის წინააღმდეგ მივდივართ, იმ ხალხის, ვინც რეჟიმისგან იღებს სარგებელს და ასევე ჩვენი სამიზნეა კორუფცია, განსაკუთრებით, ინფორმაციით მანიპულირება", - განაცხადა 27 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.

დამატებითი სანქციების სიაში, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში, Reuters-ის ინფორმაციით დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი, 30-ზე მეტი ახალი სახელია. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს.

27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ:

  • ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს.
  • ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს".
  • ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს.
  • ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას.

რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია

21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.

საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.


22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან

აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ


24 თებერვალს, გვიან ღამით:

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.


25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 


26 თებერვალი

SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.


27 თებერვალი

სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს

აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს

პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა.

ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს


28 თებერვალი

აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ