ნორვეგია რუსეთის სახმელეთო ტრანსპორტისა და გემებისთვის საზღვარს ხურავს

ნორვეგიის ხელისუფლებამ რუსეთისთვის სახმელეთო და საზღვაო საზღვრების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ქვეყანა ევროკავშირის სანქციებს მიუერთდა, რომლის თანახმადაც რუსეთის გადამზიდავ კომპანიებს და გემებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ. თუმცა ოსლო, გამონაკლისს უშვებს თევზმჭერი გემებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული გემები ნორვეგიაში შესვლას ძველი რეჟიმით შეძლებენ. სასაზღვრო სადგური „სტურსკუგი“ ნორვეგიისა და რუსეთის საზღვარზე იმ პროდუქციისთვის დაიკეტება, რომელიც ევროკავშირის სანქციებში მოექცა.

„ჩვენ ვუერთდებით ევროკავშირის მეხუთე პაკეტს. რაც იმას ნიშნავს, რომ „სტურსკუგს“ დავხურავთ ხმელეთით სატვირთო გადაზიდვებისთვის. კერძოდ იკრძალება რიგი ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა. გათვალისწინებული იქნება „შპიცბერგენის შეთანხმების“ ჩარჩო. ვინც ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, მათ მიმართ ერთნაირი პოზიცია გვექნება“, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰიუიტფელდმა.

„შპიცბერგენის შეთანხმება“ ნორვეგიას ანიჭებს სუვერენიტეტს. კერძოდ „შპიცბერგენის შეთანხმების“ მონაწილეებს შეუძლიათ ამ ტერიტორიაზე შეზღუდვების გარეშე მოქმედება. საბჭოთა კავშირმა ხელშეკრულებას ხელი 1925 წელს მოაწერა. რუსეთმა მისი დაცვა 1992 წლიდან განაგრძო.  რომლის თანახმადაც რუსეთის გემებს ნორვეგიაში შესვლა, რამდენიმე ადგილიდან შეუძლიათ.

ევროკავშირის სანქციებთან მიერთების შემდეგ, რუსული გემები ნორვეგიაში შესვლას მომავალი შაბათ-კვირიდან ვეღარ შეძლებენ. სტატისტიკის თანახმად, 2021 წელს ნორვეგიის პორტებში რუსეთის 978 თევზმჭერი შევიდა.  ნორვეგიის სანაპიროს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსული გემების მოძრაობის დინამიკა ანალოგიური იყო.


17 აპრილიდან, რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებს ევროკავშირის პორტებში შესვლა აეკრძალათ, საზღვაო ბლოკადას შეუერთდნენ ესტონეთი, ბელგია და ბულგარეთი. მანამდე რუმინეთმა და იტალიამ დახურეს პორტები რუსული გემებისთვის.

ეს არის ერთ-ერთი ზომა, რომელიც მანამდე დაამტკიცა ევროკავშირმა. ევროკავშირმა 8 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-5 პაკეტი გამოიტანა. რომლის თანახმადაც იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


 ასევე წაიკითხეთ