საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინამ შესთავაზა ჩინეთს, რუსეთთან ომის შესაჩერებლად გახდეს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი. ამის შესახებ მან ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში განაცხადა, წერს უკრაინული მედია.
„ბუდაპეშტის მემორანდუმი უკრაინისთვის უსაფრთხოების მნიშვნელოვან სტანდარტად მივიჩნიეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინას რეალური უსაფრთხოება არ მოუტანა. ახლა უკრაინა სწავლობს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრებისა და სხვა ძირითადი წევრებისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობას. ჩვენი წინადადება, რომ ჩინეთი იყოს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიმართებით ჩვენი პატივისცემისა და ნდობის ნიშანია“, - განაცხადა კულებამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთი მოუწოდებს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ იმ გაგებით, რომ მოხდეს ესკალაციის თავიდან აცილება. „ეს იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიება მშვიდობის შესანარჩუნებლად და შემდგომი ჰუმანიტარული კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. ყველა მხარემ, მათ შორის რუსეთმა, დაინახა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი არასწორია. ყველა პრობლემა და შეშფოთება უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით და არა ძალის გამოყენებით. იმედი მაქვს, რომ ჩინეთი და განაგრძობს პოზიტიურ პოზიციას და რუსეთის წაახალისებს, რომ შეაჩეროს თავისი აგრესია, მოხსნას საერთაშორისო ვაჭრობის ბლოკადა და პატივი სცეს მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მინისტრმა.
Xinhua-მ ასევე გამოაქვეყნა ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები "თითქმის ყოველდღე განიხილავენ შესაძლო ხელშეკრულების პროექტს ვიდეოკონფერენციის საშუალებით". „დოკუმენტი უნდა შეიცავდეს პოსტკონფლიქტური სიტუაციის ბევრ ელემენტს, მაგალითად, უკრაინის მუდმივ ნეიტრალურ, არაბირთვულ, არაბლოკურ და დემილიტარიზებულ სტატუსს, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს. დენაციფიკაცია, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის აღიარება. მოლაპარაკებების დღის წესრიგშია სანქციების მოხსნა, რუსული ენის სტატუსი და სხვა საკითხები“, - განაცხადა მან.
ლავროვმა ასევე თქვა, რომ ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი იქნება გარანტიების სააგენტოს შექმნა, რომელიც მოიცავს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს.
როგორც ცნობილია, უკრაინა დასავლეთისგან ცდილობს მიიღოს უსაფრთხოების ისეთი გარანტიები, როგორიც NATO-ს ქვეყნებისთვისაა გათვალისწინებული.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინას ჯერ არ მიუღია იმ ქვეყნების სია, რომლებსაც აქვთ დადასტურებული შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ, „მაგრამ, ცხადია, სხვადასხვა სახელმწიფო მზადაა, უსაფრთხოების გარანტიების გასაცემად“, - ამბობს ზელენსკი. მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები და რუსეთის ფედერაციასთან საბოლოო მოლაპარაკებებში მშვიდობა შეუძლებელია.
6 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 7 ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ საერთაშორისო შეთანხმება განხილოს. „აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი - ეს გარანტორების სრული სია არ არის, მაგრამ მე დავასახელე ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან ჩამოვიდნენ და უსაფრთხოების გარანტიების ჩამონათვალი განიხილონ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.
უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს.
უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი.
საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ. 31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ