"უკრაინაში ომის მალე დასრულების ნიშნებს ვერ ვხედავ", - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განახადა. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ოლაფ შოლცმა ასევე შეშფოთება გამოთქვა ომის შესაძლო ესკალაციის გამო.
„რუსეთისთვის აქედან მხოლოდ ერთი გამოსავალია და ეს არის უკრაინასთან შეთანხმების მიღწევა. ეს არ ნიშნავს დიქტატით მშვიდობის მიღწევას, ტერიტორიის ნაწილის წართმევას და შემდეგ თქმას - „აქ მოაწერეთ ხელი“, – აღნიშნა შოლცმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ასევე წაიკითხეთ:
- ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მუშაობენ
- ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე