დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასკვნით სიტყვაში გერმანიის კანცლერა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მუშაობს რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასასრულებლად. მისი თქმით, გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალებს და მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს.
„ევროკავშირი იგივე გზას მიჰყვება“, - განაცხადა შოლცმა.
თუმცა, უკრაინა მოსკოვის წინააღმდეგ მაქსიმალურ სანქციებს ითხოვს, მათ შორის რუსული ნავთობისა და ვაჭრობის დაუყოვნებლივ აკრძალვას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ 24 მაისს განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.