გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა ვლადიმერ პუტინს, პორტების განბლოკვა და „აზოვსტალის“ დამცველების გათავისუფლება მოსთხოვეს

საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციებმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. ოლაფ შოლცმა და ემანუელ მაკრონმა, ვლადიმერ პუტინს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდეს. ევროპელმა ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტისგან ქარხანა „აზოვსტალის“ 2 500-მდე დამცველის გათავისუფლება და ოდესის პორტზე ბლოკადის მოხსნა მოითხოვეს.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარი 80 წუთს გაგრძელდა, რომელზეც საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვეს. ამასთან, კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტისთვის, რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდეს, პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტთან აწარმოოს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ემანუელ მაკრონმა და ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ განუცხადეს ვლადიმერ პუტინს, რომ ომის ნებისმიერი გადაწყვეტა შეთანხმებული უნდა იყოს მოსკოვსა და კიევს შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით.

ოლაფ შოლცთან და ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის დეტალები კრემლმაც გაავრცელა.

"რუსეთი მზადაა, მოიძიოს მარცვლეულის შეუფერხებელი ექსპორტის ვარიანტები, მათ შორის შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

პუტინმა მაკრონსა და შოლცს ასევე განუცხადა, რომ რუსეთი მზადაა, გაზარდოს სასუქებისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი, თუ მასზე სანქციები მოიხსნება.

ეს შეთავაზება რამდენიმე დღის წინ პუტინმა იტალიისა და ავსტრიის ლიდერებსაც წარუდგინა.


  • უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.