კულება: ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი იქნება, მაგრამ გაზის ემბარგოს გარეშე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აუცილებლად იქნება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი, მაგრამ გაზის ემბარგოს გარეშე. იუწყება Ukrinform-ი.

„უბრალოდ, ზოგიერთ ქვეყანას, რომლებიც კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, ჯერ კიდევ არ უპოვიათ გარკვეული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები“, - თქვა კულებამ. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ ემბარგო იქნება.

Bloomberg-ის გათვლებით, ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება. 


როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. 

შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.