რუსეთის არმიამ 100 დღის განმავლობაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის ყოველდღიურ რეზიუმეშია ნათქვამი.
სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს თავდაპირველ მიზნებს, დაეპყროთ კიევი და უკრაინის სამთავრობო ცენტრები. უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ და ჰოსტომელის აეროდრომის უვნებლობამ პირველი 24 საათის განმავლობაში გამოიწვია რუსეთის შეტევითი ოპერაციების მოგერიება.
„საწყისი გეგმის წარუმატებლობის, მცდარი დაგეგმარებისა და ცუდი ტაქტიკური აღსრულების შემდეგ, რუსეთმა თავისი ყურადღება დონბასზე გადაიტანა. რუსეთი ახლა დონბასში ტაქტიკურ წარმატებას აღწევს. რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90%-ს და სავარაუდოდ დაასრულებს კონტროლს მომდევნო ორ კვირაში. რუსეთმა ბოლოდროინდელ ტაქტიკურ წარმატებებს მნიშვნელოვანი რესურსების დანახარჯებითა და ძალის კონცენტრაციით მიაღწია. რუსეთმა ვერ შეძლო მანევრება ან გადაადგილების გენერირება სხვა ფრონტებზე. რუსეთის თავდაპირველი გეგმის გათვალისწინებით, არცერთი სტრატეგიული მიზანი არ არის მიღწეული. იმისათვის, რომ რუსეთმა რაიმე სახის წარმატებას მიაღწიოს, აღჭურვილობისთვის ცოცხალი ძალის მუდმივი უზარმაზარი ინვესტიცია და, სავარაუდოდ, კიდევ მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება“, - ვკითხულობთ დაზვერვის ცნობებში.
აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება.
უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.