უკრაინელი ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებით გადაადგილებულია - იქნება ეს დევნილი ქვეყნის შიგნით თუ ისინი, ვინც საზღვრებს გარეთ გაიქცა. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიას კონკრეტული ციფრი არ დაუსახელებია.
„ციფრები შემაძრწუნებელია - უკრაინის ბავშვების თითქმის ორი მესამედი იძულებით გადაადგილებულია - იქნება ეს დევნილი ქვეყნის შიგნით თუ ისინი, ვინც საზღვრებს გარეთ გაიქცა. ბავშვები იძულებულნი არიან, დატოვონ სახლები, მეგობრები, სათამაშოები და ძვირფასი ნივთები, ოჯახის წევრები და აწყდებიან მომავლის სირთულეებს. ეს არასტაბილურობა ბავშვებს მომავალს ართმევს – ტრავმამ და შიშმა შეიძლება, ხანგრძლივი გავლენა მოახდინოს ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა აფშან ხანმა, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა.
აფშინ ხანი უკრაინაში გასულ კვირას იმყოფებოდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უახლესი მონაცემებით, ძირითადად, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენების გამო 277 ბავშვი დაიღუპა და 456 ბავშვი დაშავდა. UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთში სულ მცირე 1,4 მილიონი ადამიანს წყალზე წვდომის პრობლემა აქვს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.