BBC-ის ინფორმაციით, რუსეთი გახდა ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი, რადგან ქვეყანამ პეკინს ნედლი ნავთობი სანქციების ფონზე ფასდაკლებით მიჰყიდა.
წინა წელთან შედარებით, რუსული ნავთობის იმპორტი 55%-ით გაიზარდა, მაისში - რეკორდულ დონემდე, რამაც საუდის არაბეთი ჩაანაცვლა, როგორც ჩინეთისთვის უმსხვილესი მიმწოდებელი.
ჩინეთმა გააძლიერა რუსული ნავთობის შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ Covid19-ის შეზღუდვის ფონზე ეკონომიკის შენელებით, მოთხოვნა შემცირდა. თებერვალში, ჩინეთმა და რუსეთმა განაცხადეს, რომ მათ მეგობრობას „საზღვრები არ აქვს“.
ბრიტანული მედია წერს, რომ ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის სახელმწიფო გადამამუშავებელმა გიგანტმა Sinopec-მა და სახელმწიფო Zhenhua Oil-მა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები ბოლო თვეების განმავლობაში გაზარდეს მას შემდეგ, რაც მათ დიდი ფასდაკლებები შესთავაზეს. მყიდველები ევროპასა და აშშ-ში რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვას უკრაინასთან ომის გამო სანქციების შესაბამისად ერიდებოდნენ.
ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტმა, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირის წყნარი ოკეანის მილსადენით და ზღვით გადაზიდვას მოიცავს, გასულ თვეში თითქმის 8,42 მილიონი ტონა შეადგინა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.