ჩვენი სახელმწიფოსთვის იარაღის გადმოცემის შეფერხება, ნებისმიერი შეზღუდვა რეალურად არის მოწვევა რუსეთისთვის კვლავ დაგვარტყას და დაგვარტყას. რუსული იარაღის შეჩერება მხოლოდ უფრო ძლიერი იარაღითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ყოველდღე არის საუბარი პარტნიორებთან და უკვე არის გარკვეული შეთანხმებები, თუმცა პარტნიორებმა უფრო სწრაფად უნდა იმოძრაონ, თუ ისინი ნამდვილად პარტნიორები არიან და არა – დამკვირვებლები. დროულად გვჭირდება - იარაღი, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამ ომში სხვაგვარად არ შეიძლება, რადგან სწორედ აქ - კიევის ცაზე, ოდესასთან მახლობლად ზღვაში, ხარკოვის მიწაზე, დონბასში, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში - წყდება, როგორი იქნება ცხოვრება მომავალში ევროპაში. აქ, უკრაინაში და არსად სხვაგან,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.