იაპონიის პრემიერ-მინისტრმა კიშიდა ფუმიომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა, მათ შორის არის რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა. გერმანიაში G7-ის სამიტზე გამოსვლისას კიშიდა ფუმიო შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებას და განაცხადა, რომ მსოფლიო დგას ისტორიის გზაჯვარედინზე და მიმდინარეობს გამოცდა, შეუძლია თუ არ მას, შეინარჩუნოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.
იაპონიის პრემიერმა ასევე აღნიშნა, იაპონია გააფართოებს აქტივების გაყინვის ზომებს დამატებით 70 რუსი პირისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ და აკრძალავს ექსპორტს 90 სამხედრო სფეროსთნ დაკავშირებულ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.