უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 4731 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რეალური მაჩვენებლები საგრძნობლად მაღალია, რადგან ბრძოლების გამო მათი რიცხვის დადგენა რთულია.
ამის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მატილდა ბოგნერმა ოთხშაბათს, 29 ივნისს უკრაინაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ახალი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ამ კვირის მდგომარეობით, ჩვენ დავაფიქსირეთ 10,000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ, მათგან 4,731 ადამიანია გარდაცვლილი”, - განაცხადა ბოგნერმა.
მისივე თქმით, დაღუპულთა შორის იყო 1812 კაცი, 1225 ქალი, 134 გოგო და 155 ბიჭი. 41 ბავშვისა და 1364 ზრდასრულის სქესი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.