უკრაინიდან მოსკოვში ჩასვლის შემდეგ, ინდონეზიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი გადასცა

ინდონეზიის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდეტს ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გადასცა. ვიდოდოს თქმით, მის ქვეყანას სურს, რომ ომი მალე დასრულდეს და მას სურს ორ ლიდერს შორის კომუნიკაციის დაწყებას ხელი შეუწყოს.

უკრაინაში ვიზიტის შემდეგ, ვიდოდო მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

„მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია, მაინც მნიშვნელოვანია ღია დიალოგისკენ სწრაფვა. მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა ლიდერს, აღადგინონ თანამშრომლობის სულისკვეთება“, - განაცხაად ინდონეზიის პრეზიდენტმა პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ინდონეზიის პრეზიდენტმა არ გაამხილა, რა წერია პუტინისთვის გადაცემულ გზავნილში, მაგრამ დაამატა, რომ მან გამოთქვა „მზაობა“, დაეხმაროს ორ ლიდერს შორის კომუნიკაციის დაწყებას.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.