დღეიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი დეინეკომ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“დაწერა.
„მიერიდან რუსეთის თითოეულ მოქალაქეს მოუწევს, წინასწარ დაასაბუთოს უკრაინაში გამგზავრების მიზანი. თუმცა, მინდა, გავაფრთხილო რუსეთის მოქალაქეები: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიზას მიიღებთ, ნუ მოდუნდებით. ეს არ უზრუნველყოფს უკრაინაში დაუბრკოლებლივ შესვლას, რადგან ვიზის მფლობელები უნდა პასუხობდნენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის სხვა პირობებსაც. მესაზღვრეები მათ აუცილებლად შეამოწმებენ. დასაბუთებული საფუძველის არსებობის შემთხვევაში კი, ვიზა ადგილზევე გაუქმდება“, – წერს დეინეკო.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.