კუნძული ზმეინი სტრატეგიული წერტილია და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ზმეინის კუნძული სტრატეგიული წერტილია და ის მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში. ის ჯერ არ იძლევა უსაფრთხოების გარანტიას, ჯერ არ იძლევა იმის გარანტიას, რომ მტერი არ დაბრუნდება, მაგრამ ეს უკვე მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპანტების ქმედებებს. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მათ განვდევნით ჩვენი ზღვიდან, ჩვენი ხმელეთიდან და ჩვენი ციდან“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ოპერატიული სარდლობის მიერ, 30 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინულმა ძალებმა სამხედრო ოპერაციის კიდევ ერთი ეტაპი წარმატებით დაასრულეს, რუსებმა კი, კუნძულ ზმეინიდან მათი გარნიზონის ევაკუაცია სასწრაფოდ მოახდინეს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.