უკრაინული მედია იუწყება, რომ მარიუპოლთან რუსული გემი ჩაიძირა. კერძოდ, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ Telegram-ზე განაცხადა.
„საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ შავი ზღვის ფლოტის პროექტის - 1176 Akula D-106 რუსული სადესანტო ხომალდი 30 ივნისს, მარიუპოლის მახლობლად ნაღმს შეეჯახა. სამი მეზღვაური უკვე მღერის სიმღერას თევზისთვის კობზონთან ერთად“, - წერს ანდრიუშჩენკო.
30 ივნისს, ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა, სერხი ბრაჩუკმა Telegram-ზე დაწერა, რომ შავი ზღვის ფლოტის რუსული ამფიბიური თავდასხმის გემი მარიუპოლთან აფეთქდა. „ჩვენ ველოდებით „კეთილი ჟესტის“ დადასტურებას“, - განაცხადა სპიკერმა.
როგორც ცნობილია, 30 ივნისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვმა გამოხატა „კეთილი ნება“ და კუნძულ ზმეინიდან ჯარი გაიყვანა.
-
ბრიტანეთის დაზვერვა: მაღალი ალბათობით, რუსეთის გარნიზონმა კუნძული ზმეინი დატოვა უკრაინის შეტევების გამო და არა „კეთილი ნების ნიშნად"
-
მიხაილო პოდოლიაკი: იმისათვის, რომ მოსკოვმა „კეთილი ნება“ გამოავლინოს, რეგულარულად უნდა დავამარცხოთ
-
რუსი ოკუპანტები კუნძულ ზმეინიდან გაიქცნენ - უკრაინა
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.