უკრაინა და ლატვია საზღვარგარეთ რუსეთის სახელმწიფო ქონების კონფისკაციის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობენ

უკრაინის იუსტიციის მინისტრმა, დენის მალიუსკამ და ლატვიის იუსტიციის მინისტრმა, იანის ბორდანსმა საზღვარგარეთ რუსეთის სახელმწიფო ქონების კონფისკაციის შესახებ მუშაობა დაიწყეს. ამის შესახებ მინისტრებმა რიგაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მალიუსკას თქმით, აგრესორი ქვეყნის ოქროსა და სავალუტო რეზერვები 300 მილიარდ ევროზე მეტს შეადგენს და ის ამჟამად დასავლეთის ქვეყნებში ინახება. რუსეთის აგრესიით დაზარალებული უკრაინის სასარგებლოდ ამ თანხების ჩამორთმევაში მთავარი დაბრკოლება სახელმწიფო ქონების იმუნიტეტის პრინციპია.

„წამყვან საერთაშორისო იურისტებთან საფუძვლიანი მუშაობის შემდეგ, ჩვენ ვიპოვეთ გზა ამ შეზღუდვის დასაძლევად შესაბამისი მრავალმხრივი შეთანხმების, ან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებით. მადლობელი ვარ ლატვიის მზადყოფნისთვის, გახდეს პირველი ქვეყანა, ვისთანაც ჩვენ ვიწყებთ ასეთი შეთანხმების შემუშავებას“, -  განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.