ბრიტანელი ჯონ ჰარდინგი, რომელიც აზოვის პოლკის შემადგენლობაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ოკუპანტებმა დაატყვევეს და აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებულ ვიდეოში ჰარდინგი ამბობს, რომ შესაძლოა, სიკვდილით დასჯა დაემუქროს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონს მიმართავს, რათა მის გათავისუფლებას შეუწყოს ხელი.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია მისი დაკავებით.
„ბ-ნი ჰარდინგი მაისში დაიჭირეს, როდესაც უკრაინული ქვედანაყოფები, რომლებთან ერთადაც ის იბრძოდა აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში, იძულებულნი გახდნენ დანებებულიყვნენ. დანაყოფები იმ დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ მარიუპოლს იცავდნენ. ბატონმა ჰარდინგმა უთხრა მეგობრებს, რომ ის უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში იბრძოდა“, - ნათქვამია მოხსენებაში.
კიდევ ორ ბრიტანელს, ეიდენ ასლინს და შონ პინერს, რომლებიც ასევე მარიუპოლში დაატყვევეს, რუსეთის მარიონეტულმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. შეგახსენებთ, ბრიტანელი პოლ არი, რომელიც ასევე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში იყო, მიმდინარე კვირას გარდაიცვალა.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.