კირბის თქმით, რუსეთი უკრაინის მეტი ნაწილის ანექსიას გეგმავს და ცდილობს, 2014 წლის ანექსიის სახელმძღვანელო გამოიყენოს

რუსეთი უკრაინის მეტი ნაწილის ანექსიას გეგმავს და ცდილობს, 2014 წლის ანექსიის სახელმძღვანელო გამოიყენოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ნაბიჯები, რომლებსაც რუსეთი გეგმავს, შეიძლება, მოიცავდეს ყალბ რეფერენდუმს, არალეგიტიმური მარიონეტული რეჟიმების დაყენებას, რუსული რუბლის ოფიციალურ ვალუტად დაწესებას და უკრაინის მოქალაქეების იძულებას, მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა“, - განაცხადა ჯონ კირბი.

აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი შეეცდება ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას მაისის შუა რიცხვებში და რომ იგეგმება მსგავსი ე.წ. „სახალხო რესპუბლიკის“ შექმნა. მსგავსი გეგმა არსებობს ხერსონთან დაკავშირებითაც, ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა სახელმწიფო დეპარტამენტი გამართულ ბრიფინგზე აცხადებდა.

ცნობისთვის, რუსეთის სქემაზე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა პირველად, 29 აპრილს ისაუბრა.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.