"რუსეთის ფედერაციის მოსალოდნელი უღირსობა - შეხსენება მსოფლიოსთვის, თუ რა ფასი აქვს რუსული "მშვიდობის ძიებას", - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსული ძალების მიერ ოდესის პორტზე განხორციელებულ თავდასხმას.
- გაერომ ოდესის პორტზე იერიში დაგმო და რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმება“ შეახსენა
- უკრაინული მედია: რუსებმა ოკუპანტებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს
„რუსეთის ფედერაციის მოსალოდნელი უღირსობა. მელანმა გაშრობა ვერ მოასწრო, რომ ორი უზნეო პროვოკაცია განხორციელდა - თავდასხმა ოდესის პორტზე და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომ უკრაინის პორტები "საშიშია გადაზიდვისთვის". შეხსენება მსოფლიოსთვის, თუ რა ფასი აქვს რუსული "მშვიდობის ძიებას", - წერს პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსებმა ოდესას ოთხი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, სტამბოლში 22 ივლისს რუსეთსა და უკრაინას შორის გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.