ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგს უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის მიწოდება სთხოვა

NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისთვის მეტი მძიმე იარაღის მიწოდება მოითხოვა, რათა უკრაინამ  რუსეთის თავდასხმები წარმატებით მოიგერიოს და კონტრშეტევა დაიწყოს.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მეტი მძიმე იარაღის სწრაფად მიღების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

თავის მხრივ, სტოლტენბერგმა ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, Twitter-ზე დაწერა: სიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ NATO-მ და მოკავშირეებმა კიდევ უფრო მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინას, კიდევ უფრო სწრაფად. უკრაინის პრეზიდენტთან ასევე განვიხილე მარცვლეულის პირველი გადაზიდვა რუსეთის შეჭრის შემდეგ; გაეროს და ჩვენი მოკავშირე თურქეთის მიერ დაფინანსებული შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობა“.


ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.