სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია

  • ექსკლუზივი

Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აშშ-ის ელჩის ნიკოლას ბერნსის გამოძახების შემდეგ განმარტავს, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ესკალაციას. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, შეერთებული შტატები მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია.

„ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენს ჩინელ კოლეგებთან.  ჩვენი ელჩი პეკინში, შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელმაც ოფიციალური პროტესტი დააფიქსირა.

ელჩმა ბერნსმა განმარტა, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს აქვს უფლება, იმოგზაუროს ტაივანში და მისი მოგზაურობა სრულად შეესაბამება „ერთია ჩინეთის პოლიტიკას“, რომელიც ეფუძნება ტაივანის ურთიერთობების აქტს, სამ კომუნიკეს და ექვს გარანტიას. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა. ელჩმა ბერნსმა ასევე გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ესკალაციას და  მზადაა, იმუშაოს ჩინეთთან, რათა თავიდან აიცილოს ესკალაცია. მან ასევე პირობა დადო, რომ შეერთებული შტატების მიზანია, შეინარჩუნოს კომუნიკაციის ღია ხაზები“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია. შეერთებული შტატების ოფიციალური პირის თვითმფრინავი ტაიბეის აეროპორტში 2 აგვისტოს დაეშვა. პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა.

პელოსის ვიზიტს პეკინის მხრიდან არაერთი გაფრთხილება და მძიმე შედეგების შესახებ მუქარა უძღოდა წინ. ბოლო ნაბიჯები, რომლებიც ჩინეთმა გადადგა, ელჩის გამოძახება და ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტის შეჩერებაა.

თეთრი სახლის პოზიცია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს 21 ივლისს, შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა: სამხედროები ამბობენ, რომ პელოსის ტაივანში მოგზაურობა "არ არის კარგი იდეა".

FILE - President Joe Biden speaks to members of the media after exiting Air Force One, Wednesday, July 20, 2022, at Andrews Air Force Base, Md. Biden has tested positive for COVID-19 on Thursday, July 21, making him the second U.S. president to get the virus and underscoring the extent to which the virus has infiltrated American society. (AP Photo/Evan Vucci, File)

2 აგვსიტოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ გამორიცხა რაიმე მიზეზის არსებობა, რომ პელოსის ვიზიტი შეიძლება, კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. კირბის შეფასებით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არ არღვევს.

აშშ-ს ტაივანთან ოფიციალური ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ კუნძულის ტერიტორია შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად ითვლება. ეს კავშირი ასევე მოიცავს ტაივანისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვას.

ვინ ცნობს ტაივანს

ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი.

ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.

სხვა ამერიკელი ოფიციალური პირების ვიზიტები ისტორიაში

1997 წელს ჩინეთის ლიდერთან შესახვედრად მოგზაურობის შემდეგ, „რესპუბლიკელი“ სპიკერი ნიუტ გინგრიჩიც ეწვია ტაივანს. ეს ვიზიტი მაშინ შედგა, როდესაც ჩინეთი ჰონგ კონგის კონტროლისთვის ემზადებოდა, მას ჩინეთის მხრიდან გარკვეული წინააღმდეგობა მოჰყვა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე პელოსის მოგზაურობას. აპრილში, აშშ-ის ექვსი წამყვანი დეპუტატი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ტაივანში. მრავალპარტიულ დელეგაციაში შედიოდნენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატი ბობ მენენდესი და რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი.

გაეცანით სტატიას