პოდოლიაკი: ირანი ევროპაში აგრესიის თანამონაწილედ ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული

„თეირანი ევროპაში აგრესიის თანამონაწილეა და ეს ოფიციალურად უნდა იყოს აღიარებული“, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს.

„რუსეთისთვის რაკეტების მიწოდებისას, ირანმა იცის, რომ ჩვენს ქალაქებს თავს დაესხმება. ასწავლის რუსებს თვითმფრინავების გამოყენებას, მან იცის, რომ ისინი თავს დაესხმებიან უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს, პროვოცირებას გაუწევენ ლტოლვილთა ტალღებს ევროკავშირისკენ“, - წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.

საჰაერო ძალების წარმომადგენლის, იური იგნატის თქმით, რუსეთი გეგმავს ირანისგან ბალისტიკური რაკეტების შეძენას და მათ, სავარაუდოდ, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე განათავსებს.

უფრო ადრე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი უკრაინაში ომისთვის რუსეთს 1000 ერთეულ იარაღს გაუგზავნის.

პირველ ნოემბერს უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე 300-ზე მეტი ირანული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა.

10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება.

უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.

20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.