კამიკაძე დრონების სანაცვლოდ, რომლებსაც რუსული ჯარები უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის იყენებენ, რუსეთმა ირანს ნაღდი ფულით 140 მილიონი ევრო გადაუხადა და დასავლური იარაღის რამდენიმე ნიმუში გადასცა, რომელიც ომში ხელში ჩაიგდო.
ამის შესახებ ბრიტანულ ტელეარხ Sky News-ს ანონიმურობის პირობით უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელმა განუცხადა.
Sky News-ის ცნობით, რუსეთმა ირანს გადასცა ბრიტანული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა NLAW-ი, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Javelin-ი და საზენიტო რაკეტა Stinger-ი.
Sky News-მა წარმოადგინა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს თეირანში ორი რუსული თვითმფრინავი ილ-76-ი იმყოფება.
როგორც ვარაუდობენ, სწორედ მაშინ მოხდა ირანისთვის ფულისა და დასავლური იარაღის ნიმუშების გადაცემა.
„საპასუხოდ, ირანმა რუსულ მხარეს 160 კამიკაძე დრონი - 100 შაჰედ-136 და 60 შაჰედ-131, ასევე ექვსი Mohajer-6 უპილოტო საფრენი აპარატი, (რომელსაც შეუძლია საბრძოლო მასალის სროლა) გადასცა.
გარდა ამისა, ირანი და რუსეთი შეთანხმდნენ 200 მილიონი ევროს ღირებულების დრონების შემდგომ მიწოდებაზე“, - იტყობინება Sky News.
შეგახსენებთ, ირანმა პირველად აღიარა, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.
მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის. ამ კვირაში ირანის ელჩმა გაეროში ბრალდებებს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და განაცხადა, რომ ირანს ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს.
აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები კი მიუთითებდნენ, რომ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებები არსებობს.
20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ განცხადებით, ყოველდღიურად უკრაინა სულ მცირე, 10 ირანულ დრონს ანადგურებს.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.
14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.
უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.
- ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.