ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთვის ეკონომიკურ კეთილდღეობას მოიტანს და მის უსაფრთხოებასაც გააუმჯობესებს - ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ საქართველოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებით დიდი სარგებლის მიღება შეუძლია. მისივე თქმით, პროექტის განხორციელება საქართველოს დაეხმარება თავისი პოტენციალის გამოვლენაში, გახდეს ლოგისტიკური ჰაბი რეგიონში, ასევე, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანას, შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის როლი.

„გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა ქვეყნები განახორციელებენ ინვესტიციებს, რაც საქართველოს ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანს, თუმცა ამავე დროს გააუმჯობესებს უსაფრთხოებას, რადგან ბუნდესტაგი და კონგრესი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ იმას, თუ რა ხდება აქ. ისინი უფრო  მეტად დაინტერესდებიან რეგიონში სტაბულურობისა და უსაფრთხოების  გარემოს მიმართულებით, მათ  შორის აზერბაიჯანსა და საქართველოში“, - განუცხადა ბენ ჰოჯესმა Europetime-ს.

შუა დერეფნის მნიშნელობაზე ის ამბობს, რომ თუ საქართველო ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი პორტალის ფუნქციას შეასრულებს, დიდი კომპანიები დაიწყებენ მოძრაობას აღმოსავლეთით და დასავლეთით, ევროპასა და აზიას შორის. მისივე თქმით, კონსტანცაც აშკარა სარგებელს მიიღებს. ამასთან, ეს მომგებიანი იქნება უკრაინისთვის და ასევე, სხვა ბევრი თვალსაზრისითაც.

ბენ ჰოჯესის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით.

„რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას.

მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება.

საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. სამწუხაროდ, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც ჩანს, არ აცნობიერებს და არ ემხრობა ამ სახის სტრატეგიულ აზროვნებას და ინვესტიციას“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა.


შეგახსენებთ, ბენ ჰოჯესი სწორედ Europetime-თან ინტერვიუში აცხადებდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია.

კონკრეტულად, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა.

„ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად.

თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან.

სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.

ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან აღნიშნა, რომ ბუშის ადმინისტრაციის დროს ცდილობდნენ მსგავსი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რუსეთმა კონფრონტაცია გადაწყვიტა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ამ გეგმის შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან რუსეთი ჯერ საქართველოში შეიჭრა და შემდეგ - უკრაინაში.

თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკის საკითხებში დირექტორის მოადგილე, დევიდ მორგანი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

შავი ზღვის რეგიონი ნამდვილად მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ რუსეთის უკანონო შეჭრას უკრაინაში და მის შესაძლო მცდელობებს, მოახდინის უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკირება“, - ამბობდა დევიდ მორგანი.


ცნობისთვის, სენატორმა ჯინ შაჰინმა, 16 ნოემბერს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ ახლა, როდესაც რუსეთი ომს აწარმოებს უკრაინაში.

სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას.

„ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის ფონზე, ყველა ჩვენგანის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონი. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე.

ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე.

თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე.

მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა.