ყოვლად გაუმართლებელია ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო - ღარიბაშვლი

ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის გარშემო, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ბუნებრივია ჩვენი საუბარი შეეხო უკრაინის ომს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ქვეყნის ლიდერის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩვენი ხედვა უნდა დაეფუძნოს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას, უკრაინაში, რომელიც იქნება წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნება მყარი საფუძველი მშვიდობიანი განვითარების. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ყველა ქვეყნის ლიდერის, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა და ჩვენ არ დავუშვათ ომების გაგრძელება, ეს უნდა იყოს ყველას მთავარი საზრუნავი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, 24 თებერვალს უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს დამანგრეველი ომი უკრაინაში, ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. ჩვენ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში. მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვიყავით თანასპონსორი გაეროს რეზოლუციის. ასევე ჩემი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც თავად მიიღო მონაწილეობა გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ომს, ომის წლისთავს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას მივუერთდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ყველა პლატფორმაზე გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს უკრაინელ ხალხს. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი, სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან,“- აღნიშნა პრემიერმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.


14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
  • 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
  • 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 

11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.

რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.

ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა.

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.