ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში, საქართველოს დროშის გვერდითაა აღმართული, ქართველი ხალხისგან არის სოლიდარობის დასტური - კასიანოვი

უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინაში ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

~„ერთი წელი გავიდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის ეს წელი გახდა განსაკუთრებით რთული. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საუკეთესო მოქალაქეები. რუსეთის სისხლიანი ოკუპაციის შედეგად არ დაინდეს არავინ, არც ბავშვები, არც ახალგაზრდები, არც ქალები, მაგრამ უკრაინამ შეძლო ყველაფრის გამკლავება. უკრაინელი ხალხი არის ამ იდეის გარშემო გაერთიანებული და მიზნად ისახავს გადალახოს პრობლემები. დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არამხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი დგას უკრაინის გამარჯვებაზე. ეს გვაძლევს შეუდრეკელ და უპრეცედენტო დახმარებას, რომელიც გამოიხატება ფინანსური და სხვადასხვა რესურსების მოწოდებით.

უკრაინისა და საქართველოს მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს. უკრაინელი ჯარისკაცები დგანან ქართველი ძმების გვერდით და აქტიურად იცავენ ქვეყანას, ცდილობენ გაანადგურონ რუსი ოკუპანტები. საჯარო ადმინისტრაციები, კერძო სექტორი და საქართველოს ეკლესია, რა თქმა უნდა, აწვდის თავშესაფარს იმათ, რომელთაც, ომის გამო, მოუწიათ საკუთარი ტერიტორიის დატოვება. ეს გამოიხატება ასევე ჰუმანიტარული დახმარებით.

ლადო აფხაზავამ, რომელიც არის გურიაში მასწავლებელი, შეძლო თანხის შეგროვება, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა უკრაინელი ხალხისთვის. უკრაინელი ბავშვები გაიხსენებენ და ემახსოვრებათ მათი ცხოვრების ბოლომდე ის დახმარება, რაც მათ სარეაბილიტაციოდ საქართველოს ეკლესიამ მიაწოდა. ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში, საქართველოს დროშის გვერდითაა აღმართული, ქართველი ხალხისგან არის სოლიდარობის დასტური. სწორედ ეს გვაერთიანებს პუტინის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ. მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება, პირადად, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მისი პრინციპული, უდრეკი პოზიციისა და იმ დახმარების, რომელსაც გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ. თქვენი სიტყვები არის უკრაინელი ხალხისთვის იმ მეგობრობის სიმბოლო, რომელიც უკრაინელ და ქართველ ხალხს აკავშირებდა. ეს არის მიზეზი თუ რატომ გააგრძელებს უკრაინა ძლიერად თავის პოზიციაზე ყოფნას და არ გაჩერდება მანამ, ვიდრე ბოლო ოკუპანტი არ დატოვებს ქვეყანას“, - განაცხადა კასიანოვმა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.


14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
  • 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
  • 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 

11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.

რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები.

ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა.

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.