რუმინეთი და ნიდერლანდები F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტებისთვის სასწავლო ცენტრის შექმნაზე შეთანხმდნენ

რუმინეთმა და ნიდერლანდებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავების პილოტების მომზადების ცენტრის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ცენტრი რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსდება. რუმინეთი იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სასწავლო გარემო, ტექნიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, არამხოლოდ რუმინელი პილოტებისთვის, არამედ, მოკავშირეთა და პარტნიორი ქვეყნებისთვის. 


„მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდებმა გამოავლინოს უკრაინის ერთიანობა და მისი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიდერლანდებმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც უკრაინელი მფრინავები რუმინეთში მომზადებას გაივლიან, F-16-ის თვითმფრინავების სამართავად,“ - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა.

თავის მხრივ, რუმინეთის თავდაცვის სამინისტოს განცხადებით ნიდერლანდების სამეფო საჰაერო ძალები რამდენიმე F -16-ის ტიპის თვითმფრინავს რუმინეთში 86-ე საავიაციო ბაზაზე განათავსებენ.


თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.


უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.


რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.

ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.