ზელენსკი: დაახლოებით, 160 F-16 გვჭირდება ცის დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძლიერი საჰაერო ფლოტი რუსეთს ცაზე დომინირების საშუალებას არ მისცემდა, ამისთვის კი, უკრაინას 160 F-16-ის ტიპის თვითმფრინავი სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტს აქვს მოლოდინი, რომ F-16 თვითმფრინავები უკრაინის ცაში მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდებიან, რაც პილოტებისა და ინფრასტრუქტურის მომზადების გრძელ პროცესს უკავშირდება.

„დღეს შეთანხმება გვაქვს სამომავლო 50-60 თვითმფრინავის შესახებ. სულ დაახლოებით, 160 ავიაგამანადგურებელი გვჭირდება, რომ ეს ძლიერი საჰაერო ფლოტი იყოს, რომელიც რუსეთს ცაზე დომინირების საშუალებას არ მისცემდა,“ - განაცხადა ზელენსკიმ პორტუგალიურ არხთან ინტერვიუში.


უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი დაიწყო, თუნდაც „ცოტა გვიან,” ვინაიდან უკრაინას ცის ჩაკეტვა ომის პირველივე დღეებიდან სურდა.

ზელენსკის თქმით, F-16 თვითმფრინავები საჭიროა არა კონტრშეტევისთვის, არამედ სამოქალაქო მოსახლეობისა და მარცვლეულის დერეფნის დასაცავად.

ამავე ინტერვიუდან: ზელენსკი აცხადებს, რომ მეორე ვადით იყრის კენჭს, თუ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს გაიმართება


თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.


უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.


რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.

ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.