რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები, ქვეყნები, დიპლომატები, ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები საქართველოსთან დაკავშირებით მწვავე განცხადებებს ავრცელებენ და დემოკრატიის და ევროინტეგრაციის კუთხით, ქვეყანაში არსებულ საშიშ ვითარებაზე მიუთითებენ.

_ჩვენი გამოცდილებით, ან უერთდები ევროკავშირს და NATO-ს, ან კვდები - ეს განცხადება დღეს საქართველოში სპეციალური ვიზიტით მყოფმა, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. სეიმის წევრი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

„გაერთიანდით, სანამ გვიანი არ არის - რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის, შეჩერდით, გთხოვთ. თუ რეპრესიები გაგრძელდება, საქართველოს შანსები განადგურდება.საქართველო ან ლიტვის გზით წავა, ან ის ბელარუსად გარდაიქმნება“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

Europetime მიმდინარე განცხადებების სხვა მოკლე ჩამონათვალს გთავაზობთ.

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი და აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში: საქართველო საშიშ ჩიხშია შესული. დემოკრატიის გადატვირთვის დროა

აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი გვაფრთხილებს, რომ ჩრდილოეთით გვყავს მტრულად განწყობილი ქვეყანა: „რომელიც ცდილობს, თქვენი მთავრობა კიდევ უფრო არასტაბილურად აქციოს. ქართველებმა ეს რუსეთისთვის თვითონ არ უნდა გააკეთონ“.

ამერიკელი კონგრესმენები ყველა მხარეს მოუწოდებენ, პატივი სცენ დემოკრატიის პრინციპებს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რაც მელიასთან დაკავშირებულ მოვლენებს მშვიდობიანად გადაწყვეტს.

ამერიკელი სენატორების განცხადებით, ქართველი ხალხი იმსახურებს დემოკრატიას და დამოუკიდებელ სასამართლოს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე ახლა უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება.

აშშ-ის ყოფილი ელჩის, კენეტ იალოვიცის თქმით, რეალურად, საქართველო საფრთხის წინაშე დგას. საქართველოს არ უნდა დაუბრუნდეს პერიოდს, როცა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქუჩაში ებრძოდნენ

ევროპის სახალხო პარტიის განცხადებით, საქართველო პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას უბრუნდება.

ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, თავშეკავებულად და პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. აშშ-ის საელჩოს შეფასებით, საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. „ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს“.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს, სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. პოლიციამ დაკავების მიზნით, ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევდნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების უფლებას არ მისცემდნენ.

იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. მიზეზად მელიას საქმეზე "ქართულ ოცნებასთან" შეუთანხმებლობა დაასახელა. გახარიას თქმით, ის თავიდანვე მელიას დაკავების წინააღმდეგი იყო. პრემიერის გადადგომის შემდეგ, შსს-მ განცხადება გავრცელა, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დაკავების პროცესი დროებით გადადეს.