დასავლელმა ლიდერებმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხონ - კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი აცხადებს, რომ დასავლელმა ლიდერებმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხონ.

Politico-ს ცნობით, კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლებლობა დახურულ კარს მიღმა, მათ შორის, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად.

როგორც Politico წერს, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ ევროკავშირის სხვა ქვეყნების უმეტესობამ გამორიცხა უკრაინაში ჯარების გაგზავნა, მათ შორის, ისეთმა დიდმა მოთამაშეებმა, როგორიცაა: გერმანია, გაერთიანებული სამეფო და აშშ - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გუშინ განაცხადა, რომ მაკრონის მიერ ინიცირებული დებატების მადლიერია და რომ განხილვიდან არცერთი საკითხის მოხსნა და არცერთი ვარიანტის უგულებელყოფა არ შეიძლება.


„ვფიქრობ, ეს არის ის სიგნალებიც, რომლებსაც ჩვენ ვუგზავნით რუსეთს, რომ არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა ვარიანტებს, რადგან ყველა ქვეყანამ გაიგო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინამ მოიგოს და რუსეთმა წააგოს ეს ომი,“ - ციტირებს გამოცემა კაია კალასს.


სახელმწიფო დეპარტამენტმა გერმანიის, პოლონეთის და სხვა მოკავშირეების მსგავსად, მაკრონის კომენტარის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ არ გაგზავნის ჯარს უკრაინაში.


შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.

ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ.

ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

საფრანგეთის ხელისუფლება მწვანე შუქს უნთებს უკრაინაში სამხედრო პერსონალის გაგზავნას საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის არმიის წვრთნისა და საზღვრების დასაცავად, განაცხადა თავის მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა სენატში გამართულ მოსმენაზე.


მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების ვერცერთი წარმომადგენელი ვერ შეეგუება უკრაინაში რუსეთის გამარჯვების პერსპექტივას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვის პოზიცია გამკაცრდა პარიზის მიმართ.