საგარეო უწყება „გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე ზეწოლას"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან გამოთქმული კრიტიკისა და თანამდებობების დატოვების ფონზე, დიპლომატიურ სამსახურზე ზეწოლაზე საუბრობს. უწყებას, რომელსაც კრიტიკოსები საგარეო კურსის რუსეთისკენ ცვლილებაში წვლილის შეტანაში ადანაშაულებენ, ევროკავშირი კი, ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს, აცხადებს, რომ „მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები.“


„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ. მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები.


საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, კანდიდატის სტატუსის მიღებამდეც კეთილსინდისიერად ასრულებდა ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით.


შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული მომავალში ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის.

ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. 


საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას,“ წერს საგარეო უწყება გავრცელებულ განცხადებაში.


ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა.


შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.


განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა.


ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.


სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირიდაკავებული.


მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.


პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა.

29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს.


თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“


განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.

29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს.


პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“

მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა.


აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“


„ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“


შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.


მოგვიანებით, ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდებისლიეტუვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.


პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება  კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით კი, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას.