ძებნის რეზულტატი:
პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი ფიზიკური პირის მიმართ დაიწყო. „გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კომუნიკაცია დაამყარეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და მომგებიანი ინვესტიციის და მომსახურების გაწევის ცრუ პირობებით, ათეულობით ათასი ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში ერთ-ერთი ბრალდებულის სახელზე, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. შემდგომში ბრალდებულებმა აღნიშნული თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, განათავსეს პირად საბანკო ანგარიშებზე და დანაწევრებით განახორციელეს ტრანზაქციები, მათ შორის უკანონოდ მიღებული თანხებით შეიძინეს ძვირადღირებული ავტომობილები, რა გზითაც დაახლოებით 647 000 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულების სახელზე რეგისტრირებული 360 000 ლარის ღირებულების სამი ავტომანქანა. დაყადაღებული ქონების ჩამორთმევის მიზნით, პროკურატურის მიერ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გატარდება. საქართველოსა და ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგი ცვლილება დისკრიმინაციულია - საია
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ თავდაცვის კოდექსში დაგეგმილი ზოგ ცვლილებას დისკრიმინაციულიად აფასებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტების ამგვარი ფორმით მიღების შემთხვევაში, მოხდება არსებითად თანასწორი პირების, სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების მღვდელმსახურების, უთანასწორო მოპყრობა. საია მოუწოდებს კანონპროექტის ინიციატორებს და დეპუტატებს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის დაცვა. „საია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთი რელიგიის სასულიერო პირებისთვის უფლებრივი პრივილეგიის მინიჭება, ადამიანის უფლებათა სამართლის პერსპექტივით, დისკრიმინაციულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, კონსტიტუციური შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში. აღნიშნულთან კავშირში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ძალიან მკაფიოდ მიუთითებს, რომ ხსენებული დანაწესი არ წარმოადგენს მხოლოდ კონსტიტუციური შეთანხმების მიმართ წაყენებულ მოთხოვნას. იგი იმავდროულად მიუთითებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საყოველთაო პრინციპების გათვალისწინების აუცილებლობაზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის განსაზღვრისას, მათ შორის თანასწორობის მოთხოვნათა დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხში. “საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა მიუთითებს, რომ საქართველოს ისტორიაში ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარების მიზანს არ წარმოადგენს მართლმადიდებლობის რელიგიური პრივილეგიების განმტკიცება და ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას.“ სახელმწიფო თანასწორად უნდა მოეპყრას ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის სასულიერო პირს სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან მიმართებით. ამრიგად, მოვუწოდებთ, როგორც კანონპროექტის ინიციატორებს, ისე, დეპუტატებს, იმოქმედონ თავიანთი მანდატის შესაბამისად იმგვარად, რომ უზრუნველყონ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებული თანასწორობის პრინციპის განუხრელი დაცვა. დისკრიმინაციის პრევენციისთვის კი სამართალშემოქმედს აქვს რამდენიმე ალტერნატივა, შესაძლებლობის ყველა არსებითად თანასწორ პირზე გავრცელებით, ასევე, მისი სრულად გაუქმებით“,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.
საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვას უპასუხა. დედაქალაქის მერის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და საზოგადოების დეზინფორმირებას ისახავს მიზნად. „უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პიროვნებებს აქვთ სურვილი, დატოვონ პარტია „ქართული ოცნება“, ეს მათი უფლებაა, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ ყოფილა და არც ამჯერად იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
ბელორუსმა შესაძლოა, ირანისგან დრონები შეიძინოს
ბელორუსმა შესაძლოა, ირანისგან უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინოს. ალექსანდრე ლუკაშენკო ირანელ კოლეგას იბრაჰიმ რაისს თეირანში ხვდება. მედიის ცნობით, მხარეები, სავარაუდოდ, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის მხარდაჭერას განიხილავენ.
მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება - მთავრობის სტრატკომი
მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება, - მთავრობის სტრატკომის განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს შემდეგ, სოციალურ ქსელებსა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია და მიზანმიმართულად ხდება პრემიერ-მინისტრის განცხადებების არასწორი ინტერპრეტირება. „განსაკუთრებით აგრესიულად მიმდინარეობს ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ეხება პრემიერის განცხადებებს აქციის მონაწილე ახალგაზრდებთან დაკავშირებით. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუში განაცხადა: „გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა, იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც, მაგრამ არა ასეთი აგრესიული, - მშვიდად იდგნენ, აპროტესტებდნენ, უბრალოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას". პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუღებელია ახალგაზრდების ნებსით თუ უნებლიეთ ჩართვა დესტრუქციულ პროცესებში. პრემიერ-მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებსა და შედეგებზე, აგრეთვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები ცდილობენ „ფეიკნიუსების“ საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“,-აღნიშნულია მთავრობის სტრატკომის განცხადებაში.
აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის ცხვირის სპრეი დაამტკიცა
აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შაკიკის სამკურნალოდ Pfizer-ის ცხვირის სპრეი დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სპრეი პაციენტებს საშუალებას მისცემს, სწრაფად მოქმედი პრეპარატის გამოყენებით ტკივილსგან გათავისუფლდნენ. კლინიკური ცდების მესამე ფაზის დროს, ადამიანებში ტკივილის დონე დაახლოებით 15 წუთში შემსუბუქდა. მეცნიერების თქმით, Zavzpret-ი მკურნალობის ალტერნატიულ საშუალებად მიიჩნევა პაციენტებისთვის, რომლებიც პრეპარატებს პირღებინების გამო ვერ იღებენ. სპრეი შაკიკის სამკურნალო სხვა საშუალებებთან ერთად Pfizer-მა კომპანია Biohaven-ისგან გასულ წელს, 10 მილიარდ დოლარად შეიძინა. „(Pfizer) პრეპარატს ორი მთავარი უპირატესობა აქვს: ის უსაფრთხოა გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებისთვის და მეორე, ჭარბი გამოყენებისას არ იწვევს თავის ტკივილს“, - განაცხადა კლივლენდის კლინიკის ფსიქიატრმა დოქტორ ემად ესტემალიკმა. შაკიკის კვლევის ფონდის თანახმად, შეერთებულ შტატებში დაახლოებით 39 მილიონი ადამიანი იტანჯება მისგან გამოწვეული ტკივილით. ახალი პრეპარატი ბაზარზე Zavzpret-ის სახელით აფთიაქებში 2023 წლის ივლისში გამოჩნდება.
ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ე.წ. ბატუტის გადაბრუნების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა
ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ე.წ. ბატუტის გადაბრუნების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი - 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,” - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუ კონკრეტულ პირებს აქვთ სურვილი, „ქართული ოცნება“ დატოვონ, მათ არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ კონკრეტულ პირებს „ქართული ოცნების“ დატოვება სურთ, მათ არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ. ამით კალაძემ უპასუხა შეკითხვას, აქვს თუ არა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დეპუტატი მმართველი გუნდის დატოვებას აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება - კალაძე „უმრავლესობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. თუ კონკრეტულ პირებს აქვთ სურვილი დატოვონ პარტია “ქართული ოცნება”, მათ არანაირი შეზღუდვა არ ექნებათ“, - განაცხადა კალაძემ.
კვლევა: 2022 წელს უკრაინა მსოფლიოში, იარაღის სიდიდით მესამე იმპორტიორი გახდა
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ახალი კვლევის თანახმად, გასული წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მიერ გაწეული სამხედრო დახმარების შედეგად, უკრაინა 2022 წელს მსოფლიოში იარაღის სიდიდით მესამე იმპორტიორი გახდა. ინსტიტუტის მონაცემებით, ევროპული იარაღის იმპორტი 47%-ით გაიზარდა 2013-2022 წლებში „რუსეთსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის გამო“. SIPRI-ს ცნობით, შეერთებული შტატების წილი იარაღის ექსპორტში გაიზარდა 33-დან 40%-მდე, ხოლო რუსეთის წილი 22-დან 16%-მდე დაეცა. 8 მარტს ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები სტოკჰოლმში შეთანხმდნენ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდაზე, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ კონკრეტული და ოფიციალური გადაწყვეტილება.
კიევის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც საჭიროა
უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობრად, რომელსაც ვუსურვებთ, რომ არ შეაჩეროს ევროპული მომავლის განვითარება, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობრად, რომელსაც ვუსურვებთ, რომ არ შეაჩეროს ევროპული მომავლის განვითარება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების სპიკერის განცხადებაში წერია. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს. თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა რუსული პროპაგანდის თეზისს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევასა და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობრად, რომელსაც ვუსურვებთ, რომ არ შეაჩეროს ევროპული მომავლის განვითარება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის საგარეო უწყების სპიკერის Facebook გვერდზე განთავსდა. „თქვენ ახსენეთ უკრაინელი პოლიტიკოსები, აღარ მინდა გვარები ჩამოვთვალო. გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა. მე აღარ მინდა ახლა გავაგრძელო, ადამიანი ომშია. მინდა, ყველას ვუსურვო ამ ომის დროულად დამთავრება და სიმშვიდე, წარმატება და ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას მიხედეთ, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, - ეს განცხადება პრემიერმა ღარიბაშვილმა 12 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
Reuters-ის ცნობით, სი ძინპინი მოსკოვს შესაძლოა, მომავალ კვირას ეწვიოს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მომავალ კვირას გეგმავს რუსეთში ჩასვლას, რათა თავის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. იტყობინება Reuters 13 მარტს ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით. თებერვლის ბოლოს Wall Street Journal-მა დაწერა, რომ სი ძინპინის ვიზიტი მოსკოვში შესაძლოა, აპრილში ან მაისის დასაწყისში განხორციელებულიყო. ეს შეხვედრა იქნება მრავალმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ბიძგის ნაწილი, რადგან პეკინი აცხადებს, რომ მას სურს, უფრო აქტიური როლი ითამაშოს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებაში. 24 თებერვალს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა 12-პუნქტიანი განცხადება, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი პეკინის პოზიცია „პოლიტიკური მოგვარების“ მიღწევის შესახებ, რათა გადაიჭრას რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. „სამშვიდობო გეგმა“ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც აცხადებს, რომ ეს გეგმა სავარაუდოდ, მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ იმუშავებდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 თებერვალს განაცხადა, რომ ჩინეთის წინადადებას სამშვიდობო გეგმად არ განიხილავს. მრავალი ცნობის თანახმად, ვაშინგტონის ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ჩინეთმა შესაძლოა, მოსკოვს ლეტალური მხარდაჭერა გაუწიოს. ადრე, 4 თებერვალს, Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა რუსეთის არმიას სამხედრო საშუალებები მიაწოდა. WSJ: სი ძინპინი რუსეთში ვიზიტს გეგმავს შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდენტად მესამე ვადით 10 მარტს აირჩიეს სი ძინპინი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.
საქართველოდან აშშ-ში, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა - პროკურატურა
საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ძებნილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, აშშ-ში ჩატარებული გამოძიების მიხედვით დადგენილია, რომ რუსეთის მოქალაქე 2016-2019 წლებში, მისივე შექმნილი კომპიუტერული ვირუსის გამოყენებით დაზარალებულების, მათ შორის, ფლორიდაში მცხოვრები პირების კომპიუტერულ სისტემაში შესაღწევად საჭირო მონაცემებს დაეუფლა. ამასთან, ძებნილი პირი ინტერნეტ პლატფორმის გამოყენებით მოპოვებულ მონაცემებს და თავად კომპიუტერულ ვირუსს სხვა პირებზე ასაღებდა. აღნიშნული ქმედებების შედეგად, ბრალდებულმა დაახლოებით 1 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. ძებნილი პირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2022 წლის 22 ოქტომბერს ქობულეთში დააკავეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის აშშ-ში ექსტრადიცია თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო, რის შემდგომაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ძებნილი პირის ექსტრადიციას აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი გამოეხმაურა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. საქართველოს პროკურატურა გამოხატავს მზადყოფნას, ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან მომავალშიც წარმატებით ითანამშრომლოს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, CNN 23 თებერვალს წერდა იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით, რომ 28 წლის რუსი მამაკაცი, რომელსაც ჰაკერული ინსტრუმენტების შემუშავება-გაყიდვა ედება ბრალად, საქართველოში ოქტომბერში დააკავეს და ის უკვე ექსტრადირებულია აშშ-ში.
Wall Street Journal-ი: სი ძინპინი მოსკოვში პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკისთან მოლაპარაკებას ონლაინ ფორმატში გამართავს
Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ ფორმატში შეხვედრას გეგმავს. მისივე თანახმად, მოლაპარაკებები სავარაუდოდ,მოსკოვში მომდევნო კვირაში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ გაიმართება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს ამ ლიდერებს შორის პირველი მოლაპარაკება იქნება. Reuters-ის ცნობით, სი ძინპინი მოსკოვს შესაძლოა, მომავალ კვირას ეწვიოს
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5898 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5898 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5898 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5925 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7641 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7460 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0181 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
საწვავზე ფასების შემცირების რესურსი კიდევ არსებობს - დავითაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის მეტად შემცირების რესურსი არსებობს და „ევრო რეგულარის“ ღირებულება 2 ლარს მიუახლოვდება. „ბენზინის ფასები ჩვენი პროგნოზის შესაბამისად შემცირდა. კონკრეტული ფასის პროგნოზირება წარმოუდგენელია, თუმცა გარკვეული ანალიტიკის საფუძველზე, ჩვენ შეგვეძლო, გვევარაუდა, რომ ფასი დაახლოებით ამ ნიშნულამდე დაიწევდა. ძველი ფასი 3 ლარამდე იყო და ახლა 2.3-მდეა ჩამოსული. ყველა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურს თავისი მარკეტინგული პროდუქტები აქვს, შესაბამისად, ფასდაკლებები დამატებით 20 თეთრამდეა ხოლმე. რეალური ფასი, რასაც მყიდველი საწვავში იხდის, 2.10 ლართან მიახლოებულია. სამწუხაროდ, არ გვაქვს ბერკეტი, რომ ტაბლოზე არსებული ფასები რეალურ ფასს წარმოადგენდეს, რადგან ეს კომპანიების ინდივიდუალურ მარკეტინგული ინსტრუმენტია, რომლითაც ლოიალურ კლიენტს ინარჩუნებენ", - განაცხადა დავითაშვილი.
ილია დარჩიაშვილი შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შვედმა კოლეგამ უმასპინძლა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა და ტობიას ბილსტრომმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი და მისი გაღრმავების შესაძლებლობები. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, ამ პროცესში მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს. მინისტრმა შვედ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე. პოზიტიურად შეფასდა ევროკომისიის ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მთელი რიგი მიმართულებებით მიღწეულ პროგრესს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. შვედეთის მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გზაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პროგრესი შვედეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტად რჩება და გამოხატა მზადყოფნა, მომავალშიც დაეხმაროს საქართველოს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. ამ კუთხით, კიდევ ერთხელ აღინიშნა შვედეთის როლი და მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო არსებითია ევროკავშირის საბჭოში შვედეთის თავმჯდომარეობის გათვალისწინებით. საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატსაც. მინისტრებმა გაცვალეს ფორმატის მომავალთან დაკავშირებული მოსაზრებები იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც განპირობებულია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მისწრაფებით ევროკავშირისკენ. ასევე, მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. შვედეთის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
იანვარ-თებერვლის მონაცემით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა - შამუგია
ბოლო ორი თვის, იანვარ-თებერვლის მონაცემით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლებში ჩვენ გვაქვს 17%-იანი ზრდა, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. „ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშანდელი წელი ჩვენ დავასრულეთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის 11%-იანი ზრდით და ბოლო ორი თვის განმავლობაში, კერძოდ, იანვარ-თებერვლის მონაცემით, გვაქვს 17%-იანი ზრდა ექსპორტის მაჩვენებლებში. ასევე 9 თვის მაჩვენებლებში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებაში ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას (14%-იანი ზრდა). სახელმწიფოს მხრიდან ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს მსოფლიო ბაზარზე, ხელი შევუწყოთ ჩვენს ფერმერებს, რომ აწარმოონ მეტი ხარისხიანი პროდუქცია და ამ პროცესების მხარდამჭერი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
პიტერ სტანოს თქმით, მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და 12 პრიორიტეტიდან ორი დაარღვია
ევროკავშირის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ 12 პრიორიტეტიდან ორი დაარღვია. ამის შესახებ სტანომ განაცხადა, როდესაც ისრაელის სასამართლო რეფორმასთან პარალელებზე დაუსვეს შეკითხვა. სტანოს თქმით, აქედან გამომდინარე აშკარაა, თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაქცია „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე. „როდესაც ჩვენ რეაქცია გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ კანონზე“ საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა - ევროკავშირმა ამას უპასუხა მათი განაცხადის აღიარებით, განსაზღვრა 12 პრიორიტეტი, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს, რათა იყოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიისა და განხილვის ნაწილი. მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია ამ 12 პრიორიტეტიდან ორი. ვფიქრობ, აშკარაა, თუ რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება“, - განაცხადა პიტერ სტანომ. ცნობისთვის, ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ყველაზე მასშტაბური პროტესტი მიმდინარეობს ქვეყნის ისტორიაში. დემონსტრაციაში 500 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. რატომ ჰქონდა ევროკავშირს საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე რეაგირება და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სასამართლო რეფორმაზე. ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა პიტერ სტანომ. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს, ისრაელი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე... ჩვენ არ ვერთვებით მიმდინარე დისკუსიებში, რომლებიც ჯერ არ დასრულებულა“, - განაცხადა პიტერ სტანომ. შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთა გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში, პირველ მარტს განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდა სულ მცირე 2 პუნქტს ეწინააღმდეგებოდა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირის საბჭომ რუსეთისთვის სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. არსებული შემაკავებელი ზომები ითვალისწინებს ფიზიკური პირების მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას. სანქციები გაგრძელდება 1473 ფიზიკური პირისა და 205 სუბიექტის მიმართ, რომელთაგან ბევრი გამიზნულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა მასიურად გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რათა მნიშვნელოვნად შეასუსტებინა რუსეთის ეკონომიკური ბაზა. როგორც ცნობილია, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, ევროკავშირმა უკრაინის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევა დაიწყო. ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა ინდივიდუალური და დარგობრივი ეკონომიკური სანქციების 10 პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, რაც მნიშვნელოვნად ძირს უთხრის რუსეთის უნარს, დააფინანსოს თავისი „ომის მანქანა“.
კატრინ კოლონამ საქართველოს პრეზიდენტს უმასპინძლა
ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზებისთვის აუცილებელი რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას. შესაბამის ინფორმაციას საფრანგეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მინისტრმა გამოხატა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. მან ხაზი გაუსვა რეფორმების გააქტიურების აუცილებლობას კანონის უზენაესობის კონსოლიდაციისთვის, ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში გაცემული 12 რეკომენდაციის შესაბამისად. კოლონა „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას მიესალმა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტმა ასევე დაადასტურა ორმხრივი ურთიერთობების გაღმავების მხარდაჭერა რუსეთის მიერ ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობების ფონზე.