ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდს €2 მილიარდით ზრდის

ევროკავშირის საბჭომ 14 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, 2027 წლისთვის $8.4 მილიარდამდე გაზარდოს ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფინანსური მხარდაჭერა, საიდანაც თანხები უკრაინისთვის იარაღის შესაძენად მიემართება. „ეს უზრუნველყოფს დამატებითი ფინანსური საჭიროებების დაფარვის შესაძლებლობას“, ნათქვამია საბჭოს პრესრელიზში. ევროპული მშვიდობის ფონდი 2021 წლის მარტში შეიქმნა. „ევროპის მშვიდობის ფონდი გახდა ევროკავშირის მხარდაჭერის განუყოფელი ნაწილი მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. თებერვლის დასაწყისში, ევროკავშირის საბჭომ უკრაინის სამხედრო დახმარების მეშვიდე ტრანში დაამტკიცა.  

რუსული თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე აშშ-ის უპილოტო საჰაერო ხომალდს შეეჯახა

ორმა რუსულმა სუ-27 თვითმფრინავმა სახიფათო და არაპროფესიონალური მანევრი ჩაატარა აშშ-ის საჰაერო ძალების სადაზვერვო უპილოტო MQ-9 ტიპის თვითმფრინავთან, რომელიც დღეს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის თავზე მოქმედებდა. ამის შესახებ Europetime-ს შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის პრესსამსახურიდან აცნობეს. მისივე ცნობით, „დაახლოებით 7:03 საათზე (ცენტრალური ევროპის დროით), ერთ-ერთი რუსული სუ-27 ტიპის თვითმფრინავი MQ-9-ის პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა, MQ-9 საერთაშორისო წყლებში ჩაეშვა. „შეჯახებამდე რამდენჯერმე, სუ-27 ტიპის თვითმფრინავიდან MQ-9-ს საწვავი გადმოასხეს და მის წინ დაფრინავდნენ უგუნური, არაკეთილსინდისიერი და არაპროფესიონალური მანევრით. ეს ინციდენტი უსაფრთხოებისა და არაპროფესიონალიზმის გარდა, კომპეტენციის ნაკლებობასაც ადასტურებს“, - განაცხადა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა. მისივე თქმით, „ფაქტობრივად, რუსების ამ საფრთხის შემცველ და არაპროფესიონალურ ქმედებას თითქმის ორივე თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოჰყვა“. „აშშ და მოკავშირეთა თვითმფრინავები გააგრძელებენ ოპერირებას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში და მოვუწოდებთ რუსებს, მოიქცნენ პროფესიონალურად და უსაფრთხოდ", - განაცხადა ჰეკერმა. მისივე შეფასებით, რუსული ავიაციის ეს აგრესიული ქმედებები საშიშია და შეიძლება, გამოიწვიოს არასწორი გათვლები და გაუთვალისწინებელი ესკალაცია. თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა აშშ-ის პრეზიდენტს ინციდენტის შესახებ აცნობა. კირბიმ აღნიშნა, რომ ხსენებულ სივრცეში მსგავსი ინციდენტები უჩვეულო არ არის და რომ ბოლო კვირებში მსგავსი ინციდენტები დაფიქსირდა. მისი თქმით, ამ შემთვევაში მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რაოდენ „არაუსაფრთხო, არაპროფესიონალური და უგუნური“ იყო რუსეთის ქმედებები.  

ესტონეთის პრეზიდენტი: ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპისკენ

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა Twitter-ზე დაწერა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე. საქართველოს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას განვაცხადე, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია თავისი გზა და ის მიდის ევროპისკენ. ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე. მნიშვნელოვანია ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება”, - აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა. „დღეს ჩვენი სატელეფონო საუბრისას, პრეზიდენტმა კარისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია“, - განაცხადა თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე განთავსებული პოსტით.  

სალომე ზურაბიშვილი: მადლობა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე გააზიარა ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას პოსტი. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად განვიხილე საქართველოში მიმდინარე მოვლენები. დავუდასტურე ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მცდელობებში. ლიეტუვა მზადაა, დაეხმაროს საქართველოს საჭირო რეფორმების გზაზე“, - აღნიშნა ნაუსედამ.  

ვარჰეი: მთავრობის ვალდებულებაა, სრულად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები - ევროკავშირი მზადაა, პარტნიორებს დაეხმაროს, მათ შორის სამედიცინო დახმარების კუთხით

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, რომ სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის.  ევროკავშირი მზაობას გამოთქვამს, დაეხმაროს პარტნიორებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის კუთხით. „ამ პარლამენტმა წინა თვეს ბატონი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიიღო რეზოლუცია. წევრი სახელმწიფოების სახელით [საქართველოს] იუსტიციის სამინისტროს დემარში გადავეცით და ჩვენი მესიჯი ძალიან მკაფიო იყო - საქართველოს მთავრობის კანონიერი ვალდებულებაა, რომ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისად სრულიად უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებები, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის. ევროკავშირი მზად არის ამ საკითხში პარტნიორებს დაეხმაროს, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევის მხრივ”, - განაცხადა ვარჰეიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის წევრი - გზავნილები ევროპარლამენტიდან

ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამოსვლების დროს ევროდეპუტატებმა ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს და განაცხადეს, რომ აღფრთოვანებულნი არიან საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებითა და მოსახლეობით. ამ საკითხზე პეტრას აუსტევიჩუსმა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა. „მინდა დავიწყო იმით, რომ მივულოცო საქართველოს მოსახლეობას ის, რომ დაიჭირეს ძალიან მყარი პოზიცია რუსული კანონის წინააღმდეგ და მინდ გამოვთქვა სამოქალაქო საზოგადოებითა და საქართველოს მოსახლეობით ჩემი აღფრთოვანება და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს 12 რეკომენდაცია. „დღეს საქართველოში დაწვეს ევროკავშირის დროშა, ეს არის ძალიან სამწუხარო საქართველოს ყველა მეგობრისთვის, მაგრამ მე მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეებრძოლება ტოტალიტარიზმს და ავტორიტარიზმს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტევიჩუსმა. თავის მხრივ, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ  საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, გახდეს ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მისი მთავრობა არ იმსახურებს.  „კოლეგებო, ყველა ნიღაბი მოხსნილია! საქართველოს მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს. არ არსებობს, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან რუსეთში. ქართველი ხალხი ძალიან განსხვავდება საქართველოს მთავრობისგან. ყველა გავიდა გარეთ და გაგვაგებინა თავისი ხმა ბრიუსელში, მოსკოვში და ა.შ არამხოლოდ თბილისში, ბათუმში და ქუთაისში იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ თქვენ ვერ დაწვავთ ჩვენს ევროპულ იდენტობას, ევროკავშირის დროშის დაწვით, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. საქართველოს კონსტიტუციის მუხლი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ისინი, ვინც პარლამენტში არიან, მათ უღალატეს თავიანთ მოსახლეობას, მათ საქართველოს მოსახლეობა აიძულეს, ქუჩაში გასულიყვნენ“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. ევროპარლამენტარ, სვენ მიქსერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი გაწვეულია, ხელისუფლების რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის. მიქსერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ ამ კანონპროექტის მიღების მცდელობა მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია საქართველოში. „ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მხარდაჭერა ძალიან მაღალია და ჩვენ საქართველოს ევროპულ მომავალს ყოველთვის ვუჭერდით მხარს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მისწრაფებებს. ვნახეთ ძალიან ბევრი პრობლემა - სასამართლო რეფორმის და კანონის უზენაესობის მხრივ და საქართველოს მთავრობის მიერ მცდელობა, რომ აგენტების კანონი მიეღო, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია სახელმწიფოში. ეს ძალიან შემაშფოთებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა და ნარატივი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არაა“, - განაცხადა სვენ მიქსერმა. თარგმანი „მთავარი არხს“ ეკუთვნის.

ოლივერ ვარჰეი: ქართველების მომავალი ევროკავშირშია

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ქართველების მომავალი ევროკავშირშია. ევროკომისარი აცხადებს, რომ ახლა 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელებაა საჭირო. “წინა კვირის განმავლობაში ათასობით ქართველმა ისარგებლა უფლებით, მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის დამტკიცება. ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები ქუჩაში გავიდნენ, ეჭირათ ევროკავშირის დროშები, რათა დემოკრატიისადმი, ევროპული ღირებულებებისადმი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზისადმი მათი ერთგულება გაეხსენებინათ. ამ დემონსტრაციის შემდეგ მმართველმა პარტიამ წინა ხუთშაბათს თავი გადაწყვეტილება დააანონსა, გაეწვია ეს კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ შემდეგ დღეს იქნა ჩაგდებული. ორივე კანონპროექტის გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია. ქართველების მომავალი ევროკავშირშია. წინა ივნისს მიცემულმა ევროპულმა პერსპექტივამ ევროპული გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში უფრო ახლო ურთიერთობების კურსი ჩამოაყალიბა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გრძელვადიან თანამშრომლობას ეყრდნობა. ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ, მათი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატა. მთავრობამ მსგავსი გზავნილები გაავრცელა, ახლა კი ადგილზე ქმედებების დროა. რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვაღიარებთ, ახლა ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებულ 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო - სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილება საკვანძო პრიორიტეტებია”, - განაცხადა ვარჰეიმ IPN-ის ცნობით.

ისლანდიის პრემიერი უკრაინას ეწვია

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი 14 მარტს კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაკობსდოტირს ისლანდიის მხრიდან უკრაინისადმი პოლიტიკური, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის, რასაც კიევი რუსეთის შეჭრის დღიდან გრძნობს.  რაც შეეხება ომის შემდგომ რეკონსტრუქციას, ზელენსკიმ დადებითად შეაფასა ისლანდიის გამოცდილება მწვანე ენერგიის სფეროში და გამოხატა თავისი ოპტიმიზმი, რომ ისლანდიური ბიზნესი მწვანე ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებით დაინტერესდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისლანდია ასევე დგამს ნაბიჯებს, რომ ჰოლოდომორი გენოციდად ოფიციალურად აღიაროს.  

ფაშინიანმა დაადასტურა, რომ კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანს და კიდევ ორ პირს სომხეთში არ უშვებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის კონსტანტინე ზატულინის, ტელეარხ RT-ის ხელმძღვანელის მარგარიტა სიმონიანისა და მედიამაგნატ არამ გაბრელიანოვი ქვეყანაში არ შეუშვეს. ფაშინიანის თქმით, ვინც არჩეული მთავრობის მიმართ უპატივცემულობას ავლენს, სომხეთში არ შეუშვებენ.„მათ, ვინც არჩეულ მთავრობას პატივს არ სცემენ, არ შეეშვებიან სომხეთში“, - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანის თქმით, სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და აქვს უფლება, მის მიმართ პატივისცემის მოლოდინი ჰქონდეს.  

ალიევი: გაზის ექსპორტს ვახორციელებთ თურქეთსა და საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია

„ჩვენი გაზის ექსპორტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ევროპით. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ექსპორტს თურქეთსა და საქართველოში, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბაზრებია. ამიტომ, ახალი კონტრაქტები უნდა გაფორმდეს ევროპაში გაზის მიწოდებისთვის“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის გაზი ამჟამად მიეწოდება თურქეთს, საქართველოს, ბულგარეთს, საბერძნეთსა და იტალიას.მისივე თქმით. რუმინეთისთვის გაზის მიწოდება მიმდინარე წელს დაიწყო. „ჩვენ ვაპირებთ, რომ უნგრეთს გაზი მიმდინარე წლის ბოლოს მივაწოდოთ. ჩვენ ახლა დავიწყეთ მოლაპარაკებები ალბანეთის მთავრობასთან ალბანეთის გაზმომარაგების ქსელის შექმნასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ჩეხეთი, მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ხორვატია და სხვა ქვეყნები არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც მოგვმართეს“, - აღნიშნა ალიევმა.  

უკრაინა: ოკუპანტებმა კურახოვო დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო დაბომბეს, რის შედეგადაც 8 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, - ინფორმაციასუკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პაველ კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. "რუსებმა კურახოვო არტილერიით დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ დაზიანებულია 8 მაღალსართულიანი კორპუსი და სატრანსფორმატორო ქვესადგური", - წერს კირილენკო “ტელეგრამში“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

„რამშტაინის” ფორმატში უკრაინის საკითხზე დღეს მორიგი შეხვედრა იგეგმება

უკრაინის პარტნიორები დღეს „რამშტაინის” ფორმატში მორიგ შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს. მინისტრის თქმით, გუშინ ის, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ კაისა ოლონგრენთან ერთად, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებს ეწვია, სადაც “რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. „რამშტაინის“ ფორმატში მორიგი შეხვედრა დისტანციურად, ონლაინ ფორმატში ჩატარდება.  

ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსეთის ელჩი დაიბარა

რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი ამერიკულ დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავ ზღვაში ჩამოვარდა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ. რუსული თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე აშშ-ის უპილოტო საჰაერო ხომალდს შეეჯახა „ჩვენი MQ-9 დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ ოპერაციებს ახორციელებდა, როდესაც მას დაბრკოლება შეუქმნა რუსულმა თვითმფრინავმა, რის შედეგადაც MQ-9 ჩამოვარდა“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში. მომხდარის გამო პროტესტის გამოსახატად, რუსეთის ელჩი, ანატოლი ანტონოვი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.   

აშშ-მა მიიღო ზომები, რათა შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს - კირბი

აშშ-მა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს, -  ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ გააკეთა. ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსეთის ელჩი დაიბარა "აშშ-ის ინტერესებში არ არის, რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად დაზიანებული სადაზვერვო უპილოტო აპარატი სხვამ ჩაიგდოს ხელში", - განაცხადა კირბიმ. რუსული თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე აშშ-ის უპილოტო საჰაერო ხომალდს შეეჯახა  

ბიზნესსექტორს მიეცემა შესაძლებლობა, ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია მოახდინოს - კალაძე

ბიზნესსექტორს ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ძველი თბილისის განახლება-რეაბილიტაციაზე საუბრისას განაცხადა. „თქვენ იცით, რომ ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო ავარიული შენობა-ნაგებობების, საცხოვრებელი კორპუსების ჩანაცვლება-განახლება. ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ძალიან ბევრი კორპუსის ჩანაცვლების პროგრამაა დაწყებული. ძველ თბილისზე გარკვეული პრობლემები გვქონდა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ეხება საქმე. აქ იგივე პროგრამას ვერ გამოვიყენებდით. ბიზნესსექტორს ავარიული სახლის მესაკუთრეებთან შეთანხმების შემდეგ, მიეცემა შესაძლებლობა, თავად მოახდინონ ისტორიულ უბნებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება ან რეაბილიტაცია. ბიზნესი ავარიული სახლების ჩანაცვლებას ან რეაბილიტაციას განახორციელებს მხოლოდ თბილისის განვითარების ფონდის მიერ შემუშავებული დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. ამის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტი ბიზნესსექტორს სთავაზობს, მათ საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომელიც აუცილებლად უნდა მდებარეობდეს ისტორიული უბნების გარეთ, გასცეს მიმდებარე არეალთან შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტილება და კონკრეტული პარამეტრები მიანიჭოს. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება, დაინტერესებულმა ბიზნესსუბიექტმა, შესაბამისი თანხა პირდაპირ ბიუჯეტში გადაიხადოს და სამუშაოების შესრულება მთლიანად გადააბაროს თბილისის განვითარების ფონდს. შეიძლება ბიზნეს არ უნდოდეს უშუალოდ სამუშაოებში ჩართვა, ვაძლევთ შესაძლებლობას თანხა ბიუჯეტში გადარიცხოს და თბილისის განვითარების ფონდმა აწარმოოს სამუშაოები. ბიზნესი თუ დაინტერესებულია კონკრეტული სივრცით, რეაბილიტაციით, ყველანაირად ვუწყობთ ხელს, შესაძლებლობას ვაძლევთ იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს არაისტორიულ უბნებში, განვითარების შესაძლებლობა მივცეთ“,- აღნიშნა კალაძემ.  

თბილისის მერია მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს, ტერიტორიის სანაცვლოდ, ალტერნატიულ ნაკვეთზე K2 კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას მისცემს - კალაძე

თბილისის მერია საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი მიწის მესაკუთრეებს, აღნიშნული ტერიტორიის სანაცვლოდ, ალტერნატიულ ნაკვეთზე შესაბამისი ოდენობით, K2 კოეფიციენტის მომატების შესაძლებლობას მისცემს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების მიზანი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რეკრეაციული სივრცეების შექმნაა. „იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც კერძო საკუთრებაშია, თუმცა, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი დაგეგმავს რეკრეაციული სივრცეების - ბაღის, სკვერის, პარკის, ბულვარის, საბავშვო მოედანის ან სპორტული შენობა-ნაგებობის (საწვრთნელი ბაზა, სპორტული მოედანი, სტადიონი, სპორტდარბაზი, ღია და დახურული საცურაო აუზი) მოწყობას, აღნიშნული მიწის მესაკუთრეებს სხვა, კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსხვავებულ სამშენებლო პარამეტრებს შევთავაზებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება

20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების ძველი სისტემით გაცემა შეწყდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პირველი აპრილიდან ნებართვების გაცემის განსხვავებული მოდელი ამოქმედდება და ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები. „20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა ვინმეს თუ გაყიდონ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.  

საქართველოს ბულგარეთში ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ოთარ ბერძენიშვილს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ოთარ ბერძენიშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე, ასევე, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი. იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად, ასევე, თავდაცვის სამინისტროში ეკავა ადმინისტრაციის უფროსის, შემდეგ კი, მინისტრის მოადგილის პოზიცია, იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამერიკის სამმართველოში მრჩევლის თანამდებობას, იყო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში ატაშე, შემდეგ კი, – პირველი მდივანი.  

NATO-მ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა

NATO-ს მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა. 6 ერთეული სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავტომობილებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო და კრიმინალური მოკვლევებისთვის საჭირო სპეციალური კომპლექტებითაა აღჭურვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს. სპეციალიზირებული ავტომობილები კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო პოლიციის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა NATO-ს ნდობის ფონდის მიერ განხორციელდა და საერთო ღირებულება 542,520.00 ევროს შეადგენს. პროექტის კონტრიბუტორები არიან ლატვია და ავსტრალია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი, თავდაცვის ძალებისა და NATO-სძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით - გაეროს ოფიციალური პირი

გაერო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანსპორტო სექტორისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამის შესახებ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა ოლგა ალგაიეროვამ განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით აუცილებელია საბაჟო პროცედურების დიგიტალიზაციის დაჩქარება. „გაეროს აქვს ათობით ინსტრუმენტი დიგიტალიზაციისთვის და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეგიონის ქვეყნებს. ამრიგად, შუა დერეფნის ფარგლებში, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დაინტერესებულია მისი განვითარებით“, - განაცხადა გაეროს ოფიციალურმა პირმა. ალგაიეროვამ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა უკვე მიაღწია დიდ წარმატებას დიგიტალიზაციის პროცედურებში და უკვე წარმატებით იყენებს eCMR-ს [სატვირთო დოკუმენტის ციფრულ ვერსიას] და eTIR-ს [ციფრული მონაცემთა გაცვლა სატრანსპორტო ოპერატორებს შორის]. „რეგიონის სხვა ქვეყნების მიერ დიგიტალიზაციის მიღწევა კიდევ უფრო გაამარტივებს ტვირთების გადაზიდვას, ასევე შეამცირებს ტვირთის გადაზიდვის დროს“, - განაცხადა ალგაიეროვამ. მისივე თქმით, აზერბაიჯანი, საქართველო, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ შუა დერეფნის განვითარებას და მისი კონტროლისთვის შესაბამისი ორგანოს შექმნას.