ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს. სალომე ზურაბიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი იქნება. საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ერთობლივ მოშაობას და ევროპისკენ საერთო გზაზე სვლას. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 15 ნოემბერს ჩატარდა, ხმების 57%-ით გაიმარჯვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პროევროპული ორიენტაციის კანდიდატმა მაია სანდუმ. მან პრორუსულად განწყობილი იგორ დოდონი დაამარცხა. Congratulations with a deserved victory @sandumaiamd, President- elect of Moldova. Another woman President in our region is extremely important. I look forward to working together and forging our common path to Europe.#WomenLeadtheChange 🇬🇪 🇲🇩 🇪🇺 — Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 16, 2020
სომხეთის პრეზიდენტი ვადამდელი არჩევნების გამართვის მოწოდებით გამოდის
სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქისიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, რათა ქვეყანაში, კრიზისი, რომელიც "სეპარატისტული მთიანი ყარაბაღისთვის აზერბაიჯანთან ომის შედეგად წარმოიშვა", მოგვარდეს. "არჩევნები ქვეყანას, ექვსკვირიანი ომის შემდეგ რყევისგან იხსნის, რომელომაც ქვეყანა ტერიტორიების დაკარგვამდე მიიყვანა", - აღნიშნა სარქისიანმა. მან სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და ალიანსს მოუწოდა, შეიმუშაონ „საგზაო რუკა“ და მოამზადონ ვადამდელი არჩევნები. "ის უნდა მოაწყოს ახალმა, „ეროვნული თანხმობის მთავრობამ“, - აღნიშნა მან. სარქისიანის, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება ცერემონიული ხასიათისაა, მაგრამ ის აცხადებს, რომ მისი წინადადება პოლიტიკური პარტიებსა და საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს ასახავს. ზოგიერთი პარტია მოითხოვს ფაშინიანის გადადგომას და საპროტესტო გამოსვლებს მართავს ქუჩაში. ფაშინიანი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და 16 ნოემბერს გადააყენა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის გადადგომას ოპოზიცია აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დადების გამო მოითხოვდა.
საქართველოში, რეგიონში იქნება მეტი ამერიკა - პრეზიდენტი
საქართველოში, რეგიონში იქნება მეტი ამერიკა და საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ და მყარ საყრდენად ამ რეგიონში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, პომპეოს ვიზიტი იმის მანიშნებელია, რომ აშშ ჩვენს გვერდით დგას. „ეს შეხვედრა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად ახლოს ვართ ამერიკა და საქართველო, რამდენად მყარია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის, მითუმეტეს, როცა რეგიონში დღეს ცვლილებები მიმდინარეობს. ამერიკის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო სახელმწიფო მდივანი საქართველოში მას მერე, რაც იმყოფებოდა საფრანგეთში და ისრაელამდე და ეს ქვეყნები არიან ამერიკის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და ევროპაში ძალიან სერიოზული მოკავშირე, ამ რიგში რომ ჩასვა საქართველო, ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას. მე ამისთვის მას მადლობა გადავუხადე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის კრიზისის ფონზე, ამერიკამ კიდევ ერთხელ განაახლა მისი მხარდაჭერა ეკონომიკურად და იმისთვის, რომ სამომავლოდ ჩვენ შევძლოთ და მივიღოთ ის ვაქცინები, რომელიც დაგვჭირდება, როგორც კი გამოვა და ამის საშუალება მოგვეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტატეგიულად ამერიკა ამ რეგიონში არის ჩვენი მხარდამჭერი და იცის, რომ საჭიროა უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ რეგიონში. მისი განცხადებები, რაც დღეს მოვისმინეთ ყარაბაღის შესახებ და ჰუმანიტარული დახმარება, არის ნიშანი იმის, რომ ამ სამშვიდობო პროცესში იქნება ჩართული ამერიკა და ეს გაიმეორა სახელმწიფო მდივანმა. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიები - ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გაამყარა ამერიკამ თავის პოზიცია, თავის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის და მზადყოფნა იმისთვის, რომ აქაც სამშვიდობო პროცესი და მოლაპარაკებები იყოს განახლებული და გაძლიერებული, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იქნება მეტი ამერიკა საქართველოში, რეგიონში და საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი ამ რეგიონში და ამისთვის მადლობელი ვართ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ჩინეთის პრეზიდენტი ქვეყნებს საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს
ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ქვეყნებს საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „ჩვენ გვჭირდება პოლიტიკის ჰარმონიზაცია და სწრაფი გზა, რომელიც ადამიანების წესების დაცვით გადაადგილებას შეუწყობს ხელს“ , – განაცხადა სი ძინპინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე. ჩინეთის ლიდერის განცხადებით, მოგზაურების ჯანმრთელობის სტატუსი ე.წ. QR-კოდებით უნდა გადამოწმდეს. სი ძინპინმა განმარტა, რომ კოდების გამოყენებით შესაძლებელია ნუკლეინის მჟავის ტესტის შედეგებზე დაყრდნობით ჯანმრთელობის სერთიფიკატების ამოცნობა. „იმედი გვაქვს, ამ მექანიზმს ბევრი ქვეყანა შემოუერთდება“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა. უფლებადამცველები ამ შეთავაზებაში საფრთხეს ხედავენ. მათი განმარტებით, ეს კოდები შესაძლოა, მოქალაქეთა პოლიტიკური მონიტორინგის გასაძლიერებლად გამოიყენონ.
ეს აშშ-ევროკავშირის გლობალური პარტნიორობის ახალი დასაწყისია - ევროკომისიის პრეზიდენტი
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ის აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „შესანიშნავი იყო საუბარი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მე მას გამარჯვება მივულოცე. ეს აშშ-სა და ევროკავშირს შორის გლობალური პარტნიორობისთვის ახალი დასაწყისია. ძლიერი აშშ-სა და ძლიერი ევროკავშირის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს გლობალური დღის წესრიგი, რომელიც ემყარება თანამშრომლობას, მულტილატერალიზმს, სოლიდარობასა და საერთო ღირებულებებს,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი „ტვიტერში“. შეგახსენებთ, ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც გამართა. „ვესაუბრე არჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს და მომავალ წელს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან სპეციალურ შეხვედრაზე მოვიწვიე. ახლა დროა ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ და ისეთ საკითხებზე ვიმუშაოთ, როგორიც არის კორონავირუსის პანდემია, კლიმატი, უსაფრთხოება და მულტილატერალიზმი“, - წერს შარლ მიშელი „ტვიტერში“.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში პრეზიდენტის პოსტს აღარ დაიკავებს
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პირობებში ის პრეზიდენტის თანამდებობაზე აღარ იმუშავებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრისას განაცხადა. „მე არავითარ კონსტიტუციას ჩემს თავზე არ ვირგებ. ახალი კონსტიტუციის პირობებში მე თქვენთან პრეზიდენტის პოსტზე უკვე აღარ ვიმუშავებ, ამიტომ დამშვიდდით“, - განაცხადა ლუკაშენკომ. მან აღნიშნა, რომ მხარს უჭერს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და პრეზიდენტის უფლებამოსილების კორექტირებას აუცილებლად მიიჩნევს. „ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული კონსტიტუცია. ყაზახეთი, რუსეთი, ჩვენ - ალბათ სამი მოწინავე სახელმწიფო ვართ, რომლებსაც აქვთ ასეთი სერიოზული და მძლავრი კონსტიტუცია, სადაც ყველაფერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ამ თვალსაზრისით, იმის გაცნობიერება, რომ ღმერთმა ნუ ქნას, მოვიდეს ადამიანი და ომი მოისურვოს... დიახ, ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, ისე, რომ მოგვიანებით ქვეყანა არ დაიშალოს “, - განმარტა ბელარუსის ლიდერმა.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი კორონავირუსისგან გარდაიცვალა
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ჟისკარ დესტენი კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. მედიის ცნობით, საფრანგეთის 94 წლის ექსპრეზიდენტი საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში იყო. ჟისკარ დესტენს გულთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ნოემბერში მისი ჰოსპიტალიზაცია რამდენჯერმე გახდა საჭირო. ვალერი ჟისკარ დესტენი საფრანგეთს 1974-1981 წლებში მართავდა. მის სახელს უკავშირდება ქვეყანაში ურთიერთთანხმობის საფუძველზე განქორწინების დაშვება, არჩევნებში მონაწილეობის დასაშვები ასაკის 21-დან 18-მდე შემცირება და აბორტის ლეგალიზება. ვალერი ჟისკარ დესტენს ევროპის ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად მიიჩნევენ. მას მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა გერმანიის ყოფილ კანცლერთან, ჰელმუტ შმიდტთან და მასთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ევროპის საერთო ვალუტას - „ევროს“. საფრანგეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 2 244 635 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებულების რაოდენობით საფრანგეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.
მოლდოვის არჩეული პრეზიდენტისთვის სადაზვერვო სამსახურებზე კონტროლის შეზღუდვის გადაწყვეტილებას ქვეყანაში პროტესტი მოჰყვა
მოლდოვას არჩეული პრეზიდენტის, მაია სანდუს ათასობით მომხრე პარლამენტის ახალი გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმად ახალ პრეზიდენტს სადაზვერვო სამსახურებზე კონტროლი აღარ უნდა ჰქონდეს. ამ გადაწყვეტილებას მაია სანდუ ძალაუფლების უზურპაციის და მისი პრეზიდენტობის შეფერხების მცდელობად აფასებს. სანდუ მსოფლიო ბანკში ეკონომისტად მუშაობდა და ევროკავშირთან ახლო კავშირებს უჭერს მხარს. მან საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი იგორ დოდონი დაამარცხა, თუმცა პარალამენტში უმრავლესობა, ისევ სოციალისტური პარტიის წევრებს და დოდონთან ასოცირებულ კანონმდებლებს აქვთ. აღმოსავლეთ ევროპის 3,5-მილიონიან ქვეყნას, სადაც გავლენებისთვის რუსეთი და დასავლეთი გავლენებისთვის იბრძვიან, არასტაბილურობამ და კორუფციულმა სკანდალებმა (მათ შორის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი დოლარის დაკარგვა) ზიანი მიაყნა. მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში, რომელიც პირველ ნოემბერს ჩატარდა, მაია სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მაგრამ ვერ შეძლო გამარჯვებისთვის აუცილებელი 50%-იანი ბარიერის გადალახვა.
ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი გარდაიცვალა
ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვასკესი ფილტვის კიბოს დიაგნოზით დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ურუგვაის მოქმედმა პრეზიდენტმა, ლუის ლაკალე პოუმ სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადა. მისი თქმით, ვასკესი თავის ქვეყანას ემსახურებოდა და თავდაუზოგავად მუშაობდა მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად. ტაბარე ვასკესი ურუგვაის პრეზიდენტის პოსტს ორჯერ, 2005-2010 და 2015-2020 წლებში იკავებდა.
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის
საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც 11 დეკემბერს გაიმართება, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის. პირველი სხდომის პროცედურები რეგლამენტით არის განსაზღვრული. პროცედურის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც პირველ სხდომას პრეზიდენტი გახსნის, ის სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას გაუძღვება. სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობების პირებს აირჩევენ. პროცედურით, საკანონმდებლო ორგანო თავდაპირველად აირჩევს – პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს. შემდეგ კი, მოხდება საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევა. რეგლამენტის გათვალისწინებით, პირველ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართება ელექტრონული სისტემით, საჭიროების შემთხვევაში კი, ბიულეტენებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, ხოლო ოპოზიციის 60 მანდატი ასე გადანაწილდა – „ევროპული საქართველო“ – ხუთი, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – ოთხი; „ლეიბორისტული პარტია“ ერთი მანდატი; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ორი; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – ოთხი; „გირჩი“ – ოთხი; „ლელო“ – ოთხი. ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.
დავიღალეთ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით - პრეზიდენტი
დავიღალეთ ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მეათე მოწვევის პარლამენტს სიტყვით გამოსვლისას. როგორც მან აღნიშნა, ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა, დღეს კი ქვეყანას სხვა რამ ჭირდება. „საზოგადოებას უნდა მოვუსმინოთ ამ დარბაზში და ამ დარბაზის გარეთ. „დავიღალეთ“ ერთ წრეზე ბრუნვით. ქუჩიდან პოლიტიკური პროცესების მართვის მცდელობით, დიალოგის ნაცვლად მუქარითა და დესტაბილიზაციის პროვოცირებით. ოცდაათი წლის განმავლობაში ქუჩაში ყველა თაობა იდგა! ყველანი, მათ შორის მეც, ვიდექით პარლამენტის კიბეებზე. დღეს კი ქვეყანას სხვა რამ სჭირდება. „დავიღალეთ“ მუდმივი ბრძოლით ორ პოლიტიკურ პოლუსს შორის: ზვიადისტები, ანტიზვიადისტები, შევარდნაძისტები, ანტიშევარდნაძისტები და ეს დღესაც გრძელდება. იმ დროს, როცა ქვეყანას დეპოლარიზაცია, სოლიდარობა და ერთიანობა სჭირდება. „დავიღალეთ“ გაუთავებელი ლანძღვით, შეურაცხყოფებით, ქართული და კავკასიური ზრდილობის უგულებელყოფით. სიძულვილი ქვეყანას ტოვებს გახლეჩილს, დაუცველსა და დასუსტებულს იმ დროს, როცა მას ყველაზე მეტად სჭირდება ეროვნული ენერგიის მობილიზება გამოწვევებთან გასამკლავებლად. საზოგადოების მოთმინება ამოიწურა, რამეთუ თითქმის 100 წელი გავიდა, რაც რუსეთის მე-XI არმიამ დამოუკიდებელი საქართველო დაიპყრო. თითქმის 30 წელია, რაც ხელახლა აღდგა დამოუკიდებლობა და დასრულდა საბჭოთა იმპერია და ვაშენებთ სახელმწიფოს. 30 წელი კი სიმწიფის ასაკია - ადამიანისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც. დროა მოჯადოებული წრე გავარღვიოთ!”, - განაცხადა პრეზიდენტმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, დემოკრატიისა და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატებზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე. "პატრიარქი, რომელიც ჩვენი სულიერი ენერგიისა და ეროვნული სიმხნევის წყაროა; ჩვენი ეკლესია, რომელმაც საუკუნეების მანძილზე გადაარჩინა ქართველი ერის იდენტობა და ერთიანობა, გზა გაუხსნა დამოუკიდებლობას. მათი დისკრედიტაცია ჩვენი სულიერი სიმტკიცის შერყევას ემსახურება. ჯარი, რომელიც სახელმწიფოს საყრდენია, ღირსებისა და ეროვნული სულისკვეთების განსახიერებაა. საქართველოს ხვალინდელი დღე სწორედ ღირსეულ, თანამდროვე და ძლიერ ჯარზე გადის. ამდენად, ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა ეწინააღმდეგება ჩვენს სტრატეგიული მიზნებს, კერძოდ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მიზანმიმართული კამპანიით, დამახინჯებული, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებით, ჯარსა და უმაღლეს მთავარსარდალს შორის უნდობლობის დათესვა კი ჯარის დემორალიზაციას ემსახურება. პოლიცია, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, სტაბილურობას და მშვიდობას ქვეყანაში. ვიცით რამდენად მნიშვნელოვანი და რთულია მისი როლი საოკუპაციო ხაზთან და უნდა გვესმოდეს, რამდენად დამანგრეველია ქვეყნისთვის პოლიციელის შეურაცხყოფა, მასზე მორალური ზეწოლა. პარლამენტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ შტოს. მისი შეურაცხყოფა - იქნება ეს გავრილოვის დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით ან კიდევ პარლამენტის ხელჩართული ბრძოლის არენად ქცევით - შეურაცხყოფაა ჩვენი ისტორიისა. იმ ადგილას, სადაც განისვენებენ იუნკერები, სადაც 9 აპრილს დახოცეს გულანთებული პატრიოტები. დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატებზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე. სასამართლო, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. მართალია, ჩვენი სასამართლო ჯერ ვერ აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს. მაგალითად, მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა უვადოდ მოსამართლეების გამწესებისთვის მზად ჯერ არ იყო და დღესაც ბევრი რამ დამაკმაყოფილებელი არ არის. ამავე დროს უნდა დავინახოთ განვლილი გზაც: რეფორმის ოთხი ეტაპი განხორციელდა. გაზრდილია მოქალქეების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მოგებული დავების რაოდენობა. შესაბამისად, სტარსბურგის სასამართლოში შემცირებულია მიმართვიანობა. მიუხედავად სისტემაში არსებული ნაკლოვანებებისა და რეფორმის გაგრძელების აუცილებლობისა, არასწორია სასამართლოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია. ეს ხელს უწყობს საზოგადოებაში ნიჰილიზმის დამკვიდრებას. კარგად იცით, რომ შეურაცხყოფა და ცილისწამება, თუნდაც ყოველდღიური, ჩემზე არ მოქმედებს, არ ვპასუხობ და უარს ვერ მათქმევინებს ინაუგურაციაზე დადებულ პირობაზე: „ვიყო ყველას პრეზიდენტი". თუმცა, ნათელია, თუ რას ემსახურება ასეთი სისტემატური თავდასხმა პრეზიდენტის პერსონაზე, სიტყვაზე თუ ქმედებაზე და მიზანში ამოღება მისი უფლებამოსილებების: უმაღლესი მთავარსარდლობის, საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარმომადგენლობის თუ შეწყალების უფლების. მიზანია შესუსტდეს ქვეყნის გარეთ სახელმწიფოს ავტორიტეტი და სახე შიგნით კი ერთიანობის სიმბოლო. ეს მე კი არ მაზიანებს, ყველას ერთად გვასუსტებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პარლამენტის შეურაცხყოფა, გავრილოვის სკამზე დასმით თუ საბჭოთა ჰიმნით, ისტორიის შეურაცხყოფაა - პრეზიდენტი
"პარლამენტის შეურაცხყოფა, გავრილოვის სკამზე დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით, ისტორიის შეურაცხყოფაა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა. "პარლამენტი, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ შტოს. მისი შეურაცხყოფა - იქნება ეს გავრილოვის დასმით თუ საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებით ან კიდევ პარლამენტის ხელჩართული ბრძოლის არენად ქცევით - შეურაცხყოფაა ჩვენი ისტორიისა. იმ ადგილას, სადაც განისვენებენ იუნკერები, სადაც 9 აპრილს დახოცეს გულანთებული პატრიოტები. დემოკრატიის და არჩევნების არსის სრული უარყოფაა, როცა გამარჯვების ვერმიღწევის გამო და გაყალბების რეალური მტკიცებულების გარეშე, ითხოვ ახალ არჩევნებს და უარს ამბობ ამომრჩევლის ნდობით მოპოვებულ მანდატებზე, მრავალპარტიულ პარლამენტზე", - განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა.
რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში, ოპოზიციას გარკვეულწილად ეთანხმება და აცხადებთ, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს. როგორც მან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, გაყინული კონფლიქტებისა და ოკუპაციის დასაძლევად ახალი მიდგომა და თვითიზოლაციიდან გამოსვლაა საჭირო. "შეიძლება არ გვჯეროდეს, რომ დიალოგი რამის მომტანია. გასაგებია, რომ არ ვენდობოდეთ ქვეყანას, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა არ შეიძლება, მთელი მსოფლიოსგან და ჩვენი უახლოესი პარტნიორებისგან განსხვავებით, ვიყოთ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დიპლომატიაზე უარს ამბობს. ისიც უნდა ითქვას და ამაში ოპოზიციას გარკვეულწილად ვეთანხმები, რომ რუსეთთან მხოლოდ პარალელური დიპლომატია არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს. უნდა ვიცოდეთ, რომ დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას. დიალოგს კი თავისი ფორმატი აქვს და ჩვენთვის აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც", - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 დეკემბერს, მეათე მოწვევის პარლამენტში, მხოლოდ ერთი პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
ლაპარაკი, რომ ევროპასა და ნატო-ს ვუახლოვდებით და კარი ღიაა, არასაკამრისია - მეტი გვინდა - პრეზიდენტი
საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ საუბარი ევროპასთან და ნატო-სთან მიახლოებაზე, არასაკმარისია და აქტიურობის დრო მოვიდა. როგორც მან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა. "ახალი მიდგომა ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რამეთუ მხოლოდ ლაპარაკი, რომ ევროპასა და ნატოს ვუახლოვდებით და გაწევრიანებისთვის კარი ღიაა, არასაკამრისია! ჩვენ მეტი გვინდა! მოლოდინის დრო აღარაა. აქტიურობის, ახალი ნაბიჯების მოფიქრების და გადადგმის დრო მოვიდა. ევროკავშირთან გვჭირდება აქტიური ორმხრივი პროცესი, რომელშიც ჩვენ მას ქცევით და აზროვნებით დავუახლოვდებით და უფრო სწრაფად გავითავისებთ ევროპული სტანდარტებს (მაგალითად, შრომის უსაფრთხოება, ეკოლოგია, სურსათის უვნებლობა და სხვა). იმის დროც მოვიდა, რომ ინტეგრაციის პროცესის თანაავტორი გავხდეთ, მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ, პარტნიორებს დავანახოთ ჩვენი პრიორიტეტები და მათთან ერთად განვსაზღვროთ შემდეგი ეტაპის კონკრეტული საფეხურები. იგივე მიდგომა გვჭირდება ნატოსთან და ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებაში: ახალი ინიციატივები მაგალითად, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატში. საჭიროა ნატოსთან თანამშრომლობის ახალი ფორმების მოფიქრება ეს კი ჩვენგან მოითხოვს მეტ აქტიურობას, მეტ მოქნილებას და მომავლის ხედვას! ახალი მიდგომა გლობალური გამოწვევებთან მიმართებაშიც გვჭირდება. პანდემიამ საერთაშორისო ურთიერთობების ახალი რაელობა შექმნა, რომელშიც დღესდღეობით მთავარ აქტორებად მხოლოდ დიდი ქვეყნები რჩებიან. ამ მოცემულობაში გამოსაკვეთია პატარა ქვეყნების გააქტიურების მექანიზმები. შესაძლებელია, რომ ასეთი ინიციატივით საქართველოც გამოვიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია აქტიური მოთამაშე გავხდეთ როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო ასპარესზე, ვაყალიბებდეთ საკუთარ ხედვას და მისგან გამომდინარე ინციატივებს გლობალურ საკითხებთან მიმართებაში", - განაცხადა ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს ერთპარტიულად შეიკრიბა, ოპოზიცია, ბოიკოტის რეჟიმში რჩება.
ირანის პრეზიდენტი აშშ-ს ვაქცინის შეძენის ხელშეშლაში ადანაშაულებს
ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გამო, ირანისთვის Сovid-19-თან საბრძოლველად საჭირო ტექნიკის, მედიკამენტების და ვაქცინის შეძენა გართულდა. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael.com ავრცელებს მისი თქმით კორონა ვირუსის საწინააღდეგო ვაქცინა, რომლის საშუალებთაც ახლო აღმოსავლეთში ვირუსის გავრცელება უნდა შეზღუდონ, მათთვის რთულად ხელმისწვდომია. 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის საბანკო სექტორსა და მისთვის უმნიშვნელოვანეს - გაზისა და ნავთობის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა. ტრამპმა ირანი ე.წ. ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ შეთანხმების წევრობას აზრი არ ჰქონდა, რადგან ირანი აგრძელებდა ხელშეკრულებით აკრძალულ ქმედებებს.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს და მის ეკონომიკას ასეთ მძიმე პერიოდში ვაძლიერებთ
„ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ საქართველოს და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ“, - ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ტერეზა ჩერვინსკამ, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოში ბანკის საქმიანობაზე. „როგორც ევროკავშირის ბანკი, ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს და მის ეკონომიკას, ასეთ მძიმე პერიოდში, მდგომარეობის სირთულის მიუხედავად, ვაძლიერებთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ უზრუნველყოფილი რესურსი დაეხმარება როგორც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, ასევე მის ფინანსურ სექტორს. ასევე, პანდემიის მიუხედავად მისცემს მათ საქმიანობის გაგრძელებისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს. საქართველოს საჯარო და კერძო სექტორში მყოფ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვჯერა საქართველოს წარმატებული და მდგრადი მომავლის“, - აღნიშნა ტერეზა ჩერვინსკამ. ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად საკრედიტო ხაზს ზრდის.
არ გვიხარია ბაიდენის მოსვლა, თუმცა მოხარულები ვართ ტრამპის წასვლით - ირანის პრეზიდენტი
არ გვიხარია ბაიდენის მოსვლა, თუმცა მოხარულები ვართ ტრამპის წასვლით, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა სამთავრობო საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჰასან როუჰანის თქმით, აშშ-ში ყველაზე ურჩი და კანონის დამრღვევი ადამიანი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც მორალურ და ადამიანურ პრინციპებს მოკლებულია. „ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ეს ტირანი, რომელიც არაფრის მიმართ არ გრძნობდა ვალდებულებას, ჩამოაგდეს. ამერიკელი ხალხის ხმა არის ხელშეკრულების ერთგულება და არა ხელშეკრულების დარღვევა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელი ხალხის ნება შესრულდება. ჩვენ გვსურს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კონსტრუქციული ურთიერთობა ყველასთან, რომელთაც სურთ, აირჩიონ ურთიერთქმედების გზა“, - აღნიშნა როუჰანმა. როგორც ცნობილია, ირანი აშშ-ის მკაცრი ეკონომიკური სანქციების ქვეშაა 2018 წლიდან, როდესაც ტრამპი ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა. ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ შეთანხმებაში დაბრუნდება და მოხსნის სანქციებს, თუ ირანი შეასრულებს მის პირობებს, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ირანის რაკეტების პროგრამისა და რეგიონული საქმიანობის მოსაგვარებლად.
ჯო ბაიდენი და მექსიკის პრეზიდენტი მიგრაციის საკითხზე ითანამშრომლობენ
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი შეთანხმდნენ, რომ მიგრაციის საკითხზე ითანამშრომლებენ. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. სატელეფონო საუბრისას ლოპეს ობრადორმა და ჯო ბაიდენმა რეგიონული მიგრაციის საკითხზე ახალ მიდგომასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომელიც მიგრანტებს აშშ-ის მიმართულებით საშიში მოგზაურობის ალტერნატივას შესთავაზებს. ბაიდენის გუნდის განცხადებაში აღნიშნული, რომ არჩეულმა პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეიქმნება რეგიონული და სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია მიგრაციისადმი ორგანიზებული და ჰუმანური მიდგომის ხელშესაწყობად - ასევე, პატივს სცემს თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ნორმებს.
სალომე ზურაბიშვილი: ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი
„ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება Facebook-ზე გამოქვეყნდა. „მივესალმები საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გაგრძელებას. ორი წლის წინ, როდესაც საქმის ხანდაზმულობის ვადა იწურებოდა, მივმართე საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ყოფილიყო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა გამოძიების ვადის გახანგრძლივების თაობაზე. ქვეყანამ უნდა იცოდეს როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ვინც ჩაატარა სახალხო რეფერენდუმი და გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდნეტის ადმინისტრაცია ეხმაურება მორიგ უსაფუძვლო აჟიოტაჟს, რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის გამოსვლას ელჩების 2020 წლის კონფერენციაზე. ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი“, - აღნიშნულია განცხადებაში.