ძებნის რეზულტატი:
რუსეთი ხორბლის საექსპორტო გადასახადის გაზრდას გეგმავს
რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეულის საექსპორტო გადასახადის გამოსათვლელად შემცირებული ფასის გაზრდას, ტონზე ამჟამინდელი 17000 რუბლიდან 18000 რუბლამდე გეგმავს. იტყობინება მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო ბაზრების რეგულირების დეპარტამენტის დირექტორ ალექსანდრე მალოვის ინფორმაციაზე მითითებით. სახალხო ფერმერთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, რომელშიც მალოვმა მიიღო მონაწილეობა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საბაჟო და სატარიფო რეგულირების ქვეკომიტეტს უკვე წარუდგინა შემცირებული ფასის შესახებ ასეთი წინადადება. 2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთის ფედერაციამ შემოიღო მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს მცურავ გადასახადებს ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე და მათგან მიღებული სახსრების დაბრუნებას სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებისთვის. გადასახადების ოდენობა გამოითვლება ყოველკვირეულად, ფასების ინდიკატორების საფუძველზე, საექსპორტო ხელშეკრულების ფასების საფუძველზე, რომლებიც რეგისტრირებულია მოსკოვის ბირჟაზე. 2023 წლის პირველი ივნისიდან ხორბლისა და მესლინზე საექსპორტო გადასახადის გამოთვლის შემცირებული ფასი 17000 რუბლამდე გაიზარდა, რამაც გადასახადის ოდენობის ოდნავ შემცირება შესაძლებელი გახადა. ბევრმა ფერმერმა, ისევე როგორც მრეწველობის გაერთიანებების წარმომადგენლებმა, განაცხადეს, რომ ექსპორტის გადასახადი პირდაპირ გავლენას ახდენს ხორბლის კულტივაციის რენტაბელურობაზე.
აშშ-მ უკრაინისთვის $275 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 275 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. ახალ პაკეტში შედის HIMARS (High Mobility Artillery Rocket System) საბრძოლო მასალა, 155 მმ და 105 მმ მაღალი მოთხოვნის საარტილერიო ტყვიები, 60 მმ ნაღმტყორცნები და სხვა აღჭურვილობა. დამატებითი ელემენტები მოიცავს Javelin-სა და AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, საჰაერო საბრძოლო მასალებს, მცირე იარაღს და საბრძოლო მასალას ამ იარაღისთვის. სიაში ასევე შედის ჩაფხუტები, ჯავშანი, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული დამცავი აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები, ტექნიკური მომსახურება და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.
ჯეიმს ო'ბრაიენი შეზღუდვებზე: ეს იძულება არ არის, იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ
„არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება? არა! - იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო'ბრაიენმა "ამერიკის ხმას" განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, „რა მიზანი აქვს ამერიკას, როდესაც შეზღუდვებს აწესებს და საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს? არის თუ არა ეს მართლაც არამეგობრული საქციელი?“. ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა „კლუბში“ გაწევრიანების მცდელობასთან. „რაც შეეხება იმას, არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება. არა! მარტივია, თუ ამბობ, რომ ფეხბურთის მატჩში გინდა მონაწილეობის მიღება, არ შეიძლება, თქვა, რომ შენ 15 მოთამაშით იქნები წარმოდგენილი და მეორე მხარემ 7 მოთამაშით უნდა იასპარეზოს, ან რომ დამატებითი ბურთით ითამაშებ. იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ. საქმე იმაშია, რომ [საქართველოს მთავრობის მიერ] განხორციელებული ქმედებები თავსებადი არაა, როგორც გაწევრიანებბის მცდელობასთან, ისე რეალურად გაწევრიანებასთან," - აცხადებს ო'ბრაიენი. მოხვდება თუ არა „ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სამოგზაურო შეზღუდვების მქონე პირთა სიაში, ამერიკელ დიპლომატს არ უპასუხია, თუმცა, მან განაცხადა, რომ გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სანქცირებულ პირთა სახელთა სია არ გამოქვეყნდება. „რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, [ამერიკის სახელმწიფო] მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების საფუძველზე, სახელთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს," - განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს და მის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს განხილვა კომიტეტის დღის წესრიგში პირველ საკითხად არის განსაზღვრული. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
ვაშინგტონის მერის მარიელ ბაუზერის გადაწყვეტილებით, ტრადიციულად, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი.“ საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს. მირზა გელაშვილი თანამდებობის დატოვების მიზეზს პოსტში არ უთითებს. "საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ. კოლეგებს და პარტნიორებს - განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს მირზა გელაშვილი. მირზა გელაშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა. ფინანსთა სამინისტროში ის 2015 წლიდან მუშაობდა.
პრეზიდენტი: მაოცებს, რომ მიწევს, ვიღაცები დავარწმუნო, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი
„გამოსავლის გზა გადის იმაზე, რომ ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც საბჭოეთის შავბნელ წარსულს ახასიათებდა - იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. „ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისათვის. არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებული ევროპის მიერ მისი დაარსებიდან. სამაგიეროდ რეალური ომის პარტია ერთია, მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებშიც ვხედავთ, რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღშიც, ჩვენ ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, რომ მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება. ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს, ვიღაცები დავარწმუნო იმაში, თუ ვინაა მტერი და ვინაა ჩვენი მეგობარი. ხომ ვიცით, ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა და ვინ იცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და არააღიარების პოლიტიკას. ხომ ვიცით, ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი, ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები? ხომ ვიცით, ვინ გვჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში? ხომ ვიცით, ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ? ხომ ვიცით, ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე სტანდარტების მქონდე, ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა? ვინ მოთვლის და რა დათვლის, რა დაგვიშავა მტერმა და რა გვიკეთა მეგობარმა. ამიტომაა ასახული ჩვენს კონსტიტუციაში საგარეო კურსი, ჩვენი მომავალია უალტერნატივო მომავალი’,’ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „გამოსავლის გზა გადის იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ქვეყნის „განსაბჭოებას“, უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც შავბნელ წარსულს ახასიათებდა - ჩვენი დღევანდელი ამოცანაა, გზა გავუხსნათ გათავისუფლებულ მომავალს.“ როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, დეოკუპაციის ერთადერთი მშვიდობიანი და რეალური გზა ევროპის გზაა, რომელიც არცერთ ფარულ გარიგებასა და არცერთ ტყუილ დაპირებაზე არ გადის. „საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც; სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა - წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი - დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში.“ პრეზიდენტის შეფასებით, „არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! - ასეთ არჩევანს სახალხო რეფერენდუმი ჰქვია.“ „ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს, ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ.“ სალომე ზურაბიშვილიs თქმით, „საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში.“
პრემიერმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, პრეზიდენტი ღალატში დაადანაშაულა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ღალატში დაადანაშაულა. პრემიერის თქმით, „დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს.“ „საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო. გასული 34 წლის მანძილზე, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2004-2012 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, ხოლო ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს. სწორედ, ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა," - განაცხადა პრემიერმა.
მაკრონი: საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ ურყევია
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წერილს უგზავნის. მაკრონი ქართველ ხალხს და პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა. ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში. „ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად მოგილოცოთ ქართველ ხალხს და ასევე თქვენ. იმ დროს, როცა რუსეთმა დააბრუნა ომი ევროპის კონტინენტზე, მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო საფრანგეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, მისი დამოუკიდებლობის აღდგენის აღნიშვნის ამ ესოდენ სიმბოლურ დღეს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების არჩევით, ევროპულმა საბჭომ ცალსახად უპასუხა ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველომ თავად უნდა აირჩიოს თავისი გზა. ევროპის გზა არის კანონის, დემოკრატიისა და საერთო კეთილდღეობის დაპირების გზა, დიალოგისა და სანდო და თავაზიანი პარტნიორობის ფარგლებში. საფრანგეთი იმდენად მტკიცედ გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას, რამდენადაც ის განაგრძობს ამ გზაზე სვლას. გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი და მოკრძალებული პატივისცემის დასტური,” - წერია მაკრონის წერილში.
სალომე ზურაბიშვილი: მომავალი არჩევნები იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც იყო 1991 წლის რეფერენდუმი
სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მშვიდობიანი განვითარების აუცილებლობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ვითარებიდან გამოსავალი ვერ იქნება რევოლუციები, სახელმწიფო გადატრიალება და, ზოგადად, დესტაბილიზაციის გზა. სალომე ზურაბივშილის თქმით, საზოგადოებამ არჩევნებით უნდა უპასუხოს ახალგაზრდების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინს. პრეზიდენტის თქმით, დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით; „სწორედ ამიტომ მტკიცედ მწამს - საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესულნი, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და არც უიმედობასა და ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ.“ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მისი დამოუკიდებლობის, უსაფრთხოებისა და საგარეო კურსის გარანტი, ვხედავ ჩემს პასუხისმგებლობას ამ გამოსავლის პოვნაში. გამოსავალი არსებობს და ჩვენს თვალწინ ნათლად ჩანს, და რა არის ეს გამოსავალი: „პირველ რიგში, ჩვენი ევროპული გზის გადარჩენა ამ გამოსავლის ქვაკუთხედია. დღეს, როდესაც რუსეთის აჩრდილი თავს გვადგას, ევროპასთან და ამერიკასთან პარტნიორობა და დაახლოება ჩვენი დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნების, გაძლიერების ჭეშმარიტი გზაა. ის, ვინც ამ გზას საბოტაჟს უწყობს და აზიანებს, ის ფეხქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალს, თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროს სრულყოფილ წევრად ქცევის გზას. ევროპული კავშირი არის თავისუფლების სივრცე, სადაც არცერთი ქვეყანა არ გაწევრიანებულა მისი და მისი ხალხის ნების გარეშე, ეს არის გზა ღიაობის, სამართლიანობისა და განვითარების. ეს არის ადგილი, სადაც დაცულია თუნდაც ყველაზე პატარა ერი, მისი ენა, სარწმუნოება, იდენტობა და ტრადიცია. ეს არის კავშირი, სადაც დაცულია ადამიანი, ოჯახი, მისი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სოციალური მდგომარეობა, მისი პირადი ცხოვრება, მისი ღირსეული სიბერე, სადაც დაცულია ადამიანის ყველა უფლება. ევროპული კავშირი თავისი არსითა და იდეით შექმნილია მშვიდობისთვის, არცერთი ომის პარტია არ არსებობს ევროპაში, არცერთი ომი არ დაწყებულა ევროპის მიერ, მიდი დაარსებიდან. სამაგიეროდ, რეალური ომის პარტია ერთია და მხოლოდ ერთი, რომელსაც დღეს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ვხედავთ - რუსული იმპერიალიზმი. ევროკავშირი კი, გვევლინება, როგორც თავისუფალი ერების გაერთიანება, რომლის წიაღში ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, მშვიდ და დაცულ გარემოში შეძლოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და საკუთარი თავის განვითარება. ჩვენ 33 წლის წინ შევუდექით ამ გზას და ამ გზაზე ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები ყოველთვის ჩვენს გვერდით იდგნენ და მხარს უჭერდნენ ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებას. მხარს გვიჭერდნენ მორალურად, პოლიტიკურად, ფინანსურად და ინსტიტუციურად. დღეს მაოცებს ის ფაქტი, რომ მიწევს ვიღაცეები დავარწმუნო იმ ფაქტში, ვინაა მტერი და ვინაა მეგობარი; ხომ ვიცით ვინ წაგვართვა ტერიტორიები, ვინ დაარღვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობადა ვინ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და არაღიარების პოლიტიკას; ხომ ვიცით ვინ აკრძალა ქართული ენის სწავლა და ვინ აღიარა და დაიცვა ქართული ანბანი; ხომ ვიცით ვინ დაგვინგრია და ვინ აგვიშენა სკოლები; ხომ ვიცით ვინ გვიჭედავს ეკლესიის კარს და ვინ გვეხმარება ჩვენი ეკლესია-მონასტრების აღდგენასა და გადარჩენაში; ხომ ვიცით ვინ დაგვიწუნა და გამოდევნა ქართული ღვინო და ვინ დააფასა და აღიარა საქართველო ღვინის სამშობლოდ; ხომ ვიცით ვისი დახმარებით გახდა ჩვენი ჯარი თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი; ვისი დახმარებით გაძლიერდა სოფლის მეურნეობა და კიდევ, ვინ მოთვლის და რა დათვლის, რა დაგვიშავა მტერმა და რა გაგვიკეთა მეგობარმა. ამიტომ არის, რომ ჩვენს კონსტიტუციაში ასახული საგარეო კურსი ჩვენი უალტერნატივო მომავალია. გამოსავლის გზის მეორე ქვაკუთხედია სტაბილურობა. ამ რეგიონში და ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ჩვენთვის მშვიდობიანი პროცესების გარდა, გამოსავალი არაა. არ არის და ვერ იქნება გამოსავალი რევოლუციების, სახელმწიფო გადატრიალების, დესტრუქციის, ანუ დესტაბილიზაციის გზა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარეთ ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და შიგნით - ხელს უწყობს მშვიდობიანი პროცესის დივერსიად წარმოჩენას, დაშინებას, რეპრესიებს და საბოლოოდ, ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას. სტაბილურობის შენარჩუნების გზა კი მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გადის. არჩევნები დემოკრატიულობის ერთადერთი გზა და ერთადერთი საზომია, არჩევნები დემოკრატიულობის მთავარი ტესტი, რითაც ასევე უნდა შეფასდეს ჩვენი მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ჰქვია. სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო - ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება! ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს. ჩვენ ჩვენს თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ შეგვიძლია ყველაფერი და რომ ჩვენს მომავალს ვერავინ წაგვართმევს! ამ არჩევნებით უნდა ვუპასუხოთ ახალგაზრდების, და არა მხოლოდ მათ მოლოდინს და გავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობების ველი. ისინი ქვეყნიდან წასვლაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, არამედ იმაზე, რომ ეს მიწა მათია და მათ უნდა დაწერონ ქვეყნის მომავლის ფურცელი. გამოსავლის გზა გადის ასევე იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ანუ ქვეყნის „განსაბჭოებას“ -ანუ საბჭოთა სისტემის გადმონაშთების ამოძირკვას. უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც იმ შავბნელ წარსულს ახასიათებდა - იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი. წარსული წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ჩვენი დღევანდელი ამოცანასწორედ ესაა, რომ გზა გავუხსნათ გათავისუფლებულ მომავალს. ჩვენ დღესრისი მომსწრენი და მონაწილენიც ვართ სწორედაც, რომ ძველი ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისია! წარსულიდან უნდა განვთავიაუფლდეთ და გავთავისუფლდეთ ოკუპაციისგან. დეოკუპაციის ერთადერთი მშვიდობიანი და რეალური გზა, აქაც ევროპის გზაა, რომელიც არცერთ ფარულ გარიგებასა და არცერთ ტყუილ დაპირებაზე არ გადის. სამაგიეროდ, ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავპირდეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებას ერთობლივი განვითარების პერსპექტივა, ადამიანის უფლებების რეალური დაცვა და ნამდვილი მშვიდობა სამხედრო ბაზებისა და მობილიზაციის გარეშე. გათავისუფლდეს უნდა სასამართლო სისტემა - სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩვენი ყველა მოქალაქის მოთხოვნაა. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოს წნეხისა და გავლენებისგან გათავისუფლების გარეშე, ეს ვერ მიიღწევა. ყველამ იცის, რომ სასამართლო ევროპული სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის ძირითადი ქვაკუთხედია. ევროპული გზა ასევე ეკონომიკისა და ბიზნესის გათავისუფლებაა, კანონმდებლობა და სასამართლო კი, ამ გათავისუფლების იარაღი. თუ არ არსებობს სამართლებრივი სივრცის ნდობა, მაშინ ვერც სტაბილურობა იქნება და ვერც გრძელვადიანი ინიციატივა, თუ ინვესტიცია. სამაგიეროდ, ევროპული კანონმდებლობა იცავს ბიზნესს ყოველგვარი არაკანონიერი, თუ პოლიტიკური ჩარევისგან, აჯანსაღებს მთლიანად ბიზნესგარემოს და იძლევა ახალი პოტენციალის გამოჩენისა და ზრდის შესაძლებლობას. მარტივად რომ ვთქვათ, არავინ დაგიბარებთ თქვენი წილების ვინმესთვის დასათმობად, ან სხვა ხარკის გადასახდელად. გათავისუფლებულ ქართულ ბიზნეს რეალური პოტენციალი გააჩნია ევროპული ბაზრის ასათვისებლად. სოციალური გარანტიებით უნდათ მოქალქეებს გათავისუფლება - ევროპულ სოციალურ კანონმდებლობასთან დაახლოება საქართველოს მოქალაქისთვის ნიშნავს იმას, რომ მისი პირადი, ოჯახური, სამსახურებრივი და საზოგადოებრივი სივრცე იქნება დაცული, რაც ადამიანის ღირსების დაცვის უპირველესი ნიშანია. გათავისუფლება უნდა ეხებოდეს საჯარო სამსახურს - თავისუფალი საჯარო სამსახური ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ემსახურება სახელმწიფოს და არა პირად ინტერესებს, გავლენებსა და პარტიულ დიქტატს. სწორედ ესაა ის, რაც ევროპას უდევს საფუძვლად. მთავრობები, მმართველი პარტიები მიდიან და მოდიან, არავინ ერევა ცალკეული საჯარო მოხელეების საქმიანობაში, არავინ ავალებს, ან უკრძალავს მათ სადმე მისვლას, ან არ მისვლას, რამის თქმას და ა.შ; იცვლება პოლიტიკური სპექტრი, საჯარო მოხელე რჩება და მის ხელშია პოლიტიკის თანმიმდევრულობა, სტაბილურობა და სახელმწიფო, თუ ადმინისტრაციული მეხსიერება. შიშისგან და რევანშიზმისგან გათავისუფლებული საჯარო მოხელე ქვეყნის მომავლის საუკეთესო საყრდენია. გათავისუფლებული კულტურა არის ასევე ერთ ერთი ნიშანია თავისუფლებისა, რამეთუ თუ არ არის თავისუფლება, არც კულტურა არ არის. ჩვენი კრეატიული შემოქმედებითი ენერგია, რომელიც ყოველთვის ახასიათებდა საქართველოს. თავისუფალი საქართველო დღესაც იპყრობს მსოფლიო სცენას, გალერეებს, ლიტერატურულ სამყაროს. მაგრამ ამ მიმართულებით მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და მეტი თავისუფლება არა ცენზურა და შევიწროება. ეს არის ის დარგი, რომელშიც საქართველოს ნამდვილად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას და ღირსეულად დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი. არავინ აღარ და აღარასოდეს არ უნდა ჩართოს თავისუფალი სპორტსმენი პოლიტიკის მორევში. ტოტალიტარული რეჟიმის მახასიათებელია მიითვისოს სპორტსმენების გამარჯვებები, მიისაკუთროს მათი მედლები და წარმატებები და ეს ყველაფერი ვითომცდა მმართველი გუნდის დამსახურება იყოს. ეს მათი გამარჯვება კი არა - სპორტსმენებისა და მათთან ერთად, მთლიანად ქვეყნის გამარჯვებაა, ამიტომ ვიზიარებთ ყველა სიხარულსა და სიამაყეს, როცა ისინი საქართველოს დროშასა და ჰიმნს წარადგენენ მთელი მსოფლიოს წინაშე. ეს არის გზა გათავისუფლების, რომელიც უთუოდ გასავლელია. და ამ გზას ვერ გავივლით თუ არ შეეხება პოლიტიკურ სივრცეს: საბჭოთა გადმონაშთი სხვა რაა თუ არა ერთპარტიულობა, ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურის მონოპოლია. საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება. საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც; სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა - წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი - დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში. „ჩვენ კარგად ვიცით, რომ გარეთ ეს ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს მტერს და შიგნით - ხელს უწყობს მშვიდობიანი პროცესის დივერსიად წარმოჩენას, დაშინებას, რეპრესიებს და საბოლოოდ, ავტორიტარული რეჟიმის გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, სტაბილურობის შენარჩუნების გზა მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებზე გადის: „არჩევნები დემოკრატიულობის ერთადერთი გზა და ერთადერთი საზომია, არჩევნები დემოკრატიულობის მთავარი ტესტი, რითაც ასევე უნდა შეფასდეს ჩვენი მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამ არჩევნებით ჩვენ მთავარი არჩევანი უნდა გავაკეთოთ: ან ევროპული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი საქართველო, ან რუსული ყაიდის, ავტორიტარული და იზოლაციაში მყოფი საქართველო! ასეთ არჩევანს კი სახალხო რეფერენდუმი ჰქვია. სწორედ ამიტომ, მომავალი არჩევნები ამ ქვეყნისთვის იმავე მნიშვნელობის იქნება, როგორიც 1918 წლის არჩევნები, ან 1991 წლის რეფერენდუმი იყო - ანუ ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება! ხალხის ხმამ და ხალხის ნებამ ქართველი ერი ხელახლა უნდა დაბადოს და მას საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა დაუბრუნოს.“ „ისინი ქვეყნიდან წასვლაზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, არამედ იმაზე, რომ ეს მიწა მათია და მათ უნდა დაწერონ ქვეყნის მომავლის ფურცელი. გამოსავლის გზა გადის ასევე იმაზე, რასაც 33 წლის განმავლობაში ბოლომდე ვერ მივაღწიეთ, ანუ ქვეყნის „განსაბჭოებას“ -ანუ საბჭოთა სისტემის გადმონაშთების ამოძირკვას. უნდა ამოვძირკვოთ ყველაფერი, რაც იმ შავბნელ წარსულს ახასიათებდა - იზოლაცია, ომი, არარსებული მტრის ხატი, კონსპირაციები და მათი თეორიები, დაპირისპირება, რეპრესიები, ცენზურა, მოსმენა, დასმენა, ფარული ჩანაწერები, კომპრომატების კორიანტელი, მონობა, ორგულობა, ტყუილი, გაუცხოება, შიში და კონფორმიზმი. წარსული წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ჩვენი დღევანდელი ამოცანასწორედ ესაა, რომ გზა გავუხსნათ გათავისუფლებულ მომავალს. ჩვენ დღეს რისი მომსწრენი და მონაწილენიც ვართ სწორედაც, რომ ძველი ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისია!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
დღეს, ისევე როგორც 1918 წელს, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის - საელჩო
„გერმანიის საელჩო ულოცავს საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს! 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა ისტორიული აქტით დამოუკიდებლობა და დემოკრატია აირჩია. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის,“ წერს გერმანიის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში.
პრემიერი: ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში აფხაზ და ოს ძმებთან ერთად
„საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს. „გასული 34 წლის განმავლობაში, საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა. გამოვიარეთ სამი ომი 90-იანი წლების დასაწყისში. 2004-2012 წლებში გამოვიარეთ ფაქტობრივი დამოუკიდებლობის დაკარგვა, ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა და მეოთხე ომი. საზოგადოების გამოუცდელობა და პოლიტიკოსების ღალატი ჩვენს ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით დაკარგვად დაუჯდა. 2012 წლიდან დღემდე, გამოვიარეთ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევის არაერთი მცდელობა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გამოცდილია, ვიდრე დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში იყო, ხოლო ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დგას და მის ეროვნულ ინტერესებს იცავს. სწორედ ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა,“ - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ზეიმობთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „106 წლის წინ, 26 მაისს აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას, რომელმაც, მართალია, მხოლოდ, 3 წელიწადი იარსება, მაგრამ დემოკრატიული მმართველობის უძვირფასესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. 70-წლიანი საბჭოთა მმართველობის დასასრულს, 1990 წელს საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, ხოლო 1991 წელს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მას შემდეგ, საქართველო გადის ერთგვარ მოსეს გზას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, „აღთქმულ მიწამდე“ აუცილებლად მიგვიყვანს. ჩვენი „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის თქმით, „საქართველოს უახლესმა ისტორიამ და თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა განსაკუთრებული სიცხადით დაგვანახა, რომ სუვერენიტეტი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე ეფექტიანი გარანტიაა.“ სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ საქართველოს ეროვნული იდენტობის სამ საყრდენს - მამულს, ენას და სარწმუნოებას. სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავამარცხოთ სიძულვილი, რადგან მტრობით დანგრეულის შენება მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი. 3 ათასწლეულის განმავლობაში, იმპერიათა დაპირისპირების ეპიცენტრში მდებარე ჩვენი პატარა ქვეყანა ქართველებმა სწორედ სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულით გადავარჩინეთ. დიდი იმპერიები ჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, რადგან მათი მამოძრავებელი ერთადერთი ძალა ანგარება და სიძულვილი იყო. ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანას კი, რომელიც მამულს, ენას და სარწმუნოებას იცავდა და ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს არ ივიწყებდა, საუკუნეების მანძილზე ღმერთი იფარავდა. ღმერთის მფარველობით და თითოეული ჩვენგანის შრომითა და ბრძოლით, ჩვენ აუცილებლად ავიხდენთ ქართულ ოცნებას და შევქმნით ერთიან და ძლიერ საქართველოს, რომელიც სუვერენიტეტით, ღირსებით და ფასეულობებით დაიკავებს კუთვნილ ადგილს საერთო ევროპულ ოჯახში,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მან მოგვიანებით, მედიასთან განაცხადა, რომ „საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ვერ დაშლის.“
მეფე ჩარლზ III: ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე
„ვაფასებ ჩვენს ერებს შორის კავშირს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა თუ გარემო და კლიმატის ცვლილება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომავალ თაობებს მომავალი წლების განმავლობაში,“ - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III-ის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა. „მაშინ, როცა თქვენ და ქართველი ხალხი ზეიმობთ დამოუკიდებლობის დღეს, მე და ჩემს მეუღლეს გვსურს, დიდი სიამოვნებით გამოგიგზავნოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა. ვაფასებ ჩვენს ერებს შორის კავშირს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვან გლობალურ საკითხებზე, იქნება ეს მშვიდობა და კეთილდღეობა თუ გარემო და კლიმატის ცვლილება, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომავალ თაობებს მომავალი წლების განმავლობაში. მე და ჩემს მეუღლეს გვინდა, ვისარგებლოთ შემთხვევით და გამოგიგზავნოთ თქვენ და ყველა ქართველს ჩვენი ყველაზე თბილი კეთილი სურვილები,“ - აღნიშნულია წერილში.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო: საქართველო გზაჯვარედინზე დგას
ე.წ. „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს,“ - ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩვენს ასოცირებულ წევრ საქართველოსთან რამდენიმე დღეში 25 წელი უსრულდება. ამ ურთიერთობის მნიშვნელობა ასახულია საქართველო-NATO-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მეშვეობით. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და NATO-ში გაწევრიანების სწრაფვის მიმართ. ჩვენ ვაღიარეთ საქართველო კანდიდატ ქვეყნად იმ პირობით, რომ NATO-ში გაწევრიანება არის გზა, რომელიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა აირჩია და დააფიქსირა კონსტიტუციაში. თუმცა, საერთო დემოკრატიული ღირებულებები NATO-ს ალიანსის საფუძველია და ამ ღირებულებების პატივისცემა აუცილებელი პირობაა NATO-ში გაწევრიანებისთვის,“ - აღნიშნულია განცხადებაში. დოკუმენტის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება. „ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს. თუ ეს კანონპროექტი კანონი გახდება, ის სერიოზულად დააზარალებს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ძირს გამოუთხრის საქართველოს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას და მედია ლანდშაფტს. კანონის ხელახლა წარდგენით და მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიცემული დაპირება. მათ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს მიუღებელი ძალადობით უპასუხეს და არჩიეს უგულებელყოთ უახლოესი პარტნიორების მკაფიო და თანმიმდევრული მოწოდებები,“ - აღნიშნულია განცხადებაში. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს შეფასებით, საქართველო გზაჯვარედინზე დგას. „საქართველო გზაჯვარედინზე დგას. თუ მთავრობას და პარლამენტს სურთ, აჩვენონ, NATO-ში გაწევრიანებისთვის საქართველოს მზადყოფნა მომავალში, ისინი უნდა დაუბრუნდნენ დემოკრატიული რეფორმებისა და დემოკრატიული კონსოლიდაციის გზას. ეს კანონი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ახლა უნდა გაიწვიონ. ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა, რომ სურს დემოკრატიული საქართველო - ევროკავშირსა და NATO-ში. მათ ეს კანონპროექტი მამაცურად გააპროტესტეს. ჩვენ გავაგრძელებთ მათ და მათი მისწრაფებებს მხარდაჭერას. გავაგრძელებთ დიალოგს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან, რათა გადავცეთ ეს მტკიცე გზავნილები, მაგრამ ასევე შევთავაზოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ადიდებულმა მდინარე ვერემ ავტომობილი წაიღო
ადიდებულმა მდინარე ვერემ ავტომობილი წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ მანქანაში მყოფი მოქალაქე გამოყვანილია და უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. ადიდებული მდინარის კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ინფორმაციისთვის, უხვმა ნალექმა ქვეყნის მასშტაბით პრობლემები შექმნა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა წეროვანის დევნილთა დასახლება, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულები და მცხეთის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები. გარდა ამისა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად 15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. სტიქიამ პრობლემები შექმნა კახეთშიც, რეგიონში აიდებულია რამდენიმე მდინარე. ამასთან, GWP-ს ცნობით, 27 მაისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მაისის მეორე ნახევარში მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად, ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით. მისივე ინფორმაციით, ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს ჟინვალის წყალსაცავიდან გადმოდინებული ჭარბი წყალი შეუერთდება. „წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება „წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტით. გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. წყარო
ლიეტუვის პრემიერი: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს
„ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, სუვერენიტეტი ეკუთვნის ხალხს და ქართველმა ხალხმა ცხადად აირჩია ევროპული მომავალი თავისი ქვეყნისთვის,“ – ასე ულოცავს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. „მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ თავიანთი ერის ნება და დაუბრუნდნენ ევროპული ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს კონსტიტუციაშია გათვალისწინებული,” – წერს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ზე.
მოლდოვა რუსეთისგან ოლიგარქ ილან შორის ექსტრადიციას მოითხოვს
კიშინიოვმა რუსეთს მოლდოველი ოლიგარქის ილან შორის ექსტრადირება მოსთხოვა. მას მოლდოვაში დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ვერონიკა მიხაილოვა-მორარუმ ადგილობრივ ტელეარხ, TVR Moldova-სთან ინტერვიუში განაცხადა. 2024 წლის აპრილში შორმა მოსკოვში მისივე სახელწოდების მქონე პარტიის კონგრესზე ახალი პოლიტიკური ბლოკის „გამარჯვება-ვიქტორიის“ შექმნა გამოაცხადა. გაერთიანება მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებისა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმისთვის მომზადებას ისახავს მიზნად. მოლდოვაში, პარტია „შორი“ საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ ზაფხულს აკრძალა. ქვეყნის ამჟამინდელი პროევროპული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსკოვში შორის მხარდამჭერთა ფორუმს "სირცხვილი" უწოდეს." დასავლეთის მიერ სანქცირებული მოლდოველი ოლიგარქი ილან შორი აცხადებს, რომ მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო
სომხეთში წყალდიდობის გამო, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია
სომხეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სახელმწიფოთაშორისი გზა ორივე მიმართულებით დაკეტილია, მიზეზი სომხეთის ლორეს ოქლში მდინარე დებედას ადიდებაა. სომხეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, რომ წყალი ნაპირებიდან გადმოვიდა. წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია. უწყება მძღოლებს საქართველოს საზღვართან მისასვლელად ალტერნატიული გზით სარგებლობას ურჩევს. ვანაძორ-ალავერდის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე დატბორილი და დაზიანებული დაახლოებით 50 მეტრის სიგრძის მონაკვეთი. სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი „შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ბიზნესსუბიექტებს მოუწოდებს, ტვირთების გადაზიდვა საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში და საპირისპირო მიმართულებით „გოგავანისა“ და „ბავრის“ სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით აწარმოონ.“ სამხრეთ კავკასიის რკინიგზის თანახმად, სომხეთის ჩრდილოეთში წყალდიდობის გამო შეჩერებულია ერევანი-თბილისი-ერევნის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა. მდინარე დებედას კალაპოტიდან გადმოსვლას მსხვერპლიც მოჰყვა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა ხიდები და გზები.
ფინეთი რუსეთიდან მიგრაციის შეჩერებისთვის ახალი კანონის მიღებას გეგმავს
ფინეთის პარლამენტი ახალ კანონპროექტს განიხილავს, საშუალებას მისცემს ფინელ მესაზღვრეებს, რუსეთში დააბრუნონ აღმოსავლეთ საზღვრიდან თავშესაფრის საძებნელად ფინეთში ჩასული რუსეთის მოქალაქეები. ფინეთი ახლა ვალდებულია, მიიღოს ყველა მიგრანტი, რომელიც თავშესაფარს ითხოვს, ვიდრე მათი განაცხადები განიხილება. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა ტელერადიოკომპანია Yle-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ კანონპროექტი, პირველ რიგში, რუსეთის საზღვრის გავლით შემოსულ მიგრანტებს შეეხება. ასევე აიკრძალება საზღვარზე თავშესაფრის მოთხოვნა. გამონაკლისი შეიძლება, დაიშვას განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის - მაგალითად, ბავშვებისთვის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის-და მათთვის, ვისაც დაბრუნების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ან წამება დაემუქრება. უფრო მეტიც, ეს საფრთხე უნდა არსებობდეს არა მხოლოდ სამშობლოში, არამედ იმ ქვეყანაში, საიდანაც ლტოლვილი შემოდის ფინეთში, ანუ რუსეთში. მესაზღვრეები დევნილისთვის საფრთხის ხარისხს შეაფასებენ და მათთვის სპეციალური სწავლება ჩატარდება. თუ ფინეთის სასაზღვრო სამსახური არ გამოავლენს თავშესაფრის მოთხოვნის საკმარის საფუძველს, მიგრანტი დაბრუნდება რუსეთში, მაშინაც კი, თუ რუსეთი არ დათანხმდება მის მიღებას. კანონი ასევე საშუალებას მისცემს მესაზღვრეებს, გამოიყენონ ძალა. ფინეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ასეთ პირობებში ისინი შეძლებენ რუსეთთან საზღვრის ნაწილობრივ გახსნას, რომელიც 2023 წლის ნოემბრიდან მთლიანად დაიხურა. ცნობისთის, ფინეთი უერთდება NATO-ს პროექტს, რომელიც რუსეთთან საზღვარზე თავდაცვითი "დრონების კედლის" შექმნას ითვალისწინებს. პროექტში, რომელიც პროვოკაციებისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად, რუსეთის მოსაზღვრე ალიანსის წევრი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას. ფინეთის გარდა, ესენი არიან ნორვეგია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი. ამავდროულად, რუსეთ-ფინეთის საზღვარი სიგრძით ყველაზე დიდი, თითქმის 1272 კილომეტრია.
ლაიენი: თუ გვსურს, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე, გვჭირდება ინვესტიცია თავდაცვაში
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის არაერთგზის მუქარის ფონზე, ევროკავშირი უნდა მოემზადოს შესაძლო ომისთვის და მიიღოს ზომები ერთობლივი შეიარაღებისთვის. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი განმარტებით, ვინც პუტინის მსგავსად ლაპარაკობს და იქცევა, არ სურს მშვიდობა. ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა უკრაინის მუდმივი მხარდაჭერისა და ამავე დროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას. „თუ ჩვენ გვსურს, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს კონტინენტზე, მაშინ გვჭირდება ინვესტიცია თავდაცვაში,” - აღნიშნა ლაიენმა. ევროპელი დიპლომატის თქმით, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ღონისძიებების დაფინანსება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შენატანებიდან მიღებული საბიუჯეტო სახსრებით უნდა განხორციელდეს. ცნობისთვის, ევროკავშირის დამფუძნებელი შეთანხმებები ითვალისწინებს საერთო თავდაცვის პოლიტიკას, მაგრამ არ ითვალისწინებს სამხედრო და თავდაცვის მიზნებისთვის ოპერატიული ხარჯების ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებას.
პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ეს ეს განცხადება ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გააკეთა. პრეზიდენტი ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის ქარტიაში ასახული ვალდებულებები მომავალ პარლამენტში შეასრულოს, ხელმოსაწერა სთავაზობს. “გადავწყვიტე, თქვენ წინაშე წარმომედგინა ერთგვარი სამოქმედო გეგმა, "ქართული ქარტია", რომლის ირგვლივ პოლიტიკურ პარტიებს ვთავაზობ შეჯერებას. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არამხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ, დემოკრატიისთვის. თანხმობა და პირობის დადება ყველა იმ საკითხზე, რომლის შესრულება აუცილებელია არა მხოლოდ ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიისთვის და სამართლიანი სახელმწიფოს დამიკვიდრებისთვის. შევადგინე და წადმოგიდგენთ ქართულ ქარტიას. ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის, მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროსოს მომავალ პარლამენტში. ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულების და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, ამისთვის საჭიროა სხვანაირი ერთობა, სხვანაირი არჩევნები, სხვანაირი მთავრობა. სხვანაირი ერთობა," - აღნიშნა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის განცხადებით, ახალ სამოქმედო გეგმას ის ბრიუსელში წარადგენს. „მე ამ გეგმას და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში, ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა. ეს არ არის მარტივი. ეს გეგმა თქვენს ხელშია. მჯერა ქართული საზოგადოება მზადაა, იმისთვის, რომ ახალი ნაბიჯი გადავდგათ, აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროპაში. გაუმარჯოს საქართველოს!“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. უკვე ცნობილია, რომ „ლელო“ და „ახალი“ უერთდებიან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმას, „ქართული ქარტიას.“