ძებნის რეზულტატი:
რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი „ქართული ქარტია“
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ეს ეს განცხადება ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებაზე გააკეთა. რას ნიშნავს ეს ქარტია, პრეზიდენტის შეთავაზებას სრულად გთავაზობთ. „სხვანაირი ერთობა და მე გეტყვით რას ნიშნავს - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე! ერთობა მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის - ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ. თანხმობა ამ ქარტიის ირგვლივ არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას, არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს. პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე, რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას, საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია როგორი იქნება - ეს უკვე მე არ მეხება. სხვანაირი არჩევნები - დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა და საარჩევნო გარემო არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ყველას მიეცემა საშუალება, რომ წარმოაჩინოს თავისი სახე, პროგრამა, მეობა. ვინაიდან ამ არჩევნებზე უნდა გადავწყვიტოთ არა ის, თუ ვის ვაძლევთ ხმას, არამედ ის, თუ რას ვაძლევთ ხმას, სწორედ ამიტომ, ეს არჩევნები რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი. რეფერენდუმი, რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას: გვინდა თუ არა ევროპა? და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, რეალურად, ხმას ვაძლევთ ,,ქართულ ქარტიას“ და ე.ი. ევროპულ მომავალს! სხვანაირი პარლამენტი - ეს იქნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული ევროპული გეგმის შესასრულებლად არჩეული პარლამენტი. ამ პარლამენტმა უნდა შეასრულოს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები, ამის შემდეგ ამომრჩეველს დაუბრუნებს მანდატს და ახალ, თავისუფალ გარემოში ჩაატარებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს მოკლევადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკებს და მათ შორის, ის, რაც აფრთხობს ამომრჩეველს, რომ რომელიმე ძალას არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება, რაც გვინახავს. სხვანაირი მთავრობა - ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა. მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ჩატარდება პრეზიდენტთან კოორდინაციით. ეს არის გზა, რომელიც არის მშვიდობიანი, მიზანმიმართული, შედეგიანი და უაღრესად ევროპული. ქართველი ხალხი გადაწყვეტილებას მიიღებს დემოკრატიული არჩევნებით, რაც გვიცავს ნებისმიერი დესტაბილიზაციისა და საშიში დაპირისპირებისგან. განსხვავებული აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანზე და არა სხვაგან და რაიმე სხვა ფორმით. ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავლია და მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ დავიცვა გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების ეს გზა. ამავე დროს, ეს გეგმა მიგვიყვანს იმ სიკეეთეებამდე, რასაც დღეს ჩვენი სტრატეგიული მეგობარი, ამერიკა გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ვუბრუნდებით ჩვენს კონსტიტუციით გაცხადებულ და გარანტირებულ საგარეო კურსს. ახლა უნდა გთხოვოთ ცოტა მოთმინება, რათა წაგიკითხოთ ქარტიის ტექსტი, რომ ყველამ იცოდეს, რა პირობები და ვალდებულებები არის აქ ნაკისრი: ქართული ქარტია ქართულ ქარტიაში ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. ნაბიჯები, რომლის შესრულების ვალდებულებას ამ ქარტიაზე ხელმომწერნი იღებენ, ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს. ეს ნაბიჯებია: ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისშესახებ“ კანონი, ანუ რუსულ კანონი, ,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, ე.წ. მოსმენების და ოფშორების კანონები და სხვა. ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამინისტია. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა სასამართლოს გათავისუფლება გავათავისუფლებთ კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით; ეს შემოწმება შეეხება, ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია; შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს; შემოწმება შეეხება ასევე, ყველა ახალ მოსამართლეს. სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის სასამართლოს გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას; სრულფასოვნად ამოქმედდება სასამართლოში საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს საქმეთა განაწილების პროცესში პოლიტიკური გავლენები; მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება; გავაძლიერებთ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატს და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ძირეული რეფორმა შეეხება: ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - კერძოდ: დისციპლინური სამართალწარმოების უფლება, რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია; ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არჩევის უფლება; იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი შეიცვლება: საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი კრიტერიუმებით, ხოლო სიას სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს, რომელიც აირჩევს მათ. საბჭოს წევრებს აეკრძალებათ: სსხვა ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება; ორჯერ არჩევის შესაძლებლობა. საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება: პროკურატურას გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი ქვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით საპროკურორო საბჭო გაძლიერდება სუსი/შსს ძალაუფლების დეკონცენტრაციის მიზნით, ჩატარდება სუსის და შსს-ს ძირეული რეფორმა. თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გავაძლიერებთ და მივანიჭებთ რეალურ დამოუკიდებლობას, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. ანტიკორუფციულ სააგენტოს გამოვყოფთ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მივანიჭებთ რეალურ ბერკეტებს. პირველ რიგში, აღვჭურვილი იქნება კორუფციულ საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებით რაც დღეს არ გააჩნია სააგენტოს ხელმძღვანელს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე. ეროვნულ ბანკს დავუბრუნებთ დამოუკიდებლობას საბჭოს წევრთა რაოდენობის გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით. გამოირიცხება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ბრძანება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთშორისო ვალდებულებებს. მარეგულირებელ ორგანოებს გავათავისუფლებთ პოლიტიკური გავლენებისგან და დამოუკიდებელი ხელმძღვანელები დაინიშნებიან დემოკრატიული წესით. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები: დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა. ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა ჩვენ, ამ ქარტიაზე ხელისმომწერნი, ვინც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხისგან მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, რომ შევასრულებთ ამ ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე მომზადდება და ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, ვდებთ პირობას, რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. --------------- ამ გეგმას ვთავაზობ პოლიტიკურ პარტიებს (ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვთ პრეტენზია და ამბიცია, რომ იყვნენ პროევროპული, პროდასავლური პარტიები), 1 ივნისამდე გადაწყვიტონ იღებენ თუ არა ამ ძალიან რთულ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, ამ ნაბიჯების გადადგმასა და შესრულებაზე. შემდეგ უკვე ძალიან მოდის საარჩევნო კამპანიის დრო, სადაც თქვენ წინაშე წარდგებიან ამ ქოლგის ქვეშ, რომელიც გააერთიანებს პროევროპელ პარტიებს (ცალ-ცალაკე თუ ერთად, თუ როგორც მათი ნება იქნება). მე კი ამ გეგმას და ახალ პოლიტიკურ მოდელს ბრიუსელში ჩვენს პარტნიორებთან წარვადგენ, რათა უმოკლეს ვადაში შევძლოთ აღვადგინოთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მოლაპარაკებების გახსნა. ეს არ არის მარტივი. ეს გეგმა თქვენს ხელშია. მაგრამ მე მჯერა, რომ ქართული საზოგადოება მზად არის იმისთის, რომ გადავდგათ ახალი ნაბიჯი და აჩქარებული ტემპით შევიდეთ ევროპაში.“
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სადახლო“ დროებით შეჩერებულია მუშაობა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინერე ,,დებედამ“ დააზიანა (საქართველოს საზღვართან 3 კილომეტრში), სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე, სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც, სრულად შეჩერებულია საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბაგრატაშენის“ მუშაობის პროცესი. „შესაბამისად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეწყვეტილია. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება. ორივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაცია მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ეთმანეთთან და სრულად აკონტროლებენ არსებულ ვითარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ტვირთბრუნვის განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილები გადამისამართებული არიან,საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე შემდეგ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - ,,ნინოწმინდა“ და ,,გუგუთი.“ ამასთან, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო გამშვები პუნქტი "სადახლო სარკინიგზოს"მიმდებარე ტერიტორია. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტი კოორდინირებულად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტები - „სადახლო საავტომობილო“ და ,,სადახლო სარკინიგზო“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებენ მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება,“ წერია გავრცელებულ ინფომაციაში. სომხეთში წყალდიდობის გამო, საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა დაკეტილია
ზელენსკი: ჩვენი ორივე ერი იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი და აყვავებული, საქართველოს გაუმარჯოს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „გულითადად ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენმა ორივე ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეიძლება, მოიპოვო და არა საჩუქრად მიიღო. ქართველ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობას და თავისი სახელმწიფოებრიობისა და კავშირების განმტკიცებას ყველა სხვა თავისუფალ ერთან. ასევე ვისურვებ, რომ შესანიშნავი ქართული კულტურა, თვითმყოფადობა და სტუმართმოყვარეობა წლების განმავლობაში განივრცოს. ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებით, ჩვენი ორივე ერი იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი და აყვავებული. საქართველოს გაუმარჯოს!“
ენტონი ბლინკენი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა აჩვენა ურყევი ერთგულება საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ და ის იყო საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერების ძალისხმევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ. ეს იყო მნიშვნელოვანი თორმეტი თვე ქართველი ხალხისთვის, მათ შორის, საქართველოს ისტორიული მიღწევა - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ევროატლანტიკური მომავლისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას. მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, გადადგან ნაბიჯები, რათა საქართველომ წინ წაიწიოს სწორი მიმართულებით. ამ დღეს, როდესაც ქართველები ყველგან ზეიმობენ, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს ძლიერ სურთ და რომელსაც ასე უხვად იმსახურებენ,“ წერია ბლინკენის განცხადებაში.
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა
ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. საარჩევნო უბნების თითქმის 90 პროცენტის ბიულეტენების დათვლის შემდეგ, ნაუსედამ ხმების დაახლოებით სამი მეოთხედი, 76% დააგროვა. მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ არჩევნებში დამარცხება აღიარა. გამარჯვების შემდეგ ნაუსედამ მხარდაჭერებს განუცხადა, რომ ის ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე მუშაობას გააგრძელებს. საპრეზიდენტო არჩევნების ორივე კანდიდატი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას (მშპ-ს 2.75%-დან 3%-მდე)ემხრობა. საპრეზიდენტო კამპანიის დროს, 2,8 მილიონიან ქვეყანაში დომინანტური ადგილი ეკავა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის საკითხს. ლიეტუვა ესაზღვრება რუსეთის ექსკლავას კალინინგრადის დასავლეთით და ბელორუსს აღმოსავლეთით. ნაუსედამ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვა უკრაინასთან დაკავშირებით თავისი პოზიციით და NATO-ს მოკავშირეებისადმი მოწოდებით, გააძლიერონ სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარი. სამ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რაც ქვეყანამ, ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ უმასპინძლა უდიდეს სამხედრო წვრთნებს თავის ისტორიაში. წვრთნები ამ თვის განმავლობაში მოიცავდა კომენდანტის საათსაც ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში.
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა
69 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე. ინფორმაციას რუსთაველის ეროვნული თეატრი ადასტურებს: „უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის რუსთაველის ეროვნული თეატრი დღეს! ჩვენი უძვირფასესი, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა!“ ტრისტან სარალიძე დაიბადა ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული („12 განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“) და სხვ. 2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება. გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა.“
ჯოზეფ ბორელი: აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ
„აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ,“ – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება. „აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ. საქართველოს შესახებ საკითხი არის დღის წესრიგში. ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მსოფლიო პატრიარქი ქართველ ხალხს: თქვენი თანამემამულეების ერთობა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ნათლად ვლინდებოდა, დღეს მთელ მსოფლიოში აღინიშნება
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „პასექის სიხარულის ბრწყინვალე პერიოდში, ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულო დღეებში, შევიკრიბეთ ედირნექაფის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში, რათა ვიზეიმოთ არამხოლოდ განრღვეულის კვირა, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ეს დღე, 26 მაისი, განსაკუთრებული მოვლენაა თავისუფლებისმოყვარე და ღმრთისმოშიში ქართველი ხალხის გულებში. ეს არის დღე, რომელიც სიღრმისეულად უკავშირდება თავისუფლების, რწმენისა და სიმტკიცის სულისკვეთებას, რამაც ქართველი ხალხი ისტორია განსაზღვრა. ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესუ ქრისტეს მაგალითისა და სწავლების ერთგულით, ქართველმა ხალხმა დიდი ბრძოლები გადაიტანა პირადი და საერთო თავისუფლების შენარჩუნების, თავისი ეკლესიისა და ქვეყნის არსებობის დაცვისათვის. ღმრთის წყალობით, ქართველმა ხალხმა საკუთარი სისხლის გაღებით, თავგანწირვითა და ღირსებით შეინარჩუნეთ თქვენი წეს-შვეულება და ღირებულებები, რამაც მოგცათ ბოლო საუკუნეებში უკანოდ და ძალადობრივად წართმეული ეკლესიის ავტოკეფალიისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის ძალა. საუკუნეზე მეტი ხნის უწინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველომ აღიდგინა რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული სახელმწიფოებრიობა და დაფუძნდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა; მანამდე კი, 1917 წლის 25 მარტს საეკლესიო ავტოკეფალია დაიბრუნა. სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. რუსეთიდან მოსულმა ათეისტურმა ხელისუფლებამ დაამხო ახლადშექმნილი რესპუბლიკა და საქართველოს სამოცდაათ წელიწადზე მეტი, საბჭოთა კავშირად წოდებულ, იძულებით გაერთიანებაში, დამამცირებელ მდგომარეობაში მოუწია არსებობა. როგორც მანამდე, საბჭოთა წყობის პერიოდშიც, საფრთხე დაემუქრა ქართველი ერის იდენტობის ყველაზე საციცოცხლო ნაწილს - ქართულ ენას. საბჭოთა ხელისუფლების მიერ საქართველოში სახელმწიფო ენის საკონსტიტუციო სტატუსი შეცვლის მცდელობის საპასუხოდ, 1978 წლის 14 აპრილის გამოსვლებმა აჩვენა ქართველი ხალხის, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობის გამძლეობა და მიზანდასახულობა იდენტობის დაცვისათვის ბრძოლაში. 1989 წლის 9 აპრილის, საბჭოთა ჯარმა უმოწყალოდ დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნისათვის მებრძოლი ქართველი პატრიოტები და დახოცა ოცდაერთი ახალგაზრდა. ამ მსხვერპლის გაღებიდან ორი წლის შემდგომ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოცხადა და საბოლოოდ საბჭოთა კავშირიც დაიშლა. იმავდროულად, 1990 წელს საქართველოს უძველესი ეკლესიის ავტოკეფალიისა და საპატრიარქო სტატუსის ისტორიულმა აღიარებამ კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის მიერ, განამტკიცა ქვეყნის საეკლესიო თვითმყოფადობა. ეს პატივი, მოვალეობა და პრივილეგია მინდობილია ეკლესიის მწყემსმთავარზე, მღდელმთავრებზე, სამღდელოებასა და მრევლზე და დამოკიდებულია მათ მუდმივ სიფხიზლეზე, წინდახედულობასა და ურყევობაზე. ამის მიუხედავად, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და პიროვნული თავისუფლების შესანჩუნება და განმტკიცება არამხოლოდ ერთი ჯგუფის მოვალეობაა, არამედ, უნდა დაეყრდნოს ყველა საქართველოში მცხოვრებთ - განურჩვლად პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიიური კუთვნილებისა. თქვენი თანამემამულეების ერთობა, რომელიც გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის ნათლად ვლინდებოდა, სასურველია და აღინიშნება თქვენს სამშობლოში და მთელ მსოფლიოში დღეს. საქართველოს მიერ ერთიანობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების აღდგენის მრავარიცხოვანი თარიღებიდან, 26 მაისი შეირჩა, რაც იესუ ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის პასექის ორმოცდაათდღიან პერიოდში აღინიშნება და გილოცავთ ამ საეკლესიო და სახელმწიფოებრივ უდიდეს დღესასწაულებს.ამ ზეიმს დაემთხვა ჩვენი ძვირფასი ქართული სამრევლოსათვის წინამძღვრად მამა ილიას დადგენის ოთხი წლისთავი. ამ პერიოდში მნიშნელოვნად გააქტიურდა ქართული კულტურული და სულიერი ცხოვრება და იქცა საერთო სახლად სახლიდან მოშორებით. იმ მრავალრიცხოვან სამრევლო წამოწყებათა შორის, დღევანდელი საკვირა სკოლის ღონისძიება ამდიდრებს ამ გარემოს, კვებავს მომავალ თაობას რწმენასა და საკუთარი მემკვიდრეობის ტრადიციებში. ვიხსენებთ ამ მნიშნვნელოვან დღეს და თქვენს მდიდარ ისტორიას, ვლოცულობთ თქვენი ჯანმრთელობისთვის და გისურვებთ მადლიერებით განარგძოთ ღმრთის დიდება თქვენს ცხოვრებაში და დარჩეთ საქართველოს ღირსეულ და პასუხისმგებელ პატრიოტებად. დაე, ჩვენი უფლის აღდგომის სიხარული იყოს შთამაგონებელი და წინამძღვარი თქვენს ყველა წამოწყებაში.“
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს ვეტო
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ დაძლიოს ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტზე დადებული ვეტო. საკითხი დღეს, 27 მაისს, განიხილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ლევან იოსელიანიც ესწრება. „ჩემი აქ მოსვლის მიზანი და მიზეზი არის მხოლოდ ერთი - გამოვხატო და გავაჟღერო ის პოზიცია, რაც სახალხო დამცველს აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. მოვედი სიმართლე გითხრათ, კიდევ იმიტომ, რომ ის სიტუაცია, რაც დღეს არის ქვეყანაში, ის დაძაბულობა საჭიროებს მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას და იმ ყველაფრის გათვალისწინებას, რაც თითქმის ორი თვეა თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა. მანვე აღნიშნა, რომ ლეგიტიმურია ხელისუფლების მიზანი, უცხოეთიდან შემოსულ თანხებზე გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტი დააწესოს, თუმცა ამის მიღწევა სხვა კანონებში ცვლილებების შეტანითაც შესაძლებელი იყო. „ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს. ამიტომ შესაძლებელია, რომ პარლამენტმა უარი თქვას ამ ვეტოს დაძლევაზე და გადაავადოს და გაჩნდეს სივრცე სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანაზე... ჩემი აზრით, ხშირად უკან დახევა არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი იყოს,“ - აღნიშნა სახალხო დამცველმა. სახალხო დამცველს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჰკითხა, შეეძლო თუ არა პრეზიდენტს ვეტოს პროცედურის ფარგლებში ისეთი შეთავაზება წარედგინა პარლამენტისთვის, რომლითაც სხვა კანონში ცვლილებების შეტანა გახდებოდა შესაძლებელი. „მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა დისკუსიის სივრცეს. სამწუხაროდ, ის, რაც არის წარმოდგენილი, ამ სივრცეს არ იძლევა და სწორედ ეს არის ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზანი და პარლამენტმა თავისი მოქმედებით - ვეტოს არდაძლევით - შეძლოს ამ დისკუსიის სივრცის გაჩენა,“ - უპასუხა ანრი ოხანაშვილს ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლების ცნობით.
კამალა ჰარისი: შეერთებული შტატები ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი პრეზიდენტ ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა, ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება, საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის. შეერთებული შტატები სამ ათწლეულზე მეტია, მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცედ გრძელდება. ჩვენი პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, საერთო ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემას. ჩვენ მხარდამხარ ვიბრძოდით ავღანეთში და შეერთებული შტატები არის საქართველოსთვის საგარეო დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რათა ხელი შეუწყოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის აშენებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და თქვენი სამხედრო ძალების მოდერნიზებას. ქართველი ხალხი ნათლად აცხადებს, რომ მას სურს მომავალი ევროკავშირსა და NATO-ში. მათ მიაჩნიათ, რომ უცხოური აგენტების კანონპროექტი ამ მომავალს საფრთხეს უქმნის და ამიტომ მკაცრად ეწინააღმდეგებიან მას. მათ აქვთ სრული უფლება მიისწრაფოდნენ ამ მომავლისკენ და ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული მათი მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ხელშესაშლელად. ჩვენ ვაფასებთ თქვენს ლიდერობასა და ძალისხმევას, დაიცვათ სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. თქვენს ძალისხმევას კვლავ ექნება არსებითი მნიშვნელობა, რადგან ქართველ ხალხს თქვენი იმედი აქვს, რომ დაიცავთ დემოკრატიასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. შეერთებული შტატები თქვენი და ყველა ქართველის გვერდით დგას უკეთესი მომავლისკენ სწრაფვაში,“ წერია წერილში, რომლის თარგმანსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.
იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. რაც შეეხება პლენარულ სხდომას, როგორც ცნობილია, პარლამენტი აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალინდელ სხდომაზე გეგმავს. ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავდა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო. პრეზიდენტი ამბობს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს. „ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში - ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე", - წერს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ევროკავირმა პუტინთან დაახლოებულ უკრაინელ ოლიგარქს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა უკრაინელ ბიზნესმენს და პოლიტიკოსს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ ვიქტორ მედვედჩუკს, მასთან დაახლოებულ არტიომ მარჩევსკის და პროპაგანდისტულ საინფორმაციო პორტალ Voice of Europe-ს. მარჩევსკი ამ პორტალის ხელმძღვანელია. ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, ევროკავშირი დაეთანხმა ჩეხეთის წინადადებას და სანქციების სიას დაამატა პირები, რომლებიც კრემლის რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობენ. მანამდე, 2024 წლის მარტში ჩეხეთმა მედვედჩუკს, მარჩევსკის და Voice of Europe-ს სანქციები ეროვნულ დონეზე დაუწესა. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ეს შეზღუდვები უკვე მოქმედებს ეროკავშირის 27-ვე ქვეყანაში. მედვედჩუკი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. მასთან დაახლოებული პროდიუსერი, უკრაინის მოქალაქე მარჩევსკი ბოლო დრომდე ჩეხეთში ცხოვრობდა, ამ ქვეყნის მიერ სანქცირების შემდეგ კი, მეზობელ სლოვაკთში გადავიდა.
სოსო ფხაკაძე: ქვეყანაში შექმნილი ვითარების განსამუხტად, ხელისუფლებამ ან ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის იანვარი
"ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად ხელისუფლებას 2 გზას სთავაზობს. კერძოდ, ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს განხილვა უნდა გადადოს, ან კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი. როგორც სოსო ფხაკაძე სოციალური ქსელ LinkedIn-ში წერს, ზემოთ მოყვანილი ორივე "ოფცია" ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს. „როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე და ბიზნესმენი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. წინა განცხადების მსგავსად, კვლავ, ხაზგასმით და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგულებისა და ამ კურსის უალტერნატივობის შესახებ. ვინაიდან, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის განსამუხტად დღემდე ვერ გამოინახა კონკრეტული კომპრომისული გზა, ჩემი აზრით, მიზანშეწონილი იქნებოდა, ქვემოთ მოცემული ორი "ოფციიდან" ერთ-ერთის არჩევა. პირველი, ხვალ ხელისუფლებამ გადადოს ვეტოს განხილვა; ავიღოთ გარკვეული პერიოდი და ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შემდგომი კონსულტაციებისთვის, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებული საგარეო პოლიტიკური კურსი. ან მეორე ოფცია, არსებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და კანონში ცვლილების განხორციელების გზით, კანონის ამოქმედების ვადად განისაზღვროს 2025 წლის დასაწყისი, ვთქვათ, 1-ელი იანვარი. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნების შედეგები იქნებოდა განმსაზღვრელი, თუ რამდენად მისაღებია ეს კანონი ჩვენი მოსახლეობისთვის. აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე "ოფცია" ეფუძნება არსებული ვითარების ანალიზს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ვფლობ როგორც ერთ-ერთი ბიზნესმენი. იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირების მიერ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას,“ - წერს ფხაკაძე. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ე.წ. უცხოური აგენტების კანონის საპასუხო ზომები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, რომელზეც საქართველოს საკითხიც განიხილეს, სიტყვით რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა. განიხილავდნენ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის შესაძლო საპასუხო ზომებს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ეს კანონი არღვევს საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ მიცემულ სამ დათქმას და არ შეესაბამება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. მან პირობა დადო, რომ ამ საკითხზე საჯაროდაც განაცხადებს. კოპენჰაგენის კრიტერიუმები: პოლიტიკური - „იმ ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, უმცირესობების პატივისცემასა და დაცვას”. ეკონომიკური - „ფუნქციური საბაზრო ეკონომიკა და იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს კონკურენციის წნეხსა და საბაზრო ძალებს ევროკავშირის შიგნით”. წევრობით ნაკისრ ვალდებულებებთან გამკლავების უნარი - „მათ შორის იმ წესების, სტანდარტებისა და პოლიტიკის გატარება, რომელთაგანაც შედგება ევროპული კანონმდებლობა”. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს მთავრობის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უნდა დაიწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები და ასევე შედგეს მთავრობათაშორისი კონფერენცია (Intergovernmental conferences IGC), რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის ფორმალურ პროცედურას. ამასთან, დისკუსია იყო ხანმოკლე, გასტანა დაახლოებით 20 წუთს და მასში მონაწილეობდნენ ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დანიის, შვედეთის უნგრეთის, ბულგარეთის, ნიდერლანდისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. მანამდე, ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბარში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნამ ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს მთავრობა შორდება ევროპულ გზას, მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს.“ „ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვიყავით საქართველოში და ვითარება ნამდვილად, ნამდვილად შემაშფოთებელია. ერთი საკითხია „უცხოური აგენტების“ კანონი, მაგრამ საქმეა იმაშია, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას შორდება და მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს. ასე რომ, ჩვენ დღეს ასევე დავაყენებთ საქართველოს საკითხს, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, მკაფიო უნდა იყოს პასუხთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას შეღავათები, ეს ეხება უვიზო მიმოსვლას, ნებისმიერი სახის მხარდაჭერას, ასევე, კანდიდატი ქვეყნის ოფიციალურ სტატუსს. ასე რომ, განვიხილავთ საქართველოსთან დაკავშირებულ სიტუაციასაც, რადგან ქართველს ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს მთავრობაც ამას დაპირდა არამხოლოდ ხალხს, არამედ, ევროკავშირსაც. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ გზის მიმართ ნაჩუქარი არ არის, რადგან საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს შეთანხმებული გზის ცხრა პირობა,“ - აღნიშნავდა მარგუს ცაჰკნა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ახლა ისე უნდა განაგრძოს სვლა, როგორც ეს ევროკავშირთან და ქართველ ხალხთან შეათანხმა. „პირველ რიგში, რაც გვინდა, არის ის, რომ გვსურს, კომისიისგან მივიღოთ ცხრა ნაბიჯის შესახებ მიმოხილვა, ასევე, რეაქციების მომზადება. ვგულისხმობ როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ასევე პერსონალურ სანქციებს, თუ ეს შესაძლებელია, ასევე ვიზების რეჟიმის შესაძლო შეჩერებისა და გადახედვის შესახებ. ასე რომ, იმიტომ, რომ ყველაფერი მიეცა საქართველოს მთავრობას, ის ნაჩუქარი არ არის, საქართველოს ხელისუფლებამ ახლა ისე უნდა განაგრძოს სვლა, როგორც ეს ევროკავშირთან და ქართველ ხალხთან შეათანხმა,“ - ამბობდა ესტონელი დიპლომატი. მისმა ლიეტუველმა კოლეგამ თავის მხრივ, არ გამორიცხა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს. „საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც შეიძლება, გამოვიდეს დღევანდელ შეხვედრაზე, არის ის, რომ იქნება განახლება, საჯარო განახლება ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე მოვლენები უნდა აისახოს და ვიმედოვნებ, რომ იქნება ძალიან მკაფიო სიგნალი ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კანონის საბოლოო ვერსია მიიღება, საქართველო ვეღარ გააგრძელებს ევროკავშირის გზას,“ - ასეთი იყო გაბრიელიუს ლანდსბერგისის პოზიცია. კითხვას, რას ნიშნავს ეს, ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა: „იქნება გადაწყვეტილება, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც მიენიჭა საქართველოს პირობით და ეს პირობები არ შესრულდა, ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი აღარ არის,“ - აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. შეიძლება თუ არა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს, მან ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „პოლიტიკურად კი, ეს პოლიტიკური კონცეფციაა. ასე რომ, შეიძლება, შეჩერდეს.” უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ასევე მიუღებელია შვედეთისთვისაც, რადგან ის „ასახავს კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში, რომელიც რეალურად მოდელია.“ ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტობიას ბილსტრომმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „შვედეთის მთავრობის პოზიცია ნათელია. საქართველოში არსებული ვითარება ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ კანონის მიღება, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებსაც უცხოური აგენტების იარლიყს აკრავენ. ეს მიუღებელია, რადგან ის ასახავს კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში. ის რეალურად მოდელია. მიუღებელი იქნება თუ მიიღებენ. ეს უნდა იყოს მკაფიო გზავნილი ევროკავშირიდან როგორც საბჭოდან, ასევე კომისიიდან, რომ თუკი კანონს მიიღებენ, ეს ურთიერთობებში ცვლილებას ნიშნავს,“ - აღნიშნა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობა სურს. „ისინი არ არიან ამ კანონპროექტის მომხრე, რაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებში გამოჩნდა. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ქართველი ხალხის მხარეს,“ - აღნიშნა ტობიას ბილსტრომმა. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუმინიცა ოდობესკუმ ამავე შეხვედრის წინ, მედიას განუცხადა, რომ უცხოური გავლენის კანონის მიღება ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგს. მისი შეფსებით, საქართველო უნდა იყოს პროგნოზირებადი და თავის ევროპულ დღის წესრიგთან თანმიმდევრული. „რუმინეთი სრულად უჭერს მხარს ქართველო ხალხის ევროპულ მისწრაფებას,“ - აღნიშნა რუმინელმა დიპლომატმა. ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობდა. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ დღეს საქართველოს შესახებ მოკლე დისკუსია გაიმართა. მისივე ინფორმაციით, კომისია ადასტურებს, რომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონი არღვევს 9-დან 3 რეკომენდაციას და ისინი მოამზადებენ ივნისის მომდევნო შეხვედრის წინ, ოფციების შემცველ დოკუმენტს მოამზადებენ. ამასთან, „ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება.“
ბორელი: კანონის მიღების შემთხვევაში შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ - გადაწყვეტილებას ივნისში მივიღებთ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააუქმოს. ბორელის თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემთხვევაში შესაბამისი პასუხების განხილვა დაიწყო, თუმცა გადაწყვეტილებას ივნისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღებენ. „ჩვენ საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აზრები გავცვალეთ. ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია, არც თუ ისე სამწუხაროა, ზოგიერთი თვლის, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ნახსენები იყო ვენეციის კომისიის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის თანახმად, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონი გააუქმოს. კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის შესაფერისი პასუხების განხილვა დავიწყეთ და გადაწყვეტილების მიღება ივნისში გასამართ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მოხდება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ევროკავშირის წევრები მზად იყვნენ, გადაწყვეტილებები ყოველ ჯერზე მიიღონ, როცა ისეთი რამ მოხდება, რაც არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არ შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, არ შეესაბამება ევროპულ გზას, არამხოლოდ საქართველოში, არამედ, მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მანვე აღნიშნა, რომ დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს გადაწყვეტილება არ მიუღიათ. „ჩვენ განვიხილეთ მომავალი არჩევნები, ქართველ ხალხს ხმის მიცემა თავისი ქვეყნის ტრაექტორიისთვის მოუწევს და მთავრობის ქმედებებმა შეიძლება, საბოლოოდ გავლენა მოახდინოს იმ სარგებელზე, რომელსაც ისინი ევროკავშირში ინტეგრაციის შედეგად იღებენ, თუმცა გადაწყვეტილება არ მიგვიღია,“ - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.
უკრაინამ და ბელგიამ უსაფრთხოების შეთანხმება გააფორმეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კროომ ბრიუსელში ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. შესაბამისად, ბელგია წელს უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის სულ მცირე 977 მილიონ ევროს გამოყოფს. კერძოდ, ასეთი ვალდებულება, ისევე როგორც ბელგიის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს უკრაინას შეთანხმების ათწლიანი ვადის განმავლობაში, აღნიშნულ დოკუმენტშია ასახული. „პირველად, უსაფრთხოების ასეთი შეთანხმება განსაზღვრავს სამხედრო თვითმფრინავების კონკრეტულ რაოდენობას, რომელიც გადაეცემა უკრაინას - 30 ერთეული F-16 2028 წლამდე. უფრო მეტიც, პირველი მოიერიშე თვითმფრინავები წელს უნდა გადაეცეს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. ბელგია ასევე იძლევა გარანტიას, რომ უზრუნველყოფს დროულ დახმარებას უსაფრთხოების სფეროში, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის მიწოდებას, უკრაინის საჭიროებების გათვალისწინებით. ამასთან, დოკუმენტში საუბარია თავდაცვის ინდუსტრიაში ორმხრივ თანამშრომლობაზე, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მხარდაჭერაზე, სანქციების გაძლიერებაზე, დანაკარგების კომპენსაციაზე, აგრესორის პასუხისგებაში მიცემაზე, კონფისკირებული რუსული აქტივების უკრაინის საჭიროებებისთვის გამოყენებაზე. გარდა ამისა, გაღრმავდება თანამშრომლობა დაზვერვის, კიბერუსაფრთხოების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. გარდა ამისა, შეთანხმებაში ბელგია ნათლად ადასტურებს უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში მომავალი გაწევრიანების მხარდაჭერას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განმარტავენ, რომ ბელგია არის მე-11 ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი შეთანხმება გააფორმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ძალაშია
28 მაისიდან ძალაში შედის „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმება.“ აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში შესვლის შემდეგ ერთჯერადად 30 დღე. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქის უვიზოდ ყოფნის ხანგრძლივობა არ ექვემდებარება გახანგრძლივებას, გარდა ჰუმანიტარული მიზნების და ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევებისა. შეთანხმება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გეგმავენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედიასაშუალებაში საქმიანობას, ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას. ასეთ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, გამგზავრებამდე მიიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა. ჩინეთში მოგზაურობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს თან უნდა იქონიონ: პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა ჩინეთში ყოფნის პერიოდს უნდა აღემატებოდეს არანაკლებ ექვსი თვით, სასტუმროს ჯავშანი და სამოგზაურო დაზღვევა. აღსანიშნავია, რომ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, მესაზღვრე ოფიცერი უფლებას იტოვებს ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტა პირის ქვეყანაში შეშვებაზე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე შეზღუდულია სხვადასხვა სოციალური და მობილური პლატფორმით სარგებლობა. ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ელექტრონული გადახდის სისტემები – Alipay, WeChat Pay. ამასთან, WeChat Pay-ზე ელექტრონული საფულის შევსება შესაძლებელია მხოლოდ ჩინური საბანკო ბარათით, ხოლო Alipay-ს შევსება შესაძლებელია ნებისმიერი უცხოური ბარათითაც. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამართალდარღვევის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება ჩინური კანონმდებლობის ნორმებს. საქართველოს საკონსულო სამსახური მოქალაქეს დახმარებას უწევს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში აკრძალულია სამხედრო, სამთავრობო და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობებისთვის ფოტო-ვიდეო გადაღება, თუ ეს წინასწარ არ არის შეთანხმებული შესაბამის სამსახურებთან. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ” ხელი მოეწერა 2024 წლის 10 აპრილს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.
პარლამენტი ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს, მიმდინარეობს საპროტესტო აქცია
პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები იქ მმართველი გუნდის მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცესის პარალელურად შეიკრიბნენ. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. შედარებით მასშტაბური აქცია პარლამენტთან 17:00 საათზეა დაგეგმილი. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 27 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ბორელი: ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ევროკავშირში მისი მომავლის მიმართ ერთგულების ტესტი იქნება
„უცხოური გავლენის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. თუ კანონი ამოქმედდება, ეს საქართველოს ევროკავშირის გზაზე გავლენას მოახდენ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომლითაც ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის შედეგებს აჯამებს. „ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში საგარეო საქმეთა საბჭოზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის ევროკავშირში მისი მომავლის მიმართ ერთგულების გამოცდა იქნება,“ - წერს ბორელი.
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი ხვალ 2.7847 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7680 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 3.0295 ლარია. დღეს ევრო 3.0058 ლარი ღირდა. ახალი კურსი ხვალ, 29 მაისს ამოქმედდება. 28 მაისს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.