ძებნის რეზულტატი:

ჰელსინკის კომისია: ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელ X-ზე Politico-ს სტატიას აზიარებს, რომელშიც საუბარია, რომ ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის კანონპროექტის თანახმად, ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლის შემთხვევაში, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს. „ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ,“ - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია. ცნობისთვის, Politico-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ჯო უილსონი, კანონპროექტს MEGOBARI Act, კონგრესს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. კანონპროექტი ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებასაც ითვალისწინებს. Politico: აშშ საქართველოსთვის უსაფრთხოების პაკეტსა და ვიზლიბერალიზაციას განიხილავს, თუ თბილისი ანტიდემოკრატიულ კურსს შეცვლის  

ვაშინგტონის შეფასებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ ისრაელის „ჰამასთან“ გაიგივება სამარცხვინოა

ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერების მოთხოვნის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას, აშშ კატეგორიულად არ ეთანხმება. შესაბამის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს. „ამერიკის შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის დღევანდელ განცხადებას, რომ ის „ჰამასის“ ტერორისტებთან ერთად ისრაელის მაღალჩინოსნების დაპატიმრების ორდერებსაც მოითხოვს, კატეგორიულად უარყოფს,“ - აცხადებს ენტონი ბლინკენი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონფლიქტამდე დიდი ხნით ადრე აშშ-მ ნათლად აჩვენა ის, რომ ამ საკითხში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია არ აქვს და იგი წევრი სახელმწიფოების მიერ შეიქმნა, როგორც შეზღუდული იურისდიქციის მქონე სასამართლო. ენტონი ბლინკენის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სასამართლოს წევრი არ არის, იგი პროკურორთან თანამშრომლობისთვის მზად იყო და მომავალ კვირას პროკურორი ისრაელში გამოძიების განსახილველად უნდა ჩასულიყო. „ჩვენ პროკურორის მიერ ისრაელის „ჰამასთან“ გაიგივებას უარვყოფთ. ეს სამარცხვინოა. „ჰამასი“ სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ებრაელების ყველაზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა განახორციელა და დღემდე ათობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ამერიკელები, მძევლად ჰყავს,“ - აღნიშნა ბლინკენმა. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიენტის შეფასებით, აღმაშფოთებელია სისხლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მოთხოვნა, გაიცეს ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერი. „ნება მომეცით მკაფიოდ ვთქვა: რაზეც არ უნდა იძლეოდეს მინიშნებებს ICC-ის პროკურორი, შეუძლებელია ტოლობის ნიშნის დასმა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ისრაელის მხარეს და ვიბრძოლებთ მისი უსაფრთხოებისთვის.“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარმა პროკურორმა 20 მაისს განაცხადა, რომ სურს, დაპატიმრების ორდერები გაიცეს ისრაელის ლიდერებზე, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ჩათვლით, ისევე, როგორც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის ხელმძღვანელებზე. ორდერების მოთხოვნა უკავშირდება ქმედებებს შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე ომში. მთავარი პროკურორის, კარიმ ხანის აზრით, ნეთანიაჰუ, მისი თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი და ჰამაასის სამი ლიდერი - იეჰია სინვარი, მოჰამედ დეიფი და ისმაილ ჰანიე - პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ღაზის სექტორსა და ისრაელში.  

„ქართული ოცნება“: საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს - „გამჭვირვალობის კანონი“ ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი

„ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული, ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო - საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, რითაც მმართველი პარტია გამოცემა Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ თქმით, ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება საქართველოს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ და „თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც.“ „გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება "ენჯეოების" გამჭვირვალობის შესახებ კანონს გაიწვევს, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ მიიღებს, არჩევნებს კარგად ჩაატარებს და ამერიკის მიმართ უარყოფითი რიტორიკისგან თავს შეიკავებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, კანონპროექტი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს. კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია. უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიცირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა. თუმცა, ვინაიდან ახალმა კანონპროექტმა ქართველ რადიკალებს უკვე შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი სპეკულირებისათვის, მასზე გამოხმაურება საჭიროდ მიგვაჩნია. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასაც და ამერიკელი ჩინოსნების კრიტიკასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. უკვე მრავალი წელია, საქართველოს ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში უწევს ცხოვრება, რაშიც საკვანძო როლს სწორედ გარედან დაფინანსებული "ენჯეოები" ასრულებენ. მეტიც, 2020 წლის ნოემბრიდან, „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა. გარდა ამისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა არის მუდმივი თავდასხმის ობიექტი რიგი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების მხრიდან, რისგანაც საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რიტორიკით უწევს თავის დაცვა. ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან. საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, „ენჯეოებმა“ 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა. საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში: აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა; აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი; აშშ უზრუნველყოფდა „ენჯეოების“ ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას; შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით. თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც „ენჯეოების“ გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო და აღარც უსამართლო განცხადებებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. თუმცა, თუ ენჯეოები რევოლუციის მცდელობებს არ მოიშლიან, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის წახალისებას, ლგბტ-პროპაგანდას, ნარკოტიკების პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობას და ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას არ შეწყვეტენ, ხოლო რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს "ენჯეოების" გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს. ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც. როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, Politico -ს ინფორმაციით, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება.  

კარპენტერი: კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები

როგორია თეთრი სახლის პოზიცია ე.წ. უცხოური აგენტების კანონის, საქართველოს ხელისუფლების ტრაექტორიასა და შესაძლო სანქციებზე, პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორს მაიკლ კარპენტერს „ამერიკის ხმა“ ესაუბრა. კარპენტერის თქმით, ეს კანონი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებას, თავისუფლად იმოქმედოს საქართველოში. „დარწმუნებული ვარ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად დადგება სათანადო შედეგები. საქართველო დგას არჩევანის წინაშე. ის ან წავა დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის მიმართულებით, უზრუნველყოფს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების შეუფერხებლად მუშაობას ან ის აამოქმედებს ამ კანონს, რომელიც ეფუძნება რუსეთში მოქმედ მსგავს კანონმდებლობას და რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიის იდეასთან. ეს არის ორი მკაფიო არჩევანი. ასე რომ, მომავალი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. მათი გადასაწყვეტია, კვლავ განაგრძობენ ამ კანონით განსაზღვრულ გზას, თუ დემოკრატიული გზით წავლენ, იმ გზით, რომელზეც მთელი ამ წლების განმავლობაში იდგა და ვუჭერდით მხარს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებით.“ ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)

შსს: ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში 52 კგ კოკაინია აღმოჩენილი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 77 პირი დააკავა, მათგან 23 ნარკორეალიზატორია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. მის თქმით, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. „შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული. კერძოდ ამოღებული იქნა ბანანით დატვირთულ საზღვაო კონტეინერში ფარულად მოთავსებული 52 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, რომელიც ეკვადორიდან ევროპაში ტრანზიტული გზით, საქართველოს გავლით გადაჰქონდათ. ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტრანზიტში ჩართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით. ასევე ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი და განეიტრალებული იქნა ერთ-ერთი მსხვილი ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია, რომელიც ე.წ. შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა. აღნიშნულ მაღაზიას მართავდა, ასევე, დადების მეთოდით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა ჩვენ მიერ დაკავებული, 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომლის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოღებული იქნა 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, 27 ათასი ცალი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის“ აბები და 10 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა.“ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბოლო პერიოდში, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 77 პირია დაკავებული მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის და ნიგერიის მოქალაქეები. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და მათი ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მდმა“, „ალფა პვპ“, „მეტამფეტამინი“, „მეტადონი“, „ჰაშიში“ და ფსიქოტროპული ნივთიერებები. ბრალდებულებისგან პოლიციამ, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.  

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი: ღრმად შეშფოთებულნი ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა NATO-ს რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობებს, როგორ აისახება ეს იმაზე, რაც ახლა ხდება საქართველოში და როგორ აისახება ეს საქართველოს NATO-სკენ მიმავალ გზაზე. „ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში. ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ერთგულნი დავრჩებით. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს NATO-ელ კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად NATO-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე, ასევე, ევროპაში უსაფრთხოების ზოგად სიტუაციაზე,“ - აღნიშნა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა.  

Politico: ევროკავშირს სურს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქი ივნისში აუნთოს

ბრიუსელის ოფიციალური პირების განცხადებით, ევროკავშირს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება ივნისში სურს. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ხუთი დიპლომატი მათ ანონიმურობის პირობით ესაუბრა და განუცხადა, რომ ბლოკის მიზანია, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყოს, როდესაც ევროპული საბჭოს სამიტია დაგეგმილი. გამოცემის თანამოსაუბრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მორალურად გააძლიერებს უკრაინას, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკვე მესამე წელია იბრძვის. Politico-ს წყაროების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა დაარწმუნონ უნგრეთის მთავრობა, დაეთანხმოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. „როგორც დეკემბერში მოხდა, უკრაინის წევრობის მისწრაფების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი უნგრეთია. ის ეწინააღმდეგება კიევის წინადადებას, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, აცხადებს, რომ აქვს გადაუჭრელი საკითხები უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებით,“ - წერს Politico. უკრაინა და ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბუდაპეშტთან უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.  

ზელენსკიმ ბერბოკს იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შექმნილი უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე ხარკოვში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოუხდა. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა ანალენა ბერბოკს „სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის“ იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა. შეგახსენებთ, დღეს, ანალენა ბერბოკი კიევს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მეშვიდედ ეწვია.  

ელჩი: თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას

„სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ,“ - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. გერმანიის ელჩის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი სტანდარტზე დაბლაა, რომელიც კანდიდატმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს, რაც იმას ნიშნავს, თუ კანონპროექტი არსებული ფორმით იქნება მიღებული, გერმანია ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას მხარს არ დაუჭერს. „ეს დინამიკური პროცესია. შემიძლია, საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე ვისაუბრო. დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახეთ გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ ამ კანონის მესამე მოსმენით მიღებით საქართველომ ევროპული გზიდან უკვე გადაუხვია. არის სტანდარტი, რომელიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი ამ სტანდარტზე დაბლაა. ასე რომ, დეკემბერში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ, ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით თუ იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს [საქართველოსთვის] გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას და ეს საქართველოს მის ევროინტეგრაციის გზაზე უკან დაწევს. სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არა და ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ,” - განაცხადა ფიშერმა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების სრული უმრავლესობის მხარდაჭერით მიიღება, შესაბამისად, კანონის დღევანდელი ფორმით მიღების შემთხვევაში გერმანია თანხმობას ვერ განაცხადებს. „გერმანიას წარმოვადგენ. ერთი სახელმწიფო ვართ ევროკავშირში. ისე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი მოსახლეობა გვაქვს და ასე შემდეგ. ევროკავშირმა რომ საქართველოსთვის შემდეგი ნაბიჯი გადაწყვიტოს - ანუ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა - ერთსულოვნება უნდა იყოს, ყველა სახელმწიფომ თანხმობა უნდა განაცხადოს. გერმანიის სახელით შემიძლია, გითხრათ, რომ თანხმობას არ ვიტყვით თუ ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული,” - დასძინა მან. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)

ვენეციის კომისია ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის

ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია „მტკიცე რეკომენდაციას“ იძლევა, საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მისი ამჟამინდელი ფორმით, გაუქმდეს, „ვინაიდან კანონში არსებული ძირეული ხარვეზები მნიშვნელოვნად უარყოფით შედეგებს იქონიებს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაზე, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვაზე.“ „საბოლოო ჯამში, ეს გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. „ვენეციის კომისია რჩება საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში ამ კუთხით შემდგომი დახმარებისთვის,“ წერია დოკუმენტში. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნის საფუძველზე, ვენეციის კომისიამ კანონი დაჩქარებული პროცედურის მიხედვით შეაფასა. კომისია, მწუხარებას გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მის მოსაზრებას კანონის მიღებამდე, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებებისა. დასკვნაში გაანალიზებულია კანონის შესაბამისობა მოქმედ საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან. ის ასკვნის, რომ კანონით დადგენილი შეზღუდვები შეუთავსებელია გამოხატვის თავისუფლებასთან, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტით განსაზღვრულ მკაცრ ტესტს - შეესაბამებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს, ასევე, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს. ვენეციის კომისიის შეფასებით, კანონი, რომელსაც თითქოსდა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფის მიზანი აქვს, სტიგმატიზირების, გაჩუმებისა და საბოლოოდ გაუქმების ობიექტური რისკის ქვეშ დააყენებს იმ ასოციაციებსა და მედიას, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ. წარმოიშობა დიდი რისკი იმისა, რომ ზემოქმედების ქვეშ მოექცნენ ის ასოციაციები და მედიასაშუალებები, რომლებიც კრიტიკულნი არიან ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, მათი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ვენეციის კომისია დაჟინებით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას უცხოური მხარდაჭერის მიმღები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ონლაინ მედიისა და მაუწყებლების რეგისტრაციის, ანგარიშგებისა და საჯაროდ გამოქვეყნების სპეციალურ რეჟიმზე, მათ შორის, ადმინისტრაციულ სანქციებზე. დასკვნის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე მოიცავს დებულებებს, რომლებიც კანონში გათვალისწინებულ ორგანიზაციებს უწესებენ დარეგისტრირებისა და ანგარიშგების ვალდებულებას, მათ შორის, მათი დაფინანსების წყაროების შესახებ, დამაჯერებელი განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნება არსებული ვალდებულებები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად საკმარისი, მოწოდებული არ ყოფილა. „იმ შემთხვევაში, თუ არსებული დებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებული კანონების ცვლილება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში. კერძოდ, თუ არსებული კანონმდებლობა არ აღმოჩნდება ადეკვატური, უცხო ქვეყნების სახელით რეალური წარმომადგენლობითი (ლობისტური) საქმიანობა შეიძლება, დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად,“ წერს ვენეციის კომისია. გარდა ამისა, ვენეციის კომისია „წუხს, რომ ეს კანონი, რომელიც არის ადამიანის უფლებების მიმართ მგრძნობიარე და ასევე, ძალზე საკამათო ქართულ საზოგადოებაში, რასაც ცხადყოფს მასიური რეაქციები ქვეყანაში, მიღებულია ისეთი პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა სივრცეს ჭეშმარიტი განხილვისა და მნიშვნელოვანი კონსულტაციებისთვის და ღიად უგულებელყოფს ქართველი ხალხის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას.“ „საქმის წარმოების ეს ფორმა არ აკმაყოფილებს დემოკრატიული კანონშემოქმედების ევროპულ მოთხოვნებს, ასკვნის ვენეციის კომისია.“ „კანონის მიხედვით უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელ სუბიექტად განსაზღვრას, სერიოზული შედეგები ექნება, რადგან ეს ძირს გამოუთხრის როგორც სამიზნე ორგანიზაციების ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას, ასევე, მათ ოპერაციებს. „რეგისტრაციის ტვირთისა და ანგარიშვალდებულების მოთხოვნების ერთობლივი გავლენა (მათ შორის, ფინანსური ინფორმაციის გამჟღავნება), რაც ზღუდავს სტიგმატიზირებული ასოციაციების დაფინანსების წყაროების შესაძლებლობებს, მძიმე ადმინისტრაციულ ჯარიმებთან ერთად, რაც მათ შეიძლება დაეკისროს, და მუდმივი მეთვალყურეობა უდავოდ გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის ორგანიზაციების ეფექტიან მუშაობასა და არსებობას. სახელმწიფოს ხელში კონცენტრირებული მუდმივი და სტიგმატიზირების ხელშემწყობი დაბრკოლებები „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის,“ წერს ვენეციის კომისია. შეგახსენებთ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონი ვენეციის კომისიაში 15 აპრილს გაგზავნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა და სთხოვა კომისიას, დაჩქარებული წესით დაედგინა, რამდენად შეესაბამებოდა ის ევროპის საბჭოს სტანდარტებს. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)

ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინისთვის გამოყენების გეგმა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭო დაამტკიცა რამდენიმე საკანონმდებლო აქტი, რომლებიც იძლევა გარანტიას, რომ სუფთა, მოულოდნელ ან განსაკუთრებულ მოგებას, რომელსაც ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარები ((CSDs) მიიღებენ ევროკავშირის შემზღუდავი ზომების შედეგად, გამოყენებული იქნება უკრაინის სამხედრო მხარდასაჭერისთვის, ასევე, ის მოხმარდება უკრაინის თავდაცვით სამრეწველო პოტენციალს და რეკონსტრუქციას. უკრაინამ წელს შეიძლება, ამ გზით 3 მილიარდი ევრო (3,23 მილიარდი დოლარის) მიიღოს. ამ თანხებს ევროკავშირის ცენტრალური დეპოზიტარები გადაიხდიან ორ წელიწადში ერთხელ და ისინი გამოყენებულ იქნება მშვიდობის ევროპული ფონდის გზით უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერისთვის, ხოლო ევროპის კავშირის პროგრამების ჩარჩოებში ისინი მოხმარდება მის თავდაცვით სამრეწველო პოტენციალს და რეკონსტრუქციას. შესაბამისად, 90% მშვიდობის ევროპული ფონდზე მოდის და 10% ევროკავშირის პროგრამებზე, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტის გზით ფინანსდება. თანხები ასე განაწილდება ყოველწლიურად, პირველად 2025 წლის პირველ იანვრამდე. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის 12 თებერვალს გადაწყვიტა, ცენტრალურმა დეპოზიტარებმა, რომლებიც ფლობენ რუსეთის ცენტრალური ბანკის ერთ მილიონზე მეტ აქტივებს, გაყინულს ევროკავშირის შემზღუდავი ზომების შედეგად, უნდა გადადონ განსაკუთრებული თანხები, რომელიც დაგროვდება ამ პერიოდში. უკრაინაში რუსეთის ომის გამო, ეკონომიკური თვალსაზრისით მსოფლიოს შვიდმა წამყვანმა ქვეყანამ, „დიდმა შვიდეულმა“ 2024 წლის 24 თებერვალს დაადასტურეს, რომ განუხრელად უჭერენ მხარს უკრაინის უფლებას, დაიცვას თავი და რომ გაზრდიან უკრაინისთვის დახმარებას. ამ განცხადებაში „დიდი შვიდეული“ მიესალმა ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო აქტივების მფლობელ ცენტრალური დეპოზიტარების განსაკუთრებულ მოგებას ეხებოდა და რეკომენდაცია გასცა, გადადგან შესაბამისი ნაბიჯები მათი გამოყენებისთვის. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირში გაყინეს რუსეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილი 210 მილიონი ევრო (225 მილიონი დოლარი). გამოთვლებით, ამ თანხას მოაქვს წლიურად 3 მილიარდი ევროს (3,23 მილიარდი დოლარის) ოდენობის მოგება.  

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის $35 მილიონის ინვესტიცია დაამტკიცა

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის პირველი ფაზის (ESPIRE Program) დაფინანსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა განაცხადა. პროგრამა შეიქმნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მოსამზადებელი აქტივობების მხარდასაჭერად. „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია დაამტკიცა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის (ESPIRE) პროგრამის პირველი ფაზის დასაფინანსებლად. ეს პროგრამა შექმნილია ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და სტრატეგიული რეგიონული ინიციატივის - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მოსამზადებელი აქტივობების მხარდასაჭერად. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაცია მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება საქართველოსთვის, ისევე, როგორც დანარჩენი მონაწილე ქვეყნებისთვის შავი ზღვის ორივე მხარეს, რადგან ამ ინიციატივის მიზანია: ენერგოუსაფრთხოების ამაღლება ენერგომიწოდების დეკარბონიზაცია განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობით, და ციფრული კავშირების ზრდა შავი ზღვის რეგიონის გასწვრივ და მის მიღმა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში. ESPIRE პროგრამის დანიშნულებაა BSSC პროექტის შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა. ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა ხელს შეუწყობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებას შავი ზღვის ფსკერის კვლევების საშუალებით. ის ასევე მხარს დაუჭერს ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის (BSSC) მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად.  იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები გადაწყვეტენ BSSC პროექტის განხორციელებას, ESPIRE პროგრამის მეორე ფაზა დააფინანსებს საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში სახმელეთო გადაცემის ქსელის გაძლიერებას. ხოლო მესამე ფაზა ხელს შეუწყობს საკუთრივ წყალქვეშა კაბელის დაფინანსებას სხვა დამფინანსებლებთან თანამშრომლობით. BSSC შექმნის შესაძლებლობების მთელ რიგს საქართველოსთვის და მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის, ესენია: ელექტროენერგიის ექსპორტი; სუფთა ენერგეტიკის განვითარება მასთან დაკავშირებული სარგებლით, რაც უკავშირდება სამუშაო ადგილების შექმნასა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას; ენერგოუსაფრთხოება და ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა პირდაპირი კავშირებით ევროპის მსხვილ ელექტრობაზართან; ციფრული კავშირების შესაძლებლობების გაძლიერება და შედეგად, ინტერნეტკავშირის ხარჯების შემცირება, გამტარუნარიანობის გაუმჯობესება და რეზერვის შექმნა საერთაშორისო ციფრული კავშირისთვის შავი ზღვის გასწვრივ; ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერება ელექტროენერგიის ბაზრის ინტეგრაციის მეშვეობით და ამით ეკონომიკური მდგრადობის გამყარება მონაწილე ქვეყნებს შორის. მსოფლიო ბანკის ჯგუფს უნიკალური პოზიცია უკავია თავისი მნიშვნელოვანი ტექნიკური გამოცდილებით, ფინანსური რესურსებითა და ორგანიზაციული პოტენციალით, რათა პარტნიორული ურთიერთობები დაამყაროს მთავრობებთან, კერძო სექტორთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განვითარების მიმართულებით მომუშავე სხვა პარტნიორებთან, პოტენციურად ტრანსფორმაციული შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ხელშესაწყობად,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა. მსოფლიო ბანკის ცნობით, ESPIRE პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან შედგება 500 მლნ. აშშ დოლარის პოტენციური დაფინანსების პაკეტით, რომლის დანიშნულებაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება, ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერება და პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარება სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული პარალელური ციფრული კავშირი შეამცირებს ინტერნეტის ხარჯებს, გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას და ზოგადად გააძლიერებს საერთაშორისო ციფრული კავშირების დამყარების შესაძლებლობას შავი ზღვის გასწვრივ. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ESPIRE პროგრამა შექმნილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადების მომდევნო ეტაპების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას, დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა აღნიშნა, რომ ESPIRE პროგრამას წამყვანი როლის შესრულება შეუძლია რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და ამბიციური ენერგეტიკული და ციფრული კავშირის ინიციატივის განხორციელებაში. “შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს აქვს პოტენციალი, გახდეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ტრანსფორმაციული დამაკავშირებელი, რომელიც შავი ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნებს დაეხმარება ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ენერგომომარაგების დეკარბონიზაციასა და განახლებადი ენერგიის განვითარებაში, ისევე როგორც პირდაპირი ციფრული კავშირების ზრდაში,” - აღნიშნა როლანდ პრაისმა. ESPIRE პროგრამის პირველი ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევა, რადგან ის მიზნად ისახავს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტისთვის შესაფერისი დერეფნის იდენტიფიცირებასა და შემდგომი მოსამზადებელი სამუშაოს მხარდაჭერას, როგორიცაა შავი ზღვის ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური და გეოტექნიკური გამოკვლევების ჩათვლით. „BSSC პროექტის განხორციელების მზაობის ასამაღლებლად, პირველი ფაზა ასევე მოიცავს შესაძლებლობების განვითარებასა და ტექნიკურ დახმარებას მთავრობათაშორისი კოორდინაციისთვის ადეკვატური ინსტიტუციური მექანიზმების შესაქმნელად, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად შეთანხმებული გადაწყვეტილებების მისაღებად. თუკი საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები საბოლოოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ESPIRE პროგრამის პირველი ფაზის პარალელურად დაიწყება პროგრამის მე-2 ფაზის დაფინანსება, რომელიც ეხება მიწისზედა გადამცემი ქსელის გაძლიერებას საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში, რაც გადამწყვეტი იქნება ელექტროენერგიის გაცვლისთვის წყალქვეშა კაბელის სისტემის მეშვეობით. პროგრამის მე-3 ფაზა კი თავად წყალქვეშა კაბელის მშენებლობას დააფინანსებს, სხვა დამფინანსებლებთან ერთად. ხოლო შავი ზღვის ფსკერის იმავე დერეფანში გათვალისწინებული პარალელური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციებსაც მოიზიდავს,“ - აღნიშნავენ მსოფლიო ბანკში. თავის მხრივ, საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის საქართველოს მიერ ინიცირებული ფლაგმანი პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს. პროექტის შემდგომი განვითარების კუთხით ფუნდამენტურია დაფინანსების პირველი ფაზა, რომელიც დღეს მსოფლიო ბანკმა დამტკიცდა. „პროექტის განხორციელება ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდას გულისხმობს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით საქართველო ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ქვეყანა გახდება, ეს კი ხელს შეუწყობს ევროკავშირის, საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიების სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ამ რეგიონებს შორის,“ - აღნიშნა მინისტრმა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ასევე განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი ESPIRE პროგრამის პირველი ეტაპი ხელს შეუწყობს იმ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას, და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მოსამზადებელ სამუშას განხორციელებას. „ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი გააძლიერებს საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის როლს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციასა და რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაში. პროექტი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ევროკავშირს შორის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, განვითარებას და კავშირებს მთელს რეგიონში,“ - აღნიშნა მინისტრმა. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ESPIRE MPA პროგრამა მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური გამოწვევის პროგრამების ნაწილია “ენერგეტიკის გარდაქმნის, ეფექტიანობის და წვდომის” და “დიგიტალიზაციის დაჩქარების” შესახებ. პროგრამა ასევე შესაბამისობაშია საქართველოსთან მსოფლიო ბანკის პარტნიორობის 2025-2029 წლების ჩარჩო-დოკუმენტთან, რომელიც ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და კონკურენტუნარიანობაზე, და ასევე, კავშირებისა და ინტეგრაციის გაუმჯობესებაზე. 2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. პროექტით, აზერბაიჯანული მწვანე ენერგია გაივლის საქართველოს, შავ ზღვასა და რუმინეთს და გაიყიდება უნგრეთში. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - განხორციელების შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთს კავკასიის რეგიონს შორის, რაც თავის მხრივ, რეგიონების სტაბილურ და საიმედო ენერგეტიკულ მომავალს უზრუნველყოფს.

ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ

პალესტინას სახელმწიფოდ გაეროს წევრი კიდევ სამი ქვეყანა: ესპანეთი, ნორვეგია და ირლანდია აღიარებენ. გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალურად 28 მაისიდან შევა. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტიორეს განცხადებით, ომმა ღაზის სექტორში, ნათლად აჩვენა, რომ მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა პალესტინის საკითხის გადაწყვეტას უნდა ეფუძნებოდეს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის თქმით, პალესტინას სახელმწიფოდ აღიარებენ მშვიდობის, ერთიანობის და სამართლიანობის მიზნით და ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული ისრაელის ხალხის წინააღმდეგ და ჰამასის სასარგებლოდ. ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა საიმონ ჰარისმა განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მყარი მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯია. დღემდე პალესტინა სახელმწიფოდ აღიარებული ჰყავს გაეროს 193 წევრიდან 139-ს. ისრაელმა ირლანდიიდან და ნორვეგიიდან თავისი ელჩები კონსულტაციებისთვის უკვე გაიწვია და იმავეს აპირებს ესპანეთთან მიმართებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ უკან არ დაიხევენ მათ წინაშე, ვინც ძირს უთხრის ისრაელის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას. კაცის შეფასებით, პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება იმის სიგნალია, რომ ტერორიზმი გამართლებულია, წააქეზებს ირანს და ჰამასს და ძირს გამოუთხრის მშვიდობის შანსს.ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს.  

ზაფხულში ფრენების 18% ევროპის მიმართულებით, 13% კი, რუსეთისკენ შესრულდება - ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადების და დამტკიცებული განრიგების შესაბამისად, მიმდინარე წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილია 13 600 ავიარეისის შესრულება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ივნისი-ოქტომბრის პერიოდში საქართველოდან ყველაზე მეტი - 2480 რეისი ევროპის მიმართულებით შესრულდება, რაც საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი ფრენების საერთო რაოდენობის 18%-ს შეადგენს. ინფორმაციის თანახმად, ფრენის სიხშირე გალფის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებთანაც (საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ქუვეითი, ომანი და კატარი) იზრდება. 2024 წლის ივნის-ოქტომბერში, საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის დაგეგმილია 2255 რეისის შესრულება, რაც ფრენების საერთო რაოდენობის 17%-ია. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის იგივე საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 1761 რეისის განხორციელება იგეგმება, რაც რეისების საერთო რაოდენობის 13%-ს შეადგენს. ფრენებს სამი ავიაკომპანია ახორციელებს. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ ხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა, რაც გულისხმობს როგორც ტექნიკურ და საფრენოსნო დოკუმენტაციაზე წვდომის შეზღუდვას, ისე მარაგი ნაწილების მოწოდებას. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაგეგმილი 13 600 რეისიდან საქართველოდან ევროპაში და პირიქით განსახორციელებელი ფრენები 18%-ს, გალფის ქვეყნებთან - 17%-ს, რუსეთთან - 13%-ს, ხოლო დანარჩენ ქვეყნებთან ჯამურად 52%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საავიაციო ბაზარზე შემოვიდა ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia, რომელმაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება დაიწყო ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით. ასევე, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ოპერირება განაახლა ავსტრიულმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა ვენა - თბილისი - ვენას საჰაერო ხაზზე. რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო თურქულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია AJET-მა. ზაფხულის სეზონზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ფრენებს 11 ავიაკომპანია 38 მიმართულებით განახორციელებს. 2024 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 1 946 881 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას და 34%-ით მეტია 2019 წლის იანვარ-აპრილში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პაქტი გააფორმა

ევროკავშირმა მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობა გააფორმა, რათა დაეხმაროს პროდასავლურ ქვეყანას რუსეთისგან საფრთხის დაძლევაში. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის თქმით, მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასეთი პაქტი გააფორმა ევროკავშირთან. „ეს პარტნიორობა გააძლიერებს ქვეყნის მდგრადობას. ის შესაძლებლობას მოგვცემს, შევიმუშაოთ ერთობლივი მიდგომა უსაფრთხოების გამოწვევების მიმართ, ის უფრო ეფექტიანს გახდის ჩვენს ჩართულობას და გზას გაუხსნის თანამშრომლობის ახალ სფეროებს," - განაცხადა ბორელმა. მოლდოვამ პროდასავლური პრეზიდენტ მაია სანდუს ხელმძღვანელობით,NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების იმედი გამოთქვა და მკაცრად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მოლდოვის დნესტრისპირეთის, უმეტესად რუსულენოვანი მოსახლეობით დასახლებულმა რეგიონმა მდინარე დნესტრის აღმოსავლეთ სანაპიროზე, 1990 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მას შემდეგ მოსკოვმა იქ ჯარები განალაგა.  

ნიდერლანდები უცხო ქვეყნებიდან შვილად აყვანას აღარ დაუშვებს

ნიდერლანდების მთავრობის მინისტრმა 21 მაისს განაცხადა, რომ ქვეყანა აღარ მისცემს უფლებას თავის მოქალაქეებს, ბავშვები უცხო ქვეყნებიდან იშვილონ. იურიდიული დაცვის მინისტრმა ფრანკ ვეერვინდმა განაცხადა, რომ ქვეყნებს შორის საჭირო პროცედურები უკვე დაიწყო და ამ დროისთვის გრძელდება. გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ნიდერლანდელმა მშობლებმა დაახლოებით 40 000 ბავშვი იშვილეს 80 ქვეყნიდან. ეს პრაქტიკა ბოლო წლებში შემცირდა: 2019 წელს მხოლოდ 145 ბავშვი იყო ნაშვილები, ეს რიცხვი 70-მდე დაეცა 2020 წელს, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს. ასეთია ნიდერლანდების ახალგაზრდობის დამოუკიდებელი ინსტიტუტის ანალიტიკური ცენტრის ყველაზე ბოლოდროინდელი მონაცემები. 2021 წლის თებერვალსა და 2022 წლის ნოემბერს შორის, ნიდერლანდის მთავრობამ თითქმის ორწლიანი მორატორიუმი დააწესა უცხო ქვენებიდან ბავშვის შვილად აყვანაზე. ნიდერლანდებში შვილად აყვანის პოლიტიკა ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ზრდასრულობისას, ადრე ნაშვილებმა პირებმა თავიანთი ფესვების ძებნა დაიწყეს და ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მათი დაბადების დოკუმენტები ან გაყალბებული იყო, ან დაკარგული, ან მათი შვილად აყვანა იყო უკანონო.  

Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი ვაშინგტონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის კონფერენციაზე: საჭიროა ინვესტიციები საქართველოს პორტების განვითარებაში

Wondernet Investment Group-ის გენერალურმა დირექტორმა მამუკა მურჯიკნელმა ვაშინგტონში, Cosmos Club-ში, მე-8 წლიური ტრანსკასპიური ფორუმის პანელში მიიღო მონაწილეობა. დასკვნით პანელზე მოხსენებისას მამუკა მურჯიკნელმა აღნიშნა, რომ შუა დერეფნის მზარდი მნიშვნელობა გამტარუნარიანობის გაზრდას საჭიროებს. ამასთან, ტრაფიკის მიუხედავად, მარშრუტის განახლება შეფერხებულია. „ჩვენ ვხედავთ, რომ ცენტრალური აზია ვითარდება და ახალი ობიექტები, რომლებიც იქ აშენდება, საკვანძო პორტებისთვის გაზრდილ გამტარუნარიანობას საჭიროებს,“ აღნიშნა მურჯიკნელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა ინვესტიციები საქართველოსა და აზერბაიჯანის პორტების განვითარებაში. „განსაკუთრებით საქართველოში, მოთხოვნა მზარდია და ღრმა საზღვაო პორტის მშენებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - აღნიშნა მურჯიკნელმა. ცნობისთვის, როგორ განვავითაროთ შუა დერეფანი - ეს ვაშინგტონში, Cosmos Club-ში, მე-8 წლიური ფორუმის თემა იყო, რომელსაც კასპიის პოლიტიკის ცენტრმა (CPC) კასპიის რეგიონის საელჩოებთან პარტნიორობით უმასპინძლა. ღონისძიებაზე ძირითადი დაინტერესებული მხარეები შეერთებული შტატებიდან და კასპიის რეგიონიდან შეიკრიბნენ, რათა განეხილათ და შეემუშავებინათ სტრატეგია, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს კავშირი და ვაჭრობა შუა დერეფნის გასწვრივ, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ევროპასთან, ჩინეთთან და სამხრეთ აზიასთან აკავშირებს. დასკვნით პანელზე - როგორ ვაკეთოთ ბიზნესი უკეთესად შუა დერეფნის გასწვრივ, ხაზი გაესვა წარმატებულ ბიზნეს პრაქტიკას და შესაძლებლობებს რეგიონში. დისკუსიის მოდერატორი, კასპიის პოლიტიკის ცენტრის საბჭოს წევრი, დოქტორი ერიკ რუდენშილდი იყო. დისკუსიას ესწრებოდნენ BP America-ს ვიცე-პრეზიდენტი რობერტ შეერი; Wondernet Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი; Dechert LLP-ის პარტნიორი ლორა ბრენკი და ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის მთავარი ოპერაციული ოფიცერი იუჯინ სეია. დასკვნითი პანელის მომხსენებლებმა საერთაშორისო ვაჭრობისა და ტრანზიტისთვის კასპიის რეგიონის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ არსებობს რამდენიმე სამართლებრივი ბარიერი, რომლებიც კერძო სექტორისთვის ახალი შესაძლებლობების გასახსნელად უნდა გადაილახოს. Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი ლონდონში, კასპიის პოლიტიკის ცენტრის კონფერენციაზე: საქართველოს პორტში მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ  

ირაკლი კობახიძე და ილია დარჩიაშვილი ირანში გაემგზავრნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმიისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე და საგარეო უწყების ხელმძღვანელი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიას დაესწრებიან. მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა. ის დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. „ირაკლი კობახიძემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა და ირანელ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა,“ იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. შეგახსენებთ, ირანის პრეზიდენტი, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა. 22 მაისს თეირანში, ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის, საგარეო საქმეთა მინისტრის ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის და 19 მაისს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სხვა ოფიციალური პირების დაკრძალვის ცერემონიას ესწრება უცხოეთის რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის - პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი და ავღანეთის თალიბანის ხელისუფლების დელეგაცია.  

ეროვნული ბანკი: როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. ეროვნული ბანკის ცნობით, „საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა.“ „2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური ვითარების გამო ნავთობის ფასების ზრდამ განაპირობა. დროულად და საკმარისად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება, მიზნობრივ 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო ნორმალიზდა. განახლებული პროგნოზით, 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია, სხვა თანაბარ პირობებში, მიზნობრივი დონის ქვემოთ იქნება და შემდგომ 3%-იანი მაჩვენებლის გარშემო დასტაბილურდება. მიუხედავად პოზიტიური ტენდენციებისა, გაურკვევლობამ მოიმატა. როგორც შიდა, ისე გეოპოლიტიკური ვითარებიდან მომდინარე ინფლაციური რისკები გაზრდილია. ასევე საყურადღებოა, რომ ბოლო თვეებში ინფლაციური მოლოდინები მცირედ მომატებულია. ამასთან, სებ-ის შეფასებით, პანდემიამდელი ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია. შესაბამისად, ინფლაციური რისკის შემცველია მოსალოდნელზე ძლიერი შიდა მოთხოვნაც, რომელსაც ნაწილობრივ გაზრდილი საკრედიტო აქტივობა ასტიმულირებს. თუმცა საბაზო სცენარით, მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო დასტაბილურდება და 5.6%-ით გაიზრდება, რაც დამატებით ინფლაციურ წნეხს არ შექმნის. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე გამოწვევების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პპ-ით, 8.0%-მდე შეამცირა. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზაციას მხოლოდ ფრთხილი ბიჯებით გააგრძელებს. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება ან მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრება გახდეს საჭირო. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება,“ წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ მუშაობა სატესტო რეჟიმში განაახლა

20 მაისს აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სატვირთო მატარებლის გაშვების შესახებ განაცხადა, სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაო სრულდება. როგორც ადრე იტყობინებოდნენ, სარკინიგზო ხაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამშენებლო სამუშაო ქართულ მონაკვეთზე გრძელდება. „ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტი სატესტო რეჟიმში გაიხსნა. კერძოდ, დღის პირველ ნახევარში სამშენებლო სამუშაო გაგრძელდება, დღის მეორე ნახევარში კი, სატვირთო მატარებლები იმოძრავებენ,” - განმარტეს სამინისტროში. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული ნაწილი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გამო, 2023 წლის 16 მაისიდან დაიკეტა. სარკინიგზო ხაზი აზიისა და ევროპის სარკინიგზო ქსელებს აკავშირებს. ეს არის უმოკლესი გზა არამხოლოდ სამ ქვეყანას შორის, არამედ, აზიასა და ევროპას შორის. BTK შესაძლებელს ხდის საქონლის ტრანსპორტირების დროის განახევრებას. რკინიგზა ამარტივებს ცენტრალური აზიის ქვეყნების - თურქმენეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და ავღანეთის წვდომას ევროპულ და მსოფლიო ბაზრებზე. რკინიგზის საერთო სიგრძე 846 კმ-ია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის 504 კმ, საქართველოს გავლით - 263 კმ, თურქეთის გავლით - 79 კმ. საწყის ეტაპზე BTK-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 6,5 მლნ ტონა იქნება, ხოლო დაგეგმილია 1 მილიონამდე მგზავრის გადაყვანა. 20 მაისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის ახლად გარემონტებულ სარკინიგზო ხაზზე სატვირთო მატარებლების მოძრაობა დაიწყება - რუსტამოვი