ძებნის რეზულტატი:

„ჩინეთმა დაიწყო ან ის ემზადება რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებისთვის“ - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაში დაადანაშაულა. ლონდონის თავდაცვის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, შაპსმა განმარტა, რომ ის დაზვერვის ახალ ცნობებზე მიუთითებდა. მან მოუწოდა მსოფლიოს, "გამოფხიზლდნენ" არსებულ საფრთხის წინაშე. ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ "ლეტალური დახმარება ჩინეთმა უკვე მიეწოდა ან მომავალში მიაწვდის რუსეთს, საიდანაც ის უკრაინაში მოხვდება“, თუმცა შაპსმა არ დააკონკრეტა ლეტალური დახმარების სპეციფიკა, რომელსაც ის გულისხმობდა. „აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს აქვთ მტკიცებულება, რომ ჩინეთი აწვდის ან ის აპირებს, მიაწოდოს ლეტალური დახმარება რუსეთს,“ განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა გრანტ შაპსმა 22 მაისს Reuters-ის ცნობით. კონფერენციაზე გამოსვლისას შაპსმა ასევე გაამახვილა ყურადღება რუსეთსა და ჩინეთს შორის დაახლოებაზე, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა 64%-ით ზრდაზე, რაც, მისი შეფასებით, მოსკოვსა და პეკინს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში გრანტ შაპსმა გაიხსენა ვლადიმირ პუტინის ბოლო ვიზიტი ჩინეთში, რაც პუტინის პრეზიდენტად მეხუთე ვადით არჩევის შემდეგ მისი პირველ უცხოურ ვიზიტად იქცა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ სრულმასშტაბიან ომში ჩინეთი საკუთარ თავს ნეიტრალურ მხარედ აცხადებს.   ის უარყოფს ლეტალური დახმარების გაწევას, მაგრამ პეკინი და მოსკოვი აგრძელებენ მჭიდრო კავშირების განვითარებას, ბოლოს კი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის კოლეგას გასულ კვირას ესტუმრა.        

„უკრაინას ახალი იარაღი აქვს, SBU-მ Sea Baby-ის ტიპის დრონები Grad-ის რაკეტებით აღჭურვა“ - მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) მისი მაღალეფექტიანი Sea Baby-ს საზღვაო დრონების განახლების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ახალ იარაღს Grad-ის ტიპის რაკეტების გაშვება შეუძლია, განუცხადა სააგენტოს წყარომ Kyiv Independent-ს 22 მაისს. „Sea Baby არ არის მხოლოდ დრონი, არამედ მრავალფუნქციური პლატფორმა, რომელიც მუდმივად იხვეწება," - დასძინა წყარომ. SBU-ის წყაროს ცნობით, ახალი იარაღის სისტემა უკვე მოქმედებს "რუსული პოზიციების წინააღმდეგ Kinburn spit-ზე", მიკოლაივის მახლობლად მდებარე მონაკვეთზე. SBU-ს სპიკერმა არტემ დეხტიარენკომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ SBU-ს შეუძლია, მიაღწიოს მიზანს შავი ზღვის თითქმის ნებისმიერ წერტილში. ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები ოკუპირებულ ყირიმზე, იმოზნებდა რუსეთის სამხედრო აქტივებს შავ ზღვაში და მის გარშემო.  

საია: იუსტიციის საბჭომ უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე - უცნობია, ჩატარდა თუ არა გასაუბრებები

„რატომ არ იცავს გამჭვირვალობის პრინციპს იუსტიციის უმაღლესი საბჭო? - იუსტიციის საბჭომ 15 ხმით უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე. ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად უცნობია ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა,“ - ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს. საიას განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კენჭისყრა, ვინაიდან, პროცედურა ითვალისწინებს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ კანდიდატებთან გასაუბრებას. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 21 მაისის სხდომის დღის წესრიგი სულ ოთხ საკითხს ითვალისწინებდა. სხდომის შესახებ ინფორმაცია და დღის წესრიგი კანონის დარღვევით და უკვე დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად წინა დღეს გამოქვეყნდა ვებგვერდზე. სხდომა 17 საათზე იყო დანიშნული და 2 საათის დაგვიანებით დაიწყო. ხაზგასასმელია, რომ საბჭოს მდივნის ზეპირი განკარგულებით სადამკვირვებლო ორგანიზაციებს წარმომადგენლებს შენობის ფოიეში მოცდის შესაძლებლობა აღარ ეძლევათ და დამამცირებელ პირობებში შენობის შესასვლელ კარებსა და ტურნიკეტს შორის უწევთ სხდომის დაწყების ლოდინი. პირველი საკითხის ფარგლებში „ზოგიერთი მოსამართლის მივლინების შესახებ“, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ქეთევან თხელიძე ორი კვირით, როგორც მდივანმა სხდომაზე განაცხადა მისივე თანხმობით, მიავლინეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში. აქამდეც, აღნიშნული მოსამართლე არაერთხელ მიუვლენია საბჭოს, ვინაიდან კონკრეტულ სასამართლოში მოსამართლე დანიშნული არ არის. მე-2 და მე-3 საკითხები მოიხსნა დღის წესრიგიდან. მე-4 საორგანიზაციო საკითხი, რომელიც ბუნდოვანი იყო, როგორც მდივანმა სხდომაზე განმარტა მოიცავდა უზენაესი სასამართლოს კონკურსში მონაწილე კანდიდატების შემდგომ ეტაპზე გადაყვანის პროცედურას და ასევე, სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლეების უვადოდ გამწესებას. უზენაესი სასამართლოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის კონკურსში უმაღლესი ქულები დააგროვა - ბადრი შონიამ, გოჩა ჯეირანაშვილმა და გიზო უბილავამ. შესაბამისად, შემდგომ ეტაპზე გადავიდა სწორედ ეს სამი კანდიდატი. ამ პროცესში მონაწილე კანდიდატებს უფლება აქვთ ეს განკარგულება გაასაჩივრონ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში. გასაჩივრების ვადების ამოწურვის შემდეგ, საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატებს ღია სხდომაზე, სათითაოდ ეყრება კენჭი და პარლამენტს წარედგინება ის სამი კანდიდატი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, იუსტიციის საბჭომ 15 ხმით უვადოდ გაამწესა 21 მოსამართლე. სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მოულოდნელი იყო უვადოდ დასანიშნ მოსამართლეების კენჭისყრა, ვინაიდან, პროცედურა ითვალისწინებს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფ კანდიდატებთან გასაუბრებას. ამ მოსამართლეებთან გასაუბრების შესახებ ინფორმაცია საბჭოს ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია, შესაბამისად უცნობია ჩატარდა თუ არა საერთოდ გასაუბრებები და თუ ჩატარდა რატომ არ მიეცა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მონიტორინგის შესაძლებლობა,” - ნათქვამია განცხადებაში.

PACE-ს მომხსენებლები: მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს შესახებ მომხსენებლები ოფიციალურ პირებს მოუწოდებენ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი გაიწვიონ. განცხადებას PACE-ის საქართველოს შესახებ მომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი) და ედიტე ესტრელა (პორტუგალია) ავრცელებენ. „ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ჩვენს შეშფოთებებთან დაკავშირებით ავტორიტეტული იურიდიული არგუმენტები გვთხოვეს. ეს არგუმენტები ახლა ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვან მოსაზრებაში გახმოვანდა, რომელიც ასამბლეის პრეზიდენტის თხოვნის შედეგად შედგა. შესაბამისად, ჩვენ მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებთ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო და ეს კანონი გაიწვიონ, რისი რეკომენდაციაც ვენეციის კომისიამ გასცა,” - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვამი - პრემიერი

„წავიკითხე გამოგზავნილი დოკუმენტი და როგორც იურისტმა, შემიძლია, ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა. კობახიძის შეფასებით, „დოკუმენტში უამრავი აბსურდული ჩანაწერი და ტყუილია.“ „უბრალოდ, უხერხულობას ვგრძნობდი, როგორც იურისტი, როდესაც ამ დოკუმენტს ვკითხულობდი, იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტით. არაფერი აქვთ სათქმელი და უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და მათ შორის ტყუილებით. უამრავი სიცრუე გხვდებათ თქვენ ვენეციის კომისიის დოკუმენტში და ამ სიცრუესთან ერთად არის სრულიად აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მაგრამ საზოგადოება უყურებს საბოლოო ჯამში არა იმას, თუ რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ უყურებს იმას, თუ სად არის სიმართლე და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ 2-3 წლის განმავლობაში. ამიტომ ვამბობთ ხოლმე მათ შორის ხშირად, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, როგორც არასდროს. ამაში მათ შორის იგულისხმება ის, რომ საზოგადოება უფრო მეტად აფასებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ანუ დამოუკიდებლობის ფასი დღეს უფრო მეტად აქვს გააზრებული ქართულ საზოგადოებას დღეს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც 3-4 წლის წინ,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

ბორელი: ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. „ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მკაცრად ურჩია საქართველოს, გაიწვიოს უცხოური გავლენის შესახებ კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით. [საქართველოს] ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების შენარჩუნების თვალსაზრისით,” - წერს ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ვენეციის კომისია ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის.  

სუნაკმა პარლამენტი დაითხოვა, საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაცხადა. სუნაკმა მანამდე მეფერე ჩარლზს 30 მაისს პარლამენტის დათხოვნის წინადადებით მიმართა, რომელმაც მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, „ახლა არის მომენტი, რომ ბრიტანეთმა აირჩიოს თავისი მომავალი.“ გეგმის მიხედვით, არჩევნები 2025 წლის იანვრის მიწურულამდე უნდა გამართულიყო, თუმცა ჯერ კიდევ იანვარში, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ არჩევნები 2024 წლის მეორე ნახევარში გაიმართებოდა, რაც პირველი ივლისის შემდგომ პერიოდს მოიცავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, “ეკონომიკური სტაბილურობა ნებისმიერი წარმატების ქვაკუთხედია.” მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ დაიბრალებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისმა მთავრობამ ყველაფერი სწორად გააკეთა, ის ამაყია იმით, თუ რას მიაღწიეს და რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი მომავალში. მანვე აღნიშნა, რომ მისი მთავრობის პერიოდში “ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს” (NHS) რეკორდული დაფინანსება გადაეცა, ენერგეტიკული უსაფრთხოება “გარემოსდაცვით დოგმაზე” მაღლა დადგა და თავდაცვის სფეროს დაფინანსება გაიზარდა.  

ბლინკენი ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე: სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს უსმენენ. ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, 22 მაისს, კონგრესმენმა ბილ კიტინგმა სახელმწიფო მდივანს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ესუბრა იმაზე, თუ რას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები ე.წ “უცხოეთის აგენტების” კანონთან დაკავშირებით საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე. „ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც [საქართველოში] მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს, რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, ამდენად, ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება,“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ამერიკის ხმის ცნობით. სახელმწიფო დეპარტამენტმა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღო, აქამდეც არაერთხელ უწოდა „კრემლის მიერ შთაგონებული.“ ამერიკელმა სენატორებმა და კონგრესმენებმა რამდენიმე წერილი გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტი MEGOBARI უნდა წარადგინოს, სადაც ე.წ "უცოხეთის აგენტების" კანონის მიღების გამო, საქართველოს ხელისუფლების წევრებს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ. თუმცა, საგარეო კურსის ცვლილების შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა, ისეთი წახალისება მიიღოს ამერიკისგან, როგორიცაა, სავიზო და სავაჭრო ლიბერალიზაცია, დამატებითი სამხედრო დახმარება ა.შ. კანონპროექტი ჯერ წარდგენილი არ არის, თუმცა კონგრესმენი უილსონი ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მართებულია. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.   18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

ირაკლი შოთაძე: მივიღე გადაწყვეტილება, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გენერალური პროკურორის თანამდებობა დავტოვო

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა. "მივიღე გადაწყვეტილება გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავტოვო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა. ჩემთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიწევს. მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამოდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ ვიმყოფები. შესაბამისად, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია გავაგრძელო გენერალური პროკურორის უფლებამოსილების განხორციელება. სწორედ ამიტომ უკვე მივმართე საქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით. მეხუთე წელი მიდის, რაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მიკავია, ხოლო ზოგადად საჯარო სამსახურში 2005 წლიდან ვმუშაობ. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, ასევე იბარებს გენერალური პროკურორის საქმიანობის ანგარიშს. ეს ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამდენად ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს დეტალური ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციის გამჭვირვალობის კუთხით. ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია. სწორედ სპეციალიზაცია გახდა მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა მთელი რიგი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაში, მაგალითად ტრანსნაციონალური დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ქალთა მიმართ და სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს ხელშესახები შედეგები, რასაც მოწმობს ევროჯასტის ფარგლებში, სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თბილისში ჩატარებული არაერთი წარმატებული ოპერაცია, რაც არაერთხელ გახდა ევროჯასტის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის და შექების საგანი. რა თქმა უნდა, ეს შედეგები და მიღწევები რომლებზეც კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო და რომლებიც დეტალურად არის ასახული ჩემს ანგარიშებში არ იქნებოდა, რომ არა პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ყოველდღიური თავდადება. დიდი მადლობა მათ ამ მონდომებისთვის, გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს არაერთი წარმატებული პროექტისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის,” - ნათქვამია განცხადებაში.  

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა. ინფორმაცია გაავრცელა ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, არაოფიციალური ცნობებით, ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.  

ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს შეზღუდვები დაუწესა

ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. ნორვეგიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 29 მაისიდან არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით.“ 29 მაისიდან, ზოგიერთ შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ, ან სასწავლებლად. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა გაამკაცრა.  ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა, ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.  

სენატორი მაკკონელი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია ის, თუ საით აიღებს კურსს საქართველო

პარტია “ქართული ოცნება” მზად არის, მოაშთოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები - აშშ-ის ინტერესებშია, დადგეს იმ თავისუფალი ადამიანების გვერდით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როგორიცაა პუტინი და სი ძინპინი, - ამის შესახებ სენატის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა კანონმდებელმა მიტჩ მაკკონელმა განაცხადა. სენატორი იმედს გამოთქვამს, რომ " თბილისში, ძალაუფლებაში მყოფი პირები [ქვეყნის] სუვერენიტეტს [რუსეთისადმი] მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ". ქართველ ხალხს კი ის ერთიანობისკენ მოუწოდებს. მაკკონელმა ქართველი ხალხისადმი გზავნილში, რეგიონულ კონტექსტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო სომხეთთან ერთად, სასურველი სახმელეთო ხიდი გახდა, რომელიც ავტორიტარ პარტნიორებს - მოსკოვსა და თეირანს აკავშირებს. სენატორ მიტჩ მაკკონელის გზავნილს ქართველი ხალხისადმი "ამერიკის ხმა" ავრცელებს. "საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისკენ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას განადგურებით ემუქრება და მის დემოკრატიულ ფუნდამენტს არყევს. მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების მიზნით, პარტია “ქართული ოცნება” მზად არის, მოაშთოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები. მიუხედავად იმისა, რომ [საქართველოში] საკმაოდ დიდი პოლიტიკური ოპოზიციაა, ის საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქრონიკულად დაყოფილია. პარტიული ლიდერების უსუსურობის მიუხედავად, ათასობით ქართველი ქუჩებში გამოვიდა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. სრულიად აშკარაა მათი თვითგამორკვევისა და რუსეთის გავლენისგან გათავისუფლების სურვილი. გამოკითხვებში ხუთიდან ოთხი ქართველი ამბობს, რომ მათ მკაფიოდ ევროპული მომავალი სურთ. მათ სწამთ, რომ დასავლეთის სამეზობლოში თავის დამკვიდრება, დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, სადაც უპირატესია კანონის უზენაესობა, მათ საუკეთესო ინტერესშია. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ საით აიღებს კურსს საქართველო - აღმოსავლეთით, თუ დასავლეთის მიმართულებით. ჩვენივე ინტერესებშია, დავდგეთ იმ თავისუფალი ადამიანების გვერდში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როცორიცაა პუტინი და სი ძინპინი. ეს ეხება ტაივანსა თუ უკრაინას, ესტონეთსა თუ იაპონიას. ასეა საქართველოსთვისაც. ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი და არა იმის მიხედვით, თუ რას უკარნახებენ მათ მოსკოვისთვის ხელსაყრელი პარტიის ხელმძღვანელები. და რატომ არიან რუსები შეპყრობილი საქართველოს მომავლის გაკონტროლების იდეით? ეს გაცილებით მეტია, ვიდრე პუტინის ნეოიმპერიალისტური ფანტაზია. გეოგრაფია მნიშვნელოვანია. ათასწლეულების განმავლობაში, საქართველო შავი ზღვის სანაპიროზე ცივილიზებული სამყაროს გზაჯვარედინზე იდგა. ეს კრიტიკული რესურსების საკვანძო სატრანზიტო პუნქტია. დღეს ის სომხეთთან ერთად, სასურველ სახმელეთო ხიდს წარმოადგენს , რომელიც ავტორიტარ პარტნიორებს აკავშირებს, მოსკოვსა და თეირანში. ქართველ ხალხს კონფლიქტებისა და დაპყრობების ხანგრძლივი ისტორია აქვს. მათ აქვთ გამძლეობის ხანგრძლივი ტრადიცია და მდიდარი კულტურაც გააჩნიათ, რომლითაც უნდა იამაყონ. მათ იციან, რომ არსებობს განსხვავება რუსეთისთვის თავის დახრასა და დასავლეთისკენ მიბრუნებას შორის. ასე რომ, როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს მთელი დასავლეთის მასშტაბით, მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ის მომენტი, რომლითაც ისინი იამაყებენ. - მომენტი, როცა რუსეთის ჩარევის მიმართ წინააღმდეგობა, მათ წვრილმან უთანხმოებებს გვერდზე გადაადებინებს და გააერთიანებს. რა თქმა უნდა, ეს ასევე უნდა იყოს ის მომენტი, როცა საქართველოს მმართველი პარტია გააცნობიერებს თავისი ხალხის ნების უგულვებელყოფის საფასურს, რაც პუტინის ახირებების შესრულების მიზნით ხდება და დროულად შეაჩერებს დასავლეთთან ურთიერთობის წყალში გადაყრის პროცესს. იმედი მაქვს, თბილისში, ძალაუფლებაში მყოფი პირები [ქვეყნის] სუვერენიტეტს [რუსეთისადმი] მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ... და ისინი პარლამენტიდან 'რუსულ კანონს' გაიწვევენ," - ამბობს სენატის უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი კანონმდებელი მიტჩ მაკკონელი.  

უკრაინელებმა რუსული SU-25 ჩამოაგდეს - უკრაინის გენშტაბი

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს. გენშტაბის ცნობით, რუსული SU-25 პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს. „პოკროვსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. მტერი მოიერიშე ჯგუფებისა და ტექნიკის გამოყენებით ცდილობს გაარღვიოს ჩვენი საბრძოლო განლაგება. არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული SU-25 მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს,“ - აცხადებენ გენშტაბში.   უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა 354 თვითმფრინავი დაკარგა.  

ჩინეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნების საპასუხოდ, ტაივანმა კუნძულის მიმდებარე ტერიტორიებზე ჯარი გაგზავნა

ჩინეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ტაივანმა სრული სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ჩინეთის სამხედრო წვრთნებში, რომლებიც კუნძულიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მიმდინარეობს, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალებია ჩართული. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ დაგმო წვრთნები და განაცხადა, რომ ჯარები გაგზავნა კუნძულის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომ მისი საჰაერო თავდაცვა და სახმელეთო სარაკეტო ძალები თვალყურს ადევნებდნენ სამიზნეებს და დარწმუნებულნი არიან, რომ თავისი ტერიტორიის დაცვა შეუძლიათ. Reuters-ის ინფორმაციით, პეკინმა ტაივანის სანაპიროსთან ახლოს ე.წ. „სადამსჯელო“ წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც სამი დღის წინ ტაივანის ახალმა პრეზიდენტმა ლაი ცინგ დემ მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. გამოცემის ცნობით, ინაუგურაციის დროს სიტყვით გამოსვლისას ცინ დემ ჩინეთს ტაივანის მიმართ ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა, რასაც ოფიციალური პეკინის გაღიზიანება მოჰყვა.  

შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი მეორე ახალი ვერტმფრენი გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე "H 145“ ვერტმფრენი შეემატა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენი ქართულ მხარეს ოფიციალურად, გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში გადაეცა. „ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს. 2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ევროსასამართლომ სააკაშვილის საქმეზე დაადგინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არცერთი მუხლი არ დარღვეულა

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ გამოტანილ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებების კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი არ დარღვეულა. ამასთანავე, სასამართლო განმარტავს სოციალურ პლატფორმა Twitter-ზე განთავსებულ ცნობაში, რომ „ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.“ „განმცხადებელი მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (დ) პუნქტის მიხედვით ჩიოდა, რომ მის მიმართ 2018 წლის 5 იანვრისა და 28 ივნისს გამოტანილი განაჩენი ეფუძნებოდა შეუმოწმებელ ჩვენებებს და სხვა არასანდო მტკიცებულებებს. ამასთან, ის აცხადებდა პრეტენზიას, რომ მოსამართლე გ.ა., რომელმაც საქმე პირველი ინსტანციის საქმეზე განიხილა, არ ჰქონდა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. სასამართლო ასკვნის, რომ მოსამართლე გ.ა.-ს, რომელმაც განიხილა განმცხადებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე და განაჩენი გამოტანა მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 2018 წლის 5 იანვარს, არ აკლდა დამოუკიდებლობა ან მიუკერძოებლობა. შესაბამისად, ამ კუთხით კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევა არ მომხდარა,“ - აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. სტრასბურგის სასამართლოს ინფორმაციითვე, ადგილი არ ჰქონია არც კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას. სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლის მტკიცებით, მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებების კონვენციის მე-7 მუხლი, რადგან მისთვის არ იყო შესაძლებელი გაეთვალისწინებინა, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლებამოსილების გამოყენებას, რომელიც მას მიენიჭა პრეზიდენტისა და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის გამო, შესაძლოა გამოეწვია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. „სასამართლო ასკვნის, რომ სხვა თუ არაფერი, განმცხადებლისათვის საღი აზრის საკითხი უნდა ყოფილიყო იმის განჭვრეტა, რომ სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა მის გადაწყვეტილებას, ფარული შეთანხმება ჰქონოდა იმ ადამიანებთან, რომლებმაც უშუალოდ ჩაიდინეს მკვლელობა, ან ჰქონდათ შეთქმულება ამ ძალიან მძიმე დანაშაულის ფარგლების დასაფარად. უფრო მეტიც, განმცხადებელს, წამყვან პოლიტიკოსს - რომელსაც ჰქონდა ფართო იურიდიული გამოცდილება და დიდი გამოცდილება იურიდიულ და საჯარო მმართველობის საკითხებში - უფრო მეტი სიფრთხილით უნდა ემოქმედა, ვიდრე შეიძლება მოელოდე რიგითი ადამიანისგან და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოევლინა იმ რისკების სიმძიმის შეფასებისას, რომელიც შეიძლება წარმოშობილიყო გირგვლიანის მკვლელობის საქმის უკან მდგომ დამნაშავეებთან მისი ფარული შეთანხმებით. განმცხადებელს არ შეუძლი,ა პრეტენზია გამოხატოს, რომ მას არ შეეძლო, გაეგო მისი ქმედების დანაშაულებრივი ხასიათი, რომელიც გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილების მართლმსაჯულების გარკვევის მიზნით. განმცხადებელს შეეძლო გონივრულად განეჭვრიტა, რომ მისი საქციელი მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა. აქედან გამომდინარეობს, რომ ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას,“ - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში. კონვენციის მე-7 მუხლის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით, მოსამართლეების აზრი გაიყო. ხუთმა მოსამართლემ მიიჩნია, რომ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა, ორმა კი, განსხვავებული აზრი გამოთქვა და შესაბამისად, ხმა მისცა სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ, რომ კონვენციის მე-7 მუხლი არ დარღვეულა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი. "საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დავობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან," - განაცხადა რატი ბრეგაძემ. სააკაშვილის უფლებადამცველები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატას ევროკონვენციით დადგენილ ვადაში საჩივრით მიმართავენ და მოელიან, რომ მათ არგუმენტებს გაითვალისწინებენ. "სამწუხაროდ, სასამართლომ ჩვენი არგუმენტაცია საკმარისად არ მიიჩნია და დარღვევა არ დაადგინა. თუმცა ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ორმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი სარჩელი იყო დასაბუთებული და ჩვენი მოთხოვნები იყო კანონიერი, ევროკონვენციასთან შესაბამისი," - განაცხადა ბექა ბასილაიამ. ექსპრეზიდენტს საქართველოს სასამართლოებში მის მიმართ გამოტანილი ორი განაჩენის შესახებ ჰქონდა შეტანილი განაცხადი სტრასბურგში. ეს ეხებოდა დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდადებულთა შეწყალების საქმეებს.  

შარდენზე სროლა იყო

თბილისში, შარდენზე, ცოტა ხნის წინ, სროლა იყო. მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ "სროლის შედეგად, ანასხლეტებით ორი ადამიანი დაიჭრა." ამასთან, კაცი, რომელმაც სავარაუდოდ, იარაღიდან გაისროლა, პოლიციამ დააკავა. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, ასევე, 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.  

პრემიერი: გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა

პრემიერ-მინისტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთვაზობთ. „საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა. თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო.“ როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული. პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი. დარწმუნებული ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა,“ წერია გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს,  უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს.   18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)  

ყაზახეთის პრეზიდენტი სინგაპურის კომპანიებს შუა დერეფნის განვითარებაში ინვესტირებისკენ მოუწოდებს

ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (შუა დერეფანს) შეუძლია, ძირეულად შეცვალოს ევრაზიული თანამშრომლობის დონე, განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 23 მაისს ყაზახეთ-სინგაპურის ბიზნეს ფორუმზე. „ეს არის უმოკლესი და ყველაზე სტაბილური გზა ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ სინგაპურის კომპანიებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ, დიდი სარგებლობა მიიღონ ბიზნესისა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლით ამ სფეროში," - აღნიშნა თოყაევმა. მისი თქმით, გეოგრაფიული მანძილი და არაადეკვატური ურთიერთობები კარგა ხანია, აფერხებს ეკონომიკურ ურთიერთქმედებას. „დღეს, გლობალიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების წყალობით, ქვეყნები უფრო მეტად არიან დაკავშირებულნი, ვიდრე ოდესმე.“ პრეზიდენტმა მაგალითად დაასახელა ყაზახეთის KTZ კომპანიასა და სინგაპურის PSA International-ს შორის სინერგიული პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს შუა დერეფნის გაფართოებას. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო და სავაჭრო გზა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოზე გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და კვეთს შუა აზიის ქვეყნებს, როგორიცაა, ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ ის გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს. შუა დერეფანი გთავაზობთ სახმელეთო მარშრუტს, რომელიც აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს, ევროპასთან, გრძელი საზღვაო მარშრუტების გვერდის ავლით. აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება

EuroArt - ახალი სოციალური პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება

21 - 22 ივნისს, „პულმანში„- თბილისის აქსის თაუერსში „EuroArt /ევროარტი„ - ქართველი ხელოვანების შემოქმედების სხვადასხვა მიმართულებით წარდგენა&პრეზენტაცია გაიმართება ორგანიზატორების თქმით, ქართველი ხელოვანების ერთ სივრცეში გაერთიანება, მათი შემოქმედების (სხვადასხვა მიმართულებით) წარდგენა, გამოფენის მოწყობა და პროექტის პრეზენტაცია წარმოადგენს. პროექტი: EuroArt/ევროარტი მოიცავს ხელოვანებისთვის, ადგილობრივი მეწარმეებისთვის შემდეგი შესაძლებლობების შეთავაზებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად: ქართველი ხელოვანებისთვის & ადგილობრივი მეწარმეებისთვის ციფრული სივრცის ორგანიზებას: www.euroart. ge; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ინდივიდუალური პორტფოლიოების შექმნას/ინგლისურენოვანი კატალოგების მომზადებას; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ინდივიდუალური ციფრული პირადი გვერდის QR კოდით შეთავაზებას; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ხელოვანებისთვის, მეწარმეებისთვის პირადი ვლოგის/ ინდივიდუალური შემოქმედებითი დოკუმენტური ვიდეო „ქონთენთი„ ფილმების მომზადებას (ინგლისურენოვანი ტიტრებით); ქართველი ხელოვანების შემოქმედების, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის წარდგენას ევროპის სხვადასხვა ქვეყნების საგამოფენო სივრცეებსა და საერთაშორისო ბიზნეს ფორუმებსა & ბაზარზე;  ქართველი ხელოვანებისთვის&ადგილობრივი მეწარმეებისთვის PR სტრატეგიისა და ბერნდის პლატფორმების მომზადებას. პროექტი მოიცავს: ორდღიანი გამოფენის, პრეზენტაციების მოწყობას, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მიმართულებით ქართველი ხელოვანების შემოქმედება (ფერწერა, ხელნაკეთი ნივთები, მინანქარი, დიზაინი...) და ადგილობრივი მეწარმეები. მონაწილეობას მიიღება 50-ზე მეტი ხელოვანი. პროექტის ორგანიზატორია: არტ ვიპიარი/ VIPR ჯგუფი; ოფიციალური მხარდამჭერია: GCC-MALTA/ ქართული კულტურის ცენტრი მალტაზე; არტ - ვიპიარი/ვიპიარ ჯგუფი - მალტაზე ქართული კულტურის ცენტრის GCC- MALTA ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ახორციელებს სხვადასხვა ფორმატის საერთაშორისო პროექტებს, ტრენინგებს, ღონისძიებებს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ: საქართველო, მალტა, შვეიცარია, პალერმო, შვედეთის სამეფო, ბარსელონა, კოსტა ბრავო-ესპანეთი, კანი-ნიცა-საფრანგეთი; მონტე-კარლო-მონაკო; სან-რემო-იტალია. „ჩვენი ორგანიზებით განხორციელებულია 100 - ზე მეტი საერთაშორისო პროექტი და 10 სახელმწიფო გრანტი. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი EuroArt არის გრძელვადიანი და მიზანს ქართველი ხელოვანების (სხვადასხვა მიმართულებით) მხარდაჭერა, მათთვის პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი „პორტფოლიოების„ (სხვადასხვა მიმართულებით) შექმნა და ევროპულ სივრცეში ინტეგრირება წარმოადგენს,“ აცხადებს პროექტის დამფუძნებელი: ვიპიარ ჯგუფის/GCC- MALTA-ს, საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელი საქართველოში, ირინა ცერცვაძე.