ძებნის რეზულტატი:
სახალხო დამცველი „მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ“
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ. სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას ეხმაურება. „როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა. სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს - არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა,” - წერს სახალხო დამცველი
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი საქართველოს ხელისუფლებას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვისკენ მოუწოდებს
დღეს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვისა და პატივისცემისკენ მოუწოდა, რომელთა „განხორციელებას ზიანი მიადგა ოთხი ღამის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას ზეძალადობის, პოლიციის მხრიდან არაპროპორციული, ზოგ შემთხვევაში კი, სრულიად არასაჭირო ძალის გამოყენებით დაშლის გამო საქართველოს დედაქალაქ თბილისში.“ კომისრის პრესსამსახური წერს, რომ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ათობით დემონსტრანტი და მედიის წარმომადგენელი დაშავდა აქციების მიმდინარეობისას, რომლებიც პრემიერ-მინისტრის მიერ ევროკავშირში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკების გადადების შესახებ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ქიმიური გამაღიზიანებელი საშუალებები გამოიყენეს. აქციის ზოგიერთ მონაწილეს, მიღებული ინფორმაციის თანახმად, ასევე არაიდენტიფიცირებული პირები დევნიდნენ და სცემდნენ. „დემონსტრანტების და მასმედიის წარმომადგენლების მიმართ არასაჭირო ან არაპროპორციული ძალის გამოყენება უკიდურესად შემაშფოთებელია. ყველა ქართველს, ნებისმიერი პოლიტიკური სპექტრიდან უნდა შეეძლოს, საკუთარი ქვეყნის მომავალზე, თავისი შეხედულების თავისუფლად და მშვიდობიანად გამოხატვა. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილია, რომ სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზება, დისკრიმინაციის გარეშე. უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან ნებისმიერი სახის ძალის გამოყენება უნდა წარმოადგენდეს გამონაკლისს და უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპებს,“ განაცხადა ტურკმა. უმაღლესმა კომისარმა ასევე აქციის მონაწილეებს თავიანთი უფლებების მშვიდობიანად რეალიზებისკენ მოუწოდა. კომისრის პრესსამსახური იუწყება, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთმა მათგანმა ქვები, ფოიერვერკები და ბოთლები ესროლა უსაფრთხოების ძალებს, ასევე, პარლამენტის შენობაც დააზიანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ მათი თანამშრომლებიდან სულ მცირე, 113 პირი დაშავდა. „საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელიც პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებული დამოუკიდებელი უწყებაა და სამართალდამცავების მიმართ წაყენებულ ბრალდებებს იძიებს, განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც სამართალდარღვევაზე იქნება პასუხისმგებელი. ასევე გამოძიებული უნდა იქნას დაკავებულებთა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული ბრალდებები,“ - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა. კომისრის პრესსამსახური ასევე იუწყება, რომ გაეროს ამგვარი საქმეების გამოძიებისას ერთ-ერთი გამოწვევა სწრაფი რეაგირების და სპეცდანიშნულების სამსახურის თანამშრომლების ფორმებზე ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრები ან სახელების არარსებობაა. „ეს შემთხვევები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რომ უნდა გადაიჭრას დიდი ხნის განმავლობაში არსებული შემაშფოთებელი საკითხის რომელიც ეხება სამართალდამცავების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დადგენას საქართველოში,“ - აღნიშნა უმაღლესმა კომისარმა. როგორც კომისრის პრესსამსახური იუწყება, გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ 2020 წელს გამოცემული სახელმძღვანელოს ნაკლებად ლეტალური იარაღების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებში, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების ამოცნობის შესაძლებლობა, მაგალითად, ფორმაზე მიმაგრებული გვარის ნიშნის, ან ინდივიდუალურად მინიჭებული სამსახურებრივი ნომრების მეშვეობით.“ „შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი მონაცემებით, ოთხი ღამის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე, 224 პირი იქნა დაკავებული. მათ ბრალი წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ედებათ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცნობები, რომ დაკავებულთა შორის რამდენიმე ბავშვია,“ - აღნიშნა ტურკმა. „მათი ყველა უფლება სრულად უნდა იქნას დაცული.“ ,,გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების ლეგიტიმური გამოყენების გამო დაკავებული ყველა პირი დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს. იმ პირებისთვის, ვისაც სხვა ბრალდებები აქვთ წაყენებული, გარანტირებული უნდა იქნას ყველა ისეთი უფლებით სარგებლობა, როგორიცაა: სამართლიანი სასამართლო, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადვოკატის მომსახურება, აგრეთვე წინასწარი პატიმრობის კანონიერების გასაჩივრების უფლება და,საჭიროების შემთხვევაში, სათანადო სამედიცინო მომსახურება“. საზოგადოების ყველა სეგმენტს მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი გარემო შეინარჩუნონ და ნებისმიერი უთანხმოება გამჭვირვალე და ინკლუზიური დიალოგის მეშვეობით გადაჭრან; ამასთან, გამოიყენონ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სამართლებრივი პროცედურები,“ - განაცხადა უმაღლესმა კომისარმა.
საქსტატი: ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით გაიზარდა, ასევე, გაზრდილია ფასები შაქარზე, სხვა ტკბილეულზე, ზეთსა და თევზეულზე
საქსტატის ცნობით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ბოსტნეულზე ფასები 17.9%-ით, შაქარზე, ჯემზე და სხვა ტკბილეულზე 3.4%-ით, ზეთსა და ცხიმზე 3.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, 2.6%-ით მოიმატა თევზეულის ფასმაც, ასევე რძე, ყველი და კვერცხი 1%-ით გაძვირდა. „საქსტატის ინფორმაციით“ ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-3.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.4%). „სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.3 პროცენტი), თევზეული (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.0 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.3 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საბაზო ინფლაციამ კი 2024 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.6 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (17.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.3 პროცენტი), თევზეული (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-3.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (-1.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, ძირითადად, გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.4 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (0.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: მოცემულ პერიოდში ფასები შემცირდა 1.5 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინფლაციაში -0.17 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები, ძირითადად, შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.5 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.0 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (7.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (5.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.6 პროცენტი), თევზეული (1.3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1.5 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (23.4 პროცენტი), დაზღვევა (12.9 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (4.5 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (3.6 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (7.5 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.1 პროცენტი); კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.7 პროცენტიანი კლება, რაც -0.32 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-2.7 პროცენტი). ამასთან, ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (5.8 პროცენტი),“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შსს-ს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და ის ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიკითხება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი დაკავებული არ არის და მისი გამოკითხვა „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხდება.“ „ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. სწორედ ამ საქმის ფარგლებში მოხდება მისი გამოკითხვა. დაკავებული არ არის,“ - განაცხადეს შსს-ში. სამოქალაქო აქტივისტი დოდი ხარხელი ცოტა ხნის წინ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა საპოლიციო მანქანაში ჩასვეს. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ მას რამდენიმე სამართალდამცველი ხვდება და წინააღმდეგობის მიუხედავად, საბოლოოდ, აქტივისტი მიჰყავთ. თავის მხრივ, ხარხელის ახლობლების თქმით, სამართალდამცველები აქტივისტის ბინაში ჩხრეკას ატარებენ. მათ საცხოვრებელი კორპუსის შიგნით შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
საპატრიარქო პრეზიდენტს მიმართავს
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პრეზიდენტს მიმართავს. „ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება მოვლენები საპროტესტო აქციებზე; ხშირად მდგომარეობა ისე იძაბება, რომ შეკრება სხვადასხვა საგნის უმისამართო სროლასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე. ასეთ პირობებში სკოლის მოსწავლეთა და, საერთოდ, არასრულწლოვანთა ჩართვის წაქეზებისკენ მოწოდებული ყოველგვარი განცხადება, მით უმეტეს, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოთქმული, რომელიც, წესით, თავად უნდა ცდილობდეს ხალხში არსებული პოლარიზაციისა და სიძულვილის განეიტრალებას, რათა მიმდინარე მოვლენებისგან მომავალი თაობის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას რაიმე ზიანი არ მიადგეს, არის უაღრესად შემაშფოთებელი. ამას ემატება ისიც, რომ ვრცელდება კადრები, თუ როგორ ცდილობენ უცხო ადამიანები სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ წასვლას და შედიან სკოლებში, არღვევენ სასწავლო პროცესს და მოსწავლეებს მიმართავენ მოწოდებებით, რაც იწვევს სამართლიან აღშფოთებას, ყოვლად დაუშვებელია და სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. ინტერნეტში ვრცელდება აგრეთვე ცრუ ინფორმაცია, თითქოს, საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლაში სწავლა შეწყვეტილია, რასაც თავად აღნიშნული სასწავლო დაწესებულების დირექციაც უარყოფს სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში: „სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ჩვეულებრივად." „მიმდინარე პროცესებში არასრულწლოვანთა ჩართვა პოლიტიკური აქტორების ან არასრულწლოვანთა მშობლების მხრიდან დანაშაულად მიმაჩნია. ვგმობთ იმ ძალადობას, რომელიც ბოლო დღეებში ხდება. გთხოვთ, მოსწავლეებს, თანამშრომლებს და მშობლებს, პოლიტიკურ დაპირისპირებას სკოლაში ნუ გადმოიტანთ," - აღნიშნავს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის დირექტორი მამუკა თედიაშვილი. ასევე პასუხისმგებლობას მოკლებულია სამართალდამცველების დისკრედიტაციისა და პოლარიზაციის გამომწვევი დაუსაბუთებელი განცხადება იმის შესახებ, რომ სამართალდამცელები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არიან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სასულიერი პირები ქაშვეთის ტაძარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველ ღამე მორიგეობენ და მსგავსი ფაქტები არასდროს დაუფიქსირებიათ. დასასრულ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს,“ - ნათქვამია განცხადებაში. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აქციებზე ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა.
ექიმის განცხადებით, აქციაზე დაშავებული 21 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია
ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, აქციაზე დაშავებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი 21 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, პაციენტი სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ექიმის ინფორმაციით, 21 წლის ბიჭმა გონების დაკარგვამდე მათთან განაცხადა, რომ სავარაუდოდ დაზიანება ბლაგვი საგნით მიიღო, თუმცა ვერ დააკონკრეტა რით. „21 წლის პაციენტი მიღებულია სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. შესაბამისად, თვალის კაკლების მთლიანობა ტრავმული დაზიანების გარეშე შენახულია. თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით. დაუყოვნებლივ გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ჩაუტარდა დაზიანებულო ფრაგმენტების ამოკვეთა. ამ მომენტისთვის პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. ჩაუტარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია უარყოფითი დინამიკის გარეშე,“ - განაცხადა ექიმმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, "ოპოზიცია და „მდიდარი ენჯეოები“ ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას"
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას და „მდიდარ ენჯეოებს“ აკისრებს. ის ამბობს, რომ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას.“ ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, „სავარაუდოდ, მდიდარი NGO-ების დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა.“ „ვწუხვართ თითოეული დაშავებული პოლიციელის, მომიტინგისა და ჟურნალისტის გამო. პასუხისმგებლობას ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ. ასევე, შეგახსენებთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერებიც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში. გვაქვს ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი „ენჯეოების“ მიერ. რა თქმა უნდა, ოფისებში შემალული მდიდარი „ენჯეოები“ ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაში. მაგრამ ამ ფაქტზე კიდევ ერთხელ მინდა ყურადღება გავამახვილო - ოპოზიციის ლიდერები და მათი „ენჯეოების“ ლიდერები იყვნენ ოფისებში შემალულები ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად. ამ ადამიანებმა პოლიტიკოსებმა და „ენჯეოებმა“ გაწირეს ათობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის. არიან ადამიანები, ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომელთაც რამდენიმე წლიანი სისხლის სამართლის სასჯელი ემუქრებათ. ესეც შესაბამისი პოლიტიკოსების და პოლიტიკანების პასუხისმგებლობაა. ამ ადამიანებმა ამ დღეების განმავლობაში იკადრეს აბსოლუტურად ყველაფერი - უკადრებელი, მათ შორის გადასწვდნენ ბავშვებს, ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში. ამ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები როგორც რადიკალი პოლიტიკოსები, ისე მათი მედია საშუალებები, სალომე ზურაბიშვილი - რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. რასაც ამ დღეების განმავლობაში ბავშვებთან მიმართებით ვხედავდით, ეს, უბრალოდ, ამორალურია,“ - განაცხადა კობახიძემ. „ყველაფერი მიდის ისე, როგორც ჭირდება ჩვენს ქვეყანას, 20 იანვრამდე მივალთ მშვიდად,“ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
NATO-ს გენერალური მდივანი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. რუტეს თქმით, NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პატივისცემას. „ცნობები ძალადობის შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მე ცალსახად ვგმობ ამას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად და ვფიქრობ, ეს არის ყველა ქართველის ინტერესი. NATO არის ალიანსი, რომელიც ეფუძნება დემოკრატიას, ღირებულებებს, თავისუფლებისა და დემოკრატიის პატივისცემას. მტკიცედ მჯერა, რომ ეს ღირებულებები არის ჩვენი კოლექტიური მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველი. რასაც ამ მომენტში ვხედავ, არის ის, რომ ყველა მოკავშირე ნათლად აცხადებს, რომ თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, ან დემოკრატიის წინსვლას და ქვეყნის NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას. მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დარჩეს იმ გზაზე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაადგა,“ - აღნიშნა მარკ რუტემ
საკონსტიტუციომ არსებით განსახილველად არ მიიღო პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელი არჩევნებზე
საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. 9-კაციანი პლენუმის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და განსხვავებული აზრი დაწერა ორმა მოსამართლემ: თეიმურაზ ტუღუშმა და გიორგი კვერენჩხილაძემ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდზე დღეს, დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენმა სარჩელით 19 ნოემბერს მიმართა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა ფარულობის, საყოველთაოობისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლებების დარღვევის გამო. იდენტური სარჩელი მოამზადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც და საკონსტიტუციოს მიმართეს. სასამართლომ ორივე სარჩელი გაერთიანებულად განიხილა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ირინე იმერლიშვილი გამოეხმაურა არჩევნების შესახებ პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელების წარმოებაში არმიღებას და განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მხოლოდ "კანონმდებლობის შესაბამისად" იხელმძღვანელა. ამასთან, იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ "საქართველო ევროპაა" და თავად მოსამართლის ფიცის ერთგულია. „ევროპული ღირებულებები, უპირველესად, განსხვავებული აზრის პატივისცემაა. ქართველები ემოციურები ვართ, "ცხელ გულზე" გვჩვევია დასკვნების გამოტანა, რაც მოსამართლეობისას არაერთხელ მაქვს პირადად გამოცდილი. როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ დავეთანხმე, მაშინ მომნათლეს ნაციონალების მომხრე მოსამართლედ; როდესაც უგულავას სარჩელი არ დავაკმაყოფილეთ, მაშინ ოცნების მომხრედ გამომაცხადეს; მელიას ან/და "რუსთავი 2"-ის სარჩელზე განსხვავებულ აზრზე დარჩენის შემდგომაც ნაციონალი ვიყავი. უსასრულოდ შეიძლება საქმეების ჩამოთვლა... ახლა, როდესაც არჩევნების მომწესრიგებელი ნორმების წარმოებაში მიღების კანონისმიერი საფუძვლის არარსებობაში დავეთანხმე მოსამართლეთა უმრავლესობის სამართლებრივ არგუმენტებს, ვიხელმძღვანელე მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად. მოსამართლე, ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში, ყოველთვის უნდა დარჩეს მიუკერძოებელი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პირადი ან პარტიული სიმპატიებით, რისი დასტურიცაა ჩემ მიერ მიღებული უამრავი გადაწყვეტილება," - წერს ის სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, მომჩივნები საარჩევნო აქტების, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას მოითხოვდნენ, რაც დაკმაყოფილების შემთხვევაში ხელახალი არჩევნების ტოლფასი იქნებოდა.
აშშ-ს საელჩო: „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან - ნუ აბრალებთ სხვებს
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით და „ქარდით“ ეხმაურება. „„ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან - ნუ აბრალებთ სხვებს,“ წერს საელჩო.
ირაკლი კობახიძე: “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი ამ ეტაპზე სრულად არ არის ამოქმედებული
პრემიერ-მინისტრ განცხადებით, უცხოური გამჭვირვალობის კანონი ამ ეტაპზე სრულად არ არის ამოქმედებული. ირაკლი კობახიძის თქმით, სერიოზული რისკი იყო არჩევნების წინააღმდეგ სპეკულაციების გამოყენების, ამიტომ, იუსტიციის სამინისტროს მიდგომა რბილი იყო. „რეალურად, ალბათ, უნდა დაიწყოს ეს პროცესი, რადგან ამ „ენჯეოების“ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის ,“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მოქმედება არ შეაჩერა, სარჩელები ნაწილობრივ მიიღო არსებით განხილვაში შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
სახალხო დამცველის აპარატი: საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვნისთვის დამაზიანებელი მოქმედებები ყოვლად დაუშვებელია
სახალხო დამცველის აპარატი ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას დოდი ხარხელის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ყოვლად დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვნისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება. განცხადების თანახმად, „სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს აღნიშნული ვითარება და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა.“ „სახალხო დამცველის აპარატი ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას დოდი ხარხელის სახლში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, სადაც იმყოფებოდა მისი არასრულწლოვანი შვილი. არსებული ცნობით, არასრულწლოვანი სახლში იყო ჩაკეტილი და ბიძას არ ეძლეოდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა. სახალხო დამცველის აპარატს კომუნიკაცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ადგილზე გავიდნენ აპარატის წარმომადგენლებიც. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე არასრულწლოვანის ოჯახის წევრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვი გამოყვანილია ბინიდან და განრიდებულია მიმდინარე პროცესებს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყოვლად დაუშვებელია საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას არასრულწლოვანისთვის დამაზიანებელი მოქმედებების განხორციელება. სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს აღნიშნული ვითარება და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ ფაქტს და ექნება ყველა შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში,“ წერია გავრცელებულ განცხადებაში.
იაპონია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, „გამოიჩინოს თავშეკავება, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის გაუარესება“
იაპონია ახლოდან აკვირდებოდა საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. შესაბამის განცხადებას ქვეყნის საგარეო უწყება ავრცელებს. „26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იაპონია ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია 28 ნოემბრის შემდეგ შექმნილი ვითარება, რაც გამოიწვია საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღებამ. აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა დემონსტრანტებისა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება, რის შედეგად მრავალი ადამიანი დაშავდა და დააკავეს. იაპონია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამოიჩინოს თავშეკავება, რათა თავიდან აირიდოს სიტუაციის გაუარესება და იმედს გამოთქვამს, რომ მიიღებს კონსტრუქციულ ზომებს თავის ხალხთან ურთიერთგაგების მიღწევისა და მდგომარეობის დროულად განმუხტვისთვის,“ განაცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს მდივანმა კიტამურა ტოშიჰირომ. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. მოგვიანებით, ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების, ლიეტუვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით კი, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. 2 დეკემბერს, პრემიერმა სხვადასხვა საჯარო სამსახურისა და თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილის პროტესტის შესახებ განაცხადა, რომ კარგია, რომ სისტემა თვითწმენდის რეჟიმზეა გადასული, ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. მეხუთე დღეა. ბალტიის ქვეყნებმა 11 პირს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილსა და ვახტანგ გომელაურს სავიზო სანქცია დაუწესეს. კანადა სანქციებს აანონსებს ფიზიკური პირებისა და ბიზნეს სუბიექტებისადმი, რომლებიც „ჩართულნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში.“ ქვეყნის მასშტაბით, 3 დეკემბერს პროტესტის მეექვსე დღეა. საკონსტიტუციომ არსებით განსახილველად არ მიიღო პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელი არჩევნებზე.
ლარი დოლართან და ევროსთან კვლავ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 4 დეკემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8746 ლარი ეღირება, ევრო – 3.0252 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6438 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8478 ლარი ღირდა, ევრო – 2.9967 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6193 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 დეკემბერს ამოქმედდება.
პრემიერის ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გელა გელაძე დაინიშნა. გელა გელაძემ თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დავით სუჯაშვილი შეცვალა. „გელა გელაძე პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის მიმართულებით. თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილეს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. დღემდე მუშაობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილედ. წლების განმავლობაში, ამავე უწყებაში იკავებდა მაღალ თანამდებობას. ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში,“ წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დავით სუჯაშვილი მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გააგრძელებს.
ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურში თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა, რეაგირება გვექნება
„საჯარო სამსახურში თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა - ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას ვაკვირდებოდით და რეაგირება ყველას მოქმედებაზე გვექნება! ეს რეაგირება კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად იქნება, მაგრამ რეაგირება იქნება, რასაც მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ!“ - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. კობახიძემ ამ კონტექსტში განაცხადა, რომ„ რადიკალურმა ოპოზიციამ „ნაცმეიდნის“ მოსაწყობად ყველა მეთოდი გამოიყენა, მათ შორის ეს იყო საჯარო სამსახურის და განათლების სისტემის პოლიტიზირების მცდელობა.“ მისი თქმით, „ნაცმაედანი“ ჩავარდა. „ამ დღეების მანძილზე უცხოელმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა ბოლო დარჩენილი რესურსი გამოიყენეს. მათ შორის, გამოიყენეს საჯარო სამსახურში არსებული რესურსი. მათ ამ რესურსის გამოყენება შეეძლოთ ამ წლის გაზაფხულზე, წინა წლის გაზაფხულზე ან 2022 წლის ივნისში, თუმცა გარკვეულ რესურსს იტოვებდნენ. მათ საჯარო სამსახურში დარჩენილი ბოლო რესურსი გამოიყენეს,“ აღნიშნა კობახიძემ. ირაკლი კობახიძე: კარგია, რომ სისტემა თვითწმენდის რეჟიმზეა გადასული, ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი
დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განმუხტოს არსებული სიტუაცია
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვარგარეთ ტერიტორიების საკითხებში სტივენ დოუთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან. „საქართველოში ხალხი ცხადყოფს, რომ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპული მომავლისკენ, რაც პირდაპირ ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციას. ვგმობ სასტიკ და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, რომელიც ბოლო დღეებში გრძელდება. როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღნიშნა, ეს არის შეკრების თავისუფლების უფლების სერიოზული დარღვევა,“ - აცხადებს სტივენ დოუტი. დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, განმუხტოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს მავნე ტრაექტორია ევროპული ღირებულებებისგან. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მოისმინოს, განმუხტოს ეს სიტუაცია და შეცვალოს ევროპული ღირებულებებისგან დაშორებული მავნე ტრაექტორია. დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან დაშორებული ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას დააზარალებს და ძირეულად დააზიანებს ურთიერთობებს საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. შესაბამის განცხადებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "გიორგი ზურაბაშვილი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე გიორგი ზურაბაშვილი ევროპის დეპარტამენტის დირექტორი იყო, ზურაბაშვილი 2019 - 2024 წლებში ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, ხოლო 2014 - 2019 წლებში ირლანდიაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 2013 - 2014 წლებში ზურაბაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ, 2012 – 2013 წლებში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი "საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი; 2005 – 2012 წლებში საქართველოს მთავრობის კანცელარიის პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი; 2002 - 2003 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უფროსის მოვალეობის შემსრულებელი; 1996 – 2002 წლებში კი, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე. გიორგი ზურაბაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეების თანამდებობებზე მუშაობას განაგრძობენ: ლაშა დარსალია, ვლადიმერ კონსტანტინიდი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ხათუნა თოთლაძე. შეგახსენებთ, რომ თეიმურაზ ჯანჯალია აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, მან თანამდებობა დატოვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე „შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო.“ აღინიშნა, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო არის საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს საელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. მიუღებელია განცხადებები, რომელიც მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენისკენ და აღიქმება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას. საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იმედი გამოითქვა, რომ მხარეები დაუბრუნდებიან ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე,“ წერია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტი: საკონსტიტუციომ განაჩენი ქვეყანას და თავის თავს გამოუტანა
საკონსტუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არსებით განსახილველად არ მიიღოს პრეზიდენტისა და პარტიების სარჩელი არჩევნებზე, პრეზიდენტი ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციომ განაჩენი ქვეყანას და თავის თავს გამოუტანა. „დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს - არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი არსება დაკარგა და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებულები არიან ერთპარტიულ წყობაზე რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ სამი ადამიანი მაინც იქნებოდა მართალი თავისი სინდისის წინაშე. „კითხვა ისმის და ისმოდა, რატომ შევიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, როცა უკვე ვიცოდით, თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილებაა. იმის იმედი თუ ნდობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი, მითუმეტეს ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანებმა არაერთხელ გამოაჩინეს შინაგანი ძალა. შინაგანი ძალა, რომ შეიძლება გადაუდგე იმ მოვლენებსა და დადგე როგორც პიროვნება. სადღაც ჩემში მქონდა იმის იმედი, რომ როცა ადამიანებმა იციან, მათზეა დამოკიდებული ის საშუალება, ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას, დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წყობას და პოლიტიკურ პროცესს, ადამიანებს, როცა აქვთ ისტორიაში ერთი საშუალება მოცემული, რომელიც არასდროს დაბრუნდება და როცა ინაწილებენ პასუხისმგებლობას იმ მოვლენებზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს, მჯეროდა, მიმაჩნდა, ვიმედოვნებდი, რომ ამ გადაწყვეტილებას სამი ადამიანი მაინც მიიღებდა და იქნებოდა მართალი საკუთარი სინდისისა და ქვეყნის წინაშე. შევცდი! შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი, რეალურად, კონსტიტუციური ძალაუფლება, სადაც დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და დახიეს მთლიანად,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი პასუხისმგებლობაა, ქვეყანა მიიყვანოს ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს ახალ ხელისუფლებას. „ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რჩება მეორე მხარეს ერთი ადამიანი, რომელმაც მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია ამ ქვეყანაში. სიტყვა ხელისუფლებას არ ვამბობ, ძალაუფლების და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი. ეს არის ივანიშვილი და ჩვენ უნდა მოვნახოთ გამოსავალი ამ ქვეყნისთვის, რომელიც იქნება მშვიდობიანი. მისი პასუხისმგებლობა იქნება, რომ დააბრუნოს თავისი რეჟიმი არაძალადობრივ რეჟიმში, ხალხს მოუსმინოს. ჩემი პასუხისმგებლობა არის, რომ წავიყვანო ეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას," - განაცხადა ზურაბიშვილმა.