ძებნის რეზულტატი:
კობახიძე ივანიშვილისა და ამერიკის ელჩის შესაძლო შეხვედრაზე: „ეს შეხვედრა არ შემდგარა და ესეც საინტერესო დეტალია"
3 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ შესაბამის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ შეხვედრია საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს. „ეს შეხვედრა არ შემდგარა და ესეც საინტერესო დეტალია. რა თქმა უნდა, ელჩი არის დამოკიდებული იმაზე, რას ეტყვის მისი ადმინისტრაცია, ელჩი თავად არ იღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ყველაფერი არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო. გრძელდებოდა შანტაჟი, არასწორი მიდგომით მოქმედება ჩვენი ქვეყნის მიმართ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს მოქმედი ელჩი [რობინ დანიგანი] იანვრიდან ელოდება ახალ ადმინისტრაციას, რის შემდეგაც იმოქმედებს ახალი ადმინისტრაციის მანდატის შესაბამისად. „ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ დეკემბერი უკვე გადავლილია, "ნაცმაიდანი" ჩავარდა, ყველაფერი მიდის ისე, როგორც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას,“ ამბობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ ასევე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების მიღებისას იჩქარა, რადგან, მისივე თქმით, აშშ-ის ძველი ადმინისტრაცია ცდილობს, დაუტოვოს მძიმე მემკვიდრეობა ტრამპის ახალ ადმინისტრაციას. ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სინგაპურში სასამართლო დავის მოგების შემდეგ ჰქონდა კომუნიკაცია ამერიკის ელჩთან და, რომ მათი შეხვედრა არჩევნების შემდეგ გაიმართებოდა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა სამშაბათს ღამით, სატელევიზიო გამოსვლისას გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა და ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტია ჩრდილოეთ კორეის მიმართ თანაგრძნობასა და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში დაადანაშაულა. იუნმა არ ისაუბრა, რა კონკრეტულ ზომებს მიიღებდა. იუნმა ოპოზიციის ქმედებებს „მკაფიოდ ანტისახელმწიფოებრივი ქცევა უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს აჯანყების წაქეზებას.“ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვისას განმარტა, რომ სამხედრო მდგომარეობის მიზანი პროჩრდილოკორეული ძალების ამოძირკვა და თავისუფლების კონსტიტუციური წესრიგის დაცვა იქნება.
სამხრეთ კორეის პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა
სამხრეთ კორეის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მოთხოვნის შესახებ სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის სპიკერის, ვუ ვონ-სიკის წარდგენილ რეზოლუციას მხარი პარლამენტში საგანგებო სესიაზე დამსწრე 190-მა დეპუტატმა დაუჭირა. სამხრეთ კორეის კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი ვალდებულია, რომ კენჭისყრის შედეგებს დაემორჩილოს. შეგახსნებეთ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, იუნ სუკ იოლმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი: ქართველი ხალხი მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს იმსახურებს
საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი ლუის გრაჩა (პორტუგალია) განცხადებას ავრცელებს. ლუის გრაჩა ყველა მხარეს კონსტრუქციულ დიალოგისკენ მოუწოდებს. ლუის გრაჩას თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა დიალოგის ხელშეწყობის მიზნით დახმარებისთვის მზად არის. მისი შეფასებით, ქართველი ხალხი მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს იმსახურებს: „ჩვენი ასამბლეა ამ მიზნის მიღწევის მცდელობების მხარდაჭერის ერთგული რჩება,“ - აცხადებს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი. „ბოლოდროინდელი დემონსტრაციებისას ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა. ოდირის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ვიზიარებ. ასევე, ყველა დემონსტრანტს კანონის უზენაესობის პატივისცემით მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენებისკენ მოვუწოდებ, რადგან ძალადობრივი ქმედებები დაუშვებელია. ჩემი მოწოდებაა, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი იყოს. ამავდროულად, იმის ხაზგასმით, რომ პოლიცია ვალდებულია დემონსტრანტების წინაშე თავშეკავება გამოიჩინოს, მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებამ დემონსტრანტებს მოუსმინოს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი სცეს.“ „როგორც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებშია აღნიშნული, არჩევნები ღრმად პოლარიზებულ გარემოში ჩატარდა, რასაც დღესაც ვხედავთ. ყველას მოვუწოდებ, რომ ეუთო/ოდირის მომავალი საბოლოო ანგარიში გაითვალისწინონ და ასევე, ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ჩაერთონ,“ - აღნიშნავს გრაჩა.
შსს აცხადებს, რომ აფეთქების მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აფეთქების მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა თავდაპირველად, ბრალდებული საპროტესტო აქციაზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. უწყებიაში აცხადებენ, რომ მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რომლის „მოქმედებაში მოყვანამ შესაძლოა, გამოიწვიოს ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა.“ დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აფეთქების მომზადების ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს. პოლიციამ ორი ცალი მინის ბოთლი, ნაჭრის ფრაგმენტები და მათში მოთავსებული აალებადი ნავთობპროდუქტი (ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი) ნივთმტკიცებად ამოიღო. ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მინის ბოთლებზე შემოხვეულ ნაჭრის ფრაგმენტებზე აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,” - ნათქვამია ინფორმაციაში. შს მინისტრის მოადგილე დღეს აცხადებდა, რომ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით 293 პირია დაკავებული, სისხლის სამართლის კოდექსით - 5. საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. საპროტესტო აქციების ფარგლებში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება არამხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს, არამედ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებითაც მიმდინარეობს, კერძოდ კი, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიება დაწყებულია სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით. 28-29-30 ნოემბრის აქციებზე პოლიციამ, ჯამში, 150 ადამიანი დააკავა. ადვოკატების განცხადებით, მათი უმრავლესობა ნაცემია. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
პატელი საქართველოს მთავრობაზე: მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მთავარმა მოადგილემ ვედანტ პატელმა უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როდის დაუწესებს აშშ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს სანქციებს. დეპარტამენტში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ წინასწარ მიმოხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებებს შეიძლება, მიმართოს აშშ-მ. „არ ვაპირებ წინასწარ განხილვას ან სპეკულირებას იმის შესახებ, თუ რა ქმედებები შეიძლება, აშშ-მ განახორციელოს ან არ განახორციელოს, შემიძლია ვთქვა, რომ ახლა ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე ვართ ორიენტირებულნი და მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობის დაცვის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ. ჩვენ კვლავ გვჯერა, ეს რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების საფუძველია,“ - განაცხადა ვედანტ პატელმა. პრესსპიკერის მთავარი მოადგილის თქმით, აშშ გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას მომიტინგეების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ თავიანთი უფლებები მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ. „აშშ ღრმად არის შეშფოთებული ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ პროტესტის მშვიდობიანი ფორმა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები,“ აღნიშნა პატელმა. მეთიუ მილერი: ჩვენ ქართველი ხალხის მხარეს ვართ
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეტი საქართველოში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ევროპის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს სათაურით: „სიტუაცია საქართველოში: გენერალურმა მდივანმა მოსაზრებები გაცვალა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.“ ალენ ბერსეტი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. დაძაბული მდგომარეობისა და მიმდინარე დაპირისპირებების ფონზე, გენერალურმა მდივანმა ევროპის საბჭოს სახელით შეშფოთება გამოთქვა პოლარიზაციის გაღრმავებისა და მოვლენების პოლიტიკურ ჩიხში შესვლის გამო. მან ასევე ყველა შესაბამის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ შემდგომი ესკალაციისგან. გენერალურმა მდივანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა დემონსტრაციების დროს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევების გამოძიების აუცილებლობას. ვიანიდან საქართველო ევროპის საბჭოს წევრია, გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ორგანიზაციის როლი, მოუსმინოს ყველა მხარეს და ქვეყნის ვალდებულება, პატივი სცენ ევროპის საბჭოს ღირებულებებსა და სტანდარტებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებას, რაც როგორც ქართველი ხალხის, ასევე, მთლიანად ქვეყნისა და მისი სტაბილურობის ინტერესშია. გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ მისწრაფებებში და უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული უსაფრთხოება. მან ასევე მზადყოფნა გამოხატა, არსებული კრიზისის დასაძლევად აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ყველა შესაბამის პარტნიორთან, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით, გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს. საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა დამტკიცდა
NATO-ს გენერალური მდივანი: გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება, მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას
NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს. გენერალურმა მდივანმა უპასუხა შემდეგ შეკითხვას: ვარაუდობენ, რომ რუსული ჰიბრიდული ქმედებებით თავს დაესხნენ არჩევნებს საქართველოსა და მოლდოვაში. შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ თქვენი აზრი ამ თემაზე? რას ფიქრობთ? როგორ შეუძლია NATO-ს, დაუპირისპირდეს ამ რუსულ ჰიბრიდულ თავდასხმებს, რომელთა სამიზნეა, როგორც NATO-ს ქვეყნები, ასევე, NATO-ს მეზობლები და პარტნიორები. მარკ რუტე: რა თქმა უნდა, ჩვენ NATO-ს ქვეყნების არჩევნებში ყოველგვარ ჩარევას ვგმობთ. ასევე ძალიან გვაწუხებს ის, რაც მოლდოვაში მოხდა, კმაყოფილი ვართ შედეგით, მაგრამ აშკარაა, რომ ჩარევა იყო. ამავდროულად, მოლდოვის ხელისუფლებამ არჩევნების მათი დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩატარება შეძლო. რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაწუხებს ის, რაც საქართველოში ხდება. მოვლენებს თვალს ვადევნებთ. მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ევროკავშირთან და NATO-სთან. ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდებით. რაც შეეხება არჩევნებში ვინმეს ჩარევას, ეს მიუღებელია. NATO-ს გენერალური მდივანი: საქართველოს მოვუწოდებთ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გზას დაუბრუნდეს NATO-ს გენერალური მდივანი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გააკეთონ ყველაფერი მშვიდობის და სტაბილურობის ხელშესაწყობად
მინისტრი: გერმანიის განვითარების სამინისტრო აქამდე მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას, ახლანდელ მთავრობასთან ეს თანამშრომლობა აზრს კარგავს
გერმანიის განვითარების მინისტრის სვენია შულცეს განცხადებით, „გერმანიის განვითარების სამინისტრო აქამდე მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას. საქართველოს ახლანდელ მთავრობასთან ამ თანამშრომლობის განხორციელება კი, აზრს კარგავს.“ მინისტრის თქმით, „ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში მისი განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ისეთ სფეროებში, რომლებიც გააძლიერებს ქვეყნის ევროპასთან კავშირებს.“ მინისტრი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, „შეაჩეროს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები“, ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება, დროებით მაინც, თავისი მოქალაქეების ევროპული მომავლის შანსზე უარს ამბობს.“ „ქართველების დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ყოველდღე, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხალხი ქუჩებში გამოდის, რადგან მათ ევროპული საქართველო სურთ. ამასთან, ევროკავშირთან დაახლოება საქართველოს კონსტიტუციაშიც არის დაფიქსირებული,“ აცხადებს სვენია შულცე. ინფორმაციისთვის, გერმანიის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აზიარებს სამინისტროს ვებგვერდზე მოცემულ მეტ ინფორმაციას: „გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო გადაამოწმებს საქართველოს მთავრობასთან არსებულ მთლიან თანამშრომლობას. არ გაიცემა თანხმობა საქართველოსთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის ახალ პროექტებზე და მათ განხორციელებაზე, ასევე არ მოეწერება ხელი ახალ საკრედიტო ხელშეკრულებებს. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო უფლებას იტოვებს, ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან შეთანხმებით მიიღოს შემდგომი ზომები. მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის მაისში მიღებულ იქნა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, აღარ გაცემულა დაპირებები საქართველოსთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის ახალი პროექტების განხორციელების თაობაზე. საქართველოსთან აქამდე არსებული თანამშრომლობა მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ისეთ სფეროებში თანამშრომლობით, როგორებიცაა, მაგალითად ენერგომომარაგება, ასევე, ქართული კომპანიებისთვის სპეციალისტების მომზადება, მდგრადი ურბანული განვითარება და წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.“ შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
რა ნაბიჯები უნდა გადადგას აშშ-მ საქართველოსთან დაკავშირებით - ამერიკელი დიპლომატების წერილი
საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებული ერთობლივი წერილით, რომელსაც ხელს 17 ამერიკელი ყოფილი დიპლომატი და ექსპერტი აწერს, „საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად გმობენ.“ ყოფილი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც გასულ წელს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, „ქართული ოცნების“ მთავრობა და პარლამენტი არასწორი მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. „ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მათ შორის, ყოფილი ამერიკელი დიპლომატები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოში ან/და მუშაობდნენ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, საქართველოს მთავრობის მიერ თბილისში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მკაცრად ვგმობთ. ჩვენთვის ასევე ძნელად გასაგებია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელსაც ხელმძღვანელობენ „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერონ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იყო, რომელიც გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში ვლადიმერ პუტინმა შეაქო, რამაც ათიათასობით ქართველის დემონსტრაცია გამოიწვია“, - ნათქვამია წერილში. „კრიტიკული მომენტია საქართველოს ისტორიაში, რომელიც გავლენას ახდენს მთელ სამხრეთ კავკასიაზე და მის ფარგლებს გარეთაც. საქართველო, როგორც თავისუფლებისა და რეფორმების შუქურა, სასწორზე დევს. თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის მიერ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მრავალწლიან ისტორიას, როდესაც ისინი დემოკრატიისკენ მიიწევენ, ახლა მოქმედების დროა,“ - აღნიშნავენ ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები. წერილს ხელს აწერენ: აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, რობერტ სეკუტა; ჰადსონის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი; გლობალურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგინე, პაულა დობრიანსკი; რუსეთის, უკრაინის, ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, ეველინ ფარკასი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დანიელ ფრიდი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინასა და უზბეკეთში, ჯონ ჰერბსტი; ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი, ბენ ჰოჯესი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რიჩარდ კაუზლარიჩი; საქართელოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი; აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერი; ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსი მკვლევარი, ლორა ლინდერმანი; აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანსა და ევროკავშირში, რიჩარდ მორნინგსტარი; საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფრო მკვლევარი, სტივენ სესტანოვიჩი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, უილიამ ტეილორი; მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი, ლორა თორნტონი; აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-სა და რუსეთში, ალექსანდრ ვერშბოუ; აშშ-ის ყოფილი ელჩი NATO-ში, კურტ ვოლკერი; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოსა და ბელარუსში, კენეტ იელოვიცი; აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში, სომხეთსა და ყირგიზეთში, მერი იოვანოვიჩი. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ახლა აშშ-მ ყველა პასუხისმგებელი პირის ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დააყენოს. წერილში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ საუბრობენ, რომლებიც წერილის ავტორთა შეფასებით, აშშ-მ უნდა გადადგას. „ესენია: ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარის თქმა და ასევე, ახალი პარლამენტისა და „ქართული ოცნების“ მთავრობის თავიდან დანიშვნის აღიარებაზე უარის თქმა. პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევის მხარდაჭერა, რათა ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, რაც დემოკრატიული განახლების გზას შექმნის. მოუწოდეთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და უსაფრთხოების სამსახურებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაიცვან, ქართული დემოკრატიის საფუძველი და უარი თქვან ამ დოკუმენტისთვის შეუსაბამო ბრძანებებზე, მაგალითად, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიებზე. პირდაპირი და საჯარო სანქციები დაუწესეთ ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობისა და პარლამენტის სხვა წევრებს, რომლებიც მსგავს ავტორიტარულ ქცევებში არიან ჩართულები. ასევე, ეს უნდა ეხებოდეს პოლიციასა და სამხედრო ოფიციალურ პირებს, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაში არიან ჩართულები და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას ხრიკების მოწყობაში მონაწილეობდნენ,“ - ნათქვამია წერილში. ამერიკელი დიპლომატების განცხადებით, აღნიშნული ზომები უფრო მეტად ეფექტური იქნება თუ მათი განხორციელება ევროკავშირთან ერთად მოხდება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს, პირველი ორი დღის განმავლობაში გვქონდა ინციდენტები, მაგრამ ბოლო ოთხ დღეში არანაირი ინციდენტი არ ყოფილა.“ მან შეკითხვას უპასუხა იმის შესახებ, გეგმავს თუ არა თანამდებობიდან გადადგომას იმის ფონზე, რომ ქუჩებში ბევრი ადამიანი ხელისუფლების კურსით უკმაყოფილოა და ასევე, თანამდებობებს ელჩებიც ტოვებენ. „ქუჩაში 5000 ადამიანია და საპარლამენტო არჩევნები სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა. „ქართულმა ოცნებამ“ 1 120 000 ხმა მიიღო. შეგიძლიათ შეადაროთ. 1 120 000 ადამიანი და 5 000 ადამიანი, რომელიც ქუჩაში რაღაცას აპროტესტებს, რასაც საფუძველი არ აქვს. ეს არის დღეს არსებული მდგომარეობა. არის ძალადობრივი ჯგუფი, დაახლოებით, 500-მდე ადამიანი და ხედავთ, რომ პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს, პირველი ორი დღის განმავლობაში გვქონდა ინციდენტები, მაგრამ ბოლო ოთხ დღეში არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. დღეს პროპორციულ ქმედებებს აქვს ადგილი. სწორედ ამიტომ საქართველოში „მაიდანი“ არ შედგა, ოპოზიცია განადგურებულია და ახლა საკუთარ თავს ანადგურებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევენ მონიტორინგს და რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივო რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი შეიძლება, გახდეს. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
საია-ს თავმჯდომარე: სახეზეა წამება, გეგმავთ, ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ჰააგის სასამართლოსადმი მიმართვას გეგმავს და ამ მიზნით, საკოორდინაციო ფორმატს ქმნის. ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო ფორმატში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს ექნება, მათ შორის, აქციებზე დაშავებულ პირებს. ქურდოვანიძის განმარტებით, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევს მონიტორინგს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივო რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი შეიძლება, გახდეს. „მზარდი რეპრესიების და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა, მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ადამიანურობის წინააღმდეგ. კერძოდ, სახეზეა წამება სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი და სისტემური თავდასხმების სახით, ასევე, ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და მსგავსი ხასიათის სხვა არაადამიანური განზრახი ქმედებები, რომლებიც იწვევენ მძიმე ტანჯვას, სხეულის მძიმე დაზიანებას, ანდა მძიმე ზიანს აყენებენ პირის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. ამასთან, ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულებს სათანადოდ გამოიძიებდა. არსებული რეალობის გათვალისწინებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს. ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული ექვემდებარება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. შესაძლებელია ამ მიმართულებით მიმართვა და საქართველოს სიტუაციის შესწავლა, თუმცა ამას სჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ განვიხილავთ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ და ამ განაცხადით გვინდა ამასთან დაკავშირებით დავიწყოთ პროცესები, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს ამ დარღვევების დეტალურ დოკუმენტირებას,“ - განაცხადა ქურდოვანიძემ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 3 დეკემბერს მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 პირი დააკავა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებულების ნაწილი კვლავ ნაცემია. პოლიცია აცხადებს, რომ ასევე 42 წლის სხვისი ნივთის დაზიანებისა და განადგურებისთვის დააკავეს. შსს-ს გამოძიებით ცნობით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, პარკ "მზიურში" მდებარე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებენ. 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა. თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია ექვსი ადამიანი, მათგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორის საქმეს სასამართლო დღეს, 4 დეკემბერს, განიხილავს.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ“
ევროპის საბჭოს პრესსამსახური დღეს, 4 დეკემბერს, მეორე განცხადებას ავრცელებს. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შემდეგ, ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო'ფლაერტიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება. “შეშფოთებული ვადევნებ თვალყურს პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ვალდებულებები და პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას,” - განაცხადა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ. აქვე მას მოჰყავს სახალხო დამცველის განცხადება. “გუშინ საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მისი თანამშრომლების მიერ მონახულებული 201 ადამიანიდან უმრავლესობა პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია, მათ შორის, დაპატიმრების შემდგომ. უმეტესობას აღენიშნება დაზიანებები სახეზე, თვალზე და თავზე, რაც ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე მიუთითებს. 29 ნოემბერს, ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა დაცვის პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ასახავს, რომ სულ მცირე 35 ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი გახდა სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი და ხელი შეეშალათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას. რაც შეეხება ცნობებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლების და წიწაკის სპრეის ფართოდ გამოყენებაზე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს უკიდურესი ზომა და უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ სტანდარტებს. გარდა ამისა, დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ. მშვიდობიან დემონსტრანტებს უნდა შეუნარჩუნდეთ თავისუფლად შეკრების უფლება. აღვნიშნავ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სამართალდამცავი ორგანოების მიერ სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის და დანაშაულებრივი ქმედებების ყველა ბრალდება სამართალდამცავმა ორგანოებმა პრაქტიკულად გამოიძიონ და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. უფრო მეტიც, ყველა სამართალდამცველმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრაციის ლეგიტიმური უფლების განხორციელების გამო არიან დაკავებულნი. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მისი ვალდებულება და ჟურნალისტებისთვის უზრუნველყოს საზოგადოებრივი შეკრებების თავისუფლად და უსაფრთხოდ გაშუქების შესაძლებლობა. მე გავაგრძელებ ამ ვითარების ყურადღებით მონიტორინგს და ამ საკითხების საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვას,“ ამბობს მაიკლ ო’ფლაჰერტი. ცნობილია, რომ ევროპის საბჭო მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც ქვეყანას ევროპული მისწრაფებების მიღწევის პროცესში დაეხმარება. ამ მიზნით, გენერალური მდივანი უახლოეს მომავალში საქართველოში ვიზიტს გეგმავს.
ნიკა გვარამია ადმინისტრაციული წესით დააკავეს - შსს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულით არის დაკავებული. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. ცნობისთვის,პარტია „დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებდა სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს. ფაქტს წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მოჰყვა გვარამიას მოთხოვნას, რომ როგორც წარმომადგენელი, ოფისში შეუშვან, რათა ჩხრეკას დააკვირდეს, რის შესაძლებლობასაც მას პოლიციის წარმომადგენლები არ აძლევდნენ. სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, ადგილზე იმყოფება წარმომადგენელიც და „ხელის შეშლის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.“ ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონსის“ დამფუძნებელი და ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ასევე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებში. მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. ჩხრეკა ჩატარდა ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ნენსი ვოლანდთან. არაერთი აქტივისტი წერს, რომ პოლიცია ჩხრეკას ატარებს მათს ბინებში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე დააკავა ორი პირი, რომლებიც ფიგურირებენ საპროტესტო დემონსტრაციიდან რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ, ფარულად გადაღებულ კადრებში და, „იმედის“ ცნობით, „ძალადობრივ გეგმებზე“ საუბრობენ. დაკავებულები არიან ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი. პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე წერს, რომ ორივე მათგანი „ლელოს“ წევრია. იგი ბრალდებას „ბოდვას“ უწოდებს. „გირჩი-დროას“ ოფისთან, ფიქრის გორაზე, ლუარსაბ შარაშიძის ქუჩაზე ასევე დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, აქტივისტი გელა ხასაია. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებენ. 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა. თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია ექვსი ადამიანი, მათგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორის საქმეს სასამართლო დღეს, 4 დეკემბერს, განიხილავს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევენ მონიტორინგს და რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივო რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი შეიძლება, გახდეს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: დარბევა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალება, შესაბამისი დეესკალაციის ძალისხმევის შემდეგ
მიხეილ ჯანელიძე და თინა ხიდაშელი კობახიძესთან და პაპუაშვილთან დაგეგმილ დებატებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ
“ქართული ოცნების“ ლიდერებთან - პრემიერ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან სატელევიზიო დებატებში თინა ხიდაშელი და მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას არ მიიღებენ. დღეს, 22:00 საათზე, “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში დაგეგმილი იყო დებატები, რა ფორმატშიც პრემიერი ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან “ქართული ოცნების“ ყოფილ მინისტრებს თინა ხიდაშელს და მიხეილ ჯანელიძემ უნდა მიეღოთ მონაწილეობა. პრემიერის შეფასებით, „საჯარო დისკუსია მთლიანად დაამსხვრევდა იმ სიცრუეს, რაზეც დგას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდა, შესაბამისად, ეს არის მათი უარის მიზეზი.“ „მათი უარი საჯარო დისკუსიაზე ნიშნავს, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და მათ ეშინიათ დისკუსიის,“ ამბობს კობახიძე. „კობახიძე არ არის ხალხის მიერ არჩეული, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნული. მათი მხარდამჭერთათვისაც კი, შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ის, რომ ე.წ. არჩევნების წინ პარტიის პირველ ნომრად იყო ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილი და დღეს ისევ გაუჩინარდა. ბიძინა ივანიშვილი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე რაც ქვეყანაში ხდება და ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, სხვა დამნაშავეებთან ერთად,“ - წერს თავის მხრივ, მიხეილ ჯანელიძე Facebook-ზე. 2 დეკემბერს, მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი ადასტურებს, რომ “ქვეყანაში წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“ არსებობს. კობახიძემ აღნიშნა, რომ მზად არის ნებისმიერ საკითხზე საჯარო ან არასაჯარო დისკუსიისთვის “გულწრფელ ადამიანებთან“, ვინც ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები “სხვანაირად გაიგო.“ „ჩვენი შეთავაზება კვლავაც რჩება ძალაში. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, რომელთაც აქვთ პროტესტის განცდა. მათ შორის, ჩვენ არაგულწრფელ ადამიანებსაც დავთანხმდით ამ დისკუსიაზე. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რჩება ეს შეთავაზება ძალაში გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ გულწრფელი პროტესტი ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში ვიმსჯელოთ ამ ადამიანებთან. კიდევ ერთხელ, ნებისმიერი სივრცე, მთავარია, რომ ეს დისკუსია იძლეოდეს განზოგადებისა და სიმართლის დადგენის საშუალებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ უკვე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. პირდაპირი სატელევიზიო ეთერით, დებატების ფორმატში, მასთან დისკუსიის მზაობა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვეს. „ყველაფერი გასაგებია“ - აშშ-ის საელჩო კობახიძის განცხადებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
მეუფე შიო: „ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, დაშავდნენ ადამიანები როგორც მომიტინგეთა, ასევე, სამართალდამცველთა შორის“
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევაა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით გააძლიეროს ლოცვები მშვიდობისთვის. მეუფე შიოს თქმით, სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ქვეყანაში ვითარების დამშვიდებამდე ტაძრებში საქართველოს მშვიდობისთვის პარაკლისები ჩატარდეს. ჩვენ, ყველანი, გულისტკივილით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს საპროტესტო აქციებს ჩვენს დედაქალაქში. როგორც ვხედავთ, ვითარება ძალიან დაძაბულია. ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები როგორც მომიტინგეთა, ასევე, სამართალდამცველთა შორის. სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ და დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი, ჩართონ ასეთ დაძაბულ პროცესში, ამ აქციებში და კიდევ უფრო მეტი ესკალაცია და დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რისი დაშვებაც, რა თქმა უნდა, დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მასთან დაკავშირებით მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის. სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ვითარების დამშვიდებამდე ყოველდღიურად ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისები საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისა და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების გამოჯანმრთელებისათვის,“ განაცხადა მეუფე შიომ. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებენ. 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა. თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია ექვსი ადამიანი, მათგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორის საქმეს სასამართლო დღეს, 4 დეკემბერს, განიხილავს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევენ მონიტორინგს და რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივო რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი შეიძლება, გახდეს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: დარბევა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალება, შესაბამისი დეესკალაციის ძალისხმევის შემდეგ
ირაკლი კობახიძე რამდენიმე პარტიის ოფისში ჩხრეკაზე: ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები
4 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების ოფისებისა და აქტივისტების სახლების პოლიციის მიერ ჩხრეკის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები.“ კობახიძის თქმით, აქციაზე მყოფი მოქალაქეების პიროტექნიკით მომარაგება ხდებოდა შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ. პრემიერ-მინისტრის თქმით, გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი. ოპონენტების ბრალდებებს, რომ ეს არის რეპრესიები, ირაკლი კობახიძე პასუხიბს: „მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს, ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები.“ „რაც შეეხება კავშირს, ფაქტია, დასტურდება ერთი რამ, სისტემურად ადამიანების მომარაგება პიროტექნიკითა და სხვა საშუალებებით ხდებოდა სწორედ შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი და ეს დევს ხელის გულზე,“ - განაცხადა პრემიერმა. „სახელმწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი და სავარაუდოდ, ეს იყო დაგეგმილი ჩვენი გათვლებით დეკემბრისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა ასეთ პროცესებთან დაკავშირებით. ერთი საინტერესო დეტალი შემიძლია, გითხრათ, რაც პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დეკემბრისთვის დაგეგმილი. პიროტექნიკის გაყიდვის სტატისტიკა ამოვიღეთ და ერთმანეთს შევადარეთ პირველი ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით წლევანდელი წლის სტატისტიკა და შევადარეთ შარშანდელი წლის 1- 27 ნოემბერს, რამდენი პროცენტით შეიძლება, იყოს გაზრდილი გაყიდვების მაჩვენებელი? 90 პროცენტით. პრაქტიკულად გაორმაგებულია პიროტექნიკის გაყიდვები საქართველოში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იყო დაგეგმილი. სისტემური, უხეში ძალადობა, რაც ხორციელდება შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ, იყო წინასწარ დაგეგმილი. ასევე დღეს ვნახეთ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები, როცა შევიდნენ შესაბამის ოფისებში, პარტიულ ოფისებში, იქიდან ხდება შესაბამისი მასალების ამოღება. უფრო მეტიც, როცა დაიწყო შესაბამისი ოპერაცია, პირდაპირ გამოვიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერი, მაგალითად, ელენე ხოშტარია და წინასწარ თქვა, რომ ისინი ყიდულობდნენ პიროტექნიკას და კვლავაც განაგრძობდნენ პიროტექნიკის შეძენას. ამით რეალურად ამ პოლიტიკურმა პარტიებმა აღიარეს პირდაპირ, რომ ამ სისტემური უხეში ძალადობის უკან დგას მთლიანად პარტიული რესურსი. ცნობილი ჯგუფი არსებობს - „დაიტოვე“, ვითომ გულწრფელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, ამ ჯგუფის ე.წ. ადმინი აღმოჩნდა სტაჟიანი „ნაციონალი“, რომელიც სააკაშვილს სტუმრობდა თავის დროზე უკრაინაში და ა.შ. არაფერი გულწრფელობა არ არის აქ, არის პარტიული ინტერესები, ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლის ინტერესი და ეს ყველაფერი დევს დღეს უკვე ხელის გულზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებს წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკას იყენებენ. 3 დეკემბრის 20:00 საათის მონაცემებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. მათგან 89-ის შემთხვევა სასამართლომ უკვე განიხილა: 43 ადამიანი დააჯარიმეს, 41-ს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 5-ს შენიშვნა მისცეს. შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო უწყების 143-მა თანამშრომელმა. თბილისში მიმდინარე აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია ექვსი ადამიანი, მათგან სამს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეუფარდა. ორის საქმეს სასამართლო დღეს, 4 დეკემბერს, განიხილავს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევებს ყოველ დღიურ რეჟიმის უწევენ მონიტორინგს და რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივო რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველი შეიძლება, გახდეს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: დარბევა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ როგორც უკანასკნელი საშუალება, შესაბამისი დეესკალაციის ძალისხმევის შემდეგ
ამერიკელი სენატორები: ქართველი ხალხის თავგანწირვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, მოითხოვს ჩვენს სოლიდარობას და მოქმედებას
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი, წევრი, სენატორი, როჯერ ვიკერი და სენატორი ჯონ კორნინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ავრცელებენ. „კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაჩაღებულ ძალადობას - თბილისის ქუჩებში ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის,“ წერენ სენატორები. მათი განცხადებით, ქართული ოცნების“ ნაბიჯი, „უარი თქვას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, სრული ღალატია ქართველი ხალხის აბსოლუტური სურვილის, ევროპული ღირებულებები და ინსტიტუტებს მიიღოს.“ „ეს არის არა დემოკრატიული რეფორმებისა და პლურალიზმის ერთგული მთავრობის ქცევა, არამედ არასაიმედო რეჟიმის ქცევა, რომელიც საქართველოს მიათრევს რუსული სტილის ავტოკრატიისკენ. ეს ქმედებები უხეშად არღვევს საერთაშორისო დემოკრატიულ ნორმებს და ძირს უთხრის ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებებს. კატეგორიულად ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ გაჩაღებულ ძალადობას - თბილისის ქუჩებში ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლის, ცემისა და მასობრივი დაკავებების ადგილი არ არის. საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიული პრინციპების ეროზიაზე, საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. ქართველი ხალხის თავგანწირვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, მოითხოვს ჩვენს სოლიდარობას და მოქმედებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში. რა ნაბიჯები უნდა გადადგას აშშ-მ საქართველოსთან დაკავშირებით - ამერიკელი დიპლომატების წერილი პატელი საქართველოს მთავრობაზე: მათთან ხაზს ვუსვამთ სერიოზულ პასუხისმგებლობას, რომელიც კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის კუთხით აქვთ
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა „დემონსტრაციების დროს დაკავებულთა მიმართ მოპყრობა შეისწავლა“
18-29 ნოემბერს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. ევროპის საბჭოს პრესასმსახურის ცნობით, „ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეისწავლა დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი პირების, მათ შორის, თბილისში მიმდინარე სახალხო დემონსტრაციების დროს დაკავებულთა მიმართ გამოყენებული მოპყრობა და გარანტიები.“ დელეგაცოა ასევე გაეცნო რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირების მდგომარეობას. გარდა ამისა, დელეგაციამ მოინახულა სამი ფსიქიატრიული საავადმყოფო, სადაც შეისწავლა პაციენტების მოვლის და საცხოვრებელი პირობები, ასევე განიხილა იძულებითი ჰოსპიტალიზაციის სამართლებრივი გარანტიების გამოყენება. „ამ ვიზიტით შესაძლებელი გახდა, ხელისუფლების მიერ წინა ვიზიტების საფუძველზე CPT-ის ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციების განხორციელების პროგრესის შეფასება. ვიზიტის მსვლელობისას დელეგაციამ კონსულტაციები გამართა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილე თამარ გაბუნიასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორ ნიკა ცხვარაშვილთან და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ კოკა კაციტაძესთან, აგრეთვე აღნიშნული სამინისტროებისა და უწყებების სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან. დელეგაცია ასევე შეხვდა სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს და მისი ოფისის ეროვნული პრევენციული მექანიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებს და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,“ წერს ევროპის საბჭოს პრესასმსახური. CPT და საქართველო
ზურაბიშვილი: მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს კოკა კაციტაძეს შეხვედრაზე იბარებს, თუმცა ამბობს, რომ მას ვერ უკავშირდებიან. ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, რომ დღევანდელი კადრები სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას ადასტურებს. „არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრაზე ვიბარებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს… თუმცა ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება. ეს ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის ფაქტების გამოვლენა, გამოძიებაზე. ის კადრები, რასაც ეს დღეებია, ვხედავთ ადასტურებს სასწრაფო გამოძიების აუცილებლობას,“ - წერს ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე. სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტით კი, სალომე ზურაბიშვილი „სასწრაფოდ მოუწოდებს“ პარტნიორებს, „დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინონ მმართველ პარტიაზე. „რეპრესიები საქართველოში - სასწრაფოდ მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს და მათ, ვისაც სურთ აღკვეთონ კრიზისის გაღრმავება და არასტაბილურობა, დროა, ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ მმართველ პარტიაზე, რომელიც ქვეყანას კლდიდან აგდებს! ნუ დააგვიანებთ,“ - წერს პრეზიდენტი. ამავე პლატფორმაზე კიდევ ერთ პოსტში კი, პრეზიდენტის შეფასებით, #საქართველოში პროტესტს უნდა დაერქვას #რეპრესიები საქართველოში. „რეპრესიული ძალების მიერ ნათრევი პოლიტიკური ლიდერები, პარტიის შტაბი ეწინააღმდეგება ჩხრეკისა და ამოღების ოპერაციებს, ახალგაზრდა მომიტინგეების ოფისებს ჩხრეკენ, პრემიერი ამას "პრევენციას“ უწოდებს,“ - წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, დღეს აქტივისტების ბინებსა და პოლიტიკური პარტიების ოფისების ნაწილში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „დროას“ ოფისებში. ასევე გაჩხრიკეს Facebook ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ილია ღლონტის ბინა. გარდა ამისა, „დროას“ ოფისთან, ჩხრეკის პარალელურად, დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია და კოალიციის წევრი გელა ხასაია. დაკავებულია მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძეც. ასევე, „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს. დაკავებულია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რამდენიმე წევრი.