ძებნის რეზულტატი:
ტრამპმა ირანს „ეკონომიკური ომი“ გამოუცხადა, სხვა ქვეყნები კი ირანის მხარდაჭერის შემთხვევაში „უზარმაზარი შედეგების“ შესახებ გააფრთხილა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო ეკონომიკური ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მსოფლიოს სახელმწიფოები გააფრთხილა იმ მძიმე შედეგების შესახებ, რაც მათ მიერ ირანის დახმარებას მოჰყვება. ტრამპმა 19 აგვისტოს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-დაწერა, რომ ირანს მან მისცა შეთანხმების მიღწევის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც არ გამოიყენა, ამიტომ „ეკონომიკური ომი და იზოლაცია უპრეცედენტო მასშტაბის იქნება.“ აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია. „არავის მიუცია ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის შეთანხმების დადების უფრო დიდი შესაძლებლობა, ვიდრე მე. მათდა სამწუხაროდ, ეს ვერ შეძლეს. ამიტომ, დღეს ვაცხადებ ყველაზე გამანადგურებელ ეკონომიკურ ოპერაციას, რაც კი ოდესმე განხორციელებულა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ! ეს იქნება უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკური ომი და იზოლაცია,“ - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის სამხედრო-საზღვაო ფლოტი აღარ არსებობს, მისი საჰაერო ძალები განადგურებულია, სამხედრო ქარხნები ნანგრევებად არის ქცეული, მისი ვალუტა უსარგებლოა და „ქვეყანა ძაფზე ჰკიდია.“ ტრამპი ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც თავის ფინანსურ ინსტიტუტებს, ბიზნესებს, აეროპორტებს ან სამთავრობო უწყებებს ირანის მხარდაჭერის უფლებას მისცემს, „უზარმაზარ ეკონომიკურ შედეგებს“ წააწყდება. „ნავთობის კონტრაბანდა, გაცვლითი ხაზები, ფულადი გზავნილები, გაცვლითი პუნქტები, გემების რეესტრი, ფიქტიური კომპანიები - ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,“ - აღნიშნა ტრამპმა. მისი თქმით, ყველა მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით უნდა დადგეს, რათა ირანისგან მომდინარე საფრთხე იზოლირებული და დამარცხებული იყოს. „ეს მანიაკები უკვე კუთხეში არიან მომწყვდეული. ეს ისტორიული ზომები მათ და მათ მიერ მთელ მსოფლიოში ტერორის გავრცელების შესაძლებლობას დააზიანებს,“ - დაწერა ტრამპმა. ივნისის შუა რიცხვებში ირანმა და აშშ-მ პაკისტანის შუამავლობით ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანიც ომის დასრულება და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იყო. თუმცა მოლაპარაკებები მემორანდუმის პირობებთან და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციასთან დაკავშირებით მიმდინარე დავების გამო ჩაიშალა.
ზელენსკი: ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა არ ექნება, რუსეთი მშვიდობას სერიოზულად არ განიხილავს
„ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა არ ექნება, რუსეთი მშვიდობას სერიოზულად არ განიხილავს,“ - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ იერიშს. „საგანგებო სიტუაციების სამსახურები რუსების დარტყმების ადგილებზე მუშაობას განაგრძობენ. ეს მასშტაბური თავდასხმა იყო, რომლისთვისაც რუსები დიდხანს ემზადებოდნენ სხვადასხვა ტიპის ბალისტიკური რაკეტების, ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების კომბინირებით, რათა მაქსიმალური ზიანი მიეყენებინათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის,“ - წერს ზელენსკი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსების იერიშის შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 12 ადამიანი, ხოლო კიევის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა. ასევე, თავდასხმის შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა. ზელენსკის თქმით, რუსებმა ოდესის ოლქში, მოლდოვასთან სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაარტყეს, ხოლო ჩერნიგოვის ოლქში ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას. „სამწუხაროდ, მაშინ, როდესაც მოსკოვი ბალისტიკურ რაკეტებსა და ესკალაციაში ინვესტიციას დებს, მსგავს თავდასხმებს ყოველთვის არ მოჰყვება მსოფლიოსგან სათანადო რეაქცია. ვიდრე უკრაინას საკმარისი ანტიბალისტიკური თავდაცვა არ ექნება, რუსეთი მშვიდობას სერიოზულად არ განიხილავს. ჩვენ Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები ყოველდღიურად გვჭირდება. ყოველი დამატებითი რაკეტა ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ინარჩუნებს. მადლობა ყველას, ვინც დახმარების გზებს ეძებს და პოულობს,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა რუსეთის შეტევით გამოწვეული მსხვერპლის გამო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, 20 აგვისტოს დილის ცხრა საათისთვის დადასტურებულია, რომ კიევში 12 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა.
სომხეთმა საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განსაზღვრა — რა წერია დოკუმენტში საქართველოსა და ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებზე
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიერ წარდგენილი 2026-2031 წლების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, ერევანი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას გეგმავს. ხუთშაბათს, 20 აგვისტოს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, მთავრობა გეგმავს, გააგრძელოს მუშაობა ქვეყნების საერთო საზღვრის დელიმიტაციაზე და მშვიდობის ინსტიტუციონალიზაციაზე სამშვიდობო ხელშეკრულებისა და სხვა შესაბამის სამართლებრივ შეთანხმებებზე ხელმოწერით. მთავრობა ასევე გეგმავს სომხეთსა და აზერბაიჯანში სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნეს საზოგადოებებს შორის კონტაქტების გაფართოებას. რაც შეეხება თურქეთს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ სომხეთის მთავრობა გეგმავს ანკარასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვრის გახსნას, მათ შორის, სულ მცირე ორი თანამედროვე სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნით. პროგრამა ასევე ითვალისწინებს სომხეთსა და თურქეთს შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და გაფართოებას. მთავრობამ განაცხადა, რომ სომხეთი გააგრძელებს ე.წ. „დაბალანსებული“ საგარეო პოლიტიკის გატარებას, რომლის მთავარ პრიორიტეტებს შორისაც მეზობელ ქვეყნებთან — აზერბაიჯანთან, თურქეთთან, საქართველოსთან და ირანთან ურთიერთობების განვითარებაა. გეგმები მთავრობის უფრო ფართო 2026-2031 წლების პროგრამის ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და რეგიონული თანამშრომლობის პრიორიტეტებს. ერევანი ასევე გეგმავს ევროკავშირთან, აშშ-სთან, ირანთან სტრატეგიული კავშირების განვითარებას და რუსეთთან მრავალმხრივი ურთიერთობების შენარჩუნებას. ცნობისთვის, სომხეთის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა. მისი მიხედვით, სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების განვითარება, სომხეთის, როგორც სავაჭრო და სატრანზიტო ცენტრის პოზიციონირება და ახალ ბაზრებზე, ინვესტიციებსა და საერთაშორისო ღირებულებათა ჯაჭვებზე წვდომის გაფართოება ერევნის პრიორიტეტებშია. სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს თურქეთთან და აზერბაიჯანთან ენერგეტიკული კავშირების დამყარებას და გაფართოებას. რეგიონულ ენერგეტიკულ ქსელებში უკეთესი ინტეგრაციისთვის ქვეყნის ელექტროგადამცემი ქსელი მოდერნიზდება, რაც ელექტროენერგიის იმპორტის, ექსპორტის, შიდა გაყიდვისა და ტრანზიტის შესაძლებლობებს გააფართოებს. ამოქმედდება ირან-არმენეთის 400 კვ-იანი ორჯაჭვიანი ელექტროგადამცემი ხაზი და ნორავანის 400/220/20 კვ-იანი ქვესადგური. ასევე დაიწყება სომხეთ-საქართველოს 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზისა და აირუმისა და დიდმაშენის 400 კვ-იანი ქვესადგურების მშენებლობა. ასევე გაძლიერდება დიალოგი და თანამშრომლობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან და უფრო ფართო რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რათა ახალი ენერგეტიკული მარშრუტები განვითარდეს. გარდა ამისა, ახალი ბირთვული ენერგობლოკის მშენებლობის პროგრამა დაიწყება და 2027 წლის ბოლომდე, სულ მცირე, ბირთვული რეაქტორის ტექნოლოგია უნდა შეირჩეს.
შვეიცარია და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის პირობების განახლებაზე შეთანხმდნენ
შვეიცარიამ და ჩინეთმა განახლებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს. შვეიცარიის პრეზიდენტმა გაი პარმელინმა და ჩინეთის ვაჭრობის მინისტრმა ვან ვენტაომ ბერნში შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ გამოაცხადეს. შვეიცარიული ექსპორტის 99.8% შეიძლება, ჩინეთის ბაზარზე უბაჟოდ შევიდეს. შვეიცარიაში ჩინეთის თითქმის ყველა ექსპორტი უბაჟოა, რასაც ორ ქვეყანას შორის 2014 წლის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ითვალისწინებს. ეს პეკინის პირველი ასეთი შეთანხმებაა კონტინენტური ევროპის ეკონომიკასთან. ჩინეთი გერმანიისა და შეერთებული შტატების შემდეგ, შვეიცარიისთვის მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 2026 წლისთვის 46 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკს (57.6 მილიარდი აშშ დოლარი) შეადგენს.
უკრაინამ რუსული „მაშა და დათვის“ ავტორებს სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსეთის იმ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ანიმაციურ სერიალ „მაშა და დათვი“ შექმნაში მონაწილეობდნენ. „სანქციები დაწესდა ხუთი რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობდნენ ანიმაციური სერიალის, „მაშა და დათვის“ შექმნასა და გავრცელებაში. ანიმაცია ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს, რომლებიც შენიღბულია, როგორც ბავშვებისთვის განკუთვნილი შინაარსი და საფრთხეს უქმნის უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას,“ – ნათქვამია ბრძანებულებაში. სანქციები ვრცელდება სტუდია „ანიმაკორდზე“, ანიმაციური სერიალის შემქმნელზე, მის დამფუძნებელზე, აღმასრულებელ დირექტორზე, სცენარისტზე, რეჟისორზე, პროდიუსერსა და სერიალის თანაავტორზე. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა სანქციების პოლიტიკის საკითხებში ვლადისლავ ვლასიუკმა განაცხადა, რომ განსაკუთრებული რეაგირებაა საჭირო, როცა რუსული პროპაგანდა ბავშვებზეა მიმართული და მსხვილი საერთაშორისო პლატფორმებით ვრცელდება. სანქციები ნიშნავს ამ პირებისთვის უკრაინაში ჩასვლისა და ფინანსური ოპერაციების და მათთან საქმიანი კონტაქტების აკრძალვას. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები „მაშა და დათვის“ ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ
დიდი ბრიტანეთი მზადაა, მხარი დაუჭიროს შუა დერეფნის განვითარებას — ელჩი
გაერთიანებული სამეფო მზადაა, მხარი დაუჭიროს შუა დერეფნის პროექტის განხორციელებას, მათ შორის ინვესტიციებს მდგრადი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის. ამის შესახებ აზერბაიჯანში დიდი ბრიტანეთის ახალმა ელჩმა დუნკან ნორმანმა განაცხადა. ნორმანის თქმით, გაერთიანებული სამეფო მიესალმება პრაქტიკულ ნაბიჯებს, როგორიცაა საზღვრის დელიმიტაცია, აზერბაიჯანის ენერგომომარაგება სომხეთისთვის და საზღვრისპირა მშვიდობის ხიდის ინიციატივა. „ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების ხელახლა გახსნა ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობამ მთელი რეგიონისთვის მეტი კეთილდღეობა და უსაფრთხოება მოიტანოს. გაერთიანებული სამეფო მზადაა, მხარი დაუჭიროს პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებას, მათ შორის ბრიტანული ექსპერტიზის, ინვესტიციებისა და დაფინანსების გზით, რაც მნიშვნელოვანია მდგრადი ინფრასტრუქტურისა და უფრო ფართო შუა დერეფნისთვის,“ - აღნიშნა ელჩმა. ელჩმა ნორმანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი ნაბიჯებს დგამენ ხანგრძლივი მშვიდობისკენ, რომელიც ორ მხარეს შორის დიალოგსა და უწყვეტ ურთიერთქმედებას ეფუძნება. დიპლომატის თქმით, ეს ქმნის პოტენციურ ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და რეგიონული კავშირისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების გახსნა ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობამ მთელი რეგიონისთვის მეტი კეთილდღეობა და უსაფრთხოება მოიტანოს.
საქართველომ და უზბეკეთმა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის ელექტრონული ნებართვების სისტემა დანერგეს
უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრომ, საქართველოსთან თანამშრომლობით, საერთაშორისო საავტომობილო ტვირთების გადაზიდვისთვის, ელექტრონული ნებართვის სისტემა (E-permit) დანერგა. უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, უზბეკეთის გადამზიდავებს, რომლებიც საქართველოში საერთაშორისო სატვირთო რეისებს ახორციელებენ, ამიერიდან საჭირო ნებართვების ონლაინ მიღება შეეძლებათ. რას მოიცავს ელექტრონული ნებართვა? ეს ეხება ორმხრივი გადაზიდვების, სატრანზიტო ფრენების და მესამე ქვეყნებს შორის გადაზიდვების ნებართვებს. ადრე ამ ნებართვებისთვის ქაღალდის ფორმები გამოიყენებოდა. ტრანსპორტის სამინისტრო იმედოვნებს, რომ ელექტრონულ ნებართვაზე გადასვლა დოკუმენტების დამუშავების დროს შეამცირებს.
მიხეილ ლომთაძის Kaspi-მ თურქეთში ბანკი შეიძინა
ყაზახურმა ფინტექ-ჯგუფმა Kaspi.kz-მა ახლახან შეძენილ თურქულ ბანკს Rabobank A.Ş.-ს სახელი გადაარქვა [Hepsi Bank] და თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Hepsiburada-ს მარკეტპლეისთან მისი ინტეგრაცია დაიწყო. კომპანია თურქეთში ფინანსური მომსახურების ბიზნესს აფართოებს. რებრენდინგის შესახებ Kaspi.kz-ის 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ ანგარიშში გამოქვეყნდა. Kaspi.kz-მა პირველად Rabobank A.S.-ის 100%-ის შეძენის გეგმები 2025 წლის მარტში გამოაცხადა.
75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის აკრძალვა სასამართლომ გააუქმა
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის ფედერალური რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გააუქმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების აკრძალვა. მოსამართლემ დაადგინა, რომ ეს პოლიტიკა კანონს ეწინააღმდეგება და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს, იურიდიულ უფლებამოსილებას სცილდება. 61-გვერდიან გადაწყვეტილებაში უარყოფილია ადმინისტრაციის საჯარო დასაბუთება ამ პოლიტიკის შესახებ რომ სამიზნე ქვეყნებიდან მიგრანტები საზოგადოებრივი შეღავათებით ისარგებლებდნენ და „ამერიკელებისთვის ფინანსურ ტვირთად“ იქცევიან. მოსამართლე ასევე აუქმებს ყველა იმ ვიზაზე უარს, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკას ეფუძნებოდა და რომელიც იანვარში შევიდა ძალაში. ეს კი ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ათასობით ძველი სავიზო განაცხადის ხელახლა განხილვა გახდეს საჭირო. საქმეში მოსარჩელეებს შორის არის აშშ-ის ექვსი მოქალაქე, რომლებიც აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის აკრძალვამ მათ ნათესავებს განა, იამაიკაში, გვატემალასა და ეთიოპიაში შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ვიზების მიღებაზე უარს ეუბნებიან. სხვა მოსარჩელეებს შორის არიან ხუთი პროფესიონალი კოლუმბიიდან, მათ შორის ინჟინერი, არქიტექტორი და ენდოკრინოლოგი, რომლებმაც მიიღეს შეტყობინებები, რომ მათი სავიზო განაცხადები უარყოფილი იყო, მიზეზად კი, ტრამპის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკა იყო მითითებული. ტრამპის ადმინისტრაციას მოსამართლე ვარგასის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია. შეგახსენებთ, აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურმა 21 იანვრიდან 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, საიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა. საიმიგრაციო ვიზები სჭირდებათ მათ, ვინც აშშ-ში მუდმივად ცხოვრებასა და მუშაობას გეგმავს. ვიზების გაცემის საფუძველი შეიძლება, იყოს ოჯახის გაერთიანება, ქორწინება, შვილად აყვანა ან „მწვანე ბარათის“ გათამაშებაში მოგება.
თურქეთის მიერ წარმოებულ პირველ ელექტროლოკომოტივს ევროკავშირის სერტიფიკატი მიენიჭა
თურქეთის პირველმა ადგილობრივად დაპროექტებულმა და წარმოებულმა ელექტროლოკომოტივმა, E5000-მა, ევროკავშირის თავსებადობის ტექნიკური სპეციფიკაციების (TSI) სერტიფიკატი მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა. აბდულკადირ ურალოღლუმ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სარკინიგზო ტექნიკის მწარმოებელი TÜRASAŞ-ის მიერ წარმოებული ლოკომოტივი ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს. „ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გავყიდოთ [ელექტროლოკომოტივები] როგორც ევროკავშირში, ასევე მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა ურალოღლუმ.
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინეს. შესაბამისი განცხადება გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილმა განაცხადა, საქმე ეხება კორუფციულ დანაშაულს, კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღებას. პროკურატურის ცნობით, „ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი თავად დაიტოვა, 750 000 ლარი კი ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს - კორუფციული ქმედებით, ჯამში, სახელმწიფოს მიადგა 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი.“ "საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა. 2026 წლის 12 აგვისტოს, პროკურატურას გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილით მომართა საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ და გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, ასევე დაიკითხა და გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული შემხვედრი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად კი დადგინდა, რომ 2021-2024 წლებში, ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა რა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად იგი განსაზღვრავდა მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და ორგანიზებას უწევდა მთავრობის საქმიანობას, ასევე ახორციელებდა მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. ამავე პერიოდში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა ჯუანშერ ბურჭულაძე და ასევე წარმოადგენდა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის მქონე პირს. კანონმდებლობის შესაბამისად, იგი როგორც მინისტრი ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად კოორდინაციას უწევდა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, ახორციელებდა სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას. 2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით. აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნითა და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი - ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა. მას შემდეგ, რაც ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან, იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს. მიიღო რა სრული სამსახურებრივი მფარველობა ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა შესაბამისი მატერიალური სარგებლის მისთვისაც გადაცემა და დაუდასტურა შერჩეული ბიზნესმენის სანდოობა მსგავს საკითხებში, ჯუანშერ ბურჭულაძის დავალებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმჟამინდელმა მოადგილემ - გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელმა უფროსმა - ვლადიმერ ღუდუშაურმა, სამინისტროს მიერ სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება. შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18 484 960 ლარად. პარალელურად ზემოხსენებული შესყიდვებისა, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს. ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1 500 000 ლარიდან, 750 000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს. ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი. პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ სხვა მოხელეებს, საზოგადოებას შევახსენებთ რომ ისინი ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებულები არიან სასამართლოს მიერ და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელი, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიმართავს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობით, რადგან ეს უკანასკნელი სასჯელს უკვე იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე," - განაცხადეს პროკურატურაში. ადვოკატის შეფასებით, „ირაკლი ღარიბაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი - იმას, რაც ხდება, სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს და ესაა სრულად პოლიტიკური პროცესი.“ პროკურატუის განცხადებით, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გამოძიებას ინფორმაცია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ნათესავმა, ვასილ მხეიძემ მიაწოდა - გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.
ფაშინიანის თქმით, სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს მალე შეიტანს
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენის პროცესს უახლოეს მომავალში დაიწყებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას აზრი მაშინ ექნება, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადს შესაბამისი პასუხები მოჰყვება. „ამ შეკითხვებზე პასუხი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროცედურული თვალსაზრისით, არამედ იმისთვის, რომ რეფერენდუმის დროს ხალხის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი იყოს. პასუხებზე სამუშაოდ კი სომხეთმა ჯერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი უნდა წარადგინოს. ეს პროცესი დიდ სამუშაოს მოითხოვს და ალბათ, ჩვენ ამ პროცესს უახლოეს მომავალში დავიწყებთ,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. ფაშინიანის თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების დაახლოებამ რუსეთში გარკვეული შეშფოთება გამოიწვია. „ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებამ გამოიწვია, მაგრამ ეს ამის ფუნდამენტური მიზეზი არ არის. რუსეთში წარმოქმნილი შეშფოთების მთავარი მიზეზი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში დაწყებული ტრანსფორმაციაა. ობიექტური და სუბიექტური ისტორიული გარემოებების გამო, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები აღქმული იყო როგორც სამხედრო-უსაფრთხოების ხასიათის. ორი საუკუნის განმავლობაში სომხურ-რუსული ურთიერთობები შენდებოდა იმის საფუძველზე, რომ რუსეთი სომეხი ხალხისა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტია. მე ეჭვი არ შემპარვია რუსეთის მზადყოფნაში, რომ ეს ფუნქცია შეესრულებინა, თუმცა 2021, 2022 და 2023 წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ საკუთარი უსაფრთხოების პრობლემების გამო, რუსეთის ფედერაცია შეიძლება ზოგჯერ ამ როლის შესრულების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეზღუდული იყოს,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ზელენსკი: არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ, მიეცით უკრაინას ყველაფერი, რაც ომის შესაჩერებლად სჭირდება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა არ დაეცემა, მიაღწევს თავის მშვიდობას და წარმატებას. მან ხაზი გაუსვა, რომ „უკრაინისთვის ყველა გეგმაში პუტინმა ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა. მტერმა დაითვალა უკრაინის რესურსები, მარაგი, აღჭურვილობა, მაგრამ ვერ გაითვალისწინა, რა იყო მთავარი — ხალხი — უკრაინის დამოუკიდებლობის უდიდესი მიღწევა. ხალხი, რომელიც ქმნის სახელმწიფოს. ხალხი, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას. ხალხი, რომელსაც არ სურს რუსეთის აქ ყოფნა და რომელიც კბილებით იბრძვის მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის.“ ზელენსკის თქმით,რუსეთს მშვიდობა არ სურს - მას მობილიზაცია სურს. „პუტინი იმედოვნებს, რომ ჩვენ დავიღალეთ. მაგრამ, ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მას ჩვენი არასდროს ესმოდა. ახლა კი ამისთვის დრო აღარ ექნება. შენ გსურდა, რომ უკრაინა რუკიდან წაგეშალა, ახლა კი მომავალი ცივილიზაციის საერთაშორისო დღის წესრიგში აღარ ხარ. 27 წლის განმავლობაში რუსეთის მეთაური სიდიადის შესახებ საუბრობდა, ახლა რუსეთი კი ბენზინის რიგში დგას,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინამ, ევროპამ, აშშ-მა და მსოფლიომ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ. „მოხარული ვარ, რომ აშშ-მ ყველა ილუზია დაკარგა იმის შესახებ, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს ამ ომის დასრულება. მჯერა, რომ ამერიკა ყველა წინააღმდეგობასა და ფობიას დაძლევს რუსეთთან დაკავშირებით. რუსების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა უნდა მოხდეს. უკრაინას ყველაფერი უნდა მიეცეს, რაც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს. არ გთხოვთ, რომ ჩვენთვის იბრძოლოთ. მიეცით უკრაინას ყველაფერი, რაც ამ ომის შესაჩერებლად სჭირდება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. როგორც ზელენსკიმ ამავე მიმართვაში განაცხადა, ჩინეთმა უნდა დაამტკიცოს თავისი ამბიცია, იყოს მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, არამხოლოდ ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად, არამედ როგორც ცივილიზაცია — „ნათლად რომ ვთქვათ, არცერთ დიქტატორს არ აქვს უფლება, პლანეტას ძველი ქობინებით დაემუქროს.“
ფაშინიანი: CSTO-ს მიმართ ინტერესი ამოწურულია, კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაციიდან გაგვრიცხავენ
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში [CSTO] თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია. „არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნულ თემას ეროვნულ ასამბლეაში სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამის განხილვისას შეეხო. პრემიერ-მინისტრმა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ორგანიზაციიდან სომხეთის გამოსვლის სავარაუდო შესაძლებლობის შესახებ დასმულ შეკითხვაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სომხეთს ორგანიზაციისგან არანაირი პასუხი არ მიუღია, შესაბამისად, მის მიმართ ინტერესი ამოწურულია. „მომდევნო 5 წლის განმავლობაში CSTO-ში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს. დანამდვილებით შემიძლია, ვთქვა — ჩვენ CSTO-ში ჩვენს საქმიანობას არ გავააქტიურებთ. ვიცი, რომ მიმდინარეობს განხილვები და შესაძლოა, ქვეყანა ორგანიზაციიდან გარიცხონ. ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ. ეს გაგვათავისუფლებს გამოსვლა-არგამოსვლის დილემისგან,“ — აღნიშნა ფაშინიანმა და განმარტა, რომ მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამაში ამ ორგანიზაციის შესახებ არცერთი მოხსენიება არ არის. სომხეთმა 2024 წლის თებერვლიდან გაყინა თავისი მონაწილეობა CSTO-ს საქმიანობაში. სომხეთი უარს ამბობს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ალიანსის (CSTO) დაფინანსებაზე
დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow-ს რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის
დიდი ბრიტანეთი უკრაინას Storm Shadow რაკეტების წარმოების ტექნოლოგიებს მიაწვდის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა კიევში “მსურველთა კოალიციის” სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. “დიდი ბრიტანეთი პირველი იყო, ვინც უკრაინას შორი რადიუსის მოქმედების იარაღი აჩუქა ჯერ კიდევ 2023 წელს. ახლა ვოლოდიმირმა ჩვენი Storm Shadow ტექნოლოგიის გაზიარება გვთხოვა, რათა უკრაინამ დამოუკიდებლად შეძლოს ამ შესაძლებლობების განვითარება. და მოხარული ვარ დღეს დავადასტურო, რომ ეს თხოვნა დავაკმაყოფილეთ,” - განაცხადა ბერნემმა. მან ასევე, ხაზი გაუსვა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ზამთრამდე, ვინაიდან, რუსეთს “მოქმედების ვარიანტები უმთავრდება” და ვლადიმირ პუტინს “ახლა გამარჯვების მოპოვების იმედი აქვს ტერორის კამპანიით, უკრაინელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.” ბერნემმა აღნიშნა, რომ საჭიროა რუსული რაკეტების გაშვების გაჩერება სანქციებითა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერით. მან ასევე მოუწოდა ბრიტანულ მრეწველობას, მხარი დაუჭირონ Frejya ანტიბალისტიკურ პროექტს, რათა Patriot-ების უფრო იაფი ალტერნატივა გამონახონ.
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და მისი შვილი დააკავეს
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, სამართალდამცველებმა ექვსი პირი, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი და მისი უფროსი ვაჟი სედრაკ ქოჩარიანი დააკავეს. ანტიკორუფციული კომიტეტის განცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა დაახლოებულ პირებთან შეთანხმებით და სამსახურებრივი თანამდებობის გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონება საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. „სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 6 პირი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, მისი ვაჟი და დანაშაულებრივ სქემებში ჩართული სხვა პირები. წინასწარი გამოძიების მონაცემებით, ქონების რეალური მესაკუთრეებისა და მისი დანაშაულებრივი წარმომავლობის დასაფარად, იგი დაკავშირებულ კომპანიებზე ფორმდებოდა. შემდეგ კი შეძენილი ქონების მესამე პირებზე გასხვისება და გაყიდვა ხდებოდა,“ - ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში. შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და მისი ოჯახის წევრების მისამართებზე ჩხრეკა დღეს დილით ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა მისი კიდევ ერთი ვაჟის, სომხეთის პარლამენტის წევრის, ლევონ ქოჩარიანის სახლში. მოგვიანებით, საგამოძიებო ორგანოებმა რობერ ქოჩარიანი ანტიკორუფციულ კომიტეტში გადაიყვანეს. რობერტ ქოჩარიანის და მისი ხუთი თანაგუნდელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე ნებართვა სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2026 წლის 18 ივნისს გასცა.ქოჩარიანს ბრალი დასდეს თანამდებობით ბოროტად სარგებლობასა და ფულადი სახსრების გათეთრებაში. მას კიდევ ორი ბრალდება წარუდგინეს. უფრო ადრე ქოჩარიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. აეროპორტში ის სამდღიანი „პირადი ხასიათის“ ვიზიტით აპირებდა უცხოეთში გამგზავრებას. მისმა შვილმა ლევონ ქოჩარიანმა მედიას განუცხადა, რომ რობერტ ქოჩარიანი რუსეთში მიემგზავრებოდა.
აშშ ახალ სანქციებს აანონსებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეწყვეტენ
ამერიკა მეორადი სანქციების გაფართოების შესახებ აცხადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ირანთან ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ვაშინგტონს შეუძლია, მსოფლიოში მოქმედ კომპანიებსა და ქვეყნებს სანქციები დაუწესოს. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა პრესკონფერენციაზე ახსენა D-Day, ანუ მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის დღე. მისი თქმით, ირანის მიმართ ეკონომიკის სფეროში განხორციელებული ასეთივე მძლავრი შეტევის მიზანია ქვეყნების ბოლო ჯერზე გაფრთხილება, გაწყვიტონ ბიზნესკავშირები ირანთან — წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კომპანიებსა თუ უწყებებს ემუქრება იზოლაცია აშშ-ის დოლარზე დაფუძნებული საფინანსო სისტემისგან. „ახალ სანქციებს შემოვიღებთ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც ირანთან ეკონომიკურ კავშირებს არ შეწყვეტენ — ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან,“ - განაცხადა ბესენტმა. მისი თქმით, შესაბამის ქვეყნებთან მოლოდინების დონეს ადგენ და ამის საუკეთესო გზა ჩუმი დიპლომატიაა. “ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყნებთან ჩართულობის საუკეთესო გზა ჩუმი დიპლომატიაა და ყველა ქვეყანასთან დონეს ვადგენთ, რათა მათ ჩვენი მოლოდინები გავუზიაროთ. ჩვენ ვიცით ისინი ვინ არიან. მათ იციან ვინ არიან,” - განაცხადა ბესენტმა. აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-მ “ირანთან დაკავშირებული საქმიანობის” სია გააფართოვა, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა ვაშინგტონმა მომავალში სანქციები დააწესოს. აშშ ყველა ქვეყნისთვის კონკრეტულად განსაზღვრული საბოლოო ვადის მიცემას გეგმავს, რათა მათ თეირანთან კავშირები შეწყვიტონ. ახალი სანქციები კი ისეთ სექტორებს მოიცავს, როგორებიცაა ციფრული აქტივები, ტექნოლოგია და საზღვაო გადაზიდვები. “საბოლოო ვადებს არ დავადგენ, მაგრამ ამოუწურავი მოთმინება არ გვაქვს… უკვე ვხედავთ რაღაც შედეგებს… და მე მოველი, რომ ძალიან მალე, თუ ისინი არ გვიპასუხებენ, მაშინ თქვენ ნახავთ მათი ქმედებების შედეგებს,” - განაცხადა ბესენტმა. აშშ-ის ირანის წინააღმდეგ ათწლეულებია, დაწესებული აქვს სანქციები, რომელთა უმრავლესობაც ირანისთვის ნავთობით მიღებული მოგების შეზღუდვას, ავიაციის სექტორს, კრიპტოვალუტას, იარაღის კომპონენტების შესყიდვასა და დაფინანსების შეწყვეტას გულისხმობდა იმ ბიზნესკომპანიებისთვის, რომლებსაც "ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აკონტროლებს. ივნისის შუა რიცხვებში ირანმა და აშშ-მ პაკისტანის შუამავლობით ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანიც ომის დასრულება და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იყო. თუმცა მოლაპარაკებები მემორანდუმის პირობებთან და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციასთან დაკავშირებით მიმდინარე დავების გამო ჩაიშალა. ტრამპმა ირანს „ეკონომიკური ომი“ გამოუცხადა, სხვა ქვეყნები კი ირანის მხარდაჭერის შემთხვევაში „უზარმაზარი შედეგების“ შესახებ გააფრთხილა
ბრიტანული კომპანია Interocean Group-ი კასპიის რეგიონში ოპერირებას აფართოებს
ბრიტანულმა Interocean Group-მა ბაქოში დაფუძნებულ გადაზიდვების კომპანია Green Line Shipping-თან ერთად, საწარმო დააარსა, რათა აზერბაიჯანსა და კასპიის რეგიონში თავისი წარმომადგენლობა გააფართოოს. თანამშრომლობა არ მოიცავს ბიზნესების შერწყმას ან შეძენას. მხარეები გეგმავენ, ერთობლივად შეაფასონ პროექტები და განსაზღვრონ განხორციელების მოდელები საზღვაო და ოფშორული ენერგეტიკული მომსახურების, გემების მართვის, საზღვაო დაზღვევისა და სხვა სფეროებში. 2007 წელს დაარსებული Interocean Group სპეციალიზირებულია ინტეგრირებული საზღვაო და საინჟინრო მომსახურების, აქტივების მთლიანობის მართვისა და ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერის მიწოდებაში, რომელიც მსოფლიოს 17 ქვეყანაში მოქმედებს. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროებია ინტეგრირებული საზღვაო და ოფშორული მომსახურება, ნავთობისა და გაზის და განახლებადი ენერგიის სექტორების მხარდაჭერა, ინჟინერია, აქტივების მთლიანობის მართვა, დამოუკიდებელი საზღვაო აუდიტი, გეოდეზიური და წყალქვეშა ტექნიკური მომსახურება, ასევე ინოვაციური გადაწყვეტილებები, როგორიცაა ინსპექტირება დრონებისა და აქტივების გამოყენებით.
გაეროს 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს
გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს. ერთობლივი განცხადება დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა გაავრცელა. მისი თქმით, განცხადების ხელმომწერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ურყევ ვალდებულებას, უზრუნველყონ სრული პასუხისმგებლობის დაკისრება საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულებისთვის. „მსხვერპლთათვის სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი — განსაკუთრებით კი მსოფლიოში მომავალი სისასტიკის თავიდან ასაცილებლად,“ - აღნიშნა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მანვე აღნიშნა, რომ ომის შედეგები უკრაინის ფარგლებს გარეთაც იგრძნობა. „ჩვენს რამდენიმე ევროპელ პარტნიორს არაერთი საჰაერო სივრცის დარღვევა და დრონების ინციდენტი განუცდია, რაც საშიშიცაა და მიუღებელიც. ეს ინციდენტები არასწორი გათვლებისა და შემდგომი ესკალაციის მზარდ რისკს შეიცავს და ეს აქ არ მთავრდება. ფართო საერთაშორისო საზოგადოებაც გრძნობს ამ ზემოქმედებას. რუსეთი თავს ესხმის შავ ზღვაში მარცვლეულის გადაზიდვებსა და უკრაინაში საპორტო ობიექტებს და ოპერაციები შეფერხებულია, რაც მთელ მსოფლიოსთვის უზარმაზარ შედეგებს იწვევს და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე ახდენს გავლენას,“ — აღნიშნა ლარს ლოკე რასმუსენმა. მისი თქმით, ეს უაზრო ომი და უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა შეიძლება დაუყოვნებლივ დასრულდეს. „რუსეთმა უბრალოდ უნდა მიიღოს უპირობო ცეცხლის შეწყვეტა, რასაც უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება წელიწადნახევარზე მეტია ითხოვს. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენც გვინდა მშვიდობა. კატეგორიულად მოვუწოდებთ რუსეთს, უპასუხოს სრული, დაუყოვნებლივი და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს და განაახლოს მოლაპარაკებები უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს ქარტიის შესაბამისად. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ განსაკუთრებულ დღეს - უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს — ჩვენ კვლავ მტკიცედ დავუდგებით უკრაინას გვერდით. გაეროს წესდების შესაბამისად სამართლიან და მდგრად მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს,“ - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. ლარს ლოკე რასმუსენმა განცხადება ალბანეთის, ანდორას, ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ბულგარეთის, კანადის, კოსტა რიკის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, ჰონდურასის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, მალტის, მონაკოს, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პანამის, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვას რესპუბლიკის, რუმინეთის, სან-მარინოს, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს და ევროკავშირის დელეგაციის სახელით გაავრცელა.
იაპონია ფუკუშიმის ბირთვული კატასტროფის შემდეგ მიღებულ ნიადაგს სხვა ქალაქებში გამოიყენებს
იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, 2011 წლის ფუკუშიმის ბირთვული კატასტროფის შემდეგ დეზაქტივაციის სამუშაოების შედეგად მიღებული ნიადაგი ქვეყნის რამდენიმე რეგიონულ ქალაქში ხელახლა გამოიყენოს. იაპონიის მთავრობის მთავარმა მდივანმა მინორუ კიჰარამ განაცხადა, რომ ნიადაგის ხელახლა გამოყენება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მთავრობის მიზნის მისაღწევად — 2045 წლის მარტამდე ფუკუშიმის ფარგლებს გარეთ მისი საბოლოო განთავსება დასრულდეს. კიჰარამ ასევე მოითხოვა ინიციატივის სხვა რეგიონულ ქალაქებში მთავრობის ფილიალებზეც გაფართოება და ხელისუფლებას მოუწოდა, გააძლიეროს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხელახლა გამოყენებული ნიადაგის უსაფრთხოების შესახებ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბარაკის პრეფექტურაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც იაპონიის აღმოსავლეთი რეგიონები, მათ შორის ტოკიო დააზარალა და სულ მცირე 37 ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, 9.0 სიმძლავრის მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა ისტორიაში. 2011 წლის 11 მარტს მან უმძლავრესი ცუნამი გამოიწვია, დაანგრია ქალაქები და მათი საკვანძო ინფრასტრუქტურა; გამოიწვია ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგურის განადგურება, რასაც მოჰყვა 18 000-ზე მეტი ადამიანის დაღუპვა და თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანის გადაადგილება.