ძებნის რეზულტატი:

რუმინეთის F-16-მა პირველად ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა განაცხადა, რომ პარასკევს, 24 ივლისს, რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი F-16 ტიპის გამანადგურებელმა ჩამოაგდო. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NATO-ს წევრი სახელმწიფო მსგავს ზომას მიმართავს. დენმა დრონის წარმომავლობა არ დააკონკრეტა და განმარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. „მიმდინარეობს გამოძიება დრონის წარმომავლობის დასადგენად. თუმცა მსოფლიოს ამ ნაწილში თავდამსხმელი რუსეთია,“ - განუცხადა თავის მხრივ, არმიის წყარომ Reuters-ს. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი დაბა პადინის მახლობლად, დაუსახლებელ რაიონში ჩამოაგდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებებისას დრონებმა რუმინეთის ტერიტორიაზე შეაღწიეს, თუმცა პირველია, როცა რუმინეთის არმიის გამანადგურებელმა დრონი ჩამოაგდო. ცნობისთვის, რუმინეთში NATO-ს საავიციო ბაზა მდებარეობს.  

რუსეთმა სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტიც შეზღუდა

27 ივლისიდან სომხეთიდან რუსეთში რძის პროდუქტების შეტანაზე შეზღუდვები ამოქმედდება. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება 14–21 ივლისს ჩატარებული ინსპექტირების შედეგებს ეფუძნება, რომლის დროსაც, მათივე განცხადებით, არაერთი დარღვევა გამოვლინდა. „როსსელხოზნადზორის“ განცხადებით, მათ შორის „დადგინდა, რომ რუსეთში გასაგზავნი პროდუქციის წარმოებაში გამოიყენებოდა დაავადებული პირუტყვისგან მიღებული რძე.“ სომხური მხარის განმარტებით, წარმოებაში გამოყენებულმა ნედლეულმა გაიარა ლაბორატორიული ტესტირება და აღმოჩნდა, რომ ის უსაფრთხოა. რუსეთმა სომხური პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების დაწესება მაისის ბოლოს დაიწყო. აკრძალვები შეეხო, მათ შორის, ყვავილებს, მინერალურ წყალს, ბოსტნეულსა და ხილს.  რუსეთმა სომხეთიდან თევზის იმპორტი შეზღუდა რუსეთმა სომხეთიდან ელჩი „კონსულტაციებისთვის“ გაიწვია  

სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო, გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო, გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. უწყების ცნობით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს." ელექტროენერგიის მიწოდება თბილისსა და რეგიონების ნაწილში ავარიულად დილით, 08:00 საათზე გაითიშა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია გაითიშა 24 ივლისს.  

ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრაზე: „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაყინვის დროა“

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის „გაყინვის“ დროა. ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გაყინვა შესაძლებელია "სტამბოლის 2.0 შეთანხმებების" საფუძველზე. ეს იშვიათი მოწოდებაა რუსეთის ლიდერთან პირისპირ საუბრისას.  ყაზახეთი რუსეთის მოკავშირეა, თუმცა უკრაინასთან ომში მოსკოვის მიმართ მხარდაჭერა არასდროს დაუფიქსირებია. თოყაევის შეფასებით, „რაც ახლა ხდება, მხოლოდ რუსეთისა და უკრაინის სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებს აძლევს სარგებელს.“ „როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან? არავინ იცის, რადგან ორივე მხარის პოზიციები არსებობს. მაგრამ მეორეს მხრივ, არსებობს მომენტი და შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გაიყინოს,“ - განუცხადა თოყაევმა პუტინს. მანვე დაამატა: „სამწუხაროა; ახალგაზრდები იღუპებიან... ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს.“ „მე გადავწყვიტე ჩემი მოკრძალებული აზრის გამოთქმა, რადგან ხალხმა იცოდა, რომ ომსკში ყოფნას ვგეგმავდი,“ - განაცხადა თოყაევმა პუტინის პირისპირ შეხვედრისას. როგორც თოყაევმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომების სათავეები „ნათელია“, რუსეთისა და უკრაინის კოფლიქტის შემთხვევაში, ამის გაგება ძალიან რთულია. „ამ კონფლიქტის სათავე ბევრისთვის, მათ შორის ჩვენთვის გაუგებარია,“ - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის ამჟამინდელ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპიდან და აშშ-დან „ბევრ სიგნალს“ იღებს. როგორც რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, პუტინმა საპასუხოდ განაცხადა, რომ "თოყაევს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის" ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ. შეხვედრა რუსეთში, ომსკში, რუსეთსა და ყაზახეთს შორის რეგიონთაშორისი თანამშრომლობის XXII ფორუმის ფარგლებში გაიმართა. შაბათს, 24 ივლისს, უკრაინულმა დრონებმა ციმბირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს და ურალის მძლეოსნობის შეჯიბრი ჩაშალეს.  

ევროკავშირმა რუსული კომპანია “ინტერ რაო” დაასანქცირა

ევროკავშირმა  რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი რუსული კომპანია “ინტერ რაო” დაასანქცირა. “ინტერ რაო” რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებულ კომპანათა სიაშია. “ინტერ რაო” რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის შემოსავალმაც 2023 წელს 1,36 ტრილიონ რუბლს მიაღწია, კომპანიას დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მას რუსეთის ფედერაციის მთავრობა აკონტროლებს. “ინტერ რაოს” აქციონერთა შორის არიან სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიები “როსსეტი” და “როსნეფტეგაზი”, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ერთ-ერთი უდიდესი დივიდენდების გადამხდელები. კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან დასანქცირებული პირები იგორ სეჩინი, “როსნეფტის” აღმასრულებელი დირექტორი და ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე, და დმიტრი შუგაევი, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ფედერალური სამსახურის დირექტორი. მაღალი შემოსავლების, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელობისა და სამთავრობო კონტროლის გამო, “ინტერ რაო” დიდ როლს თამაშობს რუსეთის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორში და რუსეთის ფედერაციის მთავრობა “ინტერ რაოს” შემოსავლის ნაწილს მისი მფლობელების მიერ გადახდილი გადასახადებისა და დივიდენდების მეშვეობით აგროვებს. შესაბამისად, “ინტერ რაო” ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომლებიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილზიაციაზე,” - ნათქვამია სანქციების დასაბუთებაში. ცნობითვის, Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.  

“ჩამოგდებული დრონები რუსეთს ეკუთვნის“ - რუმინეთმა რუსი დიპლომატი გააძევა, ელჩი კი, კონსულტაციებისთვის გაიწვია

რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონების შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ასევე, ბუქარესტმა რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. რუმინეთის საგარეო უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული დრონები რუსეთს ეკუთვნის. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და დრონის ნამსხვრევები აჩვენეს. „შეხვედრაზე რუმინულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევები, რაც ასევე NATO-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეს წარმოადგენს, აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთს ყველა ამ სერიოზულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ეკისრება,“ - აცხადებს რუმინეთის საგარეო უწყება. რუსეთის ელჩს ასევე აცნობეს, რომ რუმინეთში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქვეყანა ხუთი დღის ვადაში უნდა დატოვოს. რუმინეთის F-16-მა პირველად ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი  

შეეხება თუ არა „თელასს“ Inter RAO-სთვის დაწესებული სანქცია — ეროვნული ბანკის განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, კომერციული ბანკები „თელასის“ ეროვნულ ვალუტაში მომსახურებას გააგრძელებენ. სებ-ის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელი ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი რუსული „Inter RAO“-ა, თავად „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის. სებ-ის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები და გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია Inter RAO-ს მიმართ სანქციების გავრცელების საკითხს და განვმარტოთ, რომ აღნიშნული კომპანია წარმოადგენს სს „თელასის“ არაპირდაპირ მფლობელს. ამასთან, თავად სს „თელასი“ არ არის შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში და წარმოადგენს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირება აუცილებელია მოსახლეობისა და ეკონომიკისთვის. საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი მიდგომების გამოყენებას, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს სანქციების მოთხოვნები, ხოლო, მეორე მხრივ, გათვალისწინებული იქნეს კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მომსახურებების უწყვეტობა. ამასთან, სანქციებთან დაკავშირებული საკითხების შეფასებისას მხედველობაში მიიღება კონკრეტული გარემოებები, მათ შორის განსახორციელებელი ოპერაციების ხასიათი და მიზანი. შესაბამისად, ბანკები გააგრძელებენ სს „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და ასევე რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად,” - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში. ევროკავშირმა რუსული კომპანია “ინტერ რაო” დაასანქცირა  

ზელენსკი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა უმასპინძლა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას ელექტრონული ჩახშობის სისტემას გადასცემს, რათა დრონები რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებისგან დაიცვას. „ჩვენ უკრაინას გადავცემთ ადგილობრივი წარმოების ელექტრონული ჩახშობის ტექნოლოგიას, რათა საკუთარი დრონები დაიცვას. ეს მათ დაეხმარებათ, რომ სამიზნეებს დაარტყან და უკრაინელთა სიცოცხლე გადაარჩინონ. ასევე, ეს აჩვენებს იმ ინოვაციას, რისი მიღწევაც ჩვენს ინდუსტრიებს ერთად შეუძლიათ,“ - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ 100%-ით უკრაინის გვერდით ვართ,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ. „სრულად შევასრულებ ყველა ვალდებულებას, რომელიც ამ ქვეყანას უკრაინის წინაშე აქვს აღებული,“ - აღნიშნა ბერნემმა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს შორის პირველი შეხვედრა პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე, ავიამზიდ HMS Queen Elizabeth-ზე შედგა. ზელენსკის ცნობით, ბერნემთან შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის საკითხი განიხილა. „უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის დასაცავად საკმარისი შესაძლებლობები ჰქონდეს, როგორც ცაში, ისე ზღვაში. ასევე განვიხილეთ ერთობლივი თავდაცვითი წარმოების განვითარება. მადლობელი ვარ გაერთიანებული სამეფოს დღევანდელი გადაწყვეტილებისთვის, უკრაინას რადიოელექტრონული ომის ტექნოლოგიები მიაწოდოს. ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტის მიღწევა შეგვიძლია დრონებისა და სხვა ტექნოლოგიების სფეროში,“ - წერს ზელენსკი X-ზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოში 27 ივლისს ჩავიდა. ზელენსკი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც ბრიტანეთის ახალი პრემიერი შეხვდა.  

თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და წუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია. რუხაძე მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე, მთავრობის ყველა წევს და სამინისტროს თანამშრომელს და აღნიშნავს, რომ რჩება გუნდის გულშემატკივრად. "პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის. ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს!,“ - წერს რუხაძე.  

აშშ-ის საელჩო Sea Breeze 2026-ში საქართველოს მონაწილეობაზე: მოკავშირეები და პარტნიორები აძლიერებენ რეგიონულ უსაფრთხოებას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში — „Sea Breeze 2026“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. წლევანდელი სწავლება ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებზე იყო ორიენტირებული. „მოხარული ვართ, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღო „Sea Breeze 2026”-ში, აშშ-ის ხელმძღვანელობით გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში, რომელიც აერთიანებს NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, თავსებადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. წლევანდელი სწავლება ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებზე იყო ორიენტირებული. მონაწილეებმა გაიარეს წვრთნები ნაღმების აღმოჩენისა და განეიტრალების, წყალქვეშა სამუშაოსა და სამაშველო ოპერაციების, ასევე, ფეთქებადი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფისა და უეკიპაჟო სისტემების გამოყენების მიმართულებით. სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს სანაპირო დაცვისა და საქართველოს თავდაცვის ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე. ერთობლივი წვრთნებით მოკავშირეები და პარტნიორები აძლიერებენ რეგიონულ უსაფრთხოებას და ხელს უწყობენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას,“ - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში.  

მონტენეგრო ხუთი ქვეყნის, მათ შორის ბელორუსის, ჩინეთისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს

მონტენეგრო რუსეთის, ბელორუსის, ჩინეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზებს შემოიღებს. ეს ზომა მონტენეგროს სავიზო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან სრულად შესაბამისობაში მოსაყვანად მიიღეს. „მონტენეგროს მთავრობამ 2026 წლის 23 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შესწორებები შევიდა სავიზო რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილებაში. ცვლილებების თანახმად, ბელორუსის, ჩინეთის, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის მოქალაქეებს მონტენეგროში შესასვლელად ვიზა პირველი ნოემბრიდან დასჭირდებათ,“ - განაცხადა სამინისტრომ. მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სწორედ ხსენებულ ხუთ ქვეყანასთან მიმართებით, მონტენეგროს სავიზო პოლიტიკა ჯერ კიდევ არ იყო სრულად შესაბამისობაში ევროკავშირის პოლიტიკასთან.   

ნაურუმ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან „დიპლომატიური ურთიერთობები“ გააუქმა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „დიპლომატიური ურთიერთობები“ გააუქმა. უწყების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს. „საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. ოკუპირებულ აფხაზეთში „ზეწოლად“ აფასებენ ხსენებულ გადაწყვეტილებას.  „აფხაზეთის რესპუბლიკასა და ნაურუს რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის განვითარება ყოველთვის აწყდებოდა წინააღმდეგობას საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ერთობლივი ინიციატივების პრაქტიკულ სფეროში გადასვლისთანავე, ნაურუს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული გარე ზეწოლის კამპანია დაიწყო. გამოყენებული იქნა დახრჩობისა და იძულების მიუღებელი მეთოდების მთელი არსენალი - უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟითა და უხეში დიპლომატიური ზეწოლით დაწყებული, ღია ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სასანქციო ზომებით დამთავრებული, რომლებიც ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული არჩევანის გადახედვას ისახავდა მიზნად“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.  განახლება: ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს. “ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ გააუქმა თავისი დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. შესაბამის ქვეყნებს ფორმალურად შევატყობინებთ შესაბამისი დიპლომატიური არხებით,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნაურუს მთავრობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ და ტუვალუმაც, მაგრამ მათ საბოლოოდ „აღიარება“ უკან წაიღეს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.  

პაკისტანი ყაზახეთს საკუთარი პორტების გამოყენებას სთავაზობს ტვირთების ტრანზიტისთვის

პაკისტანი მზადაა, თავისი საზღვაო პორტების მეშვეობით, ყაზახური ტვირთებისთვის საპორტო ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური მხარდაჭერა უზრუნველყოს. ამის შესახებ პაკისტანის საზღვაო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა მუჰამედ ჯუნაიდ ანვარ ჩაუდჰრიმ განაცხადა. მან ეს განცხადება პაკისტანში ყაზახეთის ელჩ ერჟან კისტაფინთან შეხვედრის დროს გააკეთა. მხარეებმა განიხილეს რეგიონული კავშირის გაძლიერების, ვაჭრობის ხელშეწყობისა და საზღვაო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. მინისტრმა განაცხადა, რომ პაკისტანი დაინტერესებულია ყაზახეთთან ურთიერთობის გაძლიერებით პორტების, გადაზიდვების, ვაჭრობის ხელშეწყობისა და რეგიონული კავშირის სფეროებში და აღნიშნა, რომ საზღვაო კავშირების უფრო მჭიდროდ გადაზიდვამ შეიძლება, ორივე ქვეყნისთვის ახალი ბიზნეს შესაძლებლობები შექმნას. მან ასევე დაადასტურა პაკისტანის მზადყოფნა, უზრუნველყოს პორტის ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკური მხარდაჭერა ყაზახეთის ტვირთებს ყარაჩის, პორტ ქასიმის და გვადარის პორტების მეშვეობით, მათ შორის თავისუფალ ზონებში პოტენციური ერთობლივი საწარმოების ჩათვლით. „პაკისტანის საზღვაო პორტებს შეუძლიათ იმოქმედონ როგორც სატრანზიტო ჰაბები ყაზახეთისა და ცენტრალური აზიის ფართო რეგიონისთვის, რაც მათ სპარსეთის ყურის, აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე წვდომას სთავაზობს,“ - თქვა ჯუნაიდ ჩაუდჰრიმ. თავის მხრივ, კისტაფინმა ხაზი გაუსვა ორმხრივი ვაჭრობის გაფართოების პოტენციალს და აღნიშნა, რომ საზღვაო და პორტების სექტორებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობამ შეიძლება, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ახალი გზები გახსნას. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებასა და პაკისტანის პორტების მეშვეობით ყაზახეთის ვაჭრობის ხელშეწყობის პრაქტიკული ზომების შესწავლაზე.  

ყაზახეთმა შუა დერეფნით, მათ შორის საქართველოს გავლით, დიდ ბრიტანეთში მინერალური სასუქების პირველი მულტიმოდალური გადაზიდვა დაიწყო

ყაზახეთიდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტის ახალი მარშრუტი გაიხსნა. ყაზახეთმა შუა დერეფნის გავლით, დიდ ბრიტანეთში სასუქის პირველი მულტიმოდალური გადაზიდვა დაიწყო. „ყაზახეთის რკინიგზამ“ (KTZ NC JSC) ეკიბასტუზიდან დიდ ბრიტანეთში მინერალური სასუქების პირველი მულტიმოდალური გადაზიდვა განახორციელა. გადაზიდვა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) გამოყენებით განხორციელდა და მოიცავდა სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის კომბინაციას. მარშრუტი გადის ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, რის შემდეგაც ტვირთი ფოთისა და ბათუმის პორტებიდან საზღვაო გზით დიდ ბრიტანეთში, ფელიქსტოუს პორტში გადაიზიდება,“ — აცხადებენ კომპანიაში.  

აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად, 40 ტონამდე აღჭურვილობა გადასცა

აზერბაიჯანმა უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად 40 ტონამდე აღჭურვილობა გადასცა. განცხადებას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო სოციალურ ქსელში ავრცელებს. “უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ჰაბის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან აღჭურვილობის თითქმის 40 ტონა გადაეცა რკინიგზის რეგიონულ განყოფილებას, რათა დაეხმაროს უკრაინის სარკინიგზო მუშებს მუშაობის გაძლიერებაში და მხარი დაუჭიროს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. თითქმის ყოველ დღე, აღჭურვილობა ტოვებს ჰაბს უკრაინის მასშტაბით რეგიონებისთვის. ის გვეხმარება ენერგეტიკის სექტორისა და სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნებაში რუსული თავდასხმების მუდმივი საფრთხის პირობებში. მადლობა აზერბაიჯანს და STP Global Cable-ს უკრაინის გვერდში დგომისა და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერისთვის,” - ნათქვამია განცხადებაში. აზერბაიჯანმა უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთი პარტია გაუგზავნა  

ვინ შეასრულებს აშშ-ის ელჩის მოვალეობას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ემი დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი). მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს: კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა). აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა.  

აშშ და ყაზახეთი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობას აძლიერებენ

29 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იერმეკ კოშერბაევმა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გლობალური ნავთობმომარაგების ჯაჭვების სტაბილურობის საკითხზე მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართეს. „მხარეებმა ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა, მათ შორის კასპიის მილსადენების კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, ყაზახური ნავთობის საიმედო და შეუფერხებელი ექსპორტი განიხილეს,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა. რუბიომ მადლიერება გამოხატა ყაზახეთის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერისთვის და გაღრმავებული ეკონომიკური კავშირების მიმართ ინტერესი გამოხატა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საუბარი შეეხო „გაძლიერებულ სტრატეგიულ პარტნიორობას“ და ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის მიერ, დეკემბერში G20-ის სამიტზე აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის მზადებას. დიპლომატებმა დეტალურად შეისწავლეს შავ ზღვაში უსაფრთხოების საფრთხეების შემდეგ ჩინეთის ნავთობის ტანკერების (CPC) გარშემო არსებული სიტუაცია. CHP-ის ცნობით, გასულ თვეში შავ ზღვაში მის ტერმინალთან ახლოს დრონებით თავს დაესხნენ ორ ნავთობტანკერს, რომლებიც იდენტიფიცირებულია, როგორც ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ASIA და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი NISSOS IOS. CHP ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს ყაზახეთის თენგიზის, კაშაგანის და ყარაჩაგანაკის საბადოებიდან. კონსორციუმმა განაცხადა, რომ 2025 წელს მან 70,5 მილიონი მეტრიკული ტონა ნავთობი გადაზიდა, რომლის 75%-ზე მეტი უცხოელ მწარმოებლებს ეკუთვნით.  

რუმინეთში AGRI-ის პროექტის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავენ

რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის (AGRI) პროექტის გაცოცხლების ინიციატივით გამოდის, რათა ხელი შეეწყოს თურქმენული ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებას. „ინიციატივა რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტ მიხაი დარაბანსა და რუმინეთში თურქმენეთის ელჩ ანამამეტ ანნაევს შორის გამართულ შეხვედრაზე გახმოვანდა,“ - ნათქვამია რუმინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCIR) მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. პალატის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკის სექტორსა და კონსტანცისა და თურქმენბაშის პორტებს შორის პორტებს შორის თანამშრომლობაზე. დარაბანმა ასევე გაიმეორა თავისი წინადადება AGRI-ს პროექტის განახლების შესახებ, რომელიც ევროპის ბაზრებისთვის კასპიის რეგიონიდან ბუნებრივ გაზზე წვდომას უზრუნველყოფს. „აზერბაიჯანსა და საქართველოში არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან, ხოლო შემდგომ BRUA-ს გაზსადენთან დაკავშირების შემთხვევაში, კონსტანცის პორტი შეიძლება, ევროპაში თურქმენული ბუნებრივი აირის შესვლის წერტილი გახდეს,“ — განაცხადა დარაბანმა. შეგახსენებთ, AGRI (აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთის ინტერკონექტორი) წლების განმავლობაში განხილვადი პროექტია, რომლის მიზანიც კასპიის ზღვის რეგიონის ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებაა. პროექტის მიხედვით, გაზი საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე უნდა მიეწოდოს, იქ გათხევადდეს, შემდეგ ტანკერებით რუმინეთის კონსტანცის პორტში გადაიტანონ და ევროპელ მომხმარებლებს მიეწოდოს. მიწოდებული მოცულობების ევროპულ ბაზრებზე განაწილების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად BRUA-ს გაზის დერეფანი (ბულგარეთი–რუმინეთი–უნგრეთი–ავსტრია) განიხილება, რომელიც რუმინეთის სატრანსპორტო სისტემას ცენტრალური ევროპის ბაზრებთან აკავშირებს. პროექტი ევროპის გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასა და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება. ამ ფონზე, ბოლო თვეებში თურქმენეთმა ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესაძლებლობების განვითარებაზე მუშაობა გაააქტიურა. აპრილში ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე გამოსვლისას თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რაშიდ მერედოვმა განაცხადა, რომ აშხაბადის ერთ-ერთი მთავარი ენერგეტიკული პრიორიტეტი ევროპული ბაზრებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაა. „15-20 წლის წინ ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა ევროპელ პარტნიორებთან და ბევრი რამ გავაკეთეთ თურქმენული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდების არაერთი იდეის პრაქტიკულად განსახორციელებლად,“ — განაცხადა მერედოვმა. ამასთან, გაზეთ „Türkmen Dünýäsi“-ს მთავარმა რედაქტორმა ბატირ მურადოვმა Trend-ს განუცხადა, რომ თურქმენეთი აზერბაიჯანის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს.  

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფრანკო ბარეზი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძოდა. 2025 წლის აგვისტოში მას ფილტვის კვანძის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ რეგულარულად გადიოდა იმუნოთერაპიის კურსს. „წარმოუდგენლად მძიმეა ისეთი ადამიანის დაკარგვის შესახებ ამბის გაცხადება, რომელიც „მილანის“ გულსა და სულს განასახიერებდა. ამ უმძიმეს წუთებშიც კი ძლიერები უნდა ვიყოთ. ფრანკო თავისი ბოლო საჯარო გამოსვლიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში დავკარგეთ – როდესაც ის გადაჭედილ „სან სიროზე“, მილანის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე წარდგა – მსოფლიო მასშტაბის მოვლენაზე, რომლის დაუვიწყრად ქცევაშიც მან თავისი წვლილი შეიტანა. ფრანკოს ხსოვნის პატივსაცემად ჩვენ ერთიანი ვართ, რადგან ვიცით, რომ ის გზას გაგვინათებს და „როსონერის“ რიგებში ჩვენი სავალის მანძილზე მუდამ წინ წაგვიძღვება. სამუდამოდ. იმიტომ, რომ ბარეზი მარადიულია,“ – წერს საფეხბურთო კლუბი „მილანი“. ბარეზი „მილანის“ ღირსებას 20 წლის განმავლობაში იცავდა – მას კარიერის განმავლობაში სხვა გუნდში არ უთამაშია. იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში მან 81 შეხვედრა ჩაატარა და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონია. ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო იტალიელმა ფეხბურთელმა ექვსჯერ მოიგო სერია A, სამჯერ –  ჩემპიონთა თასი. 1997 წელს „მილანმა“ მის პატივსაცემად 6-ნომრიანი მაისური გამოყენებიდან სამუდამოდ ამოიღო.  

ტრამპი: მიღწეულია „ჰამასის“ განიარაღების „ისტორიული შეთანხმება“

„ჰამასი“ ეთანხმება ტრამპის გეგმას  განიარაღების შესახებ. ამის შესახებ BBC-ის ოფიციალურმა პირმა განუცხადა. ისრაელს კი კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. „ჰამასმა“ შეთანხმების მიღწევა დაადასტურა.  აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ჰამასის „სრული განიარაღების“ შესახებ შეთანხმება მიღწეულია. მისი განცხადებით, ეს არის მონუმენტური ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. „ეს შეთანხმება კრიტიკული ნაბიჯია იმისკენ, რომ ღაზას საბოლოოდ მართავდეს პალესტინის ახალი მთავრობა, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს “მშვიდობის საბჭოსთან“ პალესტინელი ხალხის დასახმარებლად. ამავდროულად, ისრაელს ექნება ის უსაფრთხოება, რასაც იმსახურებს. ღაზის სექტორის ტერორისტული თავდასხმების ბაზად აღარ გამოიყენებენ,“ - აცხადებს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. „შეთანხმება შესრულდება ფრთხილად სტრუქტურირებულ ეტაპებად. განიარაღების დასრულების შემდეგ, ისრაელის ძალები გავლენ და საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალები იმუშავებენ პალესტინის ახალ საპოლიციო ძალებთან ერთად, რათა აიღონ პასუხისმგებლობა ღაზას უსაფრთხოებაზე მისი მაცხოვრებლებისა და მეზობლებისთვის“, - წერს ტრამპი. აშშ-ის პრეზიდენტი მადლობას უხდის შუამავალ ქვეყნებს : ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს. „მინდა მადლობა გადავუხადო შუამავლებს - ეგვიპტეს, კატარსა და თურქეთს - მათი მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებით ჩემს გამორჩეულ გუნდს, რომელთა დაუღალავმა შრომამ შესაძლებელი გახადა ეს ისტორიული გარღვევა. საფრთხე, რომელიც 7 ოქტომბერს ღაზადან გაჩნდა, აღარ აღდგება! ამ შეთანხმების თანახმად, ღაზა საბოლოოდ პალესტინის ახალი მთავრობის ხელში აღმოჩნდება, რომელიც თავის ხალხს ემსახურება,“ - წერს ტრამპი. ისრაელის ოფიციალურმა პირმა Reuters-ს ჯერ კიდევ ტრამპის საჯარო განცხადებამდე განუცხადა, რომ ისრაელი შეთანხმებას არ გაიზიარებს.  2023 წლის ოქტომბერში ისრაელის სამხრეთზე „ჰამასის“ თავდასხმას, ღაზის სექტორში ისრაელის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია მოჰყვა. „მშვიდობის საბჭოს“ ფარგლები ღაზას გასცდება - ტრამპი