ძებნის რეზულტატი:

ირაკლი კობახახიძემ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა.  პრემიერი ობიექტების შესაძლებლობებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს გაეცნო.  ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურისა და ტერმინალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.  „ობიექტების შესაძლებლობებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს გავეცანი. ხაზი გავუსვი ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურისა და ტერმინალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი ბათუმის პორტისთვის სარეკორდო იქნება ტვირთბრუნვის კუთხით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფოთის პორტი. აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე. 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება,“ - წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე. ცნობისთვის, 2021 წლის 11 ივნისს, ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ბაზართან აკავშირებს. ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია ამერიკული გიგანტი Trammo, რომლის მიერ განხორციელებული პროექტიც აჭარაში პირველ მსხვილ ამერიკულ პირდაპირ ინვესტიციას წარმოადგენს. მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი წარმოადგენს სტრატეგიული ლოგისტიკური კვანძია, რომელიც შუა დერეფნის (Middle Corridor) სატრანზიტო მარშრუტის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ტერმინალი წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი არის უმსხვილესი პროექტი, რომელიც აშშ-ის, უზბეკეთისა და საქართველოს პარტნიორობის სიმბიოზია.  

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების თაობაზე რეფერენდუმი 2026 წლის 29 აგვისტოს გაიმართება. ქვეყანაში ხმის მიცემის ვადამდელი პროცესი 2026 წლის 27 ივლისს უკვე ოფიციალურად დაიწყო. რეფერენდუმზე მოქალაქეებს არ ეკითხებიან, სურთ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანება. ხმის მიცემა ეხება მხოლოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას. თუ მოსახლეობა მხარს დაუჭერს მოლაპარაკებების განახლებას, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მეორე, გადამწყვეტი რეფერენდუმი გაიმართება. „უნდა განაახლოს თუ არა ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები?“ ამომრჩეველს აქვს ორი არჩევანი: „დიახ“ ან „არა.“ რეფერენდუმამდე სამი კვირით ადრე, ინიციატივის მომხრეები და მოწინააღმდეგეები თანაბრად გაიყვნენ. Gallup-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 46% მხარს უჭერს და ეწინააღმდეგება მოლაპარაკებების განახლებას. ისლანდიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი პირველად 2009 წელს, მძიმე ფინანსური კრიზისის ფონზე წარადგინა. თუმცა მოლაპარაკებები 2013 წელს შეჩერდა, ხოლო 2015 წელს — ოფიციალურად გაიყინა.  

რუმინეთი ოკუპირებულ სოხუმში ჯგუფ Morandi-ის დაგეგმილ კონცერტს ეწინააღმდეგება

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუმინული ჯგუფის Morandi-ს 7 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტს სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. რუმინეთი კიდევ ერთხელ მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას. „რუმინეთი, რომელიც ურყევად ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას, მტკიცედ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” – ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში. რუმინული პოპ-დენს დუეტი Morandi 2004 წელს ბუქარესტში ჩამოყალიბდა.  

ამერიკის საელჩო: აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით

​საქართველოში აშშ-ის საელჩო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და გამოხატავს ერთგულებას „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ."  საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებაში „ხაზს უსვამს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას.“ „დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას,“ - წერია განცხადებაში. საქართველოს პარტნიორი ოთხი ქვეყნის საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე კვლავ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებები: კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა - 2008 წლის ამ დღეს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები წამოიწყო, რითაც კიდევ უფრო შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოახდინა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, - ამის შესახებ წერია საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადებაში. მისივე მიხედვით, რუსული აგრესიიდან 18 წლის შემდეგ, კვლავ ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. “მივესალმებით ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიყვნენ ამ მაგალითს. კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონალურ და ევროპულ სტაბილურობას. 2025 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი არაერთი დარღვევისთვის, მათ შორის ძალის გადამეტებისთვის, არასათანადო მოპყრობისთვის, უკანონო დაკავებებისთვის და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების უკანონო შეზღუდვისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები. შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით. 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება“ კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, აძლიერებს შეშფოთებას რეგიონის შესაძლო სრულმასშტაბიანი ანექსიის თაობაზე, რაც უპასუხოდ არ დარჩება. ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას და მომავალშიც გავაგრძელებთ მისიის როლის მხარდაჭერას,“ - ნათქვამია საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადებაში.    

თურქეთს უკრაინაში ახალი ელჩი ჰყავს

თურქეთმა უკრაინაში ახალი ელჩი დანიშნა. შესაბამის გადაწყვეტილებას თურქეთის პრეზიდენტი აწერს ხელს. ახალ ელჩად უკრაინაში ფატმა ჯერენ იაზგანი დაინიშნა. მანამდე ის ნიდერლანდებში თურქეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე კი, საქართველოში თურქეთის ელჩი იყო. თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი  

AP: რუსეთი სირიაში ორ სტრატეგიულ სამხედრო ბაზაზე კონტროლს თმობს

წყარო 9 აგვისტოს სირიამ და რუსეთმა ახალი შეთანხმება გააფორმეს: რუსეთი კონტროლს თმობს ჰმეიმიმის ავიაბაზასა და ტარტუსის პორტის ნაწილზე, ხოლო სამხედრო ობიექტები ერთობლივ სასწავლო ცენტრებად უნდა გადაკეთდეს. სირიაში მყოფი რუსული ძალები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე არსებულ ორ სტრატეგიულ ბაზაზე კონტროლს დათმობენ, ორ ქვეყანას შორის ახალი შეთანხმების თანახმად, ის რუსეთ-სირიის ერთობლივ სასწავლო ცენტრებად იქნება გამოყენებული.  სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ახალი შეთანხმება სირიის სანაპიროზე „რუსული ყოფნის რეორგანიზაციას“ ასახავს „ეს ნაბიჯი დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს, რაც სირია-რუსეთის ურთიერთობებში ახალ ფაზას უხსნის გზას,“ - ნათქვამია განცხადებაში.  დამასკოსა და მოსკოვს შორის ახალი შეთანხმების თანახმად, სირია სამოქალაქო ადმინისტრაციის ფარგლებში ჰმეიმემის საჰაერო ბაზასა და ტარტუსის პორტში არსებულ კომერციულ ნავმისადგომს აიღებს კონტროლს. ორივე ადგილას არსებული სამხედრო ობიექტები „ერთობლივ სასწავლო“ ცენტრებად გადაიქცევა, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რუსეთი 2011-2024 წლებში ქვეყნის სამოქალაქო ომის დროს გადაყენებული პრეზიდენტის ბაშარ ასადის მთავარი პოლიტიკური და სამხედრო მოკავშირე იყო. ასადი 2024 წლის დეკემბერში გადააყენეს ისლამისტმა მეამბოხეებმა, რომლებსაც ამჟამინდელი დროებითი პრეზიდენტი აჰმად ალ-შარაა ხელმძღვანელობდა. მას შემდეგ ასადი რუსეთში გაიქცა, სადაც თავშესაფარი მისცეს. კონფლიქტის განმავლობაში, ჰმეიმემის საჰაერო ბაზა და ტარტუსის საზღვაო ბაზა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ძირითადი სამხედრო პუნქტები იყო. სირიის ახალმა ხელმძღვანელობამ მოსკოვთან მჭიდრო ორმხრივი კავშირების შენარჩუნება დაისახა მიზნად. ალ-შარაა ორჯერ ეწვია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში, სადაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ორი ბაზის საკითხი განხილვის მთავარი თემა იყო.  ასადის გადადგომის შემდეგ, სირიამ ასევე გააძლიერა კავშირები შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და მეზობელ არაბულ ქვეყნებთან, რომლებმაც ასადის მიერ საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს დამასკოსთან კავშირი გაწყვიტეს. ვაშინგტონმა ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უმეტესობა მოხსნა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ივლისში ეწვია სირიას, სადაც მან განაცხადა, 14 წლის შემდეგ პირველად, ორივე ქვეყანა ელჩებს დანიშნავდა.  

CPC-ის შეფერხების ფონზე, ყაზახეთი ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებად BTC-სა და ბაქო-სუფსას განიხილავს

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის მილსადენებს, ასევე კასპიის ზღვისა და აზერბაიჯანის გავლით ტრანზიტს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებად განიხილავს. ამის შესახებ მედია ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სამინისტრომ „ინტერფაქს-ყაზახეთს“ განუცხადა, რომ მიმდინარეობს სამუშაო ექსპორტის ნაკადების გადანაწილებაზე. „განიხილება ნავთობის ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სისტემის გავლით, კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენებით ტვირთების გადაზიდვა, ასევე ბაქო-სუფსას მარშრუტი“, — განაცხადა სამინისტრომ. ალტერნატიული მარშრუტების განხილვა „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ობიექტების მუშაობის შეფერხებას მოჰყვა. კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე, ნოვოროსიისკის რაიონში მდებარე ინფრასტრუქტურას უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს. „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” აქციონერები რუსულ და ყაზახურ კომპანიებთან ერთად არიან რამდენიმე ევროპული და ამერიკული კომპანია, მათ შორის Chevron-ი. კონსორციუმის მილსადენებით ძირითადად, დასავლეთ ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება ხდება. 2026 წლის ივლისში ყაზახეთმა საექსპორტო ნაკადები გადაანაწილა. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, მიწოდება გაიზარდა ატირაუ-სამარის მიმართულებით და ჩინეთში. ყაზახეთის „თენგიზის“ ნავთობსაბადოს ოპერატორმა მარტის შემდეგ პირველად განაახლა ნავთობის ექსპორტი ბათუმის პორტის გავლით — Reuters  

იტალიურმა CESI-მ და GECO Power-მა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების გეგმა განსაზღვრეს

„მწვანე ენერგიის დერეფნის“ ენერგოკომპანიის (GECO Power) ერთობლივმა საწარმომ და იტალიურმა საკონსულტაციო კომპანია CESI-მ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ (შავი ზღვის ენერგია) პროექტის განხორციელების შემდგომი ნაბიჯები დასახეს. GECO Power-ის ცნობით, კომპანიებმა, პროექტის ტექნიკური და ეკონომიკური სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად, მე-2 სამუშაო ნაკადისადმი მიძღვნილი შეხვედრა გამართეს, სადაც ყურადღება გაამახვილეს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლიდან განვითარების ფაზაში გადასვლისას საჭირო ძირითად აქტივობებზე. განხილვები შეეხო შემდეგი ეტაპის ძირითად ტექნიკურ, ეკონომიკურ და განხორციელების ასპექტებს, მათ შორის განვითარების სტრატეგიისა და შესყიდვების სტრატეგიის მიდგომებს, ასევე მონაწილე ქვეყნებსა და პროექტის პარტნიორებს შორის მომავალი აქტივობების კოორდინაციას. GECO Power-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მე-2 სამუშაო ნაკადი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის დასკვნების სტრუქტურირებულ განვითარების ჩარჩოში გადატანისა და მწვანე ენერგიის დერეფნის განხორციელების გზის განსაზღვრის მიმართულებით. პროექტი „მწვანე ენერგიის განვითარებისა და ტრანსპორტირების სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ხელი მოაწერეს ბუქარესტში 2022 წელს.  კასპიის ზღვისა და შავი ზღვისა და ევროპის მწვანე ენერგიის დერეფნის ერთობლივი საწარმო საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთისა და აზერბაიჯანის მიერ 2023 წლის 25 ივლისს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც პირდაპირ დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს და გააერთიანებს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს. წყალქვეშა კაბელის სიგრძე 1,115 კმ იქნება წყალქვეშ და 40 კმ ხმელეთზე, ძაბვა 525 კვ და გამტარუნარიანობა 1,300 მეგავატი. შავ ზღვაზე წყალქვეშა ენერგოკაბელის დასრულება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი. პროექტი შეტანილია ევროკავშირის ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტების (PMI) სიაში. ევროკომისია გეგმავს 2.3 მილიარდი ევროს გამოყოფას მისი განხორციელებისთვის.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: გავაგრძელებთ მუშაობას სამხრეთ კავკასიაში ჩვენი სტრატეგიული პოზიციის გასაძლიერებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ალისონ ჰუკერმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ელნურ მამედოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვაჰან კოსტანიანს უმასპინძლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული მშვიდობის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. „მოუთმენლად ველი ჩვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს გაგრძელებას სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად, ამავდროულად, ამ მნიშვნელოვან რეგიონში ამერიკის სტრატეგიული პოზიციის გაძლიერების მიზნით,“ - აცხადებს ჰუკერი. აშშ-მ TRIPP-თან დაკავშირებული ფონდის დაფინანსება გააორმაგა  

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა

„ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოდან საწვავის შეტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით ასეთ რამეს უშვებს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის “ოკუპაციის შესახებ კანონიც.” „თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში. ჩვენ გვაქვს მათ შორის პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც განკუთვნილია სწორედ იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ქართული, ასევე აფხაზური მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. თუკი რაიმე ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში,“ - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება. „ჩვენ ვიღებთ ზომებს საწვავის სხვა მიმართულებებიდან, მათ შორის სხვა ქვეყნებიდან, შემოტანის მიზნით, მათ შორის საზღვაო გზით. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს კოლეგებთან, თუმცა, შავი ზღვის აკვატორიაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველა მიმწოდებელი, ჩვენთვის ცნობილი მიზეზების გამო, მზად არ არის საწვავის მოწოდებისთვის. ლოგისტიკური სირთულეები არსებობს, თუმცა მუშაობა არ ჩერდება,“ - ამბობდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა 10 აგვისტოს. ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ მხოლოდ ნიკარაგუას, ვენესუელასა და სირიას. თავდაპირველად ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარება უკან წაიღეს.  

გერმანიის მთავრობამ სადაზვერვო სამსახურებისთვის უფლებამოსილების გაფართოების გეგმა დაამტკიცა

გერმანიის მთავრობამ სადაზვერვო სამსახურებისთვის უფლებამოსილების გაფართოებას დაუჭირა მხარი. კაბინეტმა ახალი ზომები დაამტკიცა, რომლითაც კონსტიტუციის დაცვის ფედერალური სამსახური (BfV) და ფედერალური სადაზვერვო სამსახური (BND) მონაცემთა შეგროვებასა და თავდასხმების აღკვეთის მიზნით ოპერაციების წარმოებას უფრო აქტიურად შეძლებენ. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ზომები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებასაც ითვალისწინებს. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიის სადაზვერვო სამსახურები ოპერატიულ უფლებამოსილებებს მიიღებენ. „ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს ნამდვილ საიდუმლო სამსახურებად გარდავქმნით,“ - აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა. კანონპროექტი შემდეგ ეტაპზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. გერმანიის სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ნაცისტური რეჟიმის გამოცდილება ჯერ კიდევ ახალი იყო, შეიქმნა, ტრადიციულად უფრო შეზღუდული უფლებამოსილებებით სარგებლობდნენ, ვიდრე მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის, შესაბამისი სამსახურები.  

ალიევი: გვინდა, ევროპაში ელექტროენერგიითაც გავიდეთ — დღეს გზა თბილისსა და ანკარაზე გადის

აზერბაიჯანი ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მიაწოდოს, რისი ერთადერთი მარშრუტიც ამჟამად საქართველოსა და თურქეთზე გადის. „ჩვენს რეგიონში, ჩვენ გარდა, არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ენერგორესურსების ასეთი მოცულობით მარაგით იყოს უზრუნველყოფილი - იქნება ეს ნავთობი და გაზი თუ ელექტროენერგია. მეზობელ ქვეყნებში ჩვენი ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებით, ევროპულ ბაზარზეც გავალთ. რადგან ამჟამად ევროპულ ბაზარზე უკვე გავდივართ ჩვენი ნავთობითა და გაზით, თუმცა გვინდა, იქ ელექტროენერგიითაც გავიდეთ. დღეს ერთადერთი მარშრუტი არის საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპა. ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს შესაძლებლობები. კერძოდ, შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მზადაა. თუმცა მეორე გადამცემი ხაზი მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, როგორც ალბათ გახსოვთ, 2024 წლის ნოემბერში ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან ერთად შევთანხმდით კასპიის ზღვაში წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანაზე და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას,“ – განაცხადა ალიევმა. ჩვენ ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოოთ. კერძოდ, უკვე მზად არის შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. თუმცა, მეორე გადამცემი ხაზის არსებობა მხოლოდ განამტკიცებს ჩვენს პოტენციალს,“ - განაცხადა ალიევმა.  

რა წერია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოზე

საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით. ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას. „სამართალდამცავი ორგანოების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდებოდა, ფართოდ იყო გავრცელებული 2025 წელს,“ - აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, არცერთი დამნაშავე არ დასჯილა, რამაც ხელი შეუწყო დაუსჯელობის გარემოს შექმნას. „თვითნებური დაკავებების შემთხვევები, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენება და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციულად მკაცრი სასჯელები შეშფოთებას იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ დემონსტრაციებში მონაწილე ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების ან სიკვდილით მუქარის შემთხვევები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონში, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონსა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შეტანილმა ცვლილებებმა, უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლების უფლებასა და მედიის თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობაზე. „ფართოდ ვრცელდებოდა ცნობები ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე თვითნებური დაკავებების შესახებ. საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გაატარა, რომლებიც სერიოზულად უთხრის ძირს დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებასა და პროცესებს და ფაქტობრივად გააუქმა მოქალაქეთა მონაწილეობა და კონტროლისა და ბალანსის სისტემა,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშის თანახმად, რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის (CSO) საბანკო ანგარიშების გაყინვით, ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემა რეპრესიისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენა, რათა ორგანიზაციებისთვის აუცილებელ ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეეზღუდა და განსხვავებული მოსაზრების მქონე ხმები ჩაეხშო. „სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული ხმები ასევე დაშინების წინაშე აღმოჩნდნენ - სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა მტრული რიტორიკა, მუქარა და ძალადობა. პოლიტიკური პლურალიზმი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან მმართველი პარტია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ცდილობს. სამოქალაქო საზოგადოების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციის ლიდერების დაკავება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა,“ - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ 2025 წლის დეკემბერში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ აკმაყოფილებს; ასევე, 2025 წელს ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასებას განაგრძობდა. მისივე თანახმად, ევროკავშირი 2025 წელს მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლის კურსი და გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა.  

მსოფლიოში უდიდესმა ელექტრო თვითმფრინავმა პირველი ფრენა შეასრულა

მსოფლიოში უდიდესმა ელექტრო თვითმფრინავმა Heart X1-მა პირველი ფრენა წარმატებით შეასრულა. ფრენა შვედეთში, ვესტეროსის აეროპორტში განხორციელდა. Heart Aerospace-ის მიერ შექმნილი X1 სრულად ელექტროძრავაზე მუშაობს და მისი მიზანი რეგიონული ავიაციის ელექტრიფიცირებაა. კომპანიის განცხადებით, X1-ის პირველი ფრენა ელექტრო ავიაციის განვითარებაში მნიშვნელოვანი ეტაპია.  

BTC-ით ნავთობის ტრანსპორტირება მაისთან შედარებით 10%-ით გაიზარდა, გასული წლის ივნისთან შედარებით კი 5%-ით შემცირდა

BTC-ით ნავთობის ექსპორტი გაიზარდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2026 წლის ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით ნავთობის დღიური ექსპორტი საშუალოდ 547 000 ბარელს შეადგენდა. BTC მილსადენით ნავთობისტრანსპორტირება მაისთან შედარებით 10%-ით, დღეში 48 000 ბარელით გაიზარდა. თუმცა ივნისში მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 5%-ით, დღეში 31 000 ბარელით შემცირდა. BTC მილსადენი ოფიციალურად 2006 წლის 13 ივლისს გაიხსნა. მისი საერთო სიგრძე 1 768 კილომეტრია, საიდანაც 443 კილომეტრი აზერბაიჯანზე, 249 კილომეტრი საქართველოზე და 1 076 კილომეტრი თურქეთზე გადის.  

რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სასანქციო სია დაანონსდა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი უახლოეს თვეებში რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური სანქციების სიის“ წარდგენას გეგმავს. „ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური სანქციების სიას შემოდგომაზე წარვადგენ. თუ მას მივიღებთ, სანქცირებული რუსი ფიზიკური პირების, კომპანიებისა და ორგანიზაციების რაოდენობა დაუყოვნებლივ ერთი მესამედით გაიზრდება,“ - განუცხადა კალასმა გერმანულ გაზეთ „ველტს“ ორშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე ხაზგასმით, მან განმარტა, რომ აშშ-ის სენატის მიერ აგვისტოს დასაწყისში სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება იმედს იძლევა, რომ „ევროპა და შეერთებული შტატები ამ საკითხთან დაკავშირებით დაახლოვდებიან.“ „ევროპა მზარდი ჰიბრიდული საფრთხის წინაშე დგას. საბოტაჟი, ჯაშუშობა და კიბერშეტევები უმეტეს შემთხვევაში მოსკოვის დამსახურებაა,“ - აღნიშნა კალასმა. მისი განცხადებით, რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა ცოტა ხნის წინ დაარღვიეს პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე და რომ მოსკოვი ამით მათ სიმტკიცესა და თავდაცვას ცდის. „თუ ძალიან სუსტად ვუპასუხებთ, კიდევ უფრო მეტ ასეთ ინციდენტს ვიხილავთ,“ - აღნიშნა კალასმა. ის მიესალმა გერმანიის მიერ დაზვერვის სამსახურების რეფორმირების გეგმებს და ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელობას ჰიბრიდულ საფრთხეებზე უკეთ რეაგირებისთვის.  

უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ომის დროს არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა, საომარი მოქმედებების დროს არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ფედოროვის განცხადებით, რუსეთს არ უნდა მისცენ უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები თავიანთი მთავრობის არჩევას. „უნდა ვუპასუხოთ ფუნდამენტურ კითხვას: როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო, თუ ომი წლები გაგრძელდება? და შემდეგ, რა მოხდება, თუ ომი კიდევ ერთ, ორ, სამ წელს გაგრძელდება? შეუძლია თუ არა რუსეთს მოიპოვოს უფლება, განსაზღვროს, როდის შეძლებენ უკრაინელები კვლავ თავიანთი მთავრობის არჩევას? დარწმუნებული ვარ, რომ არა. დემოკრატია რუსეთის მძევლად არ უნდა იქცეს,“ - აღნიშნა ფედოროვმა. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა იპოვოს სამართლებრივი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს სრულად განაახლოს დემოკრატიული პროცესი გაჭიანურებული ომის პირობებშიც კი. „ეს რთულია. უნდა უზრუნველვყოთ სამხედროებისთვის ხმის მიცემის უფლება, ასევე მილიონობით უკრაინელისთვის საზღვარგარეთ და ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანებისთვის. უნდა უზრუნველვყოთ საარჩევნო პროცესის უსაფრთხოება, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და შედეგებისადმი ნდობა. მაგრამ სირთულე არ ნიშნავს შეუძლებლობას. უკრაინამ არაერთხელ გააკეთა ის, რასაც მსოფლიო შეუძლებლად მიიჩნევდა,“ - აღნიშნა ფედოროვმა. ფედოროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვს  

Moderna-ს mRNA ვაქცინა მაღალი რისკის მელანომის განმეორებასა და გავრცელებას ამცირებს — კვლევა

კლინიკური კვლევის დროს დადასტურდა, რომ კიბოს mRNA ვაქცინამ მელანომის რეციდივისა და გავრცელების რისკი შეამცირა. შესაბამის განცხადებას კომპანია Moderna ავრცელებს. ამ ფონზე ფარმაცევტული კომპანიის აქციები 160%-ით გაზარდა. ეს არის პირველი წარმატებული შედეგი მრნმ-ის (mRNA) კიბოს ვაქცინის კლინიკური კვლევის ბოლო ეტაპზე. ვაქცინა პაციენტის იმუნურ სისტემას „ასწავლის“, როგორ ებრძოლოს სიმსივნეს — ის მიზანში იღებს სიმსივნურ უჯრედებში არსებულ კონკრეტულ მუტაციებს. კვლევამ ასევე პირველად აჩვენა, რომ Keytruda-სთან {კიბოს საწინააღმდეგო იმუნოთერაპიული პრეპარატი} ამ ვაქცინის დამატება უკეთეს შედეგს იძლევა, ვიდრე მხოლოდ Keytruda-ს გამოყენება. მსგავსი მიდგომები ამჟამად ფილტვის, ძუძუსა და პანკრეასის კიბოს წინააღმდეგაც გამოიცდება. Parker Institute for Cancer Immunotherapy-ის ხელმძღვანელმა კარენ კნუდსენმა თქვა, რომ Moderna-ს შედეგებმა შესაძლოა, მყარი სიმსივნეების მკურნალობაში ახალი ეპოქის დასაწყისი მოასწავოს. მისი თქმით, ეს წარმატებული შედეგი იმუნოთერაპიის განვითარების ახალ ეტაპს ხსნის — „ეს მხოლოდ დასაწყისია.“

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველა სავაჭრო და ფინანსური საქმიანობა შეაჩერა

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა (UAE) ირანთან ყველა სახის სავაჭრო საქმიანობა და ფინანსური ტრანზაქცია „შემდგომ შეტყობინებამდე“ შეაჩერა. იტყობინება UAE-ს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო WAM, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორზე დაყრდნობით. ჯერჯერობით დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა. თუმცა განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც UAE-ს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ორი ირანული ბალისტიკური რაკეტა აღმოაჩინა, რომლებიც საზღვაო ნავიგაციას იღებდნენ მიზანში. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ირანზე ერთობლივი დარტყმები განახორციელეს. საპასუხოდ, თეირანმა რეგიონის ქვეყნებში, მათ შორის UAE-ზე, სადაც აშშ-ის აქტივებია განთავსებული, დარტყმები განახორციელა. ივნისის შუა რიცხვებში ირანმა და აშშ-მ პაკისტანის შუამავლობით ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანიც ომის დასრულება და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა იყო. თუმცა მოლაპარაკებები მემორანდუმის პირობებთან და ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციასთან დაკავშირებით მიმდინარე დავების გამო ჩაიშალა.