ძებნის რეზულტატი:

პრემიერი: წყალბურთელები გავიდნენ მსოფლიო სუპერ თასზე, მოხვდნენ მსოფლიოს 8 გუნდს შორის, რაც ისტორიული წარმატებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად ასევე ისაუბრა „ქართული სპორტის ისტორიულ შედეგებზე.“ მან ყურადღება მათ შორის გაამახვილა საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებზე, რომელიც მსოფლიო თასის სუპერფინალში, პლანეტის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. „შარშან, ქართველმა სპორსტმენებმა 1935 საერთაშორისო მედალი მოიგეს, რაც წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით არის სერიოზული გაუმჯობესება - 450 საერთაშორისო მედლით მეტი. მადლობა თითოეულ სპორტსმენს ამ უდიდესი წარმატებისთვის. კალათბურთელებს ჰქონდათ ისტორიული შედეგი ევრობასკეტზე, ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ და წყალბურთელები გავიდნენ მსოფლიო სუპერ თასზე, მოხვდნენ მსოფლიოს 8 გუნდს შორის, რაც ასევე ისტორიული წარმატებაა. ჩვენმა ძიუდოისტებმა ორი კვირის წინ საუკეთესო შედეგი აჩვენეს ევროპის ჩემპიონატზე, შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონატი ჩვენს დედაქალაქში ჩატარდა ძალიან დიდი წარმატებით. ძალიან მალე დაიწყება რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში, რამდენიმე ქალაქში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ცნობისთვის, საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასზე ითამაშებს. ტურნირი 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება. მსოფლიო თასის საგზური გუნდმა მალტაში, აპრილში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინალში გასვლით მოიპოვა.   

ვენესუელაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა

ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, სამაშველო სამუშაო გრძელდება. 4300 ადამიანი დაშავდა. კარაკასსა და მიმდებარე ქალაქ ლა გუაირაში ისმის ადამიანების ხმები, რომლებიც დანგრეული შენობების ნანგრევებიდან დახმარებას ითხოვენ. ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა. სულ რაღაც 39 წამის შემდეგ კი, უფრო ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.  

POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე ეკონომიკურ შეღავათებს შესთავაზებს

POLITICO ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია ამზადებს გეგმებს, რათა ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს ეკონომიკური შეღავათები მიენიჭოს ბლოკში გაწევრიანებამდე. გამოცემის წყროების ცნობით, ეს წინადადებები კომისიის „ეტაპობრივი ინტეგრაციისკენ“ სწრაფვის ნაწილია - კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში უფრო ფართო წვდომის მინიჭება, რადგან ისინი რეფორმებს ახორციელებენ - მათი წევრობის განაცხადები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. განხილვის პროცესში მყოფი შეღავათები მოიცავს ევროკავშირის გარკვეულ დაფინანსების პროგრამებზე წვდომას, შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებებს და ერთიან ბაზარზე ნაწილობრივ წვდომას გაწევრიანებამდე, ზუსტი პაკეტი კი, თითოეული კანდიდატი ქვეყნის პროგრესზე იქნება მორგებული. ამ ნაბიჯის მიზანია კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების გზაზე შენარჩუნება, მათთვის პოლიტიკურად რთული რეფორმების განხორციელების სტიმულის მიცემით, მაშინაც კი, თუ სრულ წევრობამდე წლებია დარჩენილი. ევროკომისია შეეცდება ამ ინიციატივისთვის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას. ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ლიდერები უფრო ფართო ჩარჩოზე მუშაობის დაწყებას ევროპული ოქტომბრის ან დეკემბრის სხდომაზე დაამტკიცებენ. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, გეგმების თანახმად, შეღავათებზე წვდომა თითოეული ქვეყნისთვის ინდივიდუალურად გაიცემა, იმის მიხედვით, თუ რამდენად შესაბამისობაშია ესა თუ ის ქვეყანა ევროკავშირის წესებთან და რამდენი რეფორმა განხორციელდა. POLITICO წერს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადახვევა იქნება ამჟამინდელი სისტემიდან, რომლის მიხედვითაც შეღავათების უმეტესობა სრულუფლებიანი წევრებისთვისაა განკუთვნილი.  

ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტზე: ოპტიმიზაციის შედეგად, კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით $204 მილიონიდან შემცირდა $151.4 მილიონამდე

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე. „აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელის მოწყობის სამუშაო. აქ იყო გაფორმებული კონკრეტული ხელშეკრულება კონკრეტულ კომპანიასთან, რომლის ღირებულება შეადგენდა 203.9 მილიონ დოლარს და მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენ დავინახეთ ოპტიმიზაციის ძალიან დიდი რესურსი. ამ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 204 მილიონი დოლარიდან შემცირდა 151.4 მილიონ დოლარამდე, ანუ 52.5 მილიონი დოლარი დავუზოგეთ ქვეყანას კონტრაქტის ოპტიმიზაციის შედეგად. ესეც არის ახალი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად, 52 მილიონი დოლარის დაზოგვა გახდა შესაძლებელი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა Jan De Nul-მა გაიმარჯვა  

აშშ შუა დერეფანში ვაჭრობის გაძლიერების შესახებ აცხადებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) PACE ჯგუფთან 25 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომელიც ფოთის ახალ საზღვაო პორტში მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას ისახავს მიზნად. „ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში, რომელიც უკვე სამ ათწლეულზე მეტს ითვლის. წლების განმავლობაში, ქართველები და ამერიკელები მხარდამხარ ვმუშაობთ უკეთესი მომავლისა და ორივე ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ამ თანამშრომლობამ, მაგალითად, საგრძნობლად გააძლიერა საქართველოს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი საზღვრები, სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა და პორტების გაუმჯობესების კუთხით. ასევე, სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რამ რეგიონისთვის. ისეთ ინიციატივებს, როგორიც არის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის ტრამპის მარშრუტი, შეუძლია, კიდევ უფრო განამტკიცოს რეგიონული კავშირები. ინფრასტრუქტურული ხარვეზების აღმოფხვრით, საქონლისა და მომსახურების ეფექტური გადაადგილების ხელშეწყობით ჩვენ შეგვიძლია, გავაძლიეროთ დერეფნის ქვეყნების ეკონომიკა და ამავდროულად, განვამტკიცოთ რეგიონული სტაბილურობა. ჩვენ ასევე აქტიურად ვუჭერთ მხარს კერძო სექტორის მიერ წარმართულ ინიციატივებს, რომლებიც შუა დერეფნის განვითარებისთვის გრძელვადიან და მდგრად გადაწყვეტილებებს ქმნიან. მაგალითად, გასულ წელს, ჩვენ ვმასპინძლობდით ამერიკული კომპანიების სავაჭრო მისიას, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში, ენერგეტიკის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ციფრული ვაჭრობის, ახალი ტექნოლოგიების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის შესაძლებლობების განხილვას ისახავდა მიზნად. ამერიკის მთავრობამ ასეთი ინიციატივების მხარდასაჭერად საკუთარი ფინანსური რესურსები მიმართა. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მეშვეობით შუა დერეფანში განხორციელებული ამერიკული ინიციატივების დიდ გავლენას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, განვითარების კორპორაციამ საქართველოში კერძო სექტორში 800 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის ფოთშიც, სადაც ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ DFC-ის მიერ დაფინანსებული $50-მილიონიანი პროექტის შედეგებს ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის განვითარებაში. დღეს მოხარული ვართ, აღვნიშნოთ ამ კორპორაციის მიერ დამატებით 25 მილიონი დოლარის ინვესტიციის გამოყოფა, რაც შუა დერეფნის ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე მუშაობის გაგრძელებას მოემსახურება," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. ცნობისთვის, DFC, აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი ინვესტიციებს ახორციელებს პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას და ამავდროულად, სტრატეგიული ეკონომიკური ინტერესების წინ წაწევას.  

ფაშინიანი: ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა მკაფიოდ უნდა უპასუხოს შეკითხვას — არსებობს თუ არა ორგანიზაცია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთიდან იმპორტზე, ისევე როგორც მისი ტერიტორიის გავლით ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ეეკ) სხვა ქვეყნებში სომხური საქონლის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები, გაერთიანების არაერთ წევრ ქვეყანაში სულ მცირე ძალიან სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს. „არმენპრესის“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამ განცხადებით ფაშინიანი გამოეხმაურა სომხური პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებსა და იმ დაძაბულობას, რომელიც ბოლო პერიოდში სომხეთსა და EAEU-ის სხვა წევრ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა. მიუხედავად ამისა, ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი ამ ეტაპზე კვლავ აგრძელებს მუშაობას კავშირის ფარგლებში და არ მიიჩნევს, რომ ურთიერთობები შეუქცევადად არის გაუარესებული. „ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებები მოიძებნება, რადგან თუ გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს სულ სხვა რამეს ნიშნავს - პირველ რიგში, თავად ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის. მსურს, შეგახსენოთ, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი რამდენიმე კონცეპტუალურ დებულებას ეფუძნება: მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და ფინანსების თავისუფალი გადაადგილება. თუ ეს არ არის, ნიშნავს, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირიც არ არსებობს. და ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა ამ კითხვას მკაფიოდ უნდა უპასუხოს։ არსებობს იგი თუ არა. ჩვენ ვამბობთ, რომ იგი არსებობს და ჩვენ, როგორც მონაწილე სახელმწიფო, მივიჩნევთ, რომ ადგილი ჰქონდა გარკვეულ გაუგებრობას. თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირი იტყვის: იცით რა, მე აღარ ვარსებობ, დიახ, თუ ისინი არ არსებობენ, ჩვენ რაღა შეგვიძლია, გავაკეთოთ? ჩვენ ვარსებობთ, ჩვენ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ვართ და იქ ვმუშაობთ. ახლა ევრაზიულმა ეკონომიკურმა კავშირმა უნდა თქვას։ არსებობს თუ არა. თუ პირდაპირ ან მინიშნებით იტყვის, რომ არ არსებობს, აბა ჩვენ რა ვქნათ? ის, რაც ჩვენთან ხდება, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის რამდენიმე ქვეყანაში სულ მცირე ძალიან სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს. ჩვენ მთავრობის სხდომებზე ვსაუბრობთ დივერსიფიკაციის ამ პროცესებზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეეკ-ის არაერთ ქვეყანაში ეს პროცესი ოფიციალური განცხადებების გარეშე მიმდინარეობს, რადგან იმას, რაც ხდება, ისინი შეაფასებენ როგორც რისკს, რომელიც მათ წინაშეც დგას“, - განაცხადა ფაშინიანმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორმატში ნამდვილად არის განსახილველი საკითხები და იგი უახლოეს შესაძლებლობას გამოიყენებს ამ დისკუსიის დასაწყებად. 29 მაისს, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტზე, რომელსაც ფაშინიანი არ დაესწრო, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ოთხი წევრი სახელმწიფოს - რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსის და ყირგიზეთის - პრეზიდენტებმა მიიღეს განცხადება, რომლითაც მოუწოდებენ სომხეთს, რაც შეიძლება მალე ჩაატაროს რეფერენდუმი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის არჩევანის გაკეთების საკითხზე. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ვიდრე სომხეთი ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ოფიციალურად არ შეიტანს, ან ძალიან ახლოს არ იქნება კანდიდატის სტატუსთან, ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ალოგიკურია.  

მეფე ჩარლზ III პირველი მონარქია, რომელმაც საკუთარი გადასახადების ოდენობა გაასაჯაროვა

მეფე ჩარლზი გახდა პირველი მონარქი, რომელმაც საჯაროდ გაამჟღავნა საკუთარი საგადასახადო ვალდებულება. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მან 2024–2025 ფინანსურ წელს 12.9 მილიონი ფუნტის გადასახადი გადაიხადა.“ მეფე მის მიერ გადახდილი გადასახადების დონით, დიდი ბრიტანეთის 100 უმსხვილეს გადასახადის გადამხდელთა სიაშია.  უელსის პრინცმა განაცხადა, რომ იმავე პერიოდში 7.76 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადა.  

უკრაინის დაზვერვის მაღალჩინოსანს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინის დაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა რუსეთის FSB-ს უსაფრთხოების სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ პოლკოვნიკი დმიტრო კოზიურა საომარი მდგომარეობის დროს სახელმწიფო ღალატში დამნაშავედ ცნეს. მანამდე ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ანტიტერორისტული ცენტრის შტაბის უფროსი იყო. გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ კოზიურა დათანხმდა ფინანსური ჯილდოს სანაცვლოდ „სახელმწიფო საიდუმლოების შემადგენელი“ ინფორმაციის გაზიარებას და ამიტომ, ის იმსახურებს უმკაცრეს სასჯელს. „მისი საქმიანობა მოიცავდა SBU-ს სამეთაურო პუნქტებზე ჯაშუშობას და რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგების „სისტემატურად“ გაზიარებას, მათ შორის დაჭრილი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობაზე ინფორმაციას,“ ნათქვამია გენერალური პროკურორის, რუსლან კრავჩენკოს ოფისის განცხადებაში. კიევის შევჩენკოვის რაიონულმა სასამართლომ კოზიურა დამნაშავედ ცნო სამხედრო მდგომარეობის დროს სახელმწიფო ღალატში და იარაღის, საბრძოლო მასალის ან ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ გამოყენებაში.  

უზბეკეთის პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკათ მირზიოევი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მირზიოევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ხელი მოეწერება საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების შესახებ დეკლარაციას და სხვადასხვა სფეროში ხელშეკრულებებს. ასევე, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და პოეტ ალიშერ ნავოის მონუმენტის გახსნის ღონისძიებას დაესწრება. „ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ. ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, რათა ჩვენი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს. უზბეკეთი სწრაფად მზარდი სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში. საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ცენტრალური აზიისთვის, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში. რა თქმა უნდა, ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. პარალელურად, ტარდება ბიზნესფორუმი, რომელიც აერთიანებს ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ჩვენს ქვეყნებს შორის პრაქტიკული კავშირების გაძლიერებას,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მანვე აღნიშნა, რომ უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი დონის ვიზიტი ბოლო 23 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა.  

საქართველომ და ყაზახეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა. ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის გაფორმდა მემორანდუმები კულტურის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. თოყაევის თქმით, საქართველო „გამოცდილი და უაღრესად სანდო პარტნიორია.“ „მსურს, აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია. თქვენი ძლიერი ლიდერობა საშუალებას აძლევს საქართველოს, წარმატებით გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს და ამავდროულად შეინარჩუნოს განვითარების სტაბილური კურსი,“ - მიმართა ყაზახეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. „მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მოგილოცოთ საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება და რეფერენდუმის ჩატარება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ლიდერობის პირობებში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო გააძლიერებს ყაზახეთის განვითარებას და ინსტიტუციურ მდგრადობას,“ - განაცხადა თავის მხრივ, კობახიძემ და ყაზახეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. თოყაევმა „ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად“ კობახიძეს „მეგობრობის” პირველი ხარისხის ორდენი გადასცა.  

ევროკავშირი სომხური ექსპორტის 80%-ისთვის საბაჟო გადასახადს აუქმებს

ურსულა ფონ დერ ლაიენი სომხეთში ჩავიდა. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ერევნის „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა. ერევანში ვიზიტის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებები გამართა. შევხედრის შემდეგ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, დაეხმაროს სომხეთს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში, რისთვისაც მომავალ კვირას სომხეთში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი ჩავა. მან უპასუხა შეკითხვას, მზად არის თუ არა ევროკავშირი, დაეხმაროს სომხეთს იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთმა, რომლის გაზზეც ქვეყანა დიდწილად არის დამოკიდებული, შესაძლოა, მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი სომხეთზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად გამოიყენოს. „ენერგეტიკის თემასთან დაკავშირებით თქვენ გჭირდებათ სტრატეგიული, კომპლექსური და მრავალშრიანი მიდგომა. და როგორც ვეხმარებით სომხეთს სავაჭრო ურთიერთობების დივერსიფიკაციაში, რაც ქვეყნის მედეგობას განამტკიცებს, ასევე გვსურს, დაგეხმაროთ ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის საკითხშიც. სწორედ ამიტომ, მომავალ კვირას სომხეთში ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა. ჩვენ მსგავს სიტუაციებში მუშაობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ეს გამოვიარეთ უკრაინაში, ეს გამოვიარეთ მოლდოვაში. თავად ევროკავშირსაც ჰქონია მსგავსი გამოწვევები. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ნებისმიერი ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია,“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი, ამავდროულად, ახორციელებს ინვესტიციებს რეგიონულ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში ელექტროენერგეტიკული ურთიერთკავშირების გზით, რადგან პარალელურად საჭიროა ახალი მარშრუტების მშენებლობა და რეგიონული ენერგოქსელების გაძლიერება „ეს მოიცავს 25 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას „კავკასიის ელექტროგადამცემი ქსელი“ პროექტის ფარგლებში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ სომხეთის მიერ განახლებადი ენერგიის წარმოების მოცულობების მნიშვნელოვან გაფართოებას. ეს ადგილობრივი წარმოების ენერგეტიკული რესურსია. ეს თქვენი ენერგეტიკული რესურსია, რომელსაც აქ, სომხეთში აწარმოებთ, რაც განიჭებთ დამოუკიდებლობას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და აძლიერებს ქვეყნის მედეგობას. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დაგიჭიროთ იმ შესაძლო სიტუაციაში, რომელიც თავად ძალიან კარგად ვიცით,“ - განმარტა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი სომხეთს სავაჭრო ურთიერთობების გასაძლიერევბლად და დივერსიფიკაციისთვის 18 მილიონ ევროს გამოუყოფს. „ვიცი, რომ სომხეთი კვლავ განიცდის რუსეთის მხრიდან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზეწოლას. სინამდვილეში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ეკონომიკური იძულება. დარწმუნებული იყავით, რომ ჩვენს პარტნიორებზე ზეწოლა როდესაც იზრდება, ევროკავშირი ყოველთვის დგამს საპასუხო ნაბიჯებს. პირველ რიგში, თქვენ მალე მიიღებთ დამატებით 18 მილიონ ევროს, რაც ვაჭრობის გაძლიერებასა და დივერსიფიკაციაში დაგეხმარებათ,“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სომხური საქონელი, რუსეთის ნაცვლად, ევროკავშირის ბაზარზე გავა. ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, სომხეთიდან ექსპორტირებული გარკვეული პროდუქციის მიმართ ავტონომიური სავაჭრო ღონისძიებები გაატაროს, რაც ამ საქონლის ნაწილის ევროკავშირში საბაჟო გადასახადის გარეშე გატანის შესაძლებლობას შექმნის. „ჩვენ კიდევ უფრო შორს მივდივართ. წარვადგენთ წინადადებას ე.წ. ავტონომიური სავაჭრო ზომების შესახებ, რაც ნიშნავს, რომ ავტონომიური სავაჭრო ღონისძიებები ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის თითქმის 80 პროცენტის ლიბერალიზაციას მოახდენს. შედეგად, ჩვენთან თქვენი ვაჭრობის 80 პროცენტი ტარიფებისგან გათავისუფლდება. ამით ჩვენ შევძლებთ იმ პროდუქტების გადამისამართებას, რომლებიც ამჟამად კვლავ ძლიერ არიან დამოკიდებულნი რუსულ ბაზარზე და მათ გაგზავნას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, რომელიც 450 მილიონ მომხმარებელს მოიცავს. შესაბამისად, ეს ზომები ევროპის კარს გაუხსნის სომხეთის ხილის, ბოსტნეულისა და მცენარეების თითქმის 99 პროცენტს, რომელთა ექსპორტიც ადრე რუსეთში ხდებოდა,“ – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავის მხრივ, განაცხადა, რომ ევროკავშირი უკვე ძალიან დიდია ხანია, ქვეყნის ნომერ პირველი პარტნიორია დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ახლა, არჩევნების შემდეგ, მიმაჩნია, რომ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რათა გადავტვირთოთ სომხეთის დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი. წინა პერიოდში ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებოდით ამ გზას, თუმცა ამ პროცესს მუდმივად თან ახლდა დიდი პრობლემები - კოვიდი, ომი, ომისშემდგომი სიტუაცია. პრაქტიკულად, რეალურად არ მოგვცემია შესაძლებლობა, სრულად ვყოფილიყავით კონცენტრირებული დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგზე. როგორც არჩევნები, ისე ეს ახალი პერიოდი და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების ახალი დონე და მასშტაბი ჩვენთვის ისტორიულ შანსს ქმნის. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ ჩვენი სტრატეგია. პირველი ამოცანა, რომელიც უნდა გადავჭრათ, არის ევროკავშირის სტანდარტებთან სრული, გულწრფელი და მთლიანი შესაბამისობა. ეს არის პირველი სტრატეგიული ამოცანა, რომლის შესრულების შემდეგ უკვე კონკრეტულ სამოქმედო დღის წესრიგად შეიძლება იქცეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა, რაც უკვე პოლიტიკური საკითხია. მაგრამ, როგორც წარსულშიც მითქვამს, როდესაც ჩვენ სრულად და გულწრფელად შევესაბამებებით ევროკავშირის სტანდარტებს, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. თუმცა, ეს ასევე არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც დამოკიდებულია ყველაზე სხვადასხვა ფაქტორზე. თუ ჩვენ შევძლებთ ევროკავშირის წევრობას, ეს იქნება უდიდესი მიღწევა, თუ რაიმე მიზეზით, ვთქვათ, ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაფართოვდეს, ამ შემთხვევაშიც ჩვენ მაინც დიდ მოგებაში დავრჩებით, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ევროკავშირის კრიტერიუმებს,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს კეთდება არა ევროკავშირისთვის, არამედ, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის, თავად სომხეთისთვის, და სწორედ ეს არის ის სტრატეგიული მიზანი, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ისახავს. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც რეგიონული კომუნიკაციების გახსნას უკავშირდება. „საბოლოო ჯამში, წინასაარჩევნო პერიოდში არაერთხელ მქონია შემთხვევა მეთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა კონფლიქტის ჩიხიდან მშვიდობის გზაჯვარედინად იქცევა. ეს ისტორიული მოვლენაა და ჩვენ მადლობელი ვართ ევროკავშირის, რომელიც ამ ძალისხმევაში თანმიმდევრულად და სრულად უჭერს მხარს სომხეთს და სომეხ ხალხს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ. ახლაც კი, როდესაც წარსულს გადავხედავთ, წარმოუდგენელია, რა სისწრაფით განვითარდა ბოლო წლებში სომხეთის რესპუბლიკისა და ევროკავშირის ურთიერთობები. არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ განვითარების ეს ტემპები შენელდება, და მე ამით ძალიან მოხარული ვარ,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. „გამორიცხავს თუ არა 2013 წლის სიტუაციის განმეორებას, როდესაც სომხეთმა, რუსეთის მხრიდან ზეწოლის გამო, ერთ ღამეში გადაწყვიტა ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შეწყვეტა.“ ამავე პრესკონფერენციაზე ფაშინინმა მედიის ამ შეკითხვას უპასუხა. „დიახ, გამოვრიცხავ, ეს შეუძლებელია. მით უმეტეს ახლა, როდესაც სომხეთის რესპუბლიკის მოსახლეობამ მკაფიო მხარდაჭერა გამოუცხადა იმ პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა აწარმოებს, კერძოდ - საგარეო პოლიტიკის ბალანსირებას. ამავდროულად, როგორც უკვე განვაცხადეთ, ჩვენ არასდროს დაგვისვამს მიზნად, არ გვაქვს და არც დავისახავთ მიზნად სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში კრიზისის შექმნას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, არცერთი საერთაშორისო პარტნიორის ინტერესებს არ უგულებელვყოფთ, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერცერთი სხვა პარტნიორის ინტერესებს ვერ დავაყენებთ სომხეთის რესპუბლიკის ინტერესებზე მაღლა, და ვფიქრობ, ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის ლოგიკურია,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, პირველ ივლისს, ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ევროკომისიის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მშვიდობის განმტკიცების გზები კავშირების გაფართოებისა და სასაზღვრო რაიონებში მცხოვრებთა მხარდაჭერის გზით და ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო და ენერგეტიკული პარტნიორობის საკითხები. ევროკავშირი 200 მილიონ ევროს დახარჯავს სასაზღვრო რაიონების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება დაახლოებით ორი მილიარდი ევროს კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების მოზიდვა. კიდევ 20 მილიონი ევრო განკუთვნილია აზერბაიჯანის და სომხეთის სასაზღვრო რაიონების თემების მხარდასაჭერად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ტერიტორიების განაღმვა, კვალიფიკაციის ამაღლება და ადგილობრივი ბიზნესის განვითარება. ევროკავშირი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს ნახიჩევანის რკინიგზას. 2026 წელს აზერბაიჯანმა, ევროკავშირმა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა დაიწყეს პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება. ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა პირველ ივლისს გამოაცხადეს, რომ 2026 წლის ბოლომდე ბაქოში ჩატარდება მინისტრთა კონფერენცია, რომელზეც კავშირგაბმულობის სფეროში ინვესტირების საკითხებს განიხილავენ. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და კერძო ბიზნესის წარმომადგენლები.  

ბიზნესმენმა და საწყლოსნო ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა სპორტული ჟურნალისტი, ლელოს რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძე დააჯილდოვა

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ბიზნესმენმა დიმიტრი აბდუშელიშვილმა გაზეთ „ლელოს“ რედაქტორს, ქართული სპორტული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ გამორჩეულ წარმომადგენელს, ბატონ თენგიზ გაჩეჩილაძეს მრავალწლიანი პროფესიული მოღვაწეობისათვის სპეციალური ჯილდო  გადასცა. ასევე ღონისძიების ფარგლებში,  საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემიით დააჯილდოვა სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი. ამასთან, ქართული სპორტული მედიისა და სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბიძინა ბარათაშვილს „სპორტის რაინდის“ საპატიო წოდება მიენიჭა.  გალა-დაჯილდოებაზე  ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში.  

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენის მეშვეობით, ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ყასიმ ჟომართ თოყაევის თქმით, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების საფუძვლად რჩება. გლობალური არასტაბილურობის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას შემდგომი ზრდის პოტენციალი აქვს. თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახეთმა საქართველოს ეკონომიკაში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო და ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად რჩება. მან ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტი ყაზახეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს თვისებრივად ახალ დონეზე აიყვანს. ყაზახეთის პრეზიდენტი სტრატეგიული პარტნიორობის სამომავლო განვითარებისთვის „საგზაო რუკის“ მომზადების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც მისი თქმით, ორიენტირებული იქნება ენერგეტიკაზე, ინვესტიციებზე, სატრანსპორტო კავშირზე, სოფლის მეურნეობაზე, დიგიტალიზაციაზე, ტურიზმსა და სხვა პერსპექტიულ სფეროებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) განვითარებას. პროექტის ძირითადი მონაწილეები, ყაზახეთი და საქართველო თანმიმდევრული ზომების მიღებას გეგმავენ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების, კონტეინერების ტრანსპორტირების გაფართოების, სატარიფო პოლიტიკის კოორდინაციისა და დიგიტალიზაციის დაჩქარების მიზნით. აღინიშნა, რომ TITR-ის გასწვრივ სატრანზიტო მოძრაობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 3.5-ჯერ გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ მარშრუტზე მოძრავი კონტეინერების მატარებლების რაოდენობა 2029 წლისთვის 3000-ს მიაღწევს. ბატომის პორტის გარდა, ყაზახეთი დაინტერესებულია საქართველოს სხვა პორტის ზონებშიც თავისი ყოფნის გაფართოებით. კერძოდ, გასულ წელს ფოთში ყაზახი ინვესტორების მონაწილეობით ახალი მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა. ამასთან, ანაკლიის პორტი პერსპექტიული პროექტად შეფასდა, რომელიც რეგიონთაშორის კავშირების გააძლიერებს. საქართველომ და ყაზახეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი  

Politico: ევროკავშირი თურქეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივებას განიხილავს

ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივებას განიხილავს. საკითხი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის კაია კალასის ანკარაში ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს წამოიჭრა. იუწყება მედია. Politico-ს ინფორმაციით, დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი და შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკავშირის კომისარი მაგნუს ბრუნერი. მოლაპარაკებები თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების პროცედურების გამარტივების შესაძლო ნაბიჯებს შეეხო, რაც ევროკავშირ-თურქეთის ურთიერთობებში დიდი ხნის განმავლობაში არსებული საკითხია. თურქეთი 25 წელზე მეტია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. მოლაპარაკებები, რომელიც ექვსი წლის შემდეგ დაიწყო, 2016 წელს შეჩერდა პოლიტიკური უთანხმოებებისა და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის კრიტიკის გამო. ევროკავშირი თურქეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემის წესს ამარტივებს ერდოღანის თქმით, თურქეთი მზად არის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის  

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი გადადგა

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე მუნტეანუ თანამდებობას ტოვებს. მას გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია. „დღეს ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ვადა იწურება. როგორც კი გავაცნობიერე, რომ აღარ შემეძლო ჩემი მანდატის შესრულება ჩემი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად, გადავწყვიტე თანამდებობიდან გადადგომა,“ - დაწერა მუნტეანუმ სოციალურ ქსელში. Reuters-ი წერს, რომ ეს ნაბიჯი გამოწვევას წარმოადგენს პრეზიდენტ მაია სანდუსა და მისი მმართველი „პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიისთვის“ (PAS). მოლდოვის საპარლამენტო პროცედურის თანახმად, სანდუ კონსულტაციებს გამართავს საპარლამენტო ჯგუფებთან და შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს. 62 წლის მუნტეანუ თანამდებობაზე 2025 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა, რომელშიც PAS-მა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. მუნტეანუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2025 წლის ნოემბრიდან იკავებს.   

საქართველომ და უზბეკეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ერთობლივ დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ორი ქვეყნის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადადის, აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკათ მირზიოევმა მოაწერეს ხელი. ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის ასევე გაფორმდა მემორანდუმები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საფინანსო, საბაჟო, განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას. „საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია,“ - განაცხადა თავის მხრივ, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უზბეკეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა. საქართველომ და ყაზახეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი  

საფრანგეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში სიცხის ტალღის დროს 3000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში ივნისის სიცხის ტალღის დროს, რომელმაც მთელ ევროპაში ტემპერატურა მკვეთრად გაზარდა, გარდაცვალების 3700 შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ციფრები წინასწარია და შესაძლოა გაიზარდოს. ექსპერტების თქმით, სიცხის ტალღა, რომელიც დაახლოებით 20-28 ივნისს გაგრძელდა, ევროპაში დაფიქსირებული ყველაზე უარესი მაჩვენებელი იყო, რამაც ელექტროენერგიის წარმოების შეფერხება, ინფრასტრუქტურის დაზიანება და ჯანდაცვის სისტემების გადატვირთვა გამოიწვია. მეცნიერების თქმით, უკიდურესი სიცხე თითქმის დანამდვილებით კლიმატის ცვლილებით იყო გამოწვეული. ბელგიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გარდაცვლილთაგან 530 იყო 85 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი. ნიდერლანდების ხელისუფლების განცხადებით, სიცხის ტალღამ დაახლოებით 480 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ძირითადად 80 წელს გადაცილებულთა შორის. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა სტეფანი რისტმა განაცხადა, რომ 45 წელს გადაცილებულებში სიკვდილიანობის „აშკარა ზრდა“ შეინიშნება. საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ ყველაზე ცხელი დღე 24 ივნისს დაფიქსირდა, პარიზში ტემპერატურამ თითქმის 41 გრადუსს მიაღწია. საფრანგეთში სიცხის პიკის დროს გარდაცვალების 2025 შემთხვევა დაფიქსირდა.  

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრები „მაშა და დათვის“ ჩვენების შეწყვეტას მოითხოვენ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფმა კულტურის მინისტრს წერილი მისწერა და მოუწოდა, განიხილონ, შეუძლიათ თუ არა „მაშა და დათვის“ ჩვენების შეჩერება, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს რუსული პროპაგანდის ფორმაა. მულტფილმი, რომელიც ძირითადად რუსულ ზეპირსიტყვიერ ზღაპარზეა დაფუძნებული, YouTube-ზე ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა. მისი შვიდწუთიანი ეპიზოდი, „კატასტროფის რეცეპტი“ 4.6 მილიარდზე მეტჯერ ნახეს. თუმცა შოუ უკრაინის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილმა ორგანომ და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკეს და მას რუსული „რბილი ძალის“ ნაწილი უწოდეს. მას შემდეგ, რაც Netflix-მა გადაწყვიტა, შეეძინა ანიმაციური სერიალის ორი ახალი სეზონი და გაეფართოებინა მის ჩვენებაზე ლიცენზია 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ბრიტანულ ITV-ს ციფრულ პლატფორმა ITVX-ზეც, ბრიტანელმა კანონმებლებმა რეაგირება მოითხოვეს. წერილს, რომელსაც ხელი მოაწერა პარლამენტის 50 დეპუტატმა ექვსი პარტიიდან, ნათქვამია, რომ მაშას ზოგიერთი გამოსვლა „პროპაგანდისტულია” და „განსაკუთრებული დახვეწილობით არ გამოირჩევა.“ კონკრეტული საჩივრები ეხება ორ ეპიზოდს: ერთში მაშა ტანკისტის ჩაფხუტით ჩანს, ხოლო მეორეში კი - ქუდით, რომელიც „ენკავედეს“ (НКВД - შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი) ქუდს ჰგავს. კანონმდებლების თქმით, ხსენებული სააგენტო „პასუხისმგებელი იყო ათობით მილიონი ადამიანის მასობრივ დეპორტაციაზე, სიკვდილით დასჯასა და დევნაზე.“ დეპუტატები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ეპიზოდები „აქტიურად უწყობს ხელს საბჭოთა სამხედრო სიმბოლოების ნორმალიზებას მცირეწლოვანი ბავშვების მსოფლიო აუდიტორიისთვის.“ წერილის ავტორები ციტირებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლის უკრაინის ცენტრის კომენტარებს, რომელთა თანახმადაც, „მაშა და დათვი“ „არამხოლოდ ანიმაციური ფილმია, არამედ, რუსული „რბილი ძალის” ინსტრუმენტია“, რომელიც „მაშას საქციელით სხვა ქვეყნების ტრადიციებს დასცინის და საბჭოთა სიმბოლოებისა და მილიტარისტული თემების ნორმალიზებას ახდენს.“ რუსული ანიმაციური სტუდია Animaccord-ი, რომელიც ანიმაციური სერიალის შემქმნელია, ყველა ბრალდებას უარყოფს. მისმა წარმომადგენელმა მელანი ბონვიჩინომ ბრალდებებს „ცრუ და ცილისმწამებლური“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიას არასდროს მიუღია სახელმწიფო დაფინანსება. კულტურის, მედიისა და სპორტის დეპარტამენტმა და ITV-მ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს.  Netflix-ზე ამ რუსულ ანიმაციურ სერიალს უკვე 11 წელია, აჩვენებენ. განცხადება არ გაუვრცელებია არც Netflix-ს.  

მიხეილ ყაველაშვილი თეირანში, ირანის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  მისივე ცნობით, „შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას.“ ამასთან, „მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას.“ „თეირანში ვიზიტის ფარგლებში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რეგიონისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად დავესწარი. ვიზიტის ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შევხვდი. კიდევ ერთხელ გამოვხატე სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო და პატივი მივაგე დაღუპულთა ხსოვნას. შეხვედრისას აღვნიშნე, რომ საქართველო მხარს უჭერს ყველანაირ ძალისხმევას, რომელიც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დეესკალაციის მიღწევას ემსახურება. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები პატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებას ეფუძნება. პრეზიდენტ ფეზეშქიანს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, კეთილმეზობლობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მომავალშიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებასა და ჩვენი რეგიონის სტაბილურ და მშვიდობიან მომავალს,“ - წერს მიხეილ ყაველაშვილი Facebook-ზე.    

სომხეთმა მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებას ზღუდავს

სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლებას ზღუდავს. კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვის მცდელობების შესახებ, რომ გასული თვის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთში მცხოვრები სომხები გამოეყენებინა. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო კონტრაქტი“ 7 ივნისის არჩევნებში ხმების 49.8%-ით გაიმარჯვა. კანონმდებლებმა ახალი კანონპროექტი მალევე წარადგინეს და განაცხადეს, რომ მათ სურდათ ხმის მიცემა მხოლოდ იმ სომხებისთვის, რომლებიც ქვეყანას იცნობდნენ და ესმოდათ მისი გამოწვევები. მაისში Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი აძლიერებდა ფარულ ძალისხმევას, რათა ფაშინიანის ხელახალი არჩევისთვის ხელი შეეშალა. კრემლი შეშფოთებული იყო, რომ ერევანი დასავლეთთან დააახლოვდებოდა და მის ტრადიციულ მფარველ რუსეთს ჩამოშორდებოდა. დასავლური დაზვერვის ხუთ თანამშრომელთან ინტერვიუებისა და Reuters-ის მიერ ნანახი დოკუმენტების თანახმად, სქემა მოიცავდა რუსეთში მცხოვრები ათიათასობით სომეხის სომხეთში გადაყვანის გეგმებს, რათა ხმის მიცემის შედეგებზე გავლენა მოეხდინათ. სომხეთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანაა, სადაც დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.  საკმაოდ დიდი დიასპორა ცხოვრობს საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთში, სადაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს.